„ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალებს შორის გარიგების ნიშნები არსებობს

giorgadze-1
ნინო ჟღენტი  2013 05.08 for.ge

„სახალხო პარტიის” თავმჯდომარე, მამუკა გიორგაძე წინა და ახალ ხელისუფლებებს შორის გარიგებებზე საუბრობს და პრემიერ ივანიშვილს მოუწოდებს, ამას ყურადღება მიაქციოს და ასეთი გარიგებები დროულად აღკვეთოს. ამის შესახებ განცხადება მამუკა გიორგაძემ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, მმართველ გუნდში არა სახელმწიფოს აღმშენებლობაზე ზრუნვა, არამედ ხელისუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მთელი ქართული ენერგია სახელისუფლებო კლანებს შორის ძალაუფლების მოპოვებაზე იხარჯება. გიორგაძის თქმით, ამის ნათელი გამოვლინებაა თუნდაც ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ ამაში ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის ხელი არ ურევია, ხელისუფლება კი, დაინტერესებული და ერთიანი რომ იყოს, ამ ფაქტის გამოძიება რამდენიმე დღეში შეიძლებოდა. ამასთანავე, მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ კადრების გავრცელების გამო წინა ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერაც ვერაფერს მოიტანს, რადგან მიუხედავად იმისა, ვინ გაავრცელა კადრები, ამაზე პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებასაც ეკისრება.

„შრომის კოდექსთან დაკავშირებით ხელისუფლებაში დაპირისპირება, ბრალდებები და ისეთი ტერმინების გამოყენება, რომლებსაც ერთ გუნდში არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ასევე პრემიერის ზოგიერთი გამონათქვამი, მაგალითად, რომ მან ხუხაშვილს დაავალა, რამდენიმე ბიზნესმენთან ურთიერთობა გაერკვია და სიამაყით გვეუბნებიან, რომ თანხა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს რომელიღაც მინისტრის ჯიბეში მიედინებოდა, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.

ამავე კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ ის მოვლენებიც, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განვითარდა და კვლავ პრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ჯგუფი გამოძიების გადავადებას თუ შეწყვეტას ცდილობდა. ყველაფერ ამით ხელისუფლება პრაქტიკულად საკუთარ თავს ამხელს იმაში, რომ საქმე გვაქვს არა ჯანსაღ საჯარო – პოლიტიკურ პროცესებთან, არამედ კვლავ ხდება კულუარული გარიგებები და ფარული ღონისძიებებით ძალაუფლების გადანაწილება”, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.

“სახალხო პარტიის” ლიდერის შეფასებით, ყველაფერ ამით სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ხელისუფლების მიერ ერთადერთ ოპოზიციურ ძალად არის მიჩნეული და ხელდასმული, ამით კი ნაციონალები იმყარებენ მდგომარეობას და ყოფნით თავხედობა, რაღაც ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება დააანონსონ. აქვე მამუკა გიორგაძე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული დემოკრატიის ამოცანა არის „ნაცმოძრაობის” ჯანსაღი ნაწილის გადარჩენა. „სახალხო პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართავს, იქნებ მან ქართულ საზოგადოებას აუხსნას, რომელია ეს ჯანსაღი ნაწილი, რადგან თუკი ეს თავიდანვე არ იქნება ნათქვამი, თავისთავად ჩნდება ეჭვი, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სააკაშვილის გუნდს შორის მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები და ვისთანაც ეს გარიგება შედგება, სწორედ მას გამოაცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის” ჯანსაღ ნაწილად.

„სახალხო პარტიის” თავმჯდომარე ხაზს უსვამს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი (მათ შორის ახალაიები) რეჟიმის მსხვერპლნი არიან.

„საბოლოო ჯამში ვღებულობთ ასეთ სურათს – ხელისუფლების წარმომადგენლები მედიის საშუალებით გვმუხტავენ, რომ ყველანი მივესიოთ „ნაციონალურ მოძრაობას”, პოლიტიკურ სივრცეში მათი მორალური არსებობაც კი კითხვის ქვეშ დავაყენოთ, როგორც ნადირობის დროს მაყეფარმა ძაღლებმა, ისე მივლალოთ ეს ხალხი „ქართული ოცნებისკენ”, სადაც მათ უსუფაშვილი, ხუხაშვილი და სხვები დახვდებიან და შემდეგ ამ მირეკილი „ნაცმოძრაობის” წევრებიდან თვითონვე შეარჩევენ, რომელი არის მათთვის მისაღები, რომელია ის ადამიანი, რომელიც გაამყარებს მათ ხელისუფლებას და შემდეგ „ქართულ ოცნებაში” არსებული კლანები შეიწოვენ ამ რესურსს, როგორც ფინანსურს, ასევე პოლიტიკურს და უკვე სულ სხვა ფორმით გააგრძელებს ხელისუფლება თავის ფუნქციონირებას”, – ამბობს მამუკა გიორგაძე.

მისი თქმით, ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა და როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ასე მოხდა 90-იან წლებშიც, შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდშიც, როდესაც ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების ნარჩენებზე შეიქმნა. გიორგაძე ამბობს, რომ დაახლოებით ამგვარი პროცესია ახლაც, როდესაც მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომუშავეთა უმეტესობა წინა ხელისუფლების დროსაც ამ უწყებაში მუშაობდა და ახლაც ტკბებიან ძალაუფლებით, ამით კი საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ზარალდება.

„სახალხო პარტიის” თავმჯდომარის განცხადებით, ასეთი ვითარება „ქართული ოცნებისთვისაც” კომფორტულია, რადგან როცა უნდა, ვისაც უნდა გადმოუგდებს ხალხს ჩასაქოლად, ხოლო ვინც სჭირდება იმაზე იტყვის, რომ „ნაცმოძრაობის” და სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გაყვანაში უდიდესო როლი მიუძღვის. ამის შედეგად კი ნაციონალების გარკვეული ნაწილი დარჩება ოპოზიციაში და დაიკავებს იმ ადგილს, რომელიც წესით ჯანსაღ პოლიტიკურ ოპოზიციას უნდა ეკავოს. ამიტომ მამუკა გიორგაძე მიმართავს ხელისუფლებას, სანამ ხელისუფლებას ვითარების გამოსწორების რესურსი ჯერ კიდევ აქვს და სანამ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ძალიან მაღალია, ეცადოს, გამოასწოროს ეს ვითარება. გიორგაძის თქმით, ამის წამალი არის ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე და ყველა პოლიტიკური ძალისთვის თანაბარი პირობების შექმნა, რათა მათ თავად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.

„ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, რომ ეს პროცესები ჯანსაღ რელსებზე გადაიყვანოს, თავად ბიძინა ივანიშვილი არის კონკურენტუნარიანი ფიგურა და მას აქვს შესაძლებლობა, ამ პრობლემებს წარმატებით გაართვას თავი, მაგრამ თუ ის მმართველ გუნდში არაკონკურენტუნარიანი კლანების ინტერესების რეალიზებაში და მუნდირის დაცვის პროცესში აღმოჩნდება ჩართული, მაშინ მოხდება ის, რაც წინა წლებში, წინა ხელისუფლებების დროს მოხდა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის უფსკრული გაჩნდება”, – აღნიშნავს მამუკა გიორგაძე.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ქართულ ოცნებას” შორის გარიგების სერიოზული ნიშნები არსებობს. ამის მაგალითად მას მოჰყავს სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურება და შერჩევითობა. გიორგაძის თქმით, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ 3-4 ბიზნესმენთან გაირკვა ურთიერთობა და ეს ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ, ახლა თითქოსდა თავისი ნებით გადმოვიდნენ ახალი ხელისუფლების მხარეს. მამუკა გიორგაძე ამ პროცესებს 2003 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ამსგავსებს, როდესაც ბიზნესმენები თითქოსდა საკუთარი ნებით ჩუქნიდნენ ქონებას სახელმწიფოს.

ასევე, გიორგაძე რამდენიმე კითხვას სვამს, რომლებიც მისი თქმით ახალი ხელისუფლების მიმართ არსებობს. კერძოდ, რატომ არ ხდება სამართლიანობის აღდგენა და იმ ადამიანების წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ბევრ დანაშაულში არიან მხილებულნი. ასევე, რატომ ხდება აპელირება იმაზე, აგვისტოს ომის დროს ვინ ისროლა პირველმა და სააკაშვილს არ ედავებიან იმის გამო, თუ რატომ შექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და საერთოდ გაუგებარია, რატომ ფუნქციონირებს ეს ადმინისტრაცია ახლაც.

„თუ სააკაშვილი ამ პროცესებში დამნაშავეა, სანაკოევი რატომ ითვლება დღესაც ე.წ. დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად? რატომ არ სდებენ სააკაშვილს ბრალს იმაში, რომ მან ტყვია გაისროლა მაშინ, როდესაც რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალებს საპასუხო სროლის უფლება ჰქონდათ? რატომ ვსაუბრობთ ლაფანყურის ოპერაციაზე და არ ვახსენებთ იმას, რომ სააკაშვილმა რუსეთს რამდენჯერმე გადასცა ჩეჩენი მებრძოლები? რატომ არის მიჩნეული, რომ სააკაშვილი ჩეჩნებს რუსეთში შესაგზავნად ამზადებდა? როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი კომპონენტი აქ არის ადამიანებისთვის ჩამორთმეული პირადი საკუთრების დაბრუნება, მაგრამ ეს პროცესი დღეს ჩიხშია. გარდა „ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ კონკრეტული დაზარალებულის ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული. ყოველდღიურად გვესმის  უამრავი დანაშაულის შესახებ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდინა, მაგრამ პრაქტიკულად არ არის საუბარი დაზარალებულების შესახებ. იგივე თუნდაც 200-მდე პოლიტპატიმარია ციხეებიდან გამოშვებული, მაგრამ ის პროკურორები და მოსამართლეები მშვენივრად გრძნობენ თავს, ვინც ეს ადამიანები დაიჭირა”, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.

მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შემსწავლელი სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ მხოლოდ მას შემდეგ დატოვა სამსახური, რაც ჟურნალისტმა ფარესიშვილმა გარკვეულ კომპრომატებზე დაიწყო საუბარი. მანამდე კი მოგელაძე, რომელიც მონსტრად იყო აღიარებული, ჩვეულებრივად მუშაობდა. ამასთანავე, მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული ჯგუფების მიერ კონკრეტული პირების საქმიანობაზე ხელის დაფარება ხდება. ამის მაგალითად „სახალხო პარტიის” ლიდერს მოჰყავს უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გია ხუბუას შესახებ ტელევიზიით გასული სიუჟეტი, სადაც იგი პრაქტიკულად მსხვერპლად იყო წარმოჩენილი. გიორგაძის თქმით, ყოველი ასეთი ამბის უკან გარკვეული ჯგუფები დგანან და ეს შემთხვევით არ ხდება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress