ოპოზიციის გაერთიანების მითი და საზოგადოების თამონაწილეობა პროცესებში. 2010

giorgadze-1

ობიექტივი #37 27.11.2010
წამყვანი: _ ლალი აფციაური.
სტუმარი: _ მამუკა გიორგაძე.
თემა: _ სახალხო კრება და ქართული პოლიტიკური სპექტრი.
მომზადებულია რადიოეთერის მიხედვით.

ლალი აფციაური: _ რა მოხდა 25 და26 ნოემბერს? ძალიან მაინტერესებს თქვენი ანალიზი. როდესაც მეუბნებიან, რომ რომელიმე პარტია ემზადებოდა აქციისათვის, ან თუნდაც სახალხო კრება ემზადებოდა ამ მოძრაობის დასაწყებად, და მამუკა გიორგაძე კონსულტანტის სტატუსით არ იყო მიწვეული, უკვე ვიცი, რომ იქ არაფერი არ გაკეთდება. მე ბატონ მამუკას 89 წლიდან ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომ ეს შემიძლია განვაცხადო.
მამუკა გიორგაძე: _ სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში არ არის ღირებულებათა, იდეათა ბრძოლა. დღეს არის ინტერესთა ჭიდილი და ეს უკვე ბიზნესია. შესაბამისად, დღეს საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, იმიტომ, რომ ღირებულებათა სისტემის დამკვიდრება არ ხდება. აქიდან გამომდინარე, შეგვიძლია მარტივად შევაფასოთ, რა მოხდა 25 ნოემბერს. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ეს იყო პოლიტიკურ-კომერციული პროექტი და არა რეალური ბრძოლა საქართველოსათვის. ეს შემთხვევა Yყველას აწყობდა, მის ორგანიზატორებს, იმიტომ, რომ მათ ქულები ჩაიწერეს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში, აი, ქართველი ხალხი ამ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს. აწყობდა ხელისუფლებას, გამოჩნდა, რომ ის დემოკრატიულია. ხელისუფლება ხელს უწყობდა ხალხს, რომ იქ მისულიყვნენ. ეს შეიძლება იმით ახსნა, რომ მან უკვე იცოდა რომ იქ არაფერი მოხდებოდა.
არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარება არის ძალიან დიდი საფრთხე გარეშე ძალისათვის, იმიტომ, რომ შესაძლებელია ქართველმა ხალხმა უცებ გარე ძალისათვის სასურველი შედეგი არ დადოს. ამიტომ 2003 წელს დაიწყო პროექტი, შევარდნაძის მთავრობის და მოქალაქეთა კავშირის მემკვიდროებითობა გაგრძელდა, შევარდნაძე ძალიან კარგად გრძნობს თავს, ერთ-ორ ადამიანს მოუწია საჯარო პოლიტიკიდან წასვლა და ერთი ორ ადამიანს მოუწია ფულის გადახდა, მეტი არაფერი შეცვლილა.
ახლა საჭიროა ქართველი ხალხის ენერგია არასწორი მიმართულებით წავიდეს და იწერება მორიგი გასაბითურებელი სცენარი. ამ სცენარში იჯდა „ფორუმის“ 4 ნოემბრის ანონსირებული აქცია, „ქართული პარტიის“ ყრილობა 24 ნოემბერს.
კონსტიტუციის პროცესი მიდის სექტემბერში, ამ დროს პარტიები თავს ანებებენ ამ პროცესის წინააღმდეგობას და პოსტ-ფაქტუმ, კონსტიტუციას აცხადებენ ბათილად. კონსტიტუციაა ყველაზე მთავარი კანონი და თუ ასეთი ძლიერი ხარ და ხალხი გიჭერს მხარს, კონსტიტუციის პროცესში ჩაერთე. როდესაც კონსტიტუციას ასე მიაღებინებ და მერე იწყებ Yყვირილს, ჩნდება ეჭვი, რაიმე საერთო სცენარში მონაწილეობისათვის ხომ არ ხდება ეს? როდესაც 23 ნოემბერს რევოლუციის წლისთავზე არაფერს აკეთებ და 25-ში კრებას ნიშნავ, გასაგებია, რომ ეს ერთჯერადი აქციაა შენთვის. რადგან ასეთ აქტზე მოსახლეობა არ მოვა, ამიტომ ირიბად ამბობ, რომ სააკაშვილი დამთავრდება.
ლალი აფციაური: _ თქვენ ალბათ საიდუმლო Gგეგმის არსებობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გულისხმობთ, რომელიც 25 ნოემბერს უნდა განეცხადებინათ. სწორედ ამის მოსასმენად ვიყავი მოსული.
მამუკა გიორგაძე: _ რომ არა ასეთი ქვეტექსტის შემცველი განცხადებები, მოსახლეობა არ მივიდოდა. ეს ადამიანები, რომ მხარდამჭერებად გამოეყვანათ, ამისათვის დასჭირდათ ასეთი ტრიუკი, რომ ჩვენ არ დავიშლებით, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და ამ ადამიანებს მოლოდინი გაუჩინეს. იმდენად დიდია ამ რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა, რომ საკმარისია თუნდაც მიუღებელმა პოლიტიკურმა ძალამ დაიბაროს რეალური ბრძოლისათვის, ეს ხალხი მოდის. შესაბამისად, ხალხის ეს განწყობა გამოიყენეს იმისაღვის, რომ სცენარისტისათვის ეცნობებინათ _ „ჩვენ ვართ გადამწყვეტი ფაქტორი და ჩვენზე ააგე სცენარი.“ ეს უსინდისობაა. მარტო ის რომ ეთქვათ, რომ ეს იქნება ორსაათიანი შეკრება და იქნება საბჭოს არჩევნები და კონსტიტუციის ბათილად ცნობის კენჭისყრით პროცედურა, ამის შემდეგ ვნახავდით ვინ მივიდოდა რუსთაველზე.
ლალი აფციაური: _ როდესაც ხელისუფლებამ სახალხო კრებას სპორტის სასახლეში და სტადიონზე დელეგატების მიწყევის საშუალება არ მისცა რატომ არ გამოთქვეს პროტესტი, თუნდაც 200-300 კაცით და ზოგადი განცხადების გაკეთებით რატომ დაკმაყოფილდნენ? რა თქმა უნდა გაჩნდა ეჭვის საფუძველი, რომ ეს იყო ერთჯერადი და ვიღაცის დასანახავად გაკეთებული. ხალხი იმდენად განერვიულდა, რომ რთული გახდა მათი დაშოშმინება. სამწუხაროდ, ჩემთვის საპატივცემლო ზოგიერთმა ადამიანმა ამ ხალხს პროვოკატორიც კი უწოდა. შეიძლება იქ იყვნენ პროვოკაციის მოწყობის მსურველნი, მაგრამ ამავე დროს, ბევრ ადამიანს გაუჩნდა პროტესტის გრძნობა.
საერთოდ, მოსახლეობის 90%-ს აქვს პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ, თუნდაც იმიტომ, რომ აქციის წინა დღეს გაუძვირეს წყალი. ამ დროს, წყალს მიაქვს ჩვენი ქვეყანა, გაძვირდა ტრანსპორტიც, იცით რა ხდება სკოლებში, დევნილებთან, პედაგოგებთან, ექიმებთან მიმართებაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი მათხოვრებად გადააქციეს და ამ დროს ბათუმში ხალხის ხარჯით ტარდება გრანდიოზული კონცერტები.
ბატონო მამუკა, რა ვქნათ, რა ეშველება ჩვენს ქვეყანას? გამოსავალი მაინტერესებს, რა გავაკეთოთ? როდესაც მეკითხებოდნენ, სახალხო კრებაზე რას ფიქრობთო, ვამბობდი, რაღაცის იმედი მაქვს, მაგრამ საკმარისი არგუმენტები არა-თქო. ახლა ეს იმედიც აღარ მაქვს.
მამუკა გიორგაძე: _ თქვენ კონცერტი ახსენეთ და ყველანი დავტკბით იმ პროფესიულად ნამღერი მეგრული ნანათი. ისეთი გულით და სიღრმით იმღერა, წალენჯიხაში გაზრდილი მეგონა. მან ამის შესრულების უფლება მაშინ მისცა საკუთარ თავს, როცა კარგად გაითავისა. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი მიდგომები არსად არ არის. ჩვენთვის პოლიტიკა არის თავისუფალ დროს საკეთებელი საქმე. ყველა საქმეს აქვს თავისი კანონები და ამ კანონების დარღვევა არ შეიძლება. როდესაც პოლიტიკაში წარმოდგენილი არ არის პოლიტიკური ძლიერი პარტიები, იქ შეუძლებელია რაიმე დადებითს ველოდოთ. ვერ დამისახელებთ ნორმალურ ქვეყანას, სადაც არ არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები. ვანო მერაბიშვილი ისედაც ისმენს ყველა საუბარს, დადე მაშინ ეს გეგმა. მე მიმალავ? თუ არ მოხდება ამ ჯანსაღი ეროვნული ძალების ერთიან ბრძოლისუნარიან რაზმად ჩამოყალიბება, შეუძლებელია წარმატების მიღწევა.
ეროვნული მოძრაობის დროს მასა კომუნისტების საწინააღმდეგოდ კი არ გამოდიოდა, რომემელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად გამოდიოდა. დღეს მასა გამოდის სააკაშვილის საწინააღმდეგოდ. ადამიანები ნეგატივზე კი არ უნდა მოიყვანო, უნდა მოიყვანო პოზიტივზე, რომ მე ვარ ასეთი და მინდა ამის გაკეთება. რადგან ასეთი რაზმების ჩამოყალიბება არ ხდება, ეს სააკაშვილისათვის შესანიშნავი გარემოა მანიპულაციების გასატარებლად.
საჭიროა ქმედებები: ჯანსაღი, რეალური ოპოზიცია უნდა გაემიჯნოს სატელიტ ოპოზიციას. როდესაც აცხადებ, ვინც პარლამენტში შევიდა, ის სააკაშვილთან შეკრულია და მე ზნეობრივად არ მაქვს უფლება პარლამენტში შევიდე, მერე ამ შესულთან ერთად რაღაცას აკეთებ, სად არის შენი ზნეობა? ეს მაყენებს იმ აზრზე, რომ მზად ხარ გარიგებაზე შეხვიდე ყველასთან და არ გაწყობს სიტუაცია დაიწმინდოს. უნდა შევთანხმდეთ, თუ გვინდა ჯანსაღი ბრძოლა, განვსაზღვეოთ, რას ნიშნავს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო და როგორ ვაქციოთ გარედან მართვადი შიდა დუღილის პროდუქტად.
ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები კაცობრიობას დამუშავებული აქვს. თუკი ვთანხმდებით, რომ ეს ხელისუფლება არის ტირანი და მოღალატე, მასთან ერთად როგორ უნდა შექმნა ჯანსაღი საარჩევნო გარემო?
ლალი აფციაური: _ ამ რვა პარტიას, რომელიც საარჩევნო გარემოს შეცვლაზე ფიქრობს, არ მესმის, როგორ უნდა გამოუვიდეს ჩანაფიქრი, როდესაც ყოველნაირი რესურსი ხელისუფლების ხელშია. რა იმედი აქვთ, ეს მაინტერესებს.
მამუკა გიორგაძე: _ მეც ეგ მაინტერესებს ტირანი არჩევნებით არასოდეს წასულა. თუ ვინმე ფრანკოსა და პინოჩეტის მაგალითებს მომიყვანს, ვეტყვი, რომ ეს ადამიანები იყვნენ უაღრესად პატრიოტები. შეიძლება რაღაც გადახვევები ჰქონდათ, მაგრამ კომუნისტური საფრთხისაგან გაანთავისუფლეს ესპანეთი და სამხრეთ ამერიკა. შემდეგ ჩაატარეს რეფერენდუმი და თვითონვე შემოიტანეს დემოკრატიული მმართველობა.
ჩერჩილი პოლიტიკის კლასიკაა და მისი ფრაზაა: “რაც უფრო ტირანულია რეჟიმი მით უფრო დრამატულად ხდება მისი ჩამოცილება ხელისუფლებისაგან.” ჩვენი ამოცანაა ტირანიის საყრდენი წერტილების მოშლა. კაცი, რომელსაც ბოლო პერიოდში გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ, ოპოზიციის ფონზე დემოკრატიის გიგანტად გამოჩნდა. დასავლეთისა და მსოფლიო თანამეგობრობის დამოკიდებულება მის მიმართ იმიტომ შეიცვალა, რომ დაინახეს, რომ მისი ჩამნაცვლებლები მასზე უარესია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ჯგუფი, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ავსებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. გამოაცალეთ ეს ოპოზიცია სააკაშვილს და ის სწორი, პოლიტიკური ბრძოლით მეორე დღეს ჩამოვარდება. ის დასავლეთს ეუბნება კარგი არ ვარ, მაგრამ ოპოზიციაზე უკეთესი კი ვარო, ამათ ვჯობივარო. აქედან გამომდინარე ვალდებულნიც ვართ, შევქმნათ მასზე უკეთესი ძალა.
ვინმემ ამიხსნას რით განსხვავდება სააკაშვილი ბურჯანაძისაგან ან ოქრუაშვილისაგან? ესენი ერთად არ ანგრევდნენ ქვეყანას? ამიტომ საჭიროა ისეთი ძალის შექმნა, რომელიც განსხვავდება სააკაშვილის ძალისაგან. სააკაშვილს უჭირს ღირებულებათა სისტემაში, პარტიული რეალური სტრუქტურების განხორციელებაში. ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. რეალური ბრძოლით სააკაშვილი იძულებული იქნება მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები და ან დატოვოს ქვეყანა. სამწუხაროდ, რეალურ ბრძოლაში ეს ადამიანები არ შედიან. დღეს ხელისუფლების და ოპოზიციის ნაწილის ამოცანა არის, როგორ გამოთიშონ ქართველი ერი საქართველოს ბედის გადაწყვეტიდან და როგორ მივანდოთ ეს საქმე რუსეთს დასავლეთთან შეთანხმებით, რომლებმაც უნდა დაწერონ ხელისუფლების ჩანაცვლების სცენარი და არა ქვეყნის აშენების.
ლალი აფციაური: _ მათი ეს ნაბიჯები იმისათვის იდგმება, რომ ამ სცენარში პატარა რო-ლი მაინც მიიღონ.
მინდა, ისევ სახალხო კრებას დაუბრუნდე. ვთქვათ, ეს მართლაც შეცდომით გადადგმული ნაბიჯი იყო. ჰქონდათ კი პოლიტიკოსებს უფლება, კაბინეტებიდან ქირქილით გაეკეთებინათ განცხადებები და არ მისულიყვნენ იქ, როგორც რიგითი მოქალაქეები. ჩემთვის მიუღებელია, რომ 25 ნოემბერს არ იყვნენ პოლიტიკოსობის პრეტენზიების მქონე ადამიანები.
ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან. ხალხი არ სტკივათ მათ. ბევრი საკითხი ყოფილა თქვენთვის მიუღებელი, მაგრამ თქვენი ჯამრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ხალხთან მისულხართ და დამდგარხართ.
მამუკა გიორგაძე: _ იმ საპროტესტო თვეებში ყოველდღე მივდიოდი მაგრამ ერთხელაც არ მიმიმართავს ფიცარნაგიდან საზოგადოებისათვის. იმიტომ, რომ იმ გზის არ მჯეროდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ჩემი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დამეკავებინა იმის გამოსახატავად, რომ ამ რეჟიმის დატოვების თითოეული წუთი დამღუპველია.
რატომ ხარ სხვის იმედზე? შექმენი შენი რაზმი, შენი მომხრეების იმედზე იყავი. შენ ხარ, იმის იმედზე, რომ სააკაშვილზე გამწარებული ადამიანები, გამწარებული ადამიანები მოვლენ მიტინგზე. შენ იყავი შენი მომხრე ხალხის იმედზე, დაიწყე და სხვაც შემოგიერთდება.
უარი უნდა ვთქვათ უაზრო ლოზუნგზე, რაც ოპოზიციის გაერთიანებას ეხება. იბრძოლოს იმ ხალხმა ვისაც რეალური ბრძოლა უნდა. საზოგადოებას კი მივმართავ, რომ ნუ ელოდებიან ბელადებს, ნუ გგონიათ, თქვენ მხოლოდ დამკვირვებლები ხართ. თქვენ ამ პროცესის თანამონაწილეც უნდა გახდეთ.
უნდა გაწევრიანდეთ იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც თქვენთან ყველაზე ახლოს არის და ყოველდღიური ქმედებით განახორციელოთ ქვეყნის წინსვლა.
მასა დანგრევისათვისაა კარგი, ხოლო აშენებას სტრუქტურა სჭირდება. ამიტომ ნუღარ გამოაყენებინებენ თავს. ხოლო ის ლოზუნგი, სააკაშვილი წავიდეს და მერე გადაწყდება ყველაფერი, მერე არაფერი არ გადაწყდება, რადგან იმ გარე ძალებს, სცენარისტებს და რეჟისორებს მოსაყვანიც ეყოლებათ გამზადებული. სანამ ჯერ მოსაყვანი გამზადებული არა ჰყავთ, მანამდე უნდა ჩამოვყალიბდეთ ისეთ ძალად, რომ კიდევ არ მივცეთ ჩვენი გაბითურების უფლება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress