შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა”
ეროვნული მოძრაობის წევრი და ყოფილი დეპუტატი მამუკა გიორგაძე ფიქრობს, რომ რუსეთის აგენტი სააკაშვილი საბოლოოდ გაიშიფრა.
მისი თქმით, სააკაშვილს ისევ რუსეთის იმედი აქვს და არ არის გამორიცხული რუსეთის ხელისუფლებამ სააკაშვილის მხარდაჭერის პოლიტიკა გაგრძელოს.
რა პირადი ინტერესები დაიკმაყოფილა თემურ ალასანიამ საქართველოში ჩამოსვლით და შეცვალა თუ არა სააკაშვილმა საპარლამენტო ანგარიშის დროს ღიად პოზიციები რუსეთთან? _ ამ საკითხების ირგვლივ გავესაუბრეთ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამაუკა გიორგაძეს.
_ ბატონო მამუკა, პრეზიდენტის ინიციატივამ რუსეთთან ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, განსხვავებული პოზიციები წარმოშვა. ამით ხელისუფლება ტურისტების რაოდენობის გაზრდაზე აკეთებს აქცენტს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი გარკვეულ საფრთხეებზე მიანიშნებენ.
_ პირველი, ეს ინიციატივა იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილს შეუმცირდა წრე თემებისა, რომელიც შეიძლება პირველ ნიუსად გავიდეს საინფორმაციო საშუალებებში და საზოგადოებაში ისეთი განწყობა შექმნას, რომ თითქოს რაღაც ახალი და განსაკუთრებული ხდება; მეორე, მან ძალიან კარგად იცის, რომ პუტინის მეორეჯერ გაპრეზიდენტების შემდგომ ბუნებრივია, მისი ლექსიკა, რიტორიკა, ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. გარკვეულწილად, თუ კი პუტინი ამას ითმენდა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ამას ნამდვილად არ შეეგუება პრეზიდენტობის დროს. აქედან გამომდინარეა სააკაშვილის ლექსიკაში ეს ცვლილება. სხვა მხრივ, ტექნიკური კუთხით, ეს არის თვითოეულ შემომსვლელზე 15-20 დოლარის დანაზოგი. იმიტომ, რომ ისედაც ღია იყო საქარველოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ისინი ჩამოდიოდნენ და ვიზას ყიდულობდნენ უკვე საქართველოს საზღვარზე, აეროპორტი იქნებოდა თუ სხვა გამშვები პუნქტები. უბრალოდ, ისინი იხდიდნენ ვიზის ღირებულებას. თუ არ ვცდები, 15-20 დოლარს. მთავარი და უფრო მეტად მნიშვნელოვანი აქ ის გახლავთ, განცხადება ე.წ. რუსი ბიზნესმენების მისამართით, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა _ ბატონო ოკუპანტო ბიზნესმენებო, ჩამობრძანდით და შეიძინეთ საქართველო საცალოდ და ბითუმად. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ვერბალური ნაწილის გარდა, სააკაშვილი თავიდან ბოლომდე არის რუსული ადმინისტრაცია საქართველოში; ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებისათვის. პოლიტიკურ ნაწილში უქმნის რუსეთს საბაბს იმისათვის, რომ მან ანტიქართული ქმედებები განახორციელოს, ხოლო ეკონომიკურ ნაწილში _ პრაქტიკულად ღიაა საქართველო, მობრძანდით და რაც გინდათ, ის შეიძინეთ.
_ დღეს აღარ არის რუსული ფული სისხლიანი და ვინც რუსეთში ჩადის, სამშობლოს მიღალატე აღარ არის? სააკაშვილმა კარგად გათვალა, როცა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი გააუქმა ოკუპანტთან?
_ რა თქმა უნდა, კარგად გათვლილი ნაბიჯია. სააკაშვილი აგრძელებს იმ სტრატეგიას, რომელიც აქამდე ჰქონდა მას _ სიტყვით თითქოს უპირისპირდება რუსეთს, საქმით კი რუსულ საქმეს აკეთებს და რუსეთის დავალებებს ასრულებს. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მისი დარჩენა მთლიანად რუსეთის ნება-სურვილზეა მიბმული. სააკაშვილს უბრალოდ პროპაგანდისთვის სჭირდება მისი პროდასავლურობა. თორემ პოლიტიკაში ჩახედულმა ადამიანებმა ძალან კარგად იციან ქვეყნის გარეთაც, რომ სააკაშვილის მთავარი დამცველი და ხელისშემწყობი რუსული სპეცსამსახურებია. შესაბამისად, სიტყვით ამბობს ერთს, საქმით აკეთებს მეორეს.
_ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ, საქართველოში შემოსული რუსული ფული სისხლიანი აღარ იქნება და იმპერიულ ზრახვებს აღარ მოემსახურება?
_ აი, სწორედ ეს არის საქმე. სააკაშვილის მხარდასაჭერად შემოსული ფული არ იქნება სისხლიანი ფული მისი გაგებით. ნებისმიერი სხვა ფული უკვე სისხლიანია საიდანაც არ უნდა შემოვიდეს ის. ამით კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ ჩვენ ბოლშევიკური მემკვიდრეობის ხელისუფლება გვყავს. უბრალოდ, იდეოლოგია შეიცვალა. მარქსიზმ ლენინიზმის ნაცვლად, ახლა ე.წ. ფსევდოლიბერალები არიან. ეს არის ბოლშევიკური ხელისუფლება, რომელიც თავის პატრონებს ექვემდებარება. ქართულ საზოგადოებას მინდა მივმართო: ახლა მაინც ხომ ცნობილია, როგორ მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში; რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების დახმარება იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი საფუძველი. ელემენტარულად ვინც სააკაშვილს პარლამენტის კარები გაუღო _ უშიშროების ექსმინისტრი ვალერი ხაბურზანია, შემდგომ რუსეთის აგენტად არის გამოცხადებული. ვინც მასობრივი საზოგადოებრივი მხარდაჭერა უზრუნველყო `რუსთავი 2~-ის მაშინდელი ხელმზღვანელი ეროსი კიწმარიშვილი _ დღეს, ამათი განცხადებით, რუსეთის აგენტია. სააკაშვილის პირველი გვერდზე მდგომი _ თავდაცვის და შს მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთის მხარდამჭერად და აგენტად არის გამოცხადებული. პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე სააკაშვილისგან დღეს რუსეთის აგენტად არის შერაცხული. ჟვანია გარდაიცვალა და აქედან გამომდინარე, ამ იარლიყს ნამდვილად აცდა. ყველა მის გვერდით მდგომი ადამიანი _ ყოფილი მინისტრები, დეპუტატები, მაშინდელი მოქმედი მთავარი გმირები _ რუსეთის აგენტად არიან გამოცხადებულნი, ბევრი მათგანი _ დადასტურებულადაც. ისმის კითხვა: მარტო სააკაშვილი იყო პროდასავლელი ამ ე.წ. რევოლუციის დროს?
_ ბატონო მამუკა, რას ნიშნავს სააკაშვილის მხრიდან ობამასთან შეხვედრის შემდგომ მსგავსი ინიციატივების გაჟღერება. ეს ღიად დასავლურ კურსზე უარია?
_ რიტორიკის ნაწლში დასავლურ კურსზე უარი არ არის. ხოლო პრაქტიკული ქმედებების ნაწილში, არცერთი დასავლური ღირებულება სააკაშვილს საქართველოში არ დაუნერგავს. ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ე.წ. `ვარდების რევოლუციის~ შემოქმედნი პროდასვლელები იყვნენ, ელემენტარულად დაასახელონ ერთი დასავლური ღირებულება, რომელიც საქართველოში დაინერგა. ადამიანის უფლებების დაცვა; სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებაზე; სოციალურ ფენებს შორის თანასწორობის პრინციპი; დამოუკიდებელი სასამართლო; კონკურენტუნარიანი და ანტიმონოპოლიური გარემო ბიზნესში; რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება; სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ა.შ. პრაქტიკულად არცერთი ეს ღირებულება, რისთვისაც ქართველ ხალხს უნდა დასავლური ცივილიზაციის ნაწიად ყოფნა, საქარველოში არ დანერგილა. რა დაინერგა დასავლური ცივილიზაციის სახელით? _ ანტიეკლესიური კამპანია; დაინერგა ვითომცდა ყურით მოთრეული ტოლერანტობის გამო რელიგიური კონფესიების თანასწორობის პრინციპი. არადა ეუთოს რეკომენდაციებში, სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციებში თუ კანონმდებლობაში, პირდაპირ არის მითითებული, რომ ამათუ იმ კონფესიას ის ადგილი უნდა ეკავოს ქვეყანაში, რაც მან დაიმსახურა ისტორიულად ამ სახელმწიფოს განვითარების საქმეში. არავინ არ ითხოვს ჩვენგან ამას. არავინ არ ითხოვს სხვა საკითხების წინა პლანზე წამოწევას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა კლანებმა წამოწიეს.
_ მწვანეთა პარტიის ლიდერის განცხადებით, ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნა საფრთხესაც შეიცავს და ეს იგივე ურანის, აფხაზეთის და სომხეთის მიმართულებით ბევრ ფაქტორს გამოკვეთს. ამაზე ხელისუფლებამ არ იფიქრა?
_ ცალმხრივად საზღვრის გახსნით სერიოზული პრობლემები არ შეიქმნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს თავისუფალი შემოსვლა მაინც გარანტირებული იყო. ვიზა არ სჭირდებოდათ, უბრალოდ ფულს იხდიდნენ ვიზისთვის საქართველოს საზღვარზე. ამიტომ აქ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ ექნება. უბრალოდ, ეს იყო კიდევ ერთხელ ვირტუალურ სამყაროში ვერბალური გამოხატულება სააკაშვილის გარკვეული კომპრომისებისა რუსეთის მიმართ. ლექსიკა შეცვალა, თორემ არსობრივად აქ დიდი განსხვავება მაინცდამაინც არ არის. სააკაშვილი კიდევ ერთხელ უმტკიცებს რუსულ საზოგადოებას, რომ ის მზად არის ხვალ ნებისმიერ შეთანხმებაზე წავიდეს რუსეთის ხელისუფლებასთან თვით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების ჩათვლით. აი, ეს არის საფრთხე, რომ სააკაშვილი ნელ-ნელა იმ ნიღაბს იხდის, უფრო სწორად, ის გაიშიფრა თავის პრორუსულ ქმედებებში.
_ ეს ყველაფერი შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს რუსეთის კაგებეს გენერალ თემურ ალასანიასთან, რომელიც პრეზიდენტის ბიძაა და რომელიც სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად დანიშნა?
_ რა თქმა უნდა. სააკაშვილი გაიშიფრა. ჩვეულებრივი აგენტი გაიშიფრა. როცა თემურ ალასანია ვაშაძის მრჩევლად ჩამოვიდა, იმ დღიდან დაიწყო აქტიურად ხელახლა რუსული ინტერესების გატარება. ჯერ პირადი ინტერესების დაკმაყოფილება განახორციელა. თემურ ალასანიას გაუვიდა ვადა და ის რჩებოდა დიპლომატიური საფარველის გარეშე, დიპლომატიური პასპორტის გარეშე. მან კვლავ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის სატატუსით მიიღო დიპლომატიური იმუნიტეტი. მაგრამ მთავარი, ვიმეორებ, აქ ის გახლავთ, რომ გაშიფრული აგენტი უკვე საზოგადოებრივ აზრსაც არად აგდებს და ეს მაშინ, როდესაც სულ რაღაც 2 კვირის წინ ლამის ოკუპაციის კვირეული მოაწყო სააკაშვილმა. მთელი ეს რუსული აგენტურა ნიანგის ცრემლებს ღვრიდა იუნკრების საფლავთან და ოკუპაციის მუზეუმში. სააკაშვილი გაიშიფრა და დღეს ღიად მიდის დეკლარაციის ნაწილშიც რუსულ ორიენტაციაზე. მან ძალიან კარგად იცის, რომ დასავლეთისთვის ის დიდი ხანია ჩამოწერილია. ერთადერთი შანსი მას აქვს, რომ არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების გზით კვლავ მოიპოვოს რაიმე ნდობა დასავლეთში. მაგრამ სააკაშვილმა თვითონაც იცის თავის თავის შესაძლებლობები და იცის, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებაში დარჩენა, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რომ მის მფარველებს _ რუსეთის ხელისუფლბას _ გაუადვილდეს რუსული საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ სააკაშვილი შეიძლება `მერზავეც~, მაგრამ რუსული პოზიციებისკენ იხრება.