აზერბაიჯანთან ფულის კეთებაა
შორენა კოწოწაშვილი 19.04.2007 “ახალი თაობა”
`სახალხო პატრიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძე მიუღებელს უწოდებს იმ ინიციატივას, რომელიც ხელისუფლებისგან ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით გაჟღერდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტში თავმოყრილი რევოლუციური ხელისუფლების აზრები და შეხედულებები, არის მათი უნიათობის, უსუსურობისა და დანაშაულებრივი ქმედებების დადასტურება. ოპოზიციონერი გიორგაძე დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტებისთვის ქართველი საზოგადოება ადეკვატურ ზომებს რომ იღებდეს, დოკუმენტის შემქმნელები ქუჩაში გამოსვლას ვერ გაბედავდნენ.
_ იმდენი სისაძაგლე, უსუსურობა, უნიათობა და საკითხის არცოდნა იკვეთება ამ დოკუმენტში, რომ აშკარად თვალშისაცემია მოღალატეობრივი დამოკიდებულება. რომელი ერთი შეიძლება გამოვყო. პირველივე სიტყვებიდან დავიწყოთ, სადაც საუბარია სახელწოდებაზე. ასეთი დოკუმენტის მიღება არა მარტო მიუღებელია, არამედ ეს არის საქართველოს დაღუპვა, დანაწევრება, გადაშენების ერთ-ერთი მორიგი ეტაპი. ეს არის ე.წ. გზა ფედერაციული დაშლილი საქართველოსაკენ. ეს არის გზა იქითკენ, რომ ამ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე ქართველებს გარანტირებული არ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი განვითარება და პერსპექტივა; ამ ტერიტორიაზე ქართველების არეალის შეზღუდვა. ამას პოლიტიკურ ენაზე აპარტეიდი ჰქვია. ეს არის არაკონსტიტუციური კანონი და კონსტიტუციასთან სერიოზულ შეუსაბამობაში მყოფი. მეორეც _ ძირითადი მუხლები, როგორიც არის ბიუჯეტის ხარჯვა და ა.შ. უფრო მაღალი დონის კანონის საკითხია. ადმინისტრაციული მოწყობის საკითხები კონსტიტუციური საკითხებია და ა.შ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია: როდესაც საკითხი ხარჯვით ნაწილს ეხება, მაშინ არის საუბარი საქართველოს სახელმწიფოზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ საქართველოს მთავრობამ დაადგინა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ხელისუფლების კეთილი ნება და ა.შ., _ აცხადებს მამუკა გიორგაძე.
`სახალხო პარტიის~ ლიდერის თქმით, ამ დოკუმენტით საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ, ღიად გვეუბნება: მე ასე მინდა, ქართული სახელმწიფო სულ არ მაინტერესებს. ეს დოკუმენტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სრულებითაც არ არის გზავნილი ოსებისთვის. ეს არ არის გზავნილი იმისათვის, თუ როგორ უნდა მოეწყოს საქართველოს ხვალინდელი დღე. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ე.წ. ოსურ მხარესტან კონსულტაციები პირველ მოსმენამდე დაიწყებოდა.
_ ბატონო მამუკა, თუ ოსებისთვის არ არის გზავნილი ეს დოკუმენტი, აბა, ვისთვის შეიქმნა ეს დოკუმენტი?
_ ეს არის გზავნილი ქართველებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეუბნება, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიას, ხალხს შლის და აქუცმაცებს. სანაცვლოდ კი ითხოვს, მათი ხელისუფლებაში ყოფნა გარანტირებული იყოს. აი, ეს წერია ამ დოკუმენტში და მეტი არაფერი. ეს ინიციატივა არც ოსებს ეხება და არც პრობლემის დარეგულირებას. ეს არის ძალიან მკვეთრი განცხადება საქართველოს ხელისუფლებისა _ საკუთარი ხელით ვანგრევ ქართულ სახელმწიფოს და ჩემზე უკეთეს კანდიდატურას ხელისუფლებაში მოსაყვანად თქვენ ვერ იპოვით.
_ აქედან გამომდინარე აკეთებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება განცხადებებს, საქართველოს ხელისუფლებას რაც უნდა, ის აკეთოს, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვსო…
_ ის სხვა თემაა. კოკოითი საერთოდ რას წარმოადგენს და ვინ კითხავს მას რამეს?! კოკოითი, ოსური მხარე სუბიექტად გახადეს შევარდნაძემ და სააკაშვილმა. ვინ კითხავს მას რამეს. თუ სალაპარაკო გვაქვს, რუსეთს ველაპარაკოთ. საერთოდ, კოკოითის სიტყვები და განცხადებები არც უნდა მოიყვანოს ვინმემ მაგალითად. ჩვენ გვაქვს სალაპარაკო ერთის მხრივ _ პოლიტიკურ სუბიექტთან რუსეთთან, მეორეს მხრივ _ რიგით ოსებთან, რომლებთანაც ჩვენ გვინდა ხვალ ერთად ცხოვრება. კოკოითი ამ შემთხვევაში საინტერესო ფიგურა არც არის.
_ ხელისუფლების ამ ინიციატივას ზოგი რუსულ გეგმას უწოდებს. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ ეს პრაქტიკულად რუსული გეგმაა. ეს არის გზავნილი რუსეთისადმი. რუსები ამას 1992 წელში გვთავაზობდნენ. ელემენტარულად, გრაჩოვი რომ ჩამოვიდა, პირველად ეს გეგმა მან ჩამოიტანა. ამ გეგმის სისრულეში მოყვანა საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველას აწყობს.
_ თქვენ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტს ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს უწოდებთ. რაში დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას ასეთი დოკუმენტის მიღება?
_ იმიტომ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამიტომ მისი მთავარი დასაყრდენი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ძალები რუსეთში და სხვათა შორის, ამერიკაშიც. რუსულ ხელისუფლებასთან კურკური ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად გამოჩნდა. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ეშინია თავისი უსუსურობის, ამიტომ მისი დასაყრდენი არის გარე ძალები. უკვე აღარც ერიდებიან საბიუჯეტო თანხების გაურკვეველ ფირმებზე გადაფორმების მაგალითებს და ა.შ. ამ ინიციატივით უნდათ ცხინვალის რეგიონში რაც დე ფაქტოდ არის, დე იურედ გადააქციონ. ჩვენ თვითონ კონფლიქტის ზონად ვაცხადებთ იმ ტერიტორიებს, რომლებიც სრულებით არ შედის ამ ზონაში. რატომ? ლოგიკური კითხვაა. რატომ ვამკვიდრებთ საქართველოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიას? რა ავტონომიაზეა საუბარი _ ოლქი თუ რესპუბლიკა?! ფაქტობრივად, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ტერიტორიული რღვევის დოკუმენტის გაფორმებაში. ამის შემდეგ პარალელში აფხაზეთის ფაქტორი ისე განიხილება, რომ მას პირდაპირ დამოუკიდებლობას ვაძლევთ. აფხაზეთს დღევანდელი მდგომარეობით ეს ყველაფერი უკვე აქვს. ეს დოკუმენტი სერიოზულად ავნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მას ძალიან დიდი ხნით გადადებს.
_ რა აზრის ხართ იმაზე, რომ დავითგარეჯის ტერიტორია ქართული და აზერბაიჯანული მხარისთვის საერთო სარგებლობის ზონად ცხადდება…
_ როდესაც ხელისუფლება თავისი ენერგიის კონცენტრირებას იმაზე ახდენს, როგორ გააკეთოს გაზში და ნავთობში ფული, როგორ ასიამოვნოს ამის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ბუნებრივია ის მომენტი, რომ ყოველივე ამის სანაცვლოდ აზერბაიჯანული მხარე გარკვეულ პრეტენზიას გამოთქვამს. მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი აზერბაიჯანელების მიმართ. რამდენჯერ ჩამოვიდა აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოში და ჩვენ წავიყვანეთ მარნეულში, ერთხელ თუ მაინც წაიყვანა ალიევმა ან შევარდნაძე, ან სააკაშვილი კახში?! რატომ ხდება, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ საქართველოში აზერბაიჯანელების უფლებების გაზრდა-განვითარებას და ყველანაირად ხელს ვუშლით, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა ცოტათი მაინც გაიოლდეს. კიდევ უფრო მეტი: გახსოვთ ჰერეთის საზღვარზე არსებული ხიდის გადაკეტვის და დანგრევის ფაქტი. ეს ნათელი გამოვლინებაა. როცა ერთხელ და ორჯერ ფულზე დაელაპარაკები, აზერბაიჯანის ხელისუფლება ფიქრობს, ეს ხალხი ყველაფერზე თანახმაა ორი კაპიკის გამო. რა თქმა უნდა, ეს ორი კაპიკი რეალურად დიდი თანხაა.
_ ანუ ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიით ვაჭრობს აზერბაიჯანის მხარესთან?
_ კი არ ვაჭრობს, უბრალოდ, მისი მთავარი ინტერესია ფულის კეთება. როცა შენი მთავარი ინტერესია ფულის კეთება, სხვა საკითხებზე ყურადღებას აღარ ამახვილებ.
_ კი მაგრამ, საუბარი დავითგარეჯის ლავრას ეხება.
_ მინდა გითხრათ, რომ მათთვის დავითგარეჯი სრულებითაც არ არის ღირებული. ამ ხელისუფლების ძირიათადი ინტერესი აზერბაიჯანთან არის ფულის კეთება და არა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა. აზერბაიჯანი იქცევა როგორც სახელმწიფო, ხოლო ჩვენი ხელისუფლება, როგორც აფერისტების ჯგრო, რომელსაც მხოლოდ ფული აინტერესებს.