უმრავლესობის უფლებები უმცირესობის უფლებებს არ უნდა შეეწიროს

SONY DSC
  • ნინო ჟღენტი 2013.05.20

    „სახალხო პარტიის” ლიდერი, მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებაში გარკვეული ღირებულებების დევალვაცია მოხდა და ამიტომაც მივიღეთ 17 მაისს განვითარებული მოვლენები. ამის შესახებ განცხადება მან for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. საუბარი გიორგაძემ დაიწყო იმით, რომ დღეს შესრულდა 90 წელი მას შემდეგ, რაც 1923 წლის 20 მაისს საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დახვრიტეს. ესენი იყვნენ გენერლები ანდრონიკაშვილი, წულუკიძე, კოხტა აფხაზი, პოლკოვნიკები მუსხელიშვილი, ყარალაშვილი და ა.შ. სულ 15 კაცი.

    „ეს ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობას და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. ძალიან სიმბოლურია, რომ გენერალ კონსტანტინე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო – „ბედნიერი ვარ, რომ სამშობლოს დამოუკიდებლობას ვეწირებიო.” სამწუხაროდ, ბევრი ასეთი პატრიოტი შეეწირა რეპრესიებს. თითოეულ მათგანს ჰქონდა განცდა, რომ მტრის გამარჯვება, გარედან თავს მოხვეული უხეში ფიზიკური ძალის, თუ საქართველოსთვის მიუღებელი იდეოლოგიის თავს მოხვევა არის დროებითი მოვლენა”, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.

    მისი თქმით, ამ ადამიანების ღვაწლმა თავისი შედეგი გამოიღო და საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი აღნიშნავს სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნას და არც სახელმწიფო დონეზე ხდება ამგვარი თარიღების აღნიშვნა, რაც გიორგაძის განცხადებით ნიშნავს იმას, რომ ის ღირებულებები, რომლებსაც ეს ადამიანები შეეწირნენ, დღეს ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის. მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ სულ რაღაც 6 დღეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა დღეს ჩვენ პრაქტიკულად ბრძოლის რეჟიმში ვიმყოფებით, რადგან ქვეყნის 20% ოკუპირებულია იმ სახელმწიფოს მიერ, რომლისგანაც დამოუკიდებლობას ჩვენ აღვნიშნავთ. „სახალხო პარტიის” ლიდერი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ არ არის დაგეგმილი ამ დღის შესაფერისად აღნიშვნა. აქვე გიორგაძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სამხედრო აღლუმს კი არ გულისხმობს, რომელიც ასევე ხელისუფლებისთვის ბრძოლის საბაბად გადაიქცა (თუ ვის უნდა ჩაებარებინა აღლუმი), არამედ ზოგადად ამ დღის აღნიშვნას და აცხადებს, რომ ვინაიდან ამას ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი ძალა ამ ფუნდამენტალურ საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

    მამუკა გიორგაძე 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა ხდება ამ ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს რუსთაველის გამზირზე 40 000 კაცი ლგბტ-ს 40 აქტივისტს დასდევდა გავეშებული, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.

    ბატონო მამუკა, თუკი ასე არ არის, მაშინ რა მოხდა სინამდვილეში?

    _ სინამდვილეში მოხდა ის, რომ ქართული სახელმწიფოს გარკვეულმა ნაწილმა (ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა, როგორც „ქართული ოცნების”, ასევე „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა), ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების მოსახლეობაში იმპლემენტაცია მოეხდინათ. 17 მაისს გამართული ლგბტ-ს აქცია იყო ყველაზე ცინიკური რამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, რადგან უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცეცხლზე ნავთი დაასხეს, როდესაც თქვეს, რომ ამაში უჩვეულო არაფერია და დღეს თუ ხვალ ქართული საზოგადოება ერთსქესიანთა ქორწინებასაც შეეჩვევა.

    ეს არ არის მხოლოდ ეს პრობლემა. ამას წინ უძღოდა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი, გადაუწყვეტელი დავით-გარეჟის თემა, მოუგვარებელი საზღვრების პრობლემა და ა.შ. ყოველივე ამან მოიყარა თავი, შეგუბდა და როგორც ტალღამ გადმოხეთქა. ლგბტ-ს აქცია ფორმალურად ბოლო წვეთი იყო. აღსანიშნავია პატრიარქის მიმართვაც ხელისუფლების მიმართ, რომ ეს შეიძლებოდა გარკვეულ პრობლემად გარდაქმნილიყო, მაგრამ ამას ყურადღება არ მიექცა და საზოგადოება კარგად ხედავს, რომ გადაწყვეტილებების მიღება დახურულ სივრცეში ხდება. ამიტომ ამ დაგროვილმა ენერგიამ გადმოხეთქა. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ამ ყველაფრის ფორმებზე, მაგრამ ეს იყო უპირველეს ყოვლისა ბუნტი არსებული რეალობის წინააღმდეგ. ეს არის იმ ოცნებებისა და მოლოდინების გაუფასურების შედეგი, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ცვლილებებთან დაკავშირებით ჰქონდა. სწორედ ამან იხუვლა და ის ხალხიც კი, რომელიც არასოდეს გამოსულა ქუჩაში, თავის პროტესტს საკმაოდ ემოციურად გამოხატავდნენ.

    არის სურვილი პროცესების ისე წარმოჩენისა, თითქოს 40 000-მა ადამიანმა უცებ დაკარგა გონება და 40 გაჭირვებულ ადამიანზე ასწია ხელი. სინამდვილეში ამ 40 ადამიანის სახით  მომიტინგეები ამ უსამართლობას მისდევდნენ.

    თქვენ რაზეც საუბრობთ, იგივე ლგბტ საზოგადოების უფლებების დაცვა ცივილიზებული დასავლეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა. მაშინ როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება, რომ ეს პროვოკაცია თავიდან აეცილებინა?

    _ ჯერ ერთი, ევროპის მოთხოვნა ეს არ არის. მეორეც, ლგბტ-ს აქცია სულ 7 სახელმწიფოში გაიმართა და ამ სახელმწიფოებში მართლაც არსებობდა მათი უფლებების შელახვის პრობლემა. საქართველოში კი ეს პრობლემა არ დგას. იმას, რასაც ევროპა ითხოვს, ჩვენ ჩვენი შინაგანი კულტურიდან გამომდინარე ვაკეთებთ.

    როდესაც არავინ გებრძვის, როდესაც არ არსებობს იმის პრობლემა, რომ ვიღაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო სახელმწიფო სამსახურში ვერ წინაურდება, როდესაც ამ ტიპის ადამიანებს საჯარო სივრცეში არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, ცხადია, რომ ეს პრობლემა რეალურად არ არსებობს და ხელოვნურად არის შექმნილი.

    თქვენი აზრით ვინ შექმნა ეს პრობლემა და ვის ინტერესში შედის ამ პრობლემის წამოწევა?

    _ ამ პრობლემის შექმნა იმ ადამიანების ინტერესში შედიოდა, რომელთათვისაც ქართული ტრადიციული ღირებულებები მიუღებელია და ამ საბაბით, ვითომცდა ევროპა ჩვეგან ამას ითხოვს, ხელოვნურად შექმნეს ეს პრობლემა. ევროპა რეალურად ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეილახოს ადამიანის უფლებები, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი ლგბტ საზოგადოებას ეკუთვნის, თუ ტრადიციული სექსუალური ორიენტაცია აქვს. ამას კი საქართველო თავისი შინაგანი კულტურიდან გამომდინარე, ყოველთვის ახორციელებდა. აქედან გამომდინარე, პრობლემა შეიქმნა ხელოვნურად, მედიის საშუალებით ორი უკიდურესი შეხედულებების ბანაკის მოსაზრებების პროპაგანდირება მიმდინარეობდა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.

    რა თქმა უნდა, გარედან ეს ყველაფერი მხოლოდ ზედაპირულად ჩანს, თითქოს ადამიანთა მცირე ჯგუფს, მეორე, დიდმა ჯგუფმა მათი უფლებების რეალიზებაში ხელი შეუშალა, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის. როდესაც ამდენი ტელეკომპანიის კამერები აფიქსირებდნენ ამ მასშტაბურ აქციას, რატომ ერთმა მაინც არ აჩვენა აქციის მეორე მხარე, ვინ იკრიბებოდნენ, როგორ გამოიყურებოდნენ ეს ადამიანები, იქნებ ის ხალხიც იგინებოდა და ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ეს არავინ აჩვენა, რადგან რეალურად საქართველოში ლგბტ არ არსებობს და შესაბამისად, არ არსებობს ეს პრობლემაც. მოგეხსენებათ, ეს აქცია არა თავად ლგბტ საზოგადოების, არამედ მათი უფლებების მხარდამჭერების მიერ იყო ორგანიზებული.

    შე კაი დედმამისშვილო, თუკი არ არსებობს ლგბტ საზოგადოების პრობლემა, მაშინ შენ ვინ ხარ, რომ გამოდიხარ და მათ უფლებების იცავ? სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ხელოვნურად შეიქმნა ეს პრობლემა, ისევე როგორც რუსთაველზე მომხდარი დაპირისპირება და ქართულმა ეკლესიამ, მათ შორის მეუფე იაკობმა (რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მადლობა უნდა გადავუხადოთ), ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება არ მომხდარიყო, მაგრამ დაპირისპირება ბუნებრივად მოხდა, რადგან 40 000 კაცს 100 პოლიციელი ვერ დააკავებდა. პოლიცია ვერც უხეშად მოიქცეოდა და ვერც პოლიტიკურად მოტივირებულად. ამიტომ ის პოლიციელები, რომლებიც იქ იყვნენ, სწორად მოიქცნენ, რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, თუმცა შეიძლებოდა ამ ყველაფრის უფრო კარგად ორგანიზება, მაგალითად ავტობუსების, ან სხვა ისეთი ჯებირების განთავსება იმ ადგილას, რომელსაც მომიტინგეები ვერ გაარღვევდნენ.

    40 000-კაციან მასას ეს ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები როგორც ხარს წითელი ნაჭერი ისე დაანახეს და სწორედ ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. გათვლა იყო მარტივი – საქართველოს იმიჯი შელახულიყო, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ლგბტ საზოგადოების უფლებების ფულის გამო იცავს, შემდეგ თავის ფინანსურ მდგომარეობას უფრო გაიმყარებს. ამის არაერთი მაგალითი ვიცით. შეგახსენებთ, გიგა ბოკერია, როდესაც თავისუფლების ინსტიტუტის წევრი იყო, ხან ვის აცემინებდა თავს და ხან ვის, რომ შემდეგ გრანტი მიეღო და საბოლოო ჯამში ხელისუფლებაშიც აღმოჩნდა.

    აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ უმცირესობას აქვს უფლებები, უმრავლესობასაც აქვს უფლებები და ჩვენ, მოსახლეობის უმრავლესობას გვაიძულებენ არა მხოლოდ იმას, რომ ამ უმცირესობებს რუსთაველზე ჩავლის უფლება მივცეთ, არამედ იმას, რომ ჩვენს მსოფლმხედველობაზე უარი ვთქვათ, რომ ვაღიაროთ, თითქოს ეს ქმედება ცოდვა არ არის. სწორედ ეს იწვევს პროტესტს საზოგადოებაში.” 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress