შორენა კოწოწაშვილი ”ახალი თაობა” #113. – 15.05.2013
არის თუ არა რუსეთის ხელისუფლების მმართველობა საქართველოში და არის თუ არა `რუხი კარდინალების~ პრობლემა ივანიშვილის მმართველობაში? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით დღეისათვის არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და იკვეთება თუ არა ქვეყნის წინსვლა, რაზეც პრემიერმა პასუხუსმგებლობა აიღო?
_ თავიდანვე უნდა ითქვა, რომ იმ ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველო იყო ბოლო წლებში, პრაქტიკულად პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინაერეობდა. ეს იყო ბრძოლა ძალაუფლებისთვის, იყო ხელისუფლება, რომელიც გეუბნებოდა: ,,დამამხე”, ხოლო ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ იყო. შესაბამისად, ქვეყნის განვითარება არ მიდიოდა. ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე და კონკურენცია. სამწუახროდ, ჩვენ ამ კანონზომიერებაზე უარი ვთქვით და ბოლშევიკური გზით წავედით; არა პოლიტიკურ ძალთა ბალანსით, არამედ გამოიკვეთა მტერი და მოყვარე. ამ მთავარი პრობლემის მოგვარებისთვის, სამწუხაროდ, დღესაც არ იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. სააკაშვილი დღეს აღარფერს წარმოადგენს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას დღეს ჩვენ ისევ ვერ ვახერხებთ. ამიტომ არის, რომ ქვეყნის განვითარება ფერხდება. ქვეყნის განვითარება არ არის არც დაგებული გზების რაოდენობა და არც ტელევიზიების სიმრავლე. ქვეყნის განვითარების კარკასი არის ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე, ღია სივრცე და კონკურენტუნარიანი გარემო. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბოლშევიკურ კურსზე და დავიწყოთ მუშაობა დემოკრატიულ განვითარებაზე.
_ დემოკრატიული განვითარება საჯარო განცხადებებით იკვეთება, თუმცა ბოლო ფაქტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველი ტენდენცია გრძელდება. ვგულისხმობ ფარული ჩანაწერების გავრცელებას.
_ სწორედ ეს არის გამოვლინებები იმისა, რადგან არ არის ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე და არ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები. ფაქტობრივად გადავედით კლანურ დაპირისპირებზე, გადავედით ინტერესთა სფეროების მიხედვით ადამიანთა ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. ნელ-ნელა იკვეთება ჩემიანი და შენიანი.
_ როგორი მმართველობა ჩამოყალიბდა კოალიციის ხელისუფლების პირობებში? პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში რუსული მმართველობაა.
_ იმის მიუხედავად, რომ არჩევნები 7-8 თვის წინ ჩატარდა, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ ხდება ძალაუფლების ბერკეტებისთვის ბრძოლა. საკმაოდ დიდი ძალაუფლება აქვს ოცნებას, მაგრამ რატომღაც ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ თავიანთი ქმედებების გამართლება უნდათ იმით, რომ სადღაც სააკაშვილი სტუდენტებს რაღაცას ეტყვის, ან ტელევიზორში გამოვარდება და სკანდალურ განცხადებას გააკეთებს. გამოდიან და ამბობენ, ხელისუფლება ჩვენ არ გვეკუთვნისო. ქართველმა ხალხმა მოგცათ აღმასრულებელი ხელისუფლება და ამ ძალაუფლების გამოყენებაა საჭირო. აპელირება იმაზე, რომ ის არ ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას, საკმაოდ შემაშფოთებელი ტენდენციაა. რა გამოდის, რომ მიდიხარ აბსოლუტური ძალაუფლების ფლობისკენ? იკვეთება ისეთი მომენტი, რომ `ქართული ოცნება~ აბსოლუტური ძალაუფლებისკენ ისწრაფვის. ამ სიტუაციაში გარკვეულწილად იმდენად ამოსული აქვს ხალხს ნაციონალების მოქმედება, რომ კიდევ მოლოდინები არსებობს. ხელისუფლებას ნდობის მანდატი ნელნელა რომ გამოეცლება ხელიდან, საქართველოში სერიოზული პრობლემები დადგება. როცა გამარჯვებული ძალა აკეთებს განცხადებას, რომ კოალიციის შიგნით არსებობს რესურსი იმისა, რომ ოპოზიციაც ჩვენ დავაკომპლექტოთო, ეს უკვე არის პრაქტიკულად ავტორიტარული რეჟიმისკენ ღიად მოწოდება. რას ნიშნავს ეს?! ოპოზიციის დაკომპექტებაზეც შენ რომ ფიქრობ, პარლამენტის და მთავარობის დაკომპლექტებაზე, პრეზიდენტის წარდგენაზე, თანაც ეს არის პრაქტიკულად უპარტიო პრეზიდენტის საპრეზიდენტო კანდიდატურა, ამით საზოგადოებას ეუბნები, რომ მე ამ ყველაფერს რომ მოვიპოვებ მერე შევძლებ შენი პრობლემები მოვაგვარო. მაგრამ აქ დგება საკითხი: მარტო ივანიშვილის პიროვნული ფაქტორი ამ ნდობას არ ყოფნის. იქნებ ისევ მივიღოთ ისეთი ძალაუფლების მპყრობელი ხელისუფლება, რომელიც გააჩენს იმ უფსკრულს, რაც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ძალაუფლებისთვის ბრძოლა საქმის კეთების რეჟიმში უნდა მიდიოდეს. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ როდესაც პირველ ოქტომბერს ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სხვისი კარგი არ შეიძლება აირჩიოთ და ჩემი კანდიდატი, თუნდაც ცუდი იყოს, აირჩიეთ, მაშინ ამას რაღაც გამართლება ჰქონდა. ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოშორების ამოცანა იდგა. როცა აცხადებს ხელისუფლება ამა თუ იმ კანდიდატზე, რომ კარგი კანდიდატურაა, მაგრამ იმიტომ არ დავასახელე, რომ ჩემი გუნდის წევრი არ არის. ამით უკვე იწყება ტენდენცია ,,ჩემიანი და შენიანი”. როგორ განსვსაზღვრო მე, ვისი გუნდის წევრი ვარ და რატომ უნდა კრა ხელი გარკვეულ ჯგუფებს თანამშრომლობისკენ მომართულს. Gგამოდის, ავტომატურად რაღაც ჯებირს ავლებ, რაც საზოგადოებას გარკვეულ ეტაპზე სერიოზულ პრობლემად დაუდგება. მით უმტესესს, თავიდან მეუბნები _ ოპოზიციასაც ხვალ მე დავაკომპლექტებ, როგორც კი არ იქნება ნაცმოძრაობა. ჩვენ დანიშნული ოპოზიცია არ გვინდა.
_ ივანიშვილის ხელისუფლებაც ნაციონალურ მმართველობას ემსგავსება? საუბარია, რომ ამ ხელისუფლებაშიც გაჩნდნენ რუხი კარდინალები.
_ რუხი კარდინალების პრობლემა საქართველოში არ დგას. Aაქ რუხი კარდინალები არ წყვეტენ საკითხებს. რუხი კარდინალები იმ დოზით არსებობენ, რა დოზითაც პირველი პირები ამის საშუალებას მათ აძლევენ. საკმარისია პირველმა პირმა მოინდომოს, რომ რამდენი ასეთი რუხი კარდინალი გვინახავს ნიჩაბზე დასმული და სანაგვეზე გადაგდებული. Aამიტომ აქ საუბარი იმდენად რუხ კარდინალებზე არ არის, არამედ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ქმედებები გააკეთოს საჯაროდ, კანონის ფარგლებში და არ გავიდეს საკანონმდებლო სივრციდან. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამდენმე ბიზნესმენთან მიდის კულუარული მოლაპარაკებები წილების დათმობაზე, ეს პრაქტიკულად არის საჯარო და საკანონმდებლო სივრციდან გასვლა. თუ ის ბიზნესმენი დამნაშავეა, ამისთვის სასამართლო არსებობს. ხოლო თუ დამნაშავე არ არის, რა წილებზე ვსაუბრობთ? ე.ი. თავისთავად ეს არაჯანსაღი პროცესია. პრემიერი ამ პროცესის წარმართვას დღეს ერთს დაავალებს, ხვალ მეორეს და ა. შ. ამიტომ რუხი კარდინალის პრობლემა არ დგას. თუ რაღაცას აკეთებდა კეზერაშვილი, არსებობს გამოძიება, სასამართლო და ეს უნდა იყოს საჯარო. დღეს, როცა სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ, ეს უნდა დაიწყოს ნდობის გაჩენით. ნდობა უნდა გაჩნდეს კანონის და ნათქვამის მიმართ. შეიძლება მე განსხავვებულად ვფიქრობ, პოლიტიკური ოპონენტი ვარ, მაგრამ თავი არ უნდა ვიგრძნო სხვისიანად. აბა სად არის ჩემი ადგილი? სააკაშვილი არ ტოვებდა სხვის ადგილს, არც შევარდნაძე. როდესაც აქ ხალხი იყოფა შენიანად და ჩემიანად და საუბარია არა ყველაზე, არამედ ლოკალურ ჯგუფზე ადამიანებისა, რომლებიც აპრიორი აღიარებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილების სისწორეს, ეს სწორი განვითარება არ არის. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვუყურებდით ადამიანები როგორი ხბოს აღტკინებით, რა ბედნიერები იყვნენ მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებით. თუ ასეთი მაგრები იყავით, რატომ აქამდე არ ყვიროდით მარგველაშვილზე, ასე ცინიკურად რომ მოიხსენიებდით. მეორე მომენტი, ერთი აცხადებს, რომ ეს მისთვის უბედნიერესი დღეა ცხოვრებაში, მეორე ღმერთს მადლობას სწირავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული, მესამე იძახის, რომ გულის კუნჭულში ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, უბრალოდ არ ვამბობდიო. მეოთხემ ისიც თქვა, მარგველაშვილის კანდიდატურა რომ დადგა, ისე გაგვიხარდა, სხვა კანდიდატურა არც განგვიხილავსო. ჩვენ საბჭოთა კავშირში გაზრდილი ხალხი ვართ და კარგად ვიცით, ეს რას ნიშნავს. აქ პიროვნულად მარგველაშვილში არ არის საქმე. გვინდა, რომ ძველ დროში დავბრუნდეთ?
_ არასწორად შეირჩა საპრეზიდენტო კანდიდატი? საერთოდ რას იტყვით საპრეზიდენტო მარათონზე?
_ მე ფორმაზე ვლაპარაკობ. ,,ოცნებას რა თქმა უნდა აქვს უფლება პირველმა წარმოადგინოს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი. აქ საუბარია იმაზე, რომ სივრცეში ხელისუფლებამ კონკურენციის ადგილი უნდა დატოვოს. თუ ამას არ დატოვებ და შეეცდები მარგინალები წარმოაჩინო შენს კონკურენტებად, ლოკალურ ეტაპზე ეს გაამართლებს, მაგრამ სახელმწიფო განვითარებისთვის ეს იქნება ხელისშემშლელი და შემაფერხებელი. ამიტომ არის, რომ 20 წელია ერთ წრეზე დავდივართ. თუ ახლა მაინც არ მოვალთ გონს, შედეგი იქნება სავალალო. დღეს ივანიშვილს აქვს ნდობის მანდატი, არა იმ პარტიებს, რომელიც ივანიშვილის ქოლგის ქვეშ არიან და არა იმ მინისტრებს. რადგან ერთ პიროვნებაზეა ეს მანდატი გაცემული ხალხისგან, არსებობს ორი ვარიანტი. პირველი, გამოიყენოს მან ეს მანდატი და ნდობა საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად და მეორე, ამის ალტერნატივა _ შექმნას საჯარო სივრცე ყველასთვის და შეუწყოს საზოგადოებას ხელი ბუნებრივი შერჩევის გზით, კონკურენტული გარემოს შექმნით განავითაროს პოლიტიკური ინფრასტრუქტურა ქვეყანაში, რომელიც გახდება საყრდენი სახელმწიფოებრივი განვითარებისა. აი, ამ არჩევანის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი. შემდგომი მისი მოქმედებები გამოკვეთს, რომელი გზა აირჩია მან. აირჩია სახელმწიფოებრივი განვითარების გზა, თუ წავა სისტემის გამყარებისკენ და შესაბამისად, შექმნის ხელოვნურ ინსტიტუტებს _ ჯიბის პარლამენტს, ჯიბის მთავრობას, ჯიბის ოპოზიციას, ჯიბის მედიას. ივანიშვილი ახლა იმყოფება გზაჯვარედინზე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე მის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად განვითარედება სახელმწიფო.