02.07.2013 მამუკა გიორგაძე: „frontnews”-ის ინფორმაცია
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ან ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან საპრეზიდენტო არჩევნების წინ გადადგეს. მამუკა გიორგაძემ აღნიშნულის შესახებ „frontnews“-ის პრეს–კლუბში ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, კოაბიტირებული „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმებული მოქმედებების შედეგად, საზოგადოება პოლიტიკურად გაურკვეველ და ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა კი, ვალდებულია, მკაფიოდ გამოხატოს, რას აპირებს სამომავლოდ.
„ხელისუფლებიდან ჩამოშორებული „ნაციონალური მოძრაობა“ გაიძახის უკან მოვდივარო, გამარჯვებული ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მივდივარო და მთლიანობაში, ძალიან კომიკური და საშიში მდგომარეობაა: ვინც უნდა რჩებოდეს, ის მიდის და ვინც უნდა წავიდეს, ის მოდის. გაუგებარია, რას ნიშნავს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, როცა, არცერთი გადაწყვეტილების მიღება მასთან შეთანხმების გარეშე არ ხდება. ასეთ გაუგებარ ვითარებაში, ხელისუფლება ვალდებულია, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები“, –თქვა გიორგაძემ. სახალხო პარტიის ლიდერი თენგიზ გუნავას შეწყალებისა და ბაჩო ახალაიასთვის ბრლადების მოხსნის ფაქტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქვეყანაში გვყავს ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედი ნაციონალებისა და კოალიციის ხელისუფლება, რომლებიც კოაბიტირებულად, ერთობლივად მოქმედებენ.“ მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში მხოლოდ ის სახეები შეიცვალნენ, ვისაც ტელევიზიით გვიჩვენებენ, მათ უკან კი ძველი ჩინოვნიკები საქმიანობენ. „ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს. მახსენდება მოქალაქეთა კავშირი, როცა რუსებმა შატილი დაბომბეს, რუსეთის საელჩოსთან წავიდნენ და იქ ქაღალდის თვითმფრინავებს უშვებდნენ. ამჟამადაც, ერთი მხრივ, ადგილი აქვს არაფრისმომცემი ემოციების ფრქვევას , მეორე მხრივ კი, გრძელდება ისეთი მოქმედებები, რაც სავალალო შედეგებს გვაძლევს. დღეს, სწორედ იმ მოქალაქეთა კავშირის წევრები არიან გადანაწილებული „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაში“– განაცხადა გიორგაძემ.
მამუკა გიორგაძე კობა დავითაშვილს დეპუტატის მანდატის დატოვებას ურჩევს 02 August, 2013 სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე კობა დავითაშვილს დეპუტატის მანდატის დატოვებას ურჩევს. როგორც მამუკა გიორგაძემ „frontnews”-ის პრეს–კლუბში სტუმრობისას გნაცხადა, მისი პარტია მხარს უჭერს კობა დავითაშვილის გადაწყვეტილებას, მაგრამ უმჯობესია, მან იმ პრივილეგიებზეც თქვას, უარი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პირობებში მიიღო. „კობა დავითაშვილმა თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირი“ სწორედ, არჩევნების წინ დატოვა და მაშინდელ „ნაციონალებს“ შეუერთდა. თუკი, ის რეალურად ფიქრობს, რომ კოალიციამ ვერ გაამართლა მისი იმედები, მაშინ ის დეპუტატის მანდატი და ამ სტატუსთან დაკავშირებული პრივილეგიებიც უნდა დატოვოს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მიიღო“, –თქვა გიორგაძემ დეპუტატმა კობა დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა. როგორც მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ქართული პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებზე კოალიციასთან სისტემატიური უთანხმოება გახდა. კობა დავითაშვილი აპირებს კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში.