ღია წერილი (08.04.2013)
დიდი ხანია, რაც საქართველოს პოლიტიკის ასპარეზზე ფიგურირებს ანტისახელმწიფოებრივი (დივერსიული) პროექტი საქართველოს ფედერალიზაციისა ანუ მისი დაყოფისა ფედერალურ ერთეულებად, რომელთა საზღვრები, არსებითად, საქართველოს ისტორიული პროვინციების (სამეფო-სამთავროების) საზღვრებს ემთხვევა (ამ პროექტს ლობირებს ძირითადად საქართველოს რესპუბლიკური პარტია). ამჟამად დღის წესრიგშია ამ პროექტის (შენიღბული სახით) პარლამენტის მიერ მიღება, როგორც საქართველოს ტერიტორიული მოწყობისა და მასში მესამე რგოლის – სახელდობრ, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის “რეგიონის” რგოლის – შექმნის შესახებ, რომელსაც (“რეგიონს”) სახელმწიფოებრიობის გარკვეული ნიშნები აქვს.
ამ პროექტის ორგანიზაციული წინაპარია შევარდნაძის მიერ ერთპიროვნულად შემოღებული და დაუკანონებელი “მხარეების” (იმერეთი, კახეთი, გურია და ა.შ.) ინსტიტუტი, რომლის იურიდიული გაფორმება, ანუ დაკანონება, შევარდნაძეს, მადლობა ღმერთს, არ უცდია (საზოგადოების წინააღმდეგობის გამო), ისევე როგორც არ უცდია ამ “მხარეებში” თავისი “გუბერნატორის” დამატებით რაიმე წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნა.
ამ გეგმის უგუნურება, უპასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრიობისთვის ფეთქებადი ხასიათი მდგომარეობს შემდეგში (ძირითადად):
1. არ არის ოდნავი მცდელობაც კი გათვლისა, რა არის მართვის თვალსაზრისით ოპტიმალური ზომა (მოსახლეობის რაოდენობის ჩათვლით) სამართავი ერთეულისა (მაგ. რა უნდა იყოს მანძილი პოლიციის განყოფილებასა და უშორეს დამნაშავეს შორის, საავადმყოფოსა და უშორეს პაციენტს შორის, რამდენი სოფლის ნება უნდა ერთიანდებოდეს, საშუალოდ, წყალსადენის მოწყობის საქმეში და რამდენისა – კანონმდებლობითი ფუნქციის პრეტენზიის გაცხადებაში და ა.შ.). შედარებისთვის: გერმანიის თითოეული ფედერალური ერთეული საქართველოს აღემატება ან ტერიტორიით, ან მოსახლეობის რაოდენობით, ან ორივეთი ერთად, მაგრამ ამ ერთეულების შიგნით უმკაცრესი უნიტარიზმი სუფევს. (ქართველ “ფედერალისტთა” ეს მიდგომა არის მეცნიერული გათვლის გამოუყენებელი მიდგომა საკითხისადმი, რომელიც წინასწარ მეცნიერულ გათვლას ექვემდებარება, და მას ეწოდება “ანტიმეცნიერული მიდგომა”).
2. საქართველოს დაყოფა ოფიციალურ ერთეულებად იმგვარი სტატუსით, რომელიც სახელმწიფოებრიობის რაღაცა ნიშანს (ნიშნებს) ატარებს, და ამ ერთეულის რეგიონის მიერ ცენტრალური მართვის თუნდაც ერთ ფუნქციაში ჩანაცვლება ცვლის მოსახლეობის (“რიგითი ადამიანის”) პოლიტიკურ ცნობიერებას, სახელდობრ, პიროვნების ერთ-ერთი მთავარი მმართველი პარამეტრის – მისი თვითიდენტიფიკაციის – მიმართულებას.
პოლიტიკური აზროვნება სახელმწიფო მმართველისა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს მმართველი ან მართვის პრეტენდენტი ამ ანბანურ ჭეშმარიტებას შეიცნობს. “დეცენტრალიზაციის” უპირობო და, ამდენად, აბსურდული იდეოლოგიით შეპყრობილი არაბრძენი ადამიანების მიერ მოაზრებული ამ ფედერალიზაციის (დღეს რომ “რეგიონალიზაციას” უწოდებენ) შემთხვევაში არა მარტო საქართველო დაიშლება (მაქსიმუმ ორ თაობაში) ცალკე პროვინციებად, არამედ დაიშლება თვით ქართული ეროვნული ცნობიერების შინაარსიც: თელაველ ბავშვს რომ ჰკითხავენ, “ხაჩიკა სომეხია, მამედა აზერბაიჯნელია, ლუდვიგა გერმანელია და ხოსე ესპანელია. შენ ვინა ხარ?”, მისი პასუხი იქნება არა “ქართველი ვარ”, არამედ “კახელი ვარ”. (ის, რომ ოფიციალური სახელები, გეოგრაფიულის ჩათვლით, და ადმინისტრაციული დაყოფები არსებითი ფაქტორია პიროვნების სოციალური თვითიდენტიფიკაციისა, ფსიქოლოგიის ანბანური დებულებაა (მით უფრო, თუ მოსახლეობა მოწმეა იმისა, როგორ ძიძგილაობენ “გურია” და “კახეთი” თბილისიდან ტრანშის მიღებაზე და როგორ ჭიდაობენ თელაველი პრეტენდენტი და თბილისელი პრეტენდენტი “კახეთში” პოლიციის უფროსად დანიშვნაზე).
ამ უწიგნური დივერსიული გეგმისთვის ერთადერთ საბუთად მის ავტორებს შემდეგი აქვთ: “გერმანია ფედერალური რესპუბლიკაა. შეხედეთ, რა კარგი და ჭკვიანურად მოწესრიგებული ქვეყანაა”.
ეს არგუმენტი ყალბია. ჯერ ერთი, გერმანიას ფედერალიზმი თვითონ არ აურჩევია. მას ფედერალიზმი გამარჯვებულმა მოკავშირეებმა დაუდგინეს, როგორც სავალდებულო მოთხოვნა, იმ აშკარად გამოთქმული მიზნით, რომ გერმანია ვეღარ აღდგეს, როგორც ქფსრეთეფფე (“ძალითი სახელმწიფო”) და ვეღარ დაიწყოს ახალი ომი, ანუ გერმანიის დასუსტების ოფიციალური მიზნით. ჩვენ მსოფლიო ომის დამწყები არ ვართ და ამიტომ ეს ზომა არ გვეკუთვნის.
მეორეც, გერმანელებმა იპოვეს იურიდიული ფორმა, რომელმაც მასში ამ “სეპარატიზმის” ხიფათი მინიმუმამდე დაიყვანა (დღეს გერმანელები კმაყოფილნი არიან თავისი მოწყობისა).
მესამეც – არანაკლები მნიშვნელობისა – ის გახლავთ, რომ ერის ერთობას ქმნის პირველ ყოვლისა მისი ერთობლივი მიმართება დანარჩენ კაცობრიობასთან (და არა შინაგანი ერთგვაროვნება და გაუდიფერენცირებლობა). გერმანიის ეს მიმართება დანარჩენ კაცობრიობასთან დღეს ულტრაწარმატებულია (ხან ექსპორტში პირველ ადგილზეა მსოფლიოში, ხან ფეხბურთის ჩემპიონატს იგებს და ა.შ.).
საქართველოს წინა ორი ხელისუფლების მიზანმიმართულად დივერსიული (და რუსეთის მიერ დავალებული) ანტიქართული პოლიტიკის შედეგად (რომელიც, სხვათა შორის, რუსეთისავე დავალებით აფიშირებული ვითომც “დასავლური ღირებულებების” სახელით ხდებოდა) მსოფლიო ასპარეზზე წარმატებებს მოკლებულია და მოკლებული იქნება მანამდე, სანამ საქართველოში ეროვნული, ანუ საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების გამთვალისწინებელი ხელისუფლება არ მოვა, რომელსაც ექნება ეროვნული თავმოყვარეობაც და ეროვნული პასუხისმგებლობაც (დღევანდელი პარლამენტი რომ ასეთი ხელისუფლება არ არის და არც ამბიცია აქვს, რომ იყოს, ეს უკვე ვიცით). ამგვარად, საქართველოს ელის საშიშროება, რომელიც გერმანიას არ ელის. დღესავით ნათელია: ხაზი “შევარდნაძე – სააკაშვილი – დღევანდელი პარლამენტი” მიმართულია ფედერალიზმისკენ და იგი ვერ უნდა გაგრძელდეს.
ა.წ. 5 აპრილს ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში გამართულმა დისკუსიამ ნათლად გვიჩვენა, რომ ზემოხსენებული უმარტივესი ჭეშმარიტებები ქართველ საზოგადოებრიობას სადღეისოდ უკვე სავსებით გაცნობიერებული აქვს.
ამიტომ ვიცოდეთ: პარლამნტში დღეს შემომავალი კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობისა არის უმეცრული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულისკვეთების მატარებელი საზოგადოება მზად ვართ ღია საჯარო დისკუსიისათვის პროექტის ავტორებსა და მომხრეებთან, რათა მათი პროექტის ეს ყოველმხრივ მიუღებელი რაობა დავასაბუთოთ. პარლამენტს მოვუწოდებთ: ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას საკითხზე, რომელიც სცილდება თქვენი დარგობრივი აზროვნების შესაძლებლობათა საზღვრებსაც და თქვენთვის ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატსაც.
მამუკა გიორგაძე
თენგიზ დიხამინჯია
პაატა კოღუაშვილი
ნოდარ ნათაძე
თამარ ჩხეიძე