“სეპარატისტული მოძრაობები” მხარე არ არის

gerbebi_Page_6

მამუკა  გიორგაძე  პაატა  კოღუაშვილი  ნოდარ  ნათაძე
ბადრი  რამიშვილი  თამრ ჩხეიძე

აღმოსავლეთ საქართველოში მწირად მიმოფანტული ოსური მოსახლეობის მოტივირება ქართველი ერის, პირველ ყოვლისა _ ქართველი თავადაზნაურობის წინააღმდეგ რუსებმა საქართველოში შემოსვლისთანავე დაიწყეს და სახელიც “სამხრეთ ოსეთი” მაშინვე (1802) შეთხზეს. ამ ყალბი გეოგრაფიული ერთეულისთვის საზღვრების მოხაზვა არ უცდიათ (ასეთად რაცხდნენ ყველა სოფელს, სადაც კი ერთი კომლი ოსი მაინც ცხოვრობდა).
აფხაზი მოსახლეობის მოტივირება ქართველების წინააღმდეგ დაიწყეს მას შემდეგ, რაც აფხაზეთში მცხოვრები ქართველი სამღვდელოება და მოხელეობა, აგრეთვე ქართველი ინტელიგენცია საერთოდ, წინ აღუდგა “მუჰაჯირობას” (ანუ მუსლიმანი აფხაზების ვითომც “ნებაყოფლობით”, ნამდვილად კი ძალადობით გასახლებას თურქეთში).
ოსური და აფხაზური “სეპარატიზმი” შექმნილია და გამოკვებილია რუსების მიერ, ხოლო თითქმის უწყვეტი გამოუცხადებელი “ომი” სეპარატისტებისა საქართველოს წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დღემდე არის რუსულ-ქართული ომი და არა სხვა. ეს ცნობილია, დამტკიცებადია და მრავალჯერადად დამტკიცებულია. მოკამათის გამოჩენის შემთხვევაში ამ დებულების კიდევ ერთხელ დამტკიცებისათვის (დემონსტრირებისათვის) მზად ვართ.
ეს ომი ძმათა მკვლელია. ყველანი ვალდებულნი ვართ, მას ბოლო მოვუღოთ და მისი წარმომშობი სიძულვილი სწორი განმარტებით _ დიალოგით _ ჩავაცხროთ. დიალოგით ვის შორის? ქართველი საზოგადოების და აფსუა (აფხაზი) საზოგადოების, ქართველი საზოგადოებისა და ოსი საზოგადოების სანდო წარმომადგენლებს შორის. ვინ არიან ეს წარმომადგენლები? რა თქმა უნდა, არა ის “სეპარატისტებად” წოდებული რუსულ-აგენტურული ხროვები, რომელთაც რუსეთისგან დამოუკიდებელი ანუ საკუთარი ნება არ აქვთ და ვერ ექნებათ, არამედ ისინი, ვინც დღეს შიშით დუმან, მაგრამ არსებობენ და საქართველოს გონიერსა და ერთგულ ხელისუფლებასთან, ადრე თუ გვიან, საქმიანი მოლაპარაკების საშუალებას ეძებენ.
დღევანდელ რუსულ აგენტურულ ხროვებთან საქართველოს სახელმწიფოს მოლაპარაკება, როგორც მხარესთან (და არა დამნაშავესთან, რომელსაც სიტუაციაზე ზემოქმედების რაღაცა კონკრეტული დროებითი ბერკეტი აქვს ხელთ), იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გზას იჭრის მოლაპარაკებისათვის ყველა სხვა შესაძლო სუბიექტთან, როგორც აფხაზი ან ოსი მოსახლეობის ნების რეალურ წარმომადგენელთან, ანუ ხელს იღებს მოლაპარაკებაზე, როგორც ძმათაკვლის დაძლევის რეალურ მექანიზმზე.
ეს გარემოება თავისთავად საკმარისია, რათა განზრახვა და წინადადება “ვაღიაროთ აფხაზური და ოსური მარიონეტული რეჟიმები მოლაპარაკების მხარეებად”  (ისევე, როგორც მსგავსი წინადადებები “გავუხსნათ რუსებს აფხაზეთის რკინიგზა” და “შევარბილოთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”) მხილებულ იქნას, როგორც რუსული დავალება საქართველოს კანონიერ სასიცოცხლო ინტერესთა წინააღმდეგ.
ბ-ნ პაატა დავითაიას და ბ-ნ გიორგი ბარამიძის გამოსვლებში ტელეეკრანებზე ჩვენ დავინახეთ ვრცელი არგუმენტაცია ამ ანტისახელმწიფოებრივი ზრახვის წინააღმდეგ. ამ არგუმენტაციას სავსებით ვეთანხმებით. მაგრამ ვალდებულნი ვართ, მოვახსენოთ საზოგადოებას, რომ ხსენებული ორი პიროვნება  არ ეხება საქართველოს ტერიტორიათა დეოკუპაციისა და საქართველოს შემდგომი სახელმწიფოებრივი მოწყობის რაგვარობის მთავარსა და ურყევ პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფა ძირითადი კომპონენტია შევარდნაძისა და სააკაშვილის შეგნებულად მოღალატური პოლიტიკისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში. სახელდობრ, ისინი დუმან იმაზე, რომ
1. საქართველოს სახელმწიფოს თავის დღესდღეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ორი ამოცანა, რომელიც მისთვის აბსოლუტურად იმპერატიულია: დეოკუპაცია და მოსახლეობის ეროვნულ ჯგუფებს შორის _ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის _ მშვიდობიანი და ყოველმხრივ ნორმალიზებული პირადი ურთიერთობების აღდგენა. ეს არის ორი თავისთავადი ამოცანა, ანუ ერთის გადაჭრა არაა დამოკიდებული მეორეზე დროში: შესაძლებელია ერთი უფრო ადრე გადაიჭრას, ვიდრე მეორე, ან პირუკუ.
2. საქართველოს სახელმწიფოს უფლება, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მოახდინოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის პრაქტიკული განხორციელება, უპირობოა. შესაბამისად, უპირობოა საქართველოს უფლება მარადიული არსებობისა ერთიან სახელმწიფოდ (უნიტარულ სახელმწიფოდ ტერიტორიული და სხვა სახის ავტონომიებით) და არა “სახელშეკრულებო სახელმწიფოდ”, ანუ კონფედერაციად. საქართველოს ამ უფლების და შესაბამისი მოვალეობის უპირობობას განსაზღვრავს ის, რომ
_ ქართველი ერი ავტოხთონური მოსახლეა საქართველოს მთელი ტერიტორიისა, ანუ ის ერთიანი უწყვეტი ეროვნული თვითცნობიერების მქონე ეთნოსია, რომელმაც ეს ტერიტორია ხელუხლებელი ბუნების მდგომარეობიდან გადაიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში. ისტორიამ არ იცის მომენტი, როცა ეს ტერიტორია ამ ერის ეთნიკური ტერიტორია არ ყოფილიყოს და მისი სახელმწიფოს ნაწილი არ ყოფილიყოს.
ისტორიამ არ იცის მომენტი, როცა აფხაზეთის ან ცხინვალის ტერიტორია საქართველოს ნაწილი არ იყო, ამავე დროს იცის თარიღი, როცა ესა თუ ის დღეს საქართველოში მოსახლე ეთნიკური ჯგუფი (მათ შორის დღევანდელი აფხაზი (აფსუა) ხალხის ეთნოგენეზში მონაწილე ჯგუფებიც და ოსებიც) საქართველოში მოვიდნენ. (ამ მხრივ ქართულ-აფსუური (“აფხაზური”), ქართულ-ოსური და სხვა შიდაქართული ეთნიკური ურთიერთობები პრინციპულად განსხვავდება რუსულ-ჩრდილოკავკასიურისაგან: ისტორიამ იცის თარიღი, როცა ჩრდილოკავკასიის ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ (მოსახლეობის დასტურის გარეშე), მაგრამ არ იცის თარიღი, როცა კავკასიელი ხალხები ამ ტერიტორიებზე მოვიდნენ (ეს ხალხები აქ ავტოხთონურნი არიან).
_ არცერთ სხვა დღევანდელ მოსახლე ეთნიკურ ჯგუფს არასოდეს ისტორიის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე თავისი დამკვიდრების პროცესი არ მიუყვანია იმ ნიშნულამდე, რომ ამ ტერიტორიის რომელიმე ნაწილი საქართველოსთვის იურიდიულად ჩამოეცილებინა.
_ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დღევანდელი მდგომარეობა _ იქ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ვერგანხორციელება _ არის რუსულ-ქართული დაპყრობითი ომის შედეგი და არა სეპარატისტების ბრძოლისა.
_ საქართველოს საზღვრები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოცვით, აღიარებულია გაეროსა და მსოფლიოს მიერ.
3. ქართველ ერს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობაა, და საქართველოს მოქალაქეებს მთლიანად, აქვთ ნათელი წარმოდგენა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს და იქნება საქართველოს სახელმწიფოში, ადამიანთა თანასწორი მოქალაქეობრივი უფლებების პარალელურად და აფხაზეთის ტერიტორიული პოლიტიკური ავტონომიის ფუნქციონირების კონკრეტული ფორმების პარალელურად, ყველა სხვა საკუთრივ ეროვნული (ეთნიკური) სპეციფიკური ინტერესების დაცვის იურიდიული და ორგანიზაციული მექანიზმები. სახელდობრ, ეს უნდა იყოს (და იქნება) ყველა ინდივიდისა და ჯგუფის (მათ შორის _ დიასპორის) შეუვალი დაცვა დისკრიმინაციისაგან ეროვნული (ეთნიკური) ნიშნით და ასიმილაციის მცდელობისაგან, ამავე დროს _ ფუნქციური ავტონომიის (არა ტერიტორიული ავტონომიის) უფლება მოცემული ეროვნული (ეთნიკური) ჯგუფისათვის მთლიანად და განვითარებული დემოკრატიული მუნიციპალური თვითმმართველობა.
პირველი (ანუ ფუნქციური ავტონომია) გულისხმობს ხსენებულ სპეციფიკურ ეროვნულ (ეთნიკურ) ინტერესთა სამსახურზე ორიენტირებული ორგანიზაციების (სათვისტომოთა ჩათვლით) შექმნის უფლებას როგორც კომპაქტურად მაცხოვრებელი, ისე გაბნეულად მაცხოვრებელი მოსახლეობის მოცვით. ფუნქციურ ავტონომიაში შედის დედაენაზე განათლების შეუვალი სახელმწიფოებრივად გარანტირებული ორგანიზაციული ფორმებიც და უამრავი სხვაც
ხსენებული რიგის ფუნდამენტურ გარემოებათა კონსტატაციას და შესაბამის კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ გაექცევა ვერც ერთი სერიოზული პოლიტიკა საქართველოს დღევანდელი დეოკუპაციის ამოცანის კონტექსტში. შევარდნაძის და სააკაშვილის პოლიტიკა ამ მიმართულებით ამგვარ საკითხებს არ ეხებოდა (და მათ ეს არც სჭირდებოდათ), რადგან იგი მიმართული იყო არა დეოკუპაციისკენ, არამედ მხოლოდ “დისკუსიის” გაჭიმვისაკენ რუსული დავალების თანახმად. იგივეა ბ-ნ ზაქარეიშვილისა და ბ-ნ ვოლსკის მცდელობა საზოგადოების და, სამწუხაროდ, ხელისუფლების შეყოლიებისა პრიმიტიულ უტოპიურ იმედთა სიმულაციაზე, თითქოს ოკუპანტისა და ეთნიკური მწმენდისადმი დათმობა მის გულს მოალბობს, და ასევე პრიმიტიული დემაგოგია, თითქოს ეს კაპიტალანტური დავალებული ზრახვა გულწრფელი სურვილის გამოხატულებაა. ეს დემაგოგია და მისი მშვიდი სმენის ფაქტი საკმარისია, რათა ლაქად დაედოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა და ნებისმიერ სახელისუფლებო კორპუსის, მათ შორის _ წარმომადგენლობითის სახეს.
ზაქარეიშვილისა და ვოლსკის მოქმედების ნამდვილი მოტივები ხელის გულზე დევს. მსოფლიო დღეს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიად, ხოლო რუსეთს _ ოკუპანტად. ამიტომ რუსეთისთვის სასიცოცხლო ამოცანაა ამ სტატუსისაგან გათავისუფლება. ზაქარეიშვილის და ვოლსკის წინადადებები ამ ამოცანას ემსახურებიან. მათი ტაქტიკაა ამ ტერმინისათვის _ “ოკუპაციისათვის” _ რეალური შინაარსის გამოცლა და საქმის ისე წარმოდგენა, თითქოს საქართველოს “მოწინააღმდეგე” ამ ომებში, რომლებიც მოხდა და მიმდინარეობს საქართველოს მიწაწყალზე, ანუ მხარე, რუსეთი კი არ არის, არამედ ვიღაცა სხვა, დამოუკიდებელი ეროვნული ნების მქონე სუბიექტი _ “სეპარატისტი”. მხოლოდ ამის შემდეგ _ ანუ ასეთი “სუბიექტის” შეთხზვის შემდეგ _ უჩნდება რუსეთს იმის შესაძლებლობა, რომ ამ ყალბ “სუბიექტებს” “დამოუკიდებლობის” უფლება მიაწეროს.
გინდათ თუ არ გინდათ, ბატონებო, ფაქტია (მაშასადამე, გათვალისწინება გმართებთ), რომ
1. საქართველოს დეოკუპაციის გზა, სამწუხაროდ, გადის მხოლოდ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის დამარცხებაზე
2. რუსეთის ამ პოლიტიკის დამარცხება ამ რეგიონში, საბედნიეროდ, გარდაუვალია ისტორიულად ძალიან მოკლე ხანში.
3. ამ ისტორიულ უპირატესობას საქართველო  გამოიყენებს მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ მისი სახელმწიფო ნება უპირობო დეოკუპაცია გაცხადებული იქნება უკომპრომისოდ, თანმიმდევრულად და მყარად.

მამუკა  გიორგაძე,  პაატა  კოღუაშვილი,  ნოდარ  ნათაძე,
ბადრი  რამიშვილი,  თამარ ჩხეიძე,

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress