“სახალხო პარტია” მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება

gerbebi_Page_6
  • 24 მარტი 17:07

“სახალხო პარტია” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე  დაბარებას ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც News.ge გთავაზობთ უცვლელად:

“ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება, თანაც მაშინ, როცა ის საქართველოში არ იმყოფება და არც არის სამართლებრივი საშუალება მის ჩამოსაყვანად, ერთადერთი გზაა, ერთი მხრივ, ააცილო სააკაშვილს რეალური პასუხისმგებლობა და, მეორე მხრივ ქართული საზოგადოების ემოციური განწყობა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ დაუპირისპირო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს განვითარების ხელშეწყობის პრაგმატულ მიდგომებს.

ამასთანავე, ასეთი ქმედება და ისტერიული ტონი კარგი საშუალებაა, გარკვეულად გადაფარო საკუთარი შეუმდგარობა და ხალხის სამართლიანი აღშფოთება მიმდინარე გადაუჭრელ პრობლემებზე, გადაამისამართო ძველი დანაშაულებების ხელოვნური აქტუალიზაციისკენ, იმავდროულად, ,,ნაცმოძრაობას” დაეხმარო ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დამკვიდრებაში და დღევანდელი პრობლემები გამოაყენებინო მათი ჩადენილი დანაშაულობების გასათეთრებლად. ასეთი “ოპოზიციის” პირობებში ცხოვრება კი ძალიან კომფორტულია ყველა ხელისუფლებისთვის.

ის, რაც ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავზე იწვნია სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისგან, საჭიროებს იურიდიულ დადასტურებას და სამართლებრივ უზრუნველყოფას, რაც საშუალო დონის სპეციალისტებისთვისაც, თუ ხელისუფლების ნება არსებობს, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა სურათს ვხედავთ, რომელიც სერიოზულ და ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს.

,,სახალხო პარტია” მოუწოდებს ხელისუფლებას:

_ შეასრულოს თავისი ძირითადი მოვალეობა, რომელსაც კიდევ ერთხელ მიუთითებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: “ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, ქართველი ერის ენერგია მომავალს, ძლიერ ეკონომიკას, მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სწრაფ პროგრესს მოახმაროს”.

_ განამტკიცოს და გააძლიეროს სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები, რათა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არავის უჩენდეს ეჭვებს და არ აძლევდეს საბაბს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით.

_ გახსნას და განავითაროს საჯარო პოლიტიკური სივრცე და შექმნას კონკურენტული გარემო ყველა სუბიექტისთვის და არა შერჩეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებთანაც კომფორტულად გრძნობს თავს. ჩვენ გვესმის, რომ ეს გაურთულებს ხელისუფლებას ცხოვრებას, მაგრამ, კრიტიკულ სიტუაციებში (რაც ძალიან მალე შეიძლება დაუდგეს ქვეყანას) მდგრადი პოლიტიკური სისტემა მათთვისვე იქნება სასარგებლო.”

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress