რუსეთი არის სახელმწიფო, რომელმაც არ იცის, რა არის პარტნიორობა, რა არის არგუმენტი და საღი აზრი

mamuka

შორენა კოწოწაშვილი   “ახალი თაობა” მარტი 2014

რატომ ალაპარაკდნენ პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის უფლებების გაზრდაზე, მართლა არ უწევს ანგარიშსს პრეზიდენტს პრემიერი ღარიბაშვილი და სახეზეა თუ არა კლანებს შორის ბრძოლა? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის და რუსეთთან შერბილებული ტონის მოუხედავად, მავთულხლართების გადმოწევა საოკუპაციო ზოლზე გრძელდება. რაზე მეტყველებს ეს, არ მიიღო ივანიშვილ-ღარიბაშვილის რბილი ტონი რუსეთმა?
_ რუსეთის პოლიტიკას უნდა იცნობდე, რომ მარტივად შეაფასო დღეს მიმდინარე პროცესები. არათუ ივანიშვილის და ღარიბაშვილის რბილი ტონი, არამედ თვით საბჭოთა პერიოდშიც კი, როდესაც ცეკას პირველ მდივნებად ქართველები ინიშნებოდნენ, რომლებიც ლოიალურობის მაქსიმალური ხარისხით გამოირჩეოდნენ, მეორე მდგივნად მაინც რუსს უნიშნავდენ. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელმაც არ იცის, რა არის პარტნიორობა, რა არის არგუმენტი და საღი აზრი, ყოველთვის ასე იქცეოდა და დღესაც ასევე იქცევა. ერთადერთი, რასაც ის ანგარიშს უწევს, ეს არის ძალა და მოწინააღმდეგის ერთობა; ეს არის შეკრულობა მოწინააღმდეგისა და თავდადებული ბრძოლა, რომელიც აიძულებს რუსეთს ხელი ააღებინოს თავის ზრახვებზე. სხვანაირ ურთიერთობებს რუსეთი არ ცნობს; არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში ფაქტი რუსეთს ჯანსაღი პოზიციის, არგუმენტის გამო შეეცალოს პოზიცია. თუ ატროფირებული გაქვს ეროვნულობა, ღირსება და ეკლესიურობა, ბუნებრიია, ასეთ ადამიანებს ეყრდნობა მხოლოდდამხოლოდ რუსეთის იმპერია და ცნობილი გამოთქმა, რომ ჰარამხანაში ევნუხებს სრული კასტრაციის შემდეგ ენდობიან, რუსეთი აი, ასეთი ტირანული სახელმწიფო იყო და პილიტიკურ სპექტრში მხოლოდ სრული კასტრაციის შემდეგ თუ ჩართავს ვინმეს. ამის ნათელი მაგალითია უკრაინის შემთხვევაც. იანუკოვიჩი ვერ აიტანეს, რომელიც ძირითადად რუსულ ხაზსს მისდევდა, მაგრამ თავისუფლების პატარა ელემენტი ჰქონდა. ესეც ვერ აიტანეს და იანუკოვიჩი მიატოვეს ანუ ამასაც კი არაფერი გაუკეთეს. ეს თითოეულმა ადამიანმა უნდა გაანალიზოს, რატომ ჰგონია, რომ სხვას რაც ეხება, ის შემდგომ ჩვენც არ შეგვეხება. დიახაც, შეგვეხება.
_ ანუ უკრაინის ფაქტორი გავლენას იქონიებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე?
_ გავლენა უნდა იქონიოს. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, თუკი ოდნავ მაინც სურთ შეინარჩუნონ თავისუფლების გარკვეული ხარისხი, ან ეროვნულობის რაღაც ელემენტი ოდნავ მაინც თუ გააჩნიათ, იცოდნენ, რომ რუსეთი ასეთ ადამიანებთანაც კი არ პარტნიორობს. რუსეთი არ მიიღებს არცერთ შემთხვევაში თუ სრული პოლიტიკური კასტრაცია არ არის გაკეთებული. აი, ეს უნდა იყოს მთავარი მაგალითი ყველასთვის და შესაბამისად, რუსეთი აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა. დიდი ხმაური არ აწყობდა სოჭის ოლომპიადის დღეებში. დამთავრდა თუ არა ოლიმპიადა, ხუთი წუთიც კი არ დააყოვნა, მაშინვე გააგრძელა თავისი ქმედებები, მით უმეტეს, უფრო გაქტიურებული, რადგანაც დასავლეთი მთლიანობაში უფრო მეტ კეთილდგანწყობას იჩენს საქართველოს მიმართ, ვიდრე დავუშვათ, საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი ამას იმსახურებს. თუნდაც ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შესვლა ბაიდენთან შეხვედრაზე მყოფ საქართველოს პრემიერთან, ამის ნათელი დადასტურებაა, რომ არ იგეგმებოდა ბარაკ ობამასთან შეხვედრა და ის თავისი ინიციატივით შევიდა ბაიდენისა და ღარიბაშვილის შეხვედრაზე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობით; ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების განვითარებით საქართველოში. ეს ამ შეხვედრამაც დაადასტურა. ბუნებრივია, რუსეთისგან ადექვატურ ქმედებებს უნდა ველოდოთ.
_ ანუ ივანიშვილის მთავრობამ ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობის ტონი უნდა შეცვალოს, რადგან ამ მიდგომამ არ გაჭრა?
_ არც გაჭრის.
_ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებაში არჩეული კურსი შეცდომა იყო?
_ ბუნებრივია, შეცდომაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის პოლიტიკა იყო სწორი. პრინციპები არ უნდა შერბილდეს. არ არის სწორი ლილიპუტინი უძახო მოწონააღმდეგეს და ფეკალიებს სვამენო. სხვათა შორის, დადასტურდა, რომ ერთის და მეორეც, ვინც ამ სიტყვებს იძახდა, რუსეთის წისქვილზე რომ ასხამდა წყალს. ალბათ, დღეს აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ესენი რუსეთის სამსახურში იდგნენ. ეს სხვა თემაა. არ არის საჭირო ეს წივილ-კივილი. საჭიროა მშვიდი ტონით, მაგრამ პრინციპულად ოკუპანტს დაარქვა ოკუპანტი. თუ შეხვდები უნდა ესაუბრო პრინციპულად და იქ ჩაის დასალევად კი არ უნდა შეხვდე და დოსტოევსკის და ტოლსტოიზე სალაპარაკოდ, არამედ უნდა შეხვდე, როგორც პოლიტიკოსი პოლიტიკოსს და უთხრა, სანამ არ იქნება თქვენი ჯარისკაცის მიერ დატოვებული საქართველოს ტერიტორია, მანამ ჩვენ შორის რაიმე კეთილმეზობლობაზე საუბარი ზედმეტია. რუსეთმა ეს უნდა იცოდეს.
_ აუცილებლობად მიიჩნევთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ან ღარიბაშვილის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას?
_ ჩემიანებში მეპარება ეჭვი, რომ პრინციპულად ვერ დასვამენ ამ საკითხს, თორემ დარწმუნებული რომ ვიყო, ამაზე პრინციპულად ისაუბრებენ, უნდა შეხვდნენ კიდევაც. ჩვენ შეხვედრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ პრინციპულად უნდა დადგეს საკითხი. თუ მათ შეუძლიათ საქართველოს ინტერესები პრინციპულად დაიცვან, მაშინ კი, ბატონო, შეხვდნენ. უაზრო ლანძღვა, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. ეს ზრდილობის საკითხია.
_ ხელისუფლებამ სწორი საგარეო კურსი ვერ აირჩია თუ სათანადოდ ვერ გამოკვეთა საგარეო ორიენტირები?
_ ვერ გამოკვეთა, აი, ყველაზე საინტერესო ეს ფრაზაა. არ აქვს ჩამოყალიბებული. ზოგადი ფრაზა – მივდივარ ევროკავშირისკენ, მაგრამ თუ კარგი იქნება, რატომაც არა ევრაზიაში, აი, ეს ზოგადი ფრაზა არაფრისმომცემია. ვიმეორებ, იანუკოვიჩი ყველას თვალწინ უნდა დაუდგეს. მკაფიო პოზიციაა საჭირო, როდესაც დღის წესრიგში დგას უმთავრესი საკითხი და დღეს თუ არა ხვალ, უნდა გადაწყვიტო, რომელ მხარეზე გინდა წასვლა, უნდა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ასეთი პრინციპული გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. ე.ი. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ ჩვენი პრინციპების დაცვითო. ამას ისეთი ტონით ამბობენ, ეჭვი მეპარება, არის კი ეს ხალხი ამ პრინციპების დამცველი?! ან თუ არის პრინციპების დამცველი, გვითხრას, რა პრინციპებზეა საუბარი. ეს ერთი; და მეორე მომენტი _ თუ ამის დამცველია, შიდა პოლიტიკაში განახორციელონ ეს. თუ მას შეუძლია ჯანსაღი კონკურენცია საქართველოს შიგნით, მაშინ შეძლებს ის გარეთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას. მაგრამ ვუყურებ რა ამ თვითმმართველობის კანონს, საარჩევნო კანონს და ვრწმუნდები, რომ ეს კანონი მას იმიტომ სჭირდება, რომ თვითონ არ არის დარწმუნებული თავის თავში. ორი თვე იფიქრა ხელისუფლებამ 40%-იანი ყოფილიყო ბარიერი თუ 50%-იანი. ე.ი. სანამ არ გადათვალეს, გადმოთვალეს რისი მიღება შეუძლიათ და რისი გაყალბება, პოლიტიკურ სპექტრში, ვის `შეკერავენ~, ვის მოატყუებენ, მანამდე ეს საკითხი პრინციპულად არ დასვეს. ეს მათი უძალობის დემონსტრირებაა. ეს მათი შიდა პრობლემების დემონსტრირებაა. ასეთი შიდა ერთის მხრივ, კოალიციური პრობლემის, მეორეს მხრივ _ შიდასახელმწიფოებრივი პრობლემის, რომელსაც არ ძალუძს ჯანსაღი კონსულტაციები და ჯანსაღი კონკურენცია პოლიტიკურ სპექტრში, შიგნით არიან მერყევნი და ბუნებრივია, გარეთაც ამას ყველა გრძნობს.
_ საუბარია პრეზიდენტის უფლებების ნაწილობრივ გაზრდაზე. რა მიმართულებით უნდა გაეზარდოს მარგველაშვილს უფლებები, რომელსაც უფუნქციო პრეზიდენტად იხსენიებენ?
_ უფუნქციო პრეზიდენტი იმიტომ კი არ არის, რომ კონსტიტუციაში არ აქვს ფუნქციები. ძალიანაც დიდი ფუნქციები აქვს. მაგრამ უფუნქციო იმიტომ არის, რომ თვითონ არ იღებს თავის თავზე ფუნქციას იქედან გამომდინარე, რომ როცა მოგიყვანენ, პლასტელინივით დაგსვამენ და სკამზე დაგატყეპებენ, ბუნებრივია, მერე სხვისგან პატივისცემას ნუღარ ელოდები. როდესაც შენ თვითონ სხვისი ხელით სათრევი იქნები საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მერე რატომ გიკვირს, რომ ყურადღება არ მოგაქციონ. ამის ნათელი მაგალითია ის, თუნდაც რაც მოხდა მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის დროს. ელემენტარულად თვითონ დემონსტრაციულად აგრძნობინა მთელ საქართველოს და მსოფლიოს, რომ აქ სერიოზული ფიგურა არ არის.
_ ანუ პრეზიდენტი ღარიბაშვილს პრემიერი და მისი გუნდი, ფაქტობრივად, ანგარიშსს არ უწევს?
_ ფაქტი სახეზეა. მე ხომ არ ვიგონებ ან ამაზე მოტყუება ხომ არ შეიძლება. მთავრობის არცერთი წევრი არ იყო პარლამენტის დარბაზში. ის არგუმენტი, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ამერიკაში იყო, ცოტა სასაცილოა. ერთი საათით გვიან რომ წასულიყო, ამით არაფერი მოხდებოდა, მით უმეტეს ოფიციალური ვიზიტი ორი დღის შემდეგ დაიწყო. ე.ი. დემონსტრაციულად დაამთხვიეს ის დრო, როდესაც ღარიბაშვილს ექნებოდა საბაბი. აქედან გამომდინარე სხვა მინისტრებსაც ექნებოდათ საბაბი და ამიტომ არ მოვიდოდნენ პრეზიდენტის მოსასმენად. ამას თვითონ ხელისუფლების შიგნით ვხედავთ, რაც ხდება. აშკარაა, რომ შიდა ბრძოლები მიმდინარეობს. ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდა პირდაპირ იქნება მიბმული არა ინსტიტუციონალურ პროცესებთან, სახელმწიფოებრივ პროცესებთან, არამედ მიბმულია პირველობისთვის ბრძოლაზე კლანურ ძალებში.
_ რაზე მიანიშნებთ, სახელისუფლო გუნდის ნაწილს შეიძლება აწყობს მარგველაშვილის გაძლიერება იმისდა მიუხედავათ, თუ ეს ინტერესები პრემიერთან წინააღმდეგობაში მოვა? არის საუბრები, რომლითაც ერთ სიბრტყეზე მოიხსენიებენ მარგველაშვილს, რესპუბლიკელებს, `თავისუფალ დემოკრატებს~ და ნაციონალებს.
_ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენთან ხომ ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინარეობს. ყველაფერს კლანები წყვეტენ. კლანებს შორის ახალი ბალანსის შედგენაზეა საუბარი. დავუშვათ ივანიშვილის გარეშე პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორ წარიმართება პროცესები. ეს ადამიანები ძირითადად ამით არიან დაკავებული. არა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობით, არა სახელმწიფოებრივი თემატიკით, არამედ სწორედ კლანებს შორის ურთიერთობის რკვევით, ვითარების გამოყენებით საკუთარი მდგომარეობის გამყარებით. ამის ნათელი მაგალითია დღეს ის, რომ გადაწონონ ერთმანეთი. ეს საჭოთა სტილია _ ხელოვნური ბალანსის დამყარება და ყველამ კარგად ვიცით. დასავლური სტილით კონკურენტულ გარემოში ბუნებრივად მყარდება ბალანსი დემოკრატიულად არჩევნების გზით. ეს დასავლური სტილი უნდა დაინერგოს საქართველოშიც. მაგრამ ეს არ ინერგება და გრძელდება საბჭოთა ბოლშევიკური სტილით კლანებს შორის ხელოვნური ურთიერთობის ბალანსი. როდესაც იმაზე ვსუბრობთ, რომ 25 თებერვალი, გასაბჭოება და ა.შ., ჯერჯერობით ჩვენ კიდევ შორს ვართ ბოლომდე დამოუკიდებლობის აღდგენისაგან და დეოკუპაციისაგან. ეს ნიშნავს საბჭოური მართვა არ უნდა ხორციელდებოდეს და რუსეთის ჯარი არ უნდა იდგეს საქართველოში. დღეს, სამწუხაროდ, ერთიც გვაქვს და მეორეც. სწორედ საბჭოური მენტალიტეტისთვის არის დამახასიათებელი ერთი ბელადი – ყველაზე მაღლა მდგომი და კლანებს შორის არკვევენ ურთიერთობებს გავლენის სფეროებისთვის და ის ერთი ზევიდან აბალანსებს ამ ყოველივეს. დღესაც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადგილზე მყოფი კლანები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ბრძოლა მიდის იმაზე, კრიტიკულ სიტუაციაში რაღაც რომ მოხდეს, ვის ექნება უკეთესი სასტარტო პოზიცია. აქედან გამომდინარეა ის, რომ ახლა იწყებენ საუბარს პრეზიდენტის უფლებების გაზრდაზე. თორემ პრეზიდენტს სერიოზული უფლებები აქვს, თუ ის ამას თვითონ გამოიყენებს. თუ გაგაჩნია სახელმწიფოებრივი აზროვნება, ღირსება, პრინციპულობა. საგარეო პოლიტიკა და თავდაცვისუნარიანობა, ფაქტორბივად, პრეზიდენტის კომპეტენციაა.
_ შესაძლოა უფლებების გაზრდა პრემიერმა ღარიბაშვილმა არ დაუშვას და თანაგუნდელთა ინტერესებს დაუპირისპირდეს?
_ ჯერჯერობით ამას ბელადი წყვეტს. ამიტომ მის გარეშე ეს არ მოხდება. ქვედა რგოლები უკეთესი სასტარტო პოზიციის მოსაპოვებლად იბრძვიან, ამ ეტაპზე ეს დაპირისპირება ბუნებრივია. რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ერთი გუნდია, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამას სისიტემა აიძულებს. ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მიდგომა არ აქვთ ჩამოყალიბებული, მთელი თავისი ენერგია მიმართეს ძალაუფლების პყრობისკენ. ბუნებრივია, კლანური დაპირისპირება მოხდება. წელიწადნახევარია ხელისუფლებაში მოვიდნენ და უკვე რამდენი კლანი ჩააჩოჩეს. კიდევ ბარეორს ჩააჩოჩებენ.
_ ცნობილია ჩაჩოჩებული კლანები?
_ რა თქმა უნდა. იგივე რაც ხდბოდა პროკურატურაში, სხვა მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროში რაც მოხდა, ესეც ამის შედეგია. ის ხალხი, ვინ დღეს ტელეეთერში არ ჩანს და მანამდე ლამის ყოველდღიურად ჩანდნენ, ხომ აშკარაა რომ ჩააჩოჩეს.

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress