ხელისუფლებას ნაციონალების დასჯას ხალხი აიძულებს

mamuka

შორენა კოწოწაშვილი 2013-04-08

`სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ  `ქართული ოცნება~ უწყობს ხელს ნაცმოძრაობას, რომ ის ერთადერთ ბრძოლისუნარიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდეს.  

გიორგაძე აფასებს ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯებს და 19 აპრილს დაანონსებულ აქციას, მიაჩნია, რომ ეს აქცია ნაციონალების მხრიდან არის იმის დემონსტრირება, რომ კვლავ ბრძოლისუნარიან ძალად რჩება და მის მომხრეებს ამ პარტიის იმედი უნდა ჰქონდეთ. 

რატომ ვერ დგება კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტი და რას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის პოლიტიკური ნაბიჯები და რატომ არის ოცნების მთავრობა სუსტი?  ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ 19 აპრილს ნაციონალების მიერ დაანონსებულ აქციას. შესაძლოა ამ აქციამ ხელისუფლებისთვის სახიფათო ტენდენცია შექმნას?

_ ბოლო პერიოდის საქართველოში საღ აზრთან დაკავშირებით, რეალურ მოტივაციებთან დაკავშირებით, პრინციპულ პოზიციებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მიზანშეწონილობებთან დაკავშირებით, და მსგავს თემებზე, სამწუხაროდ, ნაკლებად ისმის საუბრები. უფრო მეტად ჩვენ ვართ ლეგენდების, მითების და მოლოდინის ტყვეობაში. შესაბამისად, ვცხოვრობთ თარიღიდან თარიღამდე. გვახსოვს, წინა წლებიდან დათქმული თარიღები და განცხადებები: ახლა დავამთავრებთ მიშას და ა.შ. სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოება  ამ მითების ტყვეობიდან ვერ გამოვიდა; ვერ გამოვედით ამ მისტიური ციფრების ტრიალისგან. არ ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერესები, პრინციპრები, კანონზომიერება წარმართავს პოლიტიკურ ცხოვრებას. აი, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ნაცმოძრაობის მხრიდან დაანონსებული 19 აპრილის ღონისძიება. ბუნებრივია, მათ თავისი ინტერესი გააჩნიათ. ჩვენ კონკრეტულ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა მითიურ დღეებზე. სამწუხაროდ, იგივე პრაქტიკა გრძელდება. რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ნაცმოძრაობა იყო ხელისუფლებაში, მაშინდელი ოპოზიცია დღეს უმეტესი მათგანი ოცნებაშია წარმოდგენილი და ასევე იქცეოდა, და ასევე იქცევა დღეს ნაცმოძრაობა. ოღონდ განსხვავება არის ის, რომ ყოველივე ამის გარდა, კიდევ არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხები და ამ მიმართულებით ნაცმოძრაობა უფრო ჩამოყალიბებული და მოტივირებულია, ვიდრე თავის დროზე იყო გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის უმეტესი მათგანი დღეს ხელისუფლებაშია. შესაბამისად, გაცილებით უკეთესად იყენებს იმ ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომელიც თან უნდა ახასიათებდეს პოლიტიკურ ბრძოლას. წინასწარ დაანონსებული 19 აპრილიც სწორედ ამის ნათელი გამოხატულებაა. ნაცმოძრაობა გვეუბნება: ჩვენ ცოცხლები ვართ, ბრძოლისუნარიანები და ჩვენს მომხრეებს კიდევ უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. 19 აპრილი სწორედ ამის გამოხატულებაა. მას ლოკალური მიზანი აქვს: ქართულ და მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ეს ხალხი ჩამოსაწერი არ არის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

_ ნაციონალებს გავლენა და დასაყრდენი კიდევ შერჩათ საზოგადოებაში? შეუძლიათ მათ ეს აქცია თანდათან მრავალათასიან აქციებში გადაიყვანნ?

_ მათ დღეს იმის უნარი არ აქვთ, რომ ფართომასშტაბიანი მრავალჯერადი აქციები განახორციელონ. ამის არც პოლიტიკური ვითარებაა. მათთვის ყველაზე დიდი შედეგი იქნება, თუ ერთდღიან აქციას მოაწყობენ რუსთაველზე. რუსთაველი იქნება გადაკეტილი, რამდენიმე ათასი ადამიანი მივა ამ აქციაზე, შემდეგ _ ეს ტექნოლოგიის საკითხია, ამ ხალხის ისე განათავსდებენ, რომ მასა დიდი გამოჩნდეს. ამით უნდათ საკუთარ თავს, თავის მომხრეებს და საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი არიან ქმედუნარიანები. ეს არის მათი მიზანი. ეს არ ემსახურება არც რამე პოლიტიკურ საკითხებს, არც კონკრეტულ მოთხოვნას. უბრალოდ, მთავარია _ მიზანსცენა თვითმიზანია. ფსიქოლოგურად გარდატეხა აჩვენონ და ეს ამოცანა შესრულებადია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მინიმუმ 50 დეპუტატი პარლამენტში, ცენტრალურ ოფისში დასაქმებული ხალხი, საკრებულოებში დასაქმებულები, სხვადასხვა არასამთავრობობეში დასაქმებული ხალხი, მათ მიერ კონტროლირებად ბიზნესებში დასაქმებულები; ადამიანები, რომლებიც ექვემდებარებიან ორგანიზებას. ეს რესურსი მათ გააჩნიათ. ელემენტარულად, თუ სწორად იმუშავებენ, შეძლებენ ამ ამოცანის შესრულებას, მით უმეტეს, მედია ამაში ხელს უწყობს და თან, არა მხოლოდ მათგან კონტროლირებადი. საბოლოო შედეგი მათი იქნება, რომ ისინი დაფიქსირდნენ მეორე პოლიტიკურ სუბიექტად და ერთადერთ რეალურ ოპოზიციად საქართველოში. ეს არის მათი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულების შესაძლებლობები, პრინციპში, მათ გააჩნიათ.

_ თქვენ ამბობთ, სათანადო პოლიტიკური ვითარება არ არის, რომ ნაციონალებმა აქციები გაამრავალრიცხოვნონ, თუმცა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდება იგივე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით…

_ დღესდღეობით ივანიშვილის მთავრობის გავლენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამიტომაც საფრთხე, იმ გაგებით, რომ მასობრივი პროტესტი იქნება და ხალხი ქუჩაში გამოვა, არ ემუქრებათ. ჯერჯერობით დიდია მოლოდინი და იმის განცდა, რამხელა ჭირი მოიშორა საზოგადოებამ. ხალხი ჯერ კიდევ ეიფორიაშია, ამიტომ ოცნებას დღეს რაიმე შეშფოთების პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია; მეორე საკითხია ის, რომ საზოგადოებაში მატულობს კითხვის ნიშნები. ობიექტური სურათი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე არჩევნებამდე სახავდა ,,ქართული ოცნება”. მაგრამ ამან დღეს იმ კრიტიკულ ნიშნულს ვერ მიაღწია, რომელიც საშუალებას მისცემს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ეს გამოიყენოს საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამიტომ ვერც ნაციონალები გამოიყენებენ ამას. 19 აპრილს ისინი განაცხადებენ, რომ ოცნების ყველა შეცდომა და მისი ყველა არასწორი ქმედების გამომყენებლები არიან მხოლოდ ნაციონალები. ამ ეტაპზე ოცნებას აწყობს კიდეც ასეთი პოზიცია, აწყობს, რომ ერთადერთ ოპოზიციად დაფიქსირდნენ ნაციონალები. ნაციონალები დღეს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას რომ ეწევიან, ეს ოცნების ხელშეწყობით ხდება. ის ზღაპარი, რომ ნაციონალები ჯერ კიდევ არიან ხელისუფლებაში და ამიტომაც ვერ ახერხებს ,,ოცნება” გარკვეული ნაბჯების გადადგმას, არის იმ მითოსიდან და ლეგენდებიდან, რითაც ამდენი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ და შეცდომაში შეყავდათ ქართული საზოგადოება. მიშა ამბობდა: რუსები გვიშლიან ხელს, თორემ ყველაფერს კარგად გავაკეთებთო. ,,ოცნება” ამბობს: ნაციონალები გვიშლიან ხელსო. როცა ხელისუფლება ოპოზიციას აკრიტიკებს, ის ამ ოპოზიციის კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს. დღეს ოცნება არ არის კონკურენტუნარიანი ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან. კონკურენტუნარიანია ნაცმოძრაობასთან, ამიტომ მას აწყობს ორპოლუსიანი სამყარო. ამ თემაზე ღიად საუბარს არც ერიდებიან. იგივე დავით ბერძენიშვილი თავის ინტერვიუში ამობობს: არსებობს ორი სუბიექტი და მესამეს ადგილი პოლიტიკურ სივრცეში არ არის. აშკარაა, რომ ოცნება ხელს უწყობს ნაცმოძაობას ერთადერთ პოლიტიკურ სუბიექტად დარჩეს. იმიტომ აწყობს, რომ თუ შემოვა მეორე ან მესამე ძალა, იგივე `სახალხო პარტია~, `სახალხო პარტიას~ ასე ვერ დაელაპარაკება ,,ოცნების” წარმომადგენლობა, როგორც ელაპარაკება ნაცმოძაობის წარმომადგენლობას. ამიტომ ,,ქართულ ოცნებას” ურჩევნია უმცირესობაში ნაცმოძრაობა იყოს და არა სახალხო პარტია.

_ რატომ აწყობს? უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გარიგება იკვეთება?  

_ გარიგებები_ ეს რაღაც მითოლოგიის საკითხია. უბრალოდ, მათ ბევრ მათგანს საერთო ინტერესები ჰქონდა. თუ არა ნაცმოძრაობა, `სახალხო პარტიასთან~ გაუჭირდებოდათ იმის ახსნა, რატომ უნდა აშენდეს ბათუმში მეჩეთი, რატომ უნდა იყოს ინიციატივა რეგიონული ენების ქარტიასთან მიერთება, რატომ არ განიხილება დღესაც საჯარო პოლიტიკური სივრცის გახსნა, რატომ უნდა იყოს რკინიგზა გახსნილი აფხაზეთის მონაკვეთზე. ან საერთოდ, მარტივი შეკითხვა: რატომ ფუნქციონირებს დღეს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და ვინმე დამანაშავე სანაკოევი რატომ უნდა იღებდეს ქართველი ხალხის გადასახადებიდან აკრეფილ ფულს. ამ კითხვებზე ,,ოცნებას” პასუხი არა აქვს. არც იმაზე აქვს პასუხი, რაც ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროში და რატომ არის იქ ასეთი არაპროფესიონალიზმი. რატომ ხდება ენერგეტიკაში მსგავსი რამ, როცა სამარცხვინოდ ნახევარ თეთრზე დავიდა ტარიფის საქმე, ისიც იმ ოჯახებისთვისმ რომლებიც 100 კილოვატ საათს ხარჯავს. ამაზე ,,ოცნება” პასუხს ვერ გვცემს, სამაგიეროდ თამამად ეტყვის ნაცმოძრაობას: შენ რომ გუშინ აკეთებდი და ის ნახევარი თეთრიც არ შეგიმცირებია; შენ ხომ გინდოდა მუზეუმის აშენება ბათუმში, შენ არ გაკეთე მეჩეთი რაბათში. ეს ნაცმოძრაობასაც აწყობს, ის გამოდის დაჩაგრულის იმიჯით. ეს არის საერთო ინტერესები, რომ ხვალ-ზეგ ნაცმოძრაობას არჩევნებში მინიმუმ მეორე ადგილი ჰქონდეს გარანტირებული. ეს უმრავლესობასთან შეთანხმებას არ გულისხმობს, თუმცა არც უმაგისობაა. წარმოიდგინეთ, როგორი მომენტია: ,,ოცნების” ეს ფუყე ლიდერები, რომლებსაც თავისი სახელით ან გვარით, ან თავისი პარტიის სახელით ერთი წარმატებული აქციაც არ აქვთ ჩატარებული ამ 30 წლის მანძილზე, ერთი შედეგი არ აქვთ ნაჩვენები არჩევნებზე და სულ ვიღაცაზე აკიდებული შედიოდნენ პარლამენტში, როგორ ფიქრობთ, მათ აწყობთ `სახალხო პარტიასთან~ კონკურენცია? ამ შემთხვევაში ხალხის თვალში მათი რეალური სახე გამოჩნდება, მაგრამ რა ჯობია აკო მინაშვილთან და მიშა მაჭავარიანთან კამათს, თავში წამოარტყი, მერე თუ ვინიცობა არგუმენტი ვერ მოძებნე, ცოცხი ახსენე და გამარჯვებული ხარ. აი, აქ არის არსი. ამის მერე იქმნება მითები და ლეგენდები.    

_ ეს მითები და ლეგენდები ახალ ხელისუფლებას ფონს ვერ გაიყვანს, ხალხი დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს. რატომ არ ხდება იგივე ხმაურიანი საქმეების საფუძველზე გავლენიანი ნაციონალების დაპატიმრება? უმრავლესობის ლიდერები ფიქრობენ, რომ იგივე კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტს დასავლეთში პოლიტიკურ დევნად აღიქვამდენენ.

_ ეს შეიძლება ტრაგედია ქვეყნისთვის აღმოჩნდეს, თორემ მრავალი ლიდერისთვის, მხოლოდ მდგრადი ცხოვრებისეული პირობების შექმნის გარანტიაა. ქვეყნისთვის ეს შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული პრობლემა, დასავლეთი აქ არაფერ შუაშია. აქ საჭიროა პასუხისმგებლობის აღება, პროფესინალიზმი, სერიოზული მუშაობა. ეს არ ჩანს. სამწუხაროდ, ,,ოცნებას” იოლად უნდა ფონს გასვლა. იცით, რომ დღეს ,,ოცნების” ბევრი წარმომადგენელი ნაწილია ნაცმოძრაობის ისტორიის და მათ ყველაფერის გამოაშკარავება არ აწყობთ, და მეორე, პოლიტიკური ნება უნდა გქონდეს იმისათვის, რომ შეაფასო რაც მოხდა 2003 წლიდან დღემდე. სამწუხაროდ, ,,ოცნებაში” არ აღმოჩნდა ეს ნება. ხოლო პროფესიონალიზმი, შემიძლია გითხრათ, რომ იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. იმედი გვქნოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გაცილებით უფრო სერიოზულ ჯგუფს წამოწევდა წინ. საქართველოში არის ამისი რესურსი. შეიძლება ზოგიერთის პოლიტიკური შეხედულებები და ღირებულბებები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ საქართველოში პროფესიონალიზმის დეფიციტი ნამდვილად არ არის. მივიღეთ, რაც მივიღეთ, ხელისუფლება ვერ აკეთებს, ერთის მხრივ, და არ აკეთებს, მეორეს მხრივ იმიტომ, რომ უმეტესობა მათგანი დაკავშირებული არიან ნაცმოძრაობის ხელისუფლებასთან. ბევრი მათგანი ბიზნესით არის დაკავშირებული, ბევრი _ პოლიტიკური წარსულით. როცა რაიმე თემა წამოიწევა, იმ თემას მერე გაგრძელება მოჰყვება, ეს კი ოცნების წარმომადგენლებს არ აწყობთ, რადგან წლების განმავლობაში ეს ხალხი ერთამენთის გვერდით იყო.                                

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress