“სახალხო პარტია” ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განეიტრალებისკენ იბრძოლებს

gerbebi_Page_6

NEWS.GE 11.03.2014

“სახალხო პარტია” საქართველოს პატრიარქის სამ განცხადებას ეხმაურება. პარტიის წევრები მიჩნევენ, რომ მისი განცხადებებიდან ჩანს “ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებები და აქცენტები მკაფიო გზავნილია როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ არსებული იმ ძალების მიმართ.”

პარტიის წევრები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სამოქალაქო სივრცეში ეკლესიას გამოუჩნდეს ერთგული, სტრუქტუირებული და ორგანიზებული პარტნიორი, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განეიტრალებას შეძლებს.

news.ge “სახალხო პარტიის” აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთვაზობთ:

“მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ამ დიდი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდეს“

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება.“

“ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი _ ეს არის ღია ჭრილობები საქართველოს სხეულზე. ირღვევა საეკლესიო კანონიკური ნორმებიც.”

ეს სამი წინადადება სამი-ოთხი დღის შუალედით ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პირველი წინადადება გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრისას გაჟღერდა, ხოლო ორი მომდევნო – კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ წინადადებებში მოცემულია საქართველოს სახელმწიფოს განვითარების მკაფიო და ნათელი პოსტულატები.

მისი უწმიდესობის მიერ გაცხადებული ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებები და აქცენტები მკაფიო გზავნილია როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ არსებული იმ ძალების მიმართ, რომლებსაც ჩამოსაყალიბებელი აქვთ თავიანთი პოზიცია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით.

ამ დღეებში კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ მისი უწმიდესობის მაღალი ავტორიტეტი (რომელიც მავანთ მოსვენებას არ აძლევს) საქართველოსა და მსოფლიოში, საქართველოს ეკლესიის მაღალ სულიერებასა და ჭეშმარიტ ეროვნულობაზე დაფუძნებული პოზიცია არის უმთავრესი გარანტი ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის.

გამოვხატავთ რა უპირობო მხარადჭერას მისი უწმიდესობის ხედვების მიმართ, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის წარმატებისთვის, მოვახერხოთ და შევძლოთ კონსოლიდაცია მოსალოდნელი საფრთხეების დასაძლევად. დღეს თვალნათლივ ჩანს, რომ აუცილებელია, სამოქალაქო სივრცეში ეკლესიას გამოუჩნდეს ერთგული, სტრუქტუირებული და ორგანიზებული პარტნიორი, რომელიც შეძლებს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განეიტრალებას და მისცემს საქართველოს ეკლესიის ღირსეულ მოძღვრებს საღვთო და საერო ფუნქციების რეალიზების საშუალებას,” – ნათქვამია “სახალხო პარტიის” განცხადებაში.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress