NEWS.GE 11.03.2014
ოპოზიციონერი მამუკა გიორგაძე სტამბოლში გამართული დიდი და წმინდა კრების მოსამზადებელი სხდომის შესახებ საუბრობს. იგი ამბობს, რომ ქართველი ხალხი ღმერთს მადლობას უნდა სწირავდეს იმისათვის, რომ “ძნელბედობის ჟამს ბრძენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მოჰმადლა.”
“მიმდინარე 6-9 მარტს სტამბოლში დიდი და წმინდა კრების მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. გავრცელდა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიერ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტაძარში მართლმადიდებელი პირველიერარქების შეკრების დროს წარმოთქმული სიტყვა.
სტამბოლში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს თავი იმ ერს, რომელსაც ძნელბედობის ჟამს ბრძენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მოჰმადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის აზროვნების დიაპაზონის სიდიდემ, მოვლენების შეფასების სიზუსტემ და სასულიერო და საერო ცხოვრების ღრმა ცოდნამ ურთულეს პერიოდში განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა ეკლესიის ავტორიტეტი და საერთაშორისო სარბიელზეც ანგარიშგასაწევ ძალად აქცია იგი.
მან პირადი ქმედებით კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანები, იყო მათთან რბილი და თბილი და, ამავდროულად, საქმეში პრინციპული, მტკიცე და შეუვალი, მით უფრო, როცა საკითხი მართლმადიდებელთა ერთობის, საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს ეხება.
თქვენმა დიდმა რწმენამ, ლოცვის მადლმა და სიმტკიცემ განუზომელი გახადა ჩვენი ეკლესიის ფუნქცია და მნიშვნელობა, მისი სულიერი წარმმართველი და გამაერთიანებელი როლი. კიდევ ერთხელ დაგვანახვა ჩვენ და მსოფლიო საზოგადოებას ქართული პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი საერთაშორისო მშვიდობისა და თანხმობის დამკვიდრების საქმეში.
დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და სამოქალქო საზოგადოების სისუსტის პირობებში, ხმამაღლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო ყველა იძულებული ხდება, ანგარიში გაუწიოს საქართველოს, სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არის საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი.
თქვენო უწმიდესობავ! მინდა, კიდევ ერთხელ, უფლის სადიდებლად და ქვეყნის საკეთილდღეოდ თქვენი ღვაწლის გამო, შეგკადროთ უღრმესი მადლობა,” – აცხადებს მამუკა გიორგაძე.