შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 14.07.2007
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით კუდ-ის და სოდ-ის სპეცოპერაციებს, რომელიც საზოგადოებაში ტელედაპატიმრებების სერიალის სახელით არის ცნობილი და კონკრეტულად ქუთაისის მერიის თანამშრომელთა დაპატიმრებაზე რას იტყვით?
_ ქუთაისში კუდ-ის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციით კიდევ ერთხელ გამოვლინდა ხელისუფლების რეალური არსი. გახსოვთ, ასეთი გადაცემა იყო `ტელეღიპუცები~. ახლა კი თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მიმდინარეობს სერიალი `ტელეპოლიტიკოსები~. სხვათა შორის, მაყვალა გონაშვილს აქვს ამაზე ძალიან საინტერესო ლექსი. ესენი ტელეპოლიტიკოსები არიან. რეალური პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინარეობს. ჩვენ არ გვაქვს შეხება რეალურ ცხოვრებასთან. უბრალოდ ხდება იმის ასახვა ტელევიზიაში, ვითომ რეალური ცხოვრება მიმდინარეობს. არის მცდელობა იმისა, რომ დაიფაროს ის ფაქტი, რომ საქართველოს ჰყავს არაქმედითუნარიანი მარიონეტული, დასმული ხელისუფლება, რომელიც ვერც ერთ პოლიტიკურ საკითხს ვერ გადაწყვეტს იმ უწყებების გარეშე, რომლებიც რეალურად წარმართავენ საქართველოს ხელისუფლების მუშაობას. მეორეს მხრივ, საზოგადოებამ ხომ უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება ქმედითია. ეს კი ტელევიზიით ხდება. ჩვენი ტელეპოლიტიკოსებიც მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიაში მუშაობენ. სწორედ ტელევიზიისთვის გაითამაშეს ქუთაისში ამ ადამიანების ხელახლა დაპატიმრებაც. მიუხედავად იმისა, რომ იციან, ეს ინფორმაცია გაჟონავს, მიაჩნიათ, რომ ქართველ საზოგადოებას უკვე იმდენად აქვს ატროფირებული ღირსების, სამართლიანობის გრძნობა, თავმოყვარეობა, რომ მხოლოდ თვალის სეირით დაკმაყოფილდება, რომ საყურებლად ძალიან მოეწონება, თუ როგორი მნიშვნელოვანი სიით და “სერიოზული” შევიდა კუდ-ის ხელმძღვანელობა და მიმართა: ყველა, ვინც აქ სხედხართ, დაპატიმრებული ხართო. ძალიან ძლიერი ხელისუფლების ჟესტიკულაციით მოქმედებს კუდ-ის ხელმძღვანელობა, მაგრამ როგორც ტელეღიპუცები, ეს ტელეპოლიტიკოსებიც სასაცილონი არიან. სამწუხაროდ, ამაზე საზოგადოება არანაირ რეაგირებას არ ახდენს გარდა იმისა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსი გააკეთებს საგაზეთო ან სატელევიზიო ინტერვიუს.
_ ქუთაისის სპეცოპერაცია კორუფციასთან ბრძოლის შედეგია თუ კლანებს შორის დაპირისპირება?
_ უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ტელესივრცის შევსების მცდელობა. ამ ფონზე მიმდინარე კლანური დაპირისპირება იჩენს თავს. ეს პროცესი იყო იგივე გამსახურდია და შევარდნაძის დროსაც. თავისი მმართვალობის სტილით ერთმანეთს ჰგვანან ეს მმართველები, თუმცა პიროვნული თვისებებით განსხვავდებიან. ამიტომ, ბუნებრივია, მიმდინარეობს კლანებს შორის ფარული ბრძოლა, რომელიც ხანდახან ღია ხდება. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი გამოვლინება, დაწყებული ფეხბურთის ფედერაციიდან, დამთავრებული ნებისმიერი სხვა ქმედებით. ძალიან სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს, როგორც მიმდინარეობს გლადიატორების ბრძოლა, ძალიან სისხლიანი, ძალიან დრამატული, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესისთვის გლადიატორების ბრძოლა მაინც სანახაობა იყო. სამწუხაროდ, ეს სანახაობაა საზოგადოებისთვის, მაგრამ შიგნით კლანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სისხლიანი დაპირისპირებაა. ხელისუფლებაში სისხლიანი დაპირისპირება დაიწყო.
_ იმ ფონზე, როცა ხელისუფლება თავს იწონებს, რომ არაკორუმპირებული და პატიოსანი ხალხი მოყავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რატომ მტკიცდება ყოველდღიურად საპირისპირო და ფაქტია, რომ კორუფციის ბრალდებით არაერთ ადამიანს იჭერენ. რატომ ვერ მოსპო ხელისუფლებამ კორუფცია და საერთოდ, უნდოდა კი კორუფციის მოსპობა?
_ კორუფციის მოსპობა ხელისუფლებას არ უნდოდა. იყო პერიოდი, როდესაც საჭირო იყო, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ მათი სისუფთავე და განსაკუთრებულობა. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, იგივე სააკაშვილი ამბობდა _ არც ერთ შემთხვევაში მე პირადი თვითმფრინავით არ გავემგზავრები საზღვარგარეთ შევარდნაძისგან განსხვავებით, როდესაც საქმიანი ვიზიტით წავალ. შემდგომ დამთავრდა ეს ვიზიტი და ყველა სხვა შემდგომი ვიზიტი პრაქტიკულად განხორციელდა სპეციალური თვითმფრინავით. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც იპოვეს რკინიგზის კუთვნილი ვერტმფრენი, რითაც შევარდნაძე გადაადგილდებოდა, თქვეს, რომ ეს თვითმფრინავი გაიყიდებოდა და მოხმარდებოდა ხალხს, მაგრამ მერე ნახეს, რომ ამით ძალიან კარგად დასეირნობს პრეზიდენტი. ჯერ ნახეს რა აჟიოტაჟი ატეხა მინისტრების ნათესავებზე და ბიძაშვილებზე, მაშინ ისევ ის სერიალი მიმდინარეობდა ტელევიზიით, შემდეგ შეიცვალა ყოველივე, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა დამტკიცება იმისა, რომ ეს ხელისუფლება სუფთაა, არ არის კორუფციული, ამიტომ საჭიროა ახალი სპექტაკლი, ახალი სერიალი, რომ ხელისუფლება ებრძვის კორუფციას. შესაბამისად, საკუთარ შვილს ხომ არ მოჭრის თავს ან გვერდით მყოფებს? ამიტომ გადავიდა ჩინოვნიკებზე და ეს 25 თუ 30 კაცი იმიტომ შეკრიბეს, თანხის სიდიდისთვის როგორმე მიეღწიათ. თუ მანამდე 200-300-600 ლარზე ხდებოდა ადამიანების დაჭერა და ეს იყო შთამბეჭდავი, ახლა საჭირო გახდა თანხის სიდიდე და ნახევარი მილიონი ძლივს გამოიყვანეს, დააპატიმრეს 25-30 კაცი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ასეთი მასობრივი დაპატიმრება, რომ ეთქვათ, ნახეთ, რამხელა კორუფციულ გარიგებას მივაგენით.
_ ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, ეს თანხა მართლაც ამ ადამიანებმა მიითვისეს?
_ 600 ათას ლარზე იყო საუბარი, თქვენ ნუ გავიწყდებათ რომ 30 კაცია დაპატიმრებული. ზოგს აქვს აღებული 200 დოლარი და ზოგს აქვს აღებული 20 000 დოლარი.
_ მაგრამ ყველა მათგანს ხომ არ ჩააყოფინებს ეს ხელისუფლება ჯიბეში ხელს?
_ ეს ხალხი ყველა ერთ საქმეზე ხომ არ არის დაპატიმრებული. ზოგი იმიტომ დააპატიმრეს, რომ გახსნა სატენდერო მასალები, ზოგი იმისათვის, რომ არქიტექტურის სამსახურში რაღაცა შეასწორა, სხვადასხვა ფაქტების გამოა ეს ხალხი დაჭერილი და თანხა რომ ყოფილიყო შთამბეჭდავი, სპექტაკლი რომ შთამბეჭდავი ყოფილიყო, იმიტომ გაითამაშეს ეს. 200 ლარზე ადამიანების დაპატიმრება არ არის შთამბეჭდავი. 40 მილიონი შეჭამა განათლების მინისტრმა და ხმას არ ვიღებთ და 200 ლარზე იჭერთ კაცს? თუ გახსოვთ, შევარდნაძე 1972 წელს, როცა ცეკას მდივანი გახდა, 3 და 5 კაპიკზე იჭერდა ხალხს და სამაგიეროდ, მისი კლანის ხალხი მილიონებს აკეთებდა. სწორედ იგივე საბჭოთა მეთოდია ეს. ეს ხდება, რათა დაიფაროს რაიკომის მდივნები და ცეკას მდივნები, ისევე დაფარული იქნას მინისტრები და გვერდზე მყოფი ადამიანები, საჭიროა ქვედა რგოლის ჩინოვნიკებზე გავამახვილოთ ყურადღება და შესაბამისად, თანხა და დრამატიზმი რომ გაიზარდოს, 25-30 კაცი დაიჭირეს. ამათში იქნება 20 კაცი ისეთი, რომელიც 300 და 500 ლარზეა დაჭერილი, ან გულგრილობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ გამოჩენილი. საზოგადოებას დაავიწყდება ცოტა ხანში, ვილაპარაკებთ ამ დაპატიმრებაზე, მაგრამ მათ გამოშვებაზე და მათ მომავალზე არაფერი გაჟღერდება, აღარ გააშუქებს ტელევიზია, შესაბამისად, საზოგადოებას არაფერი ეცოდინება. დაიდება საპროცესო გარიგებები.
_ ბატონო მამუკა, რეალურად ებრძვის ხელისუფლება კორუფციას?
_ რეალურად არ ებრძვის. ჩინოვნიკის დაჭერით არაფერი გამოვა. კორუფცია არის სახელისუფლებო მოვლენა. მე და თქვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, ვერ ჩავერთვებით კორუფციის ჭაობში იმიტომ, რომ შესაბამისი ბერკეტები არ გაგვაჩნია. კორუფცია არ არის მხოლოდ ქრთამის მიცემა. ეს სხვა მოვლენაა. კორუფცია არის, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი და არა ჩინოვნიკი, იმისათვის რომ გვერდი აუაროს კანონს და დადგეს კანონზე მაღლა, სჩადის დანაშაულს და ამ გზით საკუთარ კეთილდღეობას იწყობს. ამიტომ, ბუნებრივია, კორუფციაში დადანაშაულებული იქნეს მხოლოდ და მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც ეს ხელეწიფება. რასაც ჩვენ გვაჩვენებენ, ის არის ელემენტარული გამოძალვა, ქრთამი, სამსახურებრივი გულგრილობა და ა.შ. კორუფცია სხვა მოვლენაა და ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი ფაქტი კორუფციისა იმიტომ, რომ ხელისუფლება ამას არ ებრძვის და სხვა ჟანრით სურს გადაფაროს ეს მოვლენა.
_ თუ ხელისუფლებას უნდა, რომ ხალხმა დაუჯეროს მას კორუფციასთან ბრძოლა, როგორ ფიქრობთ, ვისით უნდა დაიწყოს დაპატიმრების სერია და ყველაზე კორუმპირებულად ვინ მიგაჩნიათ დრევანდელ ხელისუფლებაში?
_ ამ პირამიდის სათავეში თვითონ პრეზიდენტია. გახსოვთ, რაოდენ სერიოზული თემა იყო შევარდნაძე და მისი ოჯახი. დღეს სწორედ სააკაშვილი და მისი ოჯახია მთავარი ფაქტორი. სამწუხაროდ, მთელი უბედურება იმაშია, რომ ქართველი საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩემთვის, ძალიან რთულია ოჯახზე საუბარი, ქართული ცნობიერება და ღირებულებები არ გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება სააკაშვილს და მის ოჯახს. ხოლო შემდგომ არიან ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, ან შევიდნენ სააკაშვილთან და რაღაც დოკუმენტზე მოაწერინონ ხელი. ამ შემთხვევაში ეს არის მისი უახლოესი გარემოცვა, მინისტრები, ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელება.
_ არაერთხელ დასახელდა კორუმპირებულთა შორის ზურაბ ნოღაიდელიც, თუმცა ის არამარტო თანამდებობას ინარჩუნებს, მის მიმართ არც საქმეა აღძრული.
_ არც მერაბიშვილის მიმართ არის საქმე აღძრული, არც ლომაიას, გაბაშვილის, არც უგულავას მიმართ არის აღძრული საქმეები. ეს არის საბჭოთა მენტალიტეტის გამოვლინება. თუ საქმე არ არის აღძრული, ამიტომ ეს ხალხი არის პატიოსანი.
_ ფიქრობთ, რომ იგივე გოკა გაბაშვილიც კორუმპირებულია?
_ სისტემაა კორუმპირებული და შეუძლებელია ის არ იყოს კორუმპირებული. სისტემა მოითხოვს ამას. სხვანაირად შეუძლებელია, ნებისმიერი მინისტრი, ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირი დღეს არ იყოს კორუმპირებული. სისტემაა ასეთი და სხვა მხრივ რაზე ვისაუბროთ.