“სახალხო პარტია” ხელისუფლებას მიმართავს

NEWS.GE 10.03.2014

“სახალხო პარტიის” წარმომადგენლები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავენ და ამბობენ, რომ ამ პრობლემებს ქვეყნის მთავრობა არასახელმწიფოებრივად უდგება.

“დღეს, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. ხუდონჰესის პრობლემატიკას დაემატა ღურტაში მომხდარი აღმაშფოთებელი ინციდენტი, სადაც სახელმწიფომ ძალა გამოიყენა პროტესტის გამოსახატავად გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ ინციდენტში, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის საქციელი, რომელმაც როგორც აქციის მონაწილენი აღნიშნავენ შეურაცხყოფა მიაყენა მათ და ღურტის მოსახლეობა მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ჩვენი მიზანი, არ არის განვიხილით ზოგადად დიდი ჰესების, ამ ფორმით და ამ ადგილებში მშენებლობის მიზანშეწონილობა, ჩვენ ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ქვეყნის მთავრობის არასახელმწიფოებრივ მიდგომაზე ამ პრობლემისადმი.

აღნიშნული, პროექტების ყოველგვარი კონკურსის და ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე განხორციელების მცდელობა და თან დაჩქარებულ ტემპებში, გვიჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ყოველივე აღნიშნულის უკან დგას ადამიანთა ვიწრო ჯგუფი, რომელთათვისაც მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესი არის მთავარი და არა სახელმწიფოსი.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ გადაედგა ასეთი ნაჩქარევი ნაბიჯები და არ გაეგრძელებინა წინა ხელისუფალის მანკიერი და მახინჯი პრაქტიკა, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა ხალხის სახელით და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრის სრული იგნორირებით.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავრობა მაინც „წარმატებით“ აგრძელებს მისი წინამორბედის კურსს და არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აზრს ამ და ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

პარტიის წევრები მოუწოდებენ უმრავლესობისა და მთავრობის წევრებს შეიქმნას კომპეტენტური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

“ასევე განხილული იქნეს დიდი ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობა და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ჩატარდეს გამჭვირვალე, საერთაშორისო კონკურსი, რომელიც გამოავლენს იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც მაქსიმალურად სარგებლიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისათვისაც,” – ნათქვამია “სახალხო პარტიის” განცხადებაში.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress