მამუკა გიორგაძე: ამ ქმედებებით ჩვენი ქვეყნის მომავალი არა ევროკავშირში, არამედ ევრაზიულ კავშირშია!

SONY DSC

სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება “ნაციონელური მოძრაობის” მიერ “დამკვიდრებულ პრაქტიკას” განაგრძობს. გიორგაძეს ამის მაგალითად ბანკი “ქართუს” მაგალითი მოჰყავს და ხელისუფლებას ხმაურიანი საქმეების გასაჯაროებისკენაც მოუწოდებს.

“ხელისუფლება აგრძელებს ნაცმოძრაობის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას: საკუთარ პიროვნულ თუ ჯგუფურ ინტერესში მყოფი საქმეების პროკურატურის მეშვეობით კულუარულად მოგვარებას. მსგავსი მოტივის მქონე ჩადენილი დანაშაულები, როგორც წესი, არ მიდის სასამართლომდე და პროკურატურის მეშვეობით ხდება საქმეების გარჩევა და იქვე გადაწყვეტა.

ამის თვალსაჩინო მაგალითია ბანკ “ქართუს” გაკოტრების საქმე. როგორც მოგეხსენებათ ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ: მთ. პროკურორი ადეიშვილი, ნაცმოძრაობის პარლამენტი, რომელმაც დანაშაულებრივი შესწორება შეიტანა კანონში, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, სქემის მონაწილე კერძო მხარეები – სხვადასხვა ბანკი, კოდუების კლანი, კერძო პირები და ა.შ. ასევე მეორე მაგალითია ბანკ “ქართუს” ინკასაციის მანქანის დაყაჩაღება და სხვა მსგავსი.

ეს საქმეები არ მივიდა სასამართლომდე. მოხდა სავარაუდო დამნაშავე პირების (სასამართლოს არ დაუდგენია მათი დანაშაული) პროკურატურაში დაბარება და იქ საკითხის გადაწყვეტა. დაზარალებულ მხარეს აუნაზღაურდა ზიანი სამართებლივი გარკვევის გარეშე. დანაშაულში მონაწილე პირები კი არ დასჯილან. მოხდა გარიგება და სასამართლოს ფორმალურ მხარეზეც კი არ შეიწუხეს თავი. ზედმეტი დროის ხარჯვა და პროცედურები თავიდან იქნა აცილებული.

ყოველივე ამის ფონზე კი, წინა ხელისუფლებისგან დაზარალებული ათასობით ადამიანი ამაოდ ელოდება სამართლიანობის აღდგენას. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანაში მოქმედებს პრინციპი: ”შინაურებისთვის ყველაფერ შეიძლება, დანარჩენებისთვის არსებობს კანონი” ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ე.წ. „ქურდული“ გარჩევების მანკიერი ფორმა, სადაც „ქურდის“ როლს ხელისუფლება ითავსებს, შემსრულებელი კი პროკურორია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაასაჯაროოს ე.წ. ხმაურიანი საქმეები და იმოქმედოს კანონით განსაზღვრულ ნორმებში. ცივილიზებულ საზოგადოებაში სამართლიანობა ყველასთვის უნდა დამკვიდრდეს. ასეთი ქმედებებით ჩვენი ქვეყნის მომავალი არა ევროკავშირში, არამედ ევრაზიულ კავშირშია!” – აცხადებს მამუკა გიორგაძე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress