21-05-2014
“სახალხო პარტიაში” მიიჩნევენ, რომ თბილისის საკრებულოს უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს თბილისის “კონსტიტუციის” , ანუ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შექმნა. ამის სესახებ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, პროგრამის თანახმად, დოკუმენტი უნდა იყოს კონსენსუსი თბილისის მოქალაქეებს შორის იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ქალაქი ურბანულად, არქიტექტურულად, როგორი იქნება ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების სქემა, რა შემოსავლები ექნება ქალაქს, როგორ განვითარდება ადგილობრივი ბიზნესი და ა.შ. თბილისის “კონსტიტუციის” მიღებამდე უპირობოდ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი მშენებლობა ქალაქის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებში, ასევე, არსებული სკვერების და პარკების ფარგლებში.
“სახალხო პარტიას” მიაჩნია, რომ თბილისის საკრებულომ სამშენებლო კოეფიციენტების მინიჭების შესახებ კანონის შეჩერება უნდა მოახერხოს, მისი გადახედვის მიზნით.
ასევე, ყოველი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის უნდა დადგინდეს ფორმულა – 1 ბინა – 1 ავტოსადგომი და ყველა მშენებარე საცხოვრისისთვის უნდა შემუშავდეს ვალდებულება, რომ განაშენიანების ფართის 1/5 იყოს გამწვანებული.
საკრებულომ უნდა შემუშავოს ე.წ. საინვესტიციო უბნების კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ქალაქმა უნდა გამოყოს სამშენებლო უბნები, მიიყვანოს კომუნიკაციები ამ უბნებამდე, გამოაცხადოს ტენდერი მშენებლობის უფლების მოპოვებაზე და მოითხოვოს მშენებლისაგან საბინაო ფონდის 10% სოციალური საცხოვრისისთვის.
“სახალხო პარტიის” პროგრამის მიხედვით, საკანონმდებლო რეგულაციების საშუალებით უნდა მოხდეს ქალაქში წარმოებულ სამშენებლო და სხვა სამუშაოებში ადგილობრივად წარმოებული მასალების გამოყენების ვალდებულების შემოღება, რაც სამამულო ბიზნესს წაახალისებს.
ასევე, საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს თბილისში არსებული ეკლესია-მონასტრების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და აღნიშნული მიწის ნაკვეთების იურიდიულ მფლობელად გამოცხადდეს საპატრიარქო.
თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს დადგენილება, რომლითაც “თელასი”, “ყაზტრანსგაზი”, “თბილწყალი” (“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”), დასუფთავების სამსახური, ვალდებულნი იქნებიან გააფორმონ კოლექტიური ხელშეკრულება მოსახლეობასთან, სადაც გაწერილი იქნება მხარეების უფლება–ვალდებულებები.
პროგრამის მიხედვით, თბილისის საკრებულომ უნდა უზრუნველყოს ე.წ. “ტაქსაობის” საკითხის დარეგულირება. შემოღებული უნდა იქნეს ტაქსისტის უფასო ჟეტონი, მინიმუმ თბილისის რუკაში გათვითცნობიერების მოთხოვნით. უნდა შეიქმნას ლიფტების უსაფრთხოების სამსახური. საკრებულომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს მოსაკრებელის ოდენობა ქალაქში არსებული სათამაშო (კაზინო, ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი) დაწესებულებებისთვის და დაადგინოს მათი დისლოკაციის ადგილების შეზღუდვის ნორმები, ანუ მათი დაშორება სასწავლო და საკულტო დაწესებულებიდან.
ასევე, გადაუდებლად უნდა მოხდეს საკრებულოს მიერ თბილისის მერიის დავალდებულება, რათა მან უმოკლეს ვადაში მოახდინოს ქალაქში საკანალიზაციო ქსელის და სანიაღვრეების მოწესრიგება, ქალაქის საზოგადოებრივი საპირფარეშოებით უზრუნველყოფა და გამწვანების საერთაშორისო სტანდარტების დაკანონება.
“სახალხო პარტიის” პროგრამის თანახმად, საკრებულომ რეგლამენტით უნდა განსაზღვროს თბილისის მოქალაქეების საკრებულოს და კომისიების სხდომებზე ჩართულობის წესი, რათა დემოკრატია იყოს ორმხრივი ანუ თბილისელებსაც შეეძლოთ საკუთარი ინიციატივების და მოსაზრებების საკრებულოს ტრიბუნიდან გაჟღერება.
“ჩვენი ვალი და ვალდებულება იქნება, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, რათა – თბილისი იქცეს ცხოვრებისთვის კომფორტულ, მობილურ, ჯანმრთელ, სოციალურად დაცულ, ეკოლოგიურად სუფთა, განათლებულ, ბიზნესისთვის ხელსაყრელ და სამოქალაქო ურთიერთობებისთვის ღია ქალაქად”, – ნათქვამია პარტიის პროგრამაში.