სანაკოევის ადმინისტრაცია უნდა გაუქმდეს

SONY DSC
ინტერვიუ “სახალხო პარტიის”   ლიდერ მამუკა გიორგაძესთან         20.07.2009             “ახალი თაობა”–  შორენა კოწოწაშვილი    
  _ ბატონო მამუკა, ამერიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული     მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ. თუმცა, ფაქტია, რომ ამის პარალელურად სულ უფრო   აქტიურად ისმის რუსეთის მხრიდან არაერთ ქართულ ტერიტორიაზე გავლენის   გააქტიურების თაობაზე…
 - სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სირაქლემას პოზა ყველაზე მიღებულია. თითქმის 20 წელია რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს სერიოზული ქმედებები, როგორც ვერბალური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო ხასიათის, რათა ქართველი ხალხი აიძულონ, წავიდნენ სამართლებრივად იოლად დაშლადი საქართველოს გზით. აქედან გამომდინარე, საქართველო ვეღარ გახდება ძლიერი ქართული სახელმწიფო. როცა ამაზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველად საქართველოს დაშლა სცადა გრაჩოვმა, როცა ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ აფხაზეთისა და ცხინვალი პრობლემები ჯერ კიდევ ცხელი წერტილები იყო. გრაჩოვმა გასაგებად გვითხრა, თუ წამოხვალთ კონფედერაცია-ფედერაციაზე, მაშინ პრობლემები აღარ იქნებაო. შემდეგ იგივე გაიმეორა კოზირევმა. შემდეგ ეს საკითხი სხვადასხვა განცხადებებით იქნა გაღრმავებული. რატომღაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ ვსაუბრობთ, რა მიზანი აქვს რუსეთს საქართველოში და ყურადღებას ვამახვილებთ იმ პიარზე, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლება ახორციელებდა, მაგრამ არსით ერთიდა იგივე იყო. თითქოს რუსეთი ცდილობს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, მაშინ როდესაც პრაქტიკულად საქართველოს ყველა ხელისუფლება რუსეთის მოყვენილი იყო.
- ორი დღის წინ ჟირინოვსკიმ გამოკვეთა რუსეთის ინტერესი: კავკასიაში იყო ერთიანი კონფედენცია ერთი დედაქალაქით და რუსული ჯარით. მხარდაჭერის დაფიქსირების მიუხედავად, დასავლეთი საქართველოს მაინც კონფედერაციისკენ უბიძგებს?
- კონფედერაცია არის რუსეთის ინტერესი და ის ამას ახორციელებს. აქ ნათელია: რუსეთი დაინტერესებულია, სამხრეთ საზღვრებზე ჰყავდეს სუსტი, არშემდგარი სახელმწიფო, რომელსაც, როცა უნდა, თავში მაშინ წაუთაქებს. სახელმწიფო რომლის ძირითადი ნედლეული და სტრატეგიული ობიექტები იქნება რუსეთის ხელში. სახელმწიფო, რომელსაც ისე მოეპყრობა, როგორც რუსეთს გაუხარდება: ეს არის რუსეთის ინტერეესი. დასავლეთის ინტერესია, აქ იხილოს ნორმალური, ძლიერი პარტნიორი სახელმწიფო. Aმერიკის ინტერესებში არ შედის და ის არ იზრუნებს იმაზე, რომ ეს იყოს ქართული სახელმწიფო. ეს ჩვენი გასაკეთებელია. სამწუხაროდ, დასავლეთი აქ ვერ პოულობს პარტნიორს, რომელიც მათ ამ საქმეში მიეხმარება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში მუდმივად არიან ძალები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს გეგმის რეალიზციაში. პრაქტიკულად, რასაც ჟირინოვსკი დღეს ღიად აცხადებს, ამ პოზიციის ხელის შემწყობად საქართველოსთვის ხელისუფლება გვევლინება, მათ შორის, სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც თავის ამ მისწრაფებას აღარ მალავს. ამიტომ პრობლემა არა რუსეთ-საქართველოს გარიგებაშია, არამედ პრობლემა ის არის, რომ ქართველები ვერ ვაცნობიერებთ, რა უნდა ჩვენგან რუსეთს, რას ელოდება ჩვენგან დასავლეთი და, რაც ყველაზე მთავარია, როგორი სახელმწიფო გვინდა ქართველებს. სამწუხაროდ, მხოლოდ ლოზუნგები ისმის – დემოკრატიული, ძლიერი საქართველო და ნაბიჯებს არ ვდგამთ იმისთვის, რომ ამ ძლიერი საქართველოს ინსტიტუციონალიზმი იყოს გამყარებული. პრაქტიკულად ვმუშაობთ იმ რეჟიმში, რომ ხელს ვუწყობს მოწინააღმდეგეს გეგმების შესრულებაში. რუსეთი კი მუდმივად ქმნის საქართველოში ხელისუფლების პრობლემას და ჩვენ ვებრძვით შევარდნაძეს, სააკაშვილს და ამ ბრძოლის პერიოდში გვვიწყდება, რომ რუსეთს თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში პრაქტიკულად  ჩვენ ვეხმარებით. სააკაშვილს რეჟიმის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში არ ვმუშაობთ ქართული სახელმწიფოს აშენებაზე და გვაქვს მხოლოდ ლოზუნგები: სააკაშვილი წავა, ბუნებრივად მოგვარდება ყველაფერი. იმიტიმ არ გვარდება ბუნებრივად ეს პრობლემები, რომ ეს სპექტაკლები, რომლებიც იმართება ხელისუფლების მოყვანა-გასტუმრების დროს, გვაკარგვინებს იმ მთავარ ინტერესს, რომელიც დღეს ქართველებს გვიდგას. ამიტომ ნელნელა რუსეთს მივყავართ იქითკენ, რომ მან თავის სტრატეგიულ მიზანს მიაღწიოს და თან ეს ჩვენი ხელით გააკეთოს. დგება მომენტი, როცა დასავლეთსაც ამოუვა ყელში ქართველების ასეთი უთავბოლოობა და ის, რომ 20 წლის განმავლობაში ცდილობს, შეგიწყოს ხელი დასავლეთის მიმართულებით, ხოლო შენ კი რუსეთისკენ იხედები. ამის შემდეგ შეიძლება მართლა მოხდეს ის უბედურება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. შესაძლოა თვითონ წავიდეს გარიგებაზე რუსეთთან დასავლეთი და არა შენ გამო.
- ამ უბედურებაში საქართველოს 7 რეგიონულ ერთეულად დაშლას გულისხმობთ, რაზეც ბოლო პერიოდში ისმის განცხადებები?
- აქ ვგულისხმობ იმას, რომ ორი ტიპის ქმედებები უნდა განხორციელდეს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სამართებლივად თუ არ გაფორმდა, შეუძლებელია რუსეთმა მოისვენოს. რუსეთის ინტერესებში სულაც არ ზის, რომ შემოვიდეს ტანკებით თბილისში. მისი ინტერესია, აქ ჰყავდეს მორჩილი ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივად გააფორმებს დაშლილ-დაქუცმაცებულ სახელმწიფოს. ამიტომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, უახლოეს მომავალში შედგეს კონფედერაციული ტიპის სახელმწიფო, რომელიც გააფორმებს სამოკავშირეო ხელშეკრულებებს აფხაზეთთან, ცხინვალთან. ბუნებრივია, ამ პროცესში დაიწყება სერიოზული გართულება, იმიტომ რომ ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობა  და რა გზაზეც ეს ხელისუფლებაა წასული თავის ოპოზიციასთან ერთად, ავტომატურად სტიმულირებას უკეთებს ჯავახეთში პროცესებს. შეიძლება უახლოეს პერიოდში მივიღოთ ისეთივე მოდელი როგორც არის ცხინვალში: რუსეთს ეყოლრბა სომეხი კოკოითი და ქართველებს ეყოლებათ სომეხი სანაკოევის მსგავსი ჯავახეთის რეგიონში. თუ ცხინვალის რეგიონის არსებობა ვცანით სამხრეთ ოსეთის სახელით, ეს არის მასტიმულირებელი ჯავახეთში პრობლემების შექმნისკენ. აგრეთვე ეს არის მასტიმულირებელი იქითკენ, რომ ჯავახეთიც გახდეს კონფედერაციის სუბიექტი. ამას ავტომატურად მოჰყვება ქვემო ქართლის პრობლემები. აჭარა ისედაც ავტონომიური სუბიექტია. ჩვენ მივიღებთ დაშლილ- დაქუცმაცებულ კონფედერციულ საქართველოს. ამის მიღმა კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ფედერაციად გარდაქმნის საკითხი, ანუ ისტორიული პროვინციულად დაშლის საკითხი. ესეც წარმატებით ხორციელდება ამდენი ხნის განმავლობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს კანონმდებლობაში ეს ნელ-ნელა აისახება. ჯერ უფუნქციო რწმუნებული მოითხოვა შევარდნაძემ, მერე აპარატი შეუქმნეს, მერე დაფინანსება მისცეს. დღეს უკვე კონსტიტუციაში გუბერნატორის სტატუსი შემოიტანეს, – ხვალ გუბერნიას შემოიტანენ, მერე კი უკვე ავტომატურად მოხდება კერძო რეგიონული ინტერესების წინა პლანზე წამოწევა, იმიტომ კი არა, რომ რეგიონებში ცუდი ხალხია. იმიტომ, რომ კომერციული და სხვა საკითხების გამო წამოიწევა მათი მხრიდან უფლებების გაზრდის საკითხი  და ჩვენ მივიღებთ საქართველოს ფედერაციულ მოწყობას. ეს გამოიწვევს იმას, რომ გაჩნდება ვიწრო რეგიონული  პატრიოტიზმი, ვიწრო ცნობიერება, რაც ორ-სამ თაობაში ერთიან ქართული ცნობიერების მოშლას, ე.ი ორი პროცესი მიმდინარეობს: პირველი- ერთიანი ქართული სახელმწიფო არ იარსებებს (იქნება რუსეთის გარანტორობით იოლად დაშლადი კონფედერაცია) და მეორე პროცესი – ერთიანი ქართული ცნობიერება არ არსებობდეს ფედერალიზმის შემოტანის კუთხით. აი, ეს ორი მთავარი პრობლრმა ელოდება დღეს საქართველოს.
- _ამ ორივე პროცესს დღევანდელი ხელისუფლება თავისი მოქმედებით აქტიურად უწყობს ხელს?
- წარმატებით ახორციელებს ორივე პროცესს და თანაც შეგნებულად გააუქმეს თვითმმართველობა და ძირითადი ფუნქციები გადაიტანეს რეგიონებზე. ხვალ მოხდება გუბერნიების გაფორმება და მივიღებთ ისტორიულ კუთხეებად დაშლილ საქართველოდ.
-   თქვენ მუდმივად აცხადებთ, რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდაო, თუმცა, როგორც ჩანს, სამეგრელოშიც აქვს თავისი ინტერესი და კავკასიონის გასწვრივ სრული კონტროლი უნდა. სარკოზი-მედვედეევის შეხვედრისას მოხდა შეთანხმება საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრების აღდგენაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
-   პირველი: სარკოზისთან დადებული ხელშეკრულება ჩვენ გავაპროტესეტეთ, როგორც სერიოზული საფრთხის შემცველი. ეს იყო უდიდესი შეცდომა და დანაშაული, იმიტომ რომ, რუსეთი არ აპირებდა თბილისში შემოსვლას. რუსეთმა იცის, რომ თბილისის აღება ასე იოლი არ არის. .მეორეც_  რატომ უნდა მოახდინოს თბილისის ოკუპაცია, როცა აქ მათი დასმული ხელისუფლებაა. ოკუპაციის მიზანი მარიონეტული რეჟიმის დასმაა და იქ ისედაც რუსეთის მიერ დასმული ხელისუფლებაა. მეორეც – მათ ამ მიზანს პრაქტიკულად მიაღწიეს, მაგრამ თუ ეს სამრთლებრივად არ გაფორმდება, მიზანი მიღწეული არ არის. თუ არ გაიფორმებს რუსეთი, რჩება შანსი, რომ ოდესღაც საქართველო იქნება ერთიანი. რაც შეეხება სამეგრელოს, როდესაც დანაშაულებრივი ქმედებები მიმდინარეობს სამეგრელოში, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, როდესაც სოზრ სუბარის უწყება გამოდის ინიციატივით ბიბლიის თარგმანს ახორციელებს მეგრულ და სვანურ ენებზე, მაშინ როდესაც ცოტნე დადიანს, ამბროსი ხელაიას, გიორგი ჭყონდიდელს არ გასჩენიათ ამის სურვილი. როგორ, სუბარი და მისი ჯგუფი უფრო დიდი ქართველები და ამ კუთხის უდრო დიდი მოყვარულნი  არიან?, ვიდრე ცოტნე დადიანი და გიორგი ჭყონდიდელი იყვნენ? სწორედ ეს არის პრობლემა, როდესაც ავყევით რუსულ პროპაგანდას, რომ სამეგრელო და სვანეთი სხვაა, როდესაც სვანურ ძირძველ მიწას კოდორის ხეობისას ზემო აფხაზეთი დავარქვით, რითაც ხელი შევუწყვეთ ამ ტერიტორიების წართმევას; როცა მედიაში მუდმივად რეგიონული თემატიკა გვესმის, რაც ადრე არ იყო, ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ, რომ რეგიონული ცნობიერება და რეგიონული პატრიოტიზმი ჩამოყალიბდეს. 200 წლის განმავლობაში მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან ზეწოლა სამეგრელოზე – თქვენ სხვა ხართო. ხან მეგრული გაზეთები გამოუშვეს, ხან შრიფტი მისცეს. მაგრამ იმდენეად ძლიერია ქართული გენი, რომ ვერ მოახერხეს შიდა ქართული დაპირისპირების ორგანიზება, მაშინ როდესაც იმავე პერიოდის განმავლობაში იუგოსლავიაში  ერთი ერი სხვადასხვა მიზეზით 7 სახელმწიფოდ დაყვეს. დღეს გააქტიურდა საქართველოს დაშლის პროცესი, უნდათ, როგორმე რეგიონებში ვიწრო კუთხური პატრიოტიზმი შემოიტანონ. ეს ხალხი დანაშაულს სჩადის.დადგება  დრო, მათ ქართველი ხალხი პასუხს აგებინებს.
-  თქვენი აზრით, დღეს ოპოზიცია სწორედ ამ საკითხების უნდა სვამდეს კატეგორიულად და არა სააკაშვილის წასვლას ითხოვდეს?
-   რა თქმა უნდა. სააკაშვილი ამიტომ უნდა გადადგეს. სააკაშვილის თითოეული წუთი ხელისუფლებაში დანაშაუულია. სწორედ ამიტომ, უნდა გადადგეს. არა მარტო იმიტომ რომ პრესა შეზღუდულია, სასამართლო არ არსებობს და ა.შ. მთავარი პრობლემა აქ არის. უბედურება ის არის, რომ ამ მთავარ პრობლემაში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანია.
- ოპოზიცია ვერ აცნობიერებს ამ საფრთხეებს რაზეც ზემოთ ისაუბრეთ?
- ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ისეთივე დამნასავეა როგორიც სააკაშვილი. ელემენტარულად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საქმეში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად იყვნენ.
-   კატეგორიულად უნდა დაისვას სამხრეთ ოსეთის ანუ სანაკოევის ადმინისტრაციის გაუქმების საკითხი?
-  რა თქმა უნდა. სანაკოევის ადმინისტრაცია უნდა გაუქმდეს. ეს არის კრიმინალური წარმონაქმნი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ გაჭირვებაში საქართველოში მილიონები იხარჯება ამ ადმინისტრაციის შენახვაზე. ცირკის დათვივით დაათრევენ სანაკოევს ყველა ღონისძიებაზე საზღვარგარეთ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებენ, სამხრეთ ოსეთი არსებობსო. მეორეც – ახალგორი ჩვენ შევიყვანეთ ამ ადმინისტრაციაში, ხოლო როდესაც საუბარია იმაზე, რომ მამისონის გარკვბეული ნაწილი ოდესღაც შედიოდა სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში, არ არის სწორი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ადმინისტრაცია შექმნეს ამიერკავკასიის სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილებით. თვითონ ის ფაქტი, რომ ამათ ეს ადმინისტრაცია აღადგინეს, იმაზე მეტყველებს რომ ესენი არიან ბოლშევიკური რუსეთის სულიერი მემკვიდრეები, მემკვიდრეები სერგო ორჯონიკიძისა.
- როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიდო ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნება? ბევრი აქ შეგნებულ ქმედებას ხედავს, დათმობას რუსეთ-ამერიკის პრეზიდენთების შეხვედრიდან გამომდინარე…
- ვინც ტალიავინის მოღვაწეობას იცნობს, დამეთანხმება, რომ ის საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი ზემოქმედების ქვეშ არის რუსული პოლიტიკისგან. ბუნებრივია, მისი დასკვნა საქართველოსთვის სასარგებლო არ იქნება. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, რა არის ცუდი საკაშვილისთვის და რა-საქართველოსთვის. ალბათ, ამ დასკვნაში ჩაიდება საქართველოსთვის გამტყუნების გარკვეული ელემენტი. რატომღაც ჩვენს ოპოზიციას ეს უხარია და მიაჩნია, რომ მხოლოდ სააკაშვილისთვის იქნება ეს ცუდი. არა, ბატონებო, ეს მთლიანად საქართველოსთვის იქნება ცუდი. სააკაშვილი წავა, ეს დოკუმენტი და ეს ქმედება რჩება. ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზული ინფორმაციები უნდა მივაწოდოთ ამ კომისიას, და საერთოდ, საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ზუსტად აისახოს ვითარება, კერძოდ, ის, რომ არც ერთ შემთხვევაში საქართველოს ომი არ დაუწყია. რაც არ უნდა დამნაშავე იყოს სააკაშვილი, ის ომს ვერ დაიწყებდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის თავისი ტერიტორიიდან არ გასულა, ხოლო თუ სააკაშვილმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაული, ამისთვის მისი პირადი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და არა საქართველოს პასუხისმგებლობის საკითხი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაიდო ამ დასკვნის გამოქვეყნება, გადაიდო იმიტომ, რომ ასეთი სერიოზული დასკვნის წარმოდგენას სერიოზული არგუმენტები სჭირდება.
- ხომ არ მოხდა ორი სახელმწიფოს შეთანხმება და საკაშვილი დაინდეს?
- მე უდრო მეტად ვფიქრობ იმას, რომ აქ მიმდინარეობს არა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების რკვევა, არამედ სააკაშვილის შანტაჟირება რუსეთის მხრიდან. მიმდინარეობს ზეწოლა სააკაშვილზე, რომ რა ვალდებულებაც აიღო, შეასრულოს. ვალდებულებები კი მას რუსეთის წინაშე ძალიან ბევრი აქვს აღებული ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ. ამიტომ, ჩემი აზრით, პრობლემებს ამ მიმართულებით უნდა ველოდოთ. შესაბამისად, რაც ადრე მოვიცილებთ სააკაშვილს, უფრო ნაკლები პრობლემა შეხვდება საქართველოს. სამწუხაროდ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკაშვილი ხელისუფლებაში დარჩეს.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress