“სახალხო პარტია” ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად გააქტიურდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით

gerbebi_Page_6
  • 21 მარტი 16:04 NEWS.GE

,,სახალხო პარტიის” განცხადებით, ევროკომისიის ხელმძღვანელის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადება საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულების ივნისში გაფორმებაზე, ახალი რეალობის წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას.

“სახალხო პარტია” მიესალმება აღნიშნული პროცესის დაჩქარებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაააქტიუროს თავისი ქმედებები ამ მიმართულებით.

“სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ავლენს დანაშაულებრივ უმოქმედობას, როდესაც ის არ ცდილობს, გამართოს ფართო დისკუსია ამ ხელშეკრულების ირგვლივ. ეს კი აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს და ახდენს საზოგადოების პოლარიზების პროვოცირებას.

დღეს, მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობიდან და მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, დასავლეთი მზად არის, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს საქართველოს გაერთიანებას ევროპულ სტრუქტურებში. აქედან გამომდინარე, დანაშაული იქნება, არ ვისარგებლოთ ამ მომენტით და უფრო მეტი სარგებელი არ ვნახოთ ქვეყნისთვის.

„სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოაქვეყნოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ოფიციალური ქართულ თარგმანი, შექმნას ამ დოკუმენტის შემსწავლელი სახელმწიფო კომისია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და გახადოს ეს პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭირვალე.

აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა რესურსი მიმართული იყოს ამ ხელშეკრულებაში საქართველოს პოზიციების უკეთესად წარმოსაჩენად. ის მუხლები, რომლებიც საქართველოსთვის საკეთილდღეოა, უნდა მივიღოთ; ხოლო, ის მუხლები, რომლებიც კამათს იწვევს, ვიკამათოთ, მათ შორის, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოვითხოვოთ ჩვენი სპეციფიური მოთხოვნების გათვალისწინებაც. შეიძლება, აღმოჩნდეს ისეთი პუნქტები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია, ან, ყოველ შემთხვევაში, ცოტა მოგვიანებით უნდა მივიღოთ, როცა საქართველო მზად იქნება ამ მუხლების ცხოვრებაში რეალიზებისთვის.

ეს სამუშაოები დაუყოვნებლივ არის დასაწყები, რათა საქართველომ გააზრებულად და საზოგადოების დიდი კონსენსუსის საფუძველზე მიღოს აღნიშნული დოკუმენტი და ჩვენი არაკეთილმოსურნეების ყოველგვარი მცდელობა, დაძაბონ სიტუაცია საქართველოში, ფუჭი გამოდგეს”, – აცხადებენ “სახალხო პარტიაში.”

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress