,,ქართულმა ოცნებამ’’ ყველანაირად შეუწყო ხელი ნაცმოძრაობის გაძლიერებას’’

giorgadze-1

,,ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შემთხვევაში არ მოხდებოდა დასავლური ღირებულებების დევალვაცია’’

ახალი თაობა 11.05.2016
მარიამ მჭედლიშვილი სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე იზიარებს ,,ქართული ოცნებიდან’’ გამოსული არმაზ ახვლედიანის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია არ უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას. ამასთან, ,,ახალ თაობასთან’’ ინტერვიუში იგი განმარტავს, რომ ამის სათქმელად მას სხვა მოტივაცია აქვს.
მამუკა გიორგაძე; _

ეს შეფასება სწორია, მაგრამ არმაზ ახვლედიანს, შესაძლოა, ამ შეფასების გაკეთების საფუძველს აძლევდეს ამა თუ იმ პირთა ჯგუფის მდგომარეობა პარტიაში. სხვებს ამის სათქმელად სხვა მოტივაცია გვაქვს. ქვეყანა ნორმალურად ვერც ახლა ვითარდება ვერ წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი ბელადების სისტემას. ეს აფერხებს განვითარებას. აქამდე ვერ შეიქმნა ის მექანიზმი, რომელიც, ერთი მხრივ, შექმნიდა ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს და პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას, და მეორე მხრივ, მოსახლეობას მისცემდა თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. ეს ყველაფერი გააუმჯობესებდა ხალხის მდგომარეობას.

ანუ, გადაწყვეტილებების მიმღები ქვეყანაში თითო-ოროლა ადამიანია?

დიახ, ყველაფერს ბელადები წყვეტენ და აქ მნიშვნელობა არ აქვს, ვინაა პარლამენტის თავმკდომარე, დედაქალაქის მერი, მინისტრი, ვინ არიან პარლამენტში წარმოდგენილი. ინსტიტუტები არ მუშაობს. ვინც შეიყვანეს ,,ქართულ ოცნებაში’’, ან ვინც თანამდებობებზე დაამტკიცეს, ყველა ივანიშვილის მომყოლია. ამ ადამიანებს ეს ადგილები არ დაუკავებიათ თავისი ნიჭის, ცოდნის, გამოცდილების თუ შრომის შედეგად. ხელისუფლებისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და პირადი კეთილდღეობა, ქვეყანაში კი კარგი ნიადაგია არასტაბილურობისა და ქაოსისათვის. ასეთ წრეზე უკვე წლებია, ვტრიალებთ და ამის შედეგებიც ჩანს.

გამოდის, რომ დღევანდელ პოლიტიკაში მთავარ სიტყვას ორი ბელადი _ ივანიშვილი და სააკაშვილი ამბობენ?

სამწუხაროდ, ასე გამოდის. ჯერ კიდევ ვსაუბრობთ სააკაშვილის როლზეც. ,,ქართულმა ოცნებამ’’ ყველაფერი გააკეთა, რომ სააკაშვილი ისევ ბელადი იყოს, ნაციონალური მოძრაობა კი _ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი.

როგორ ხდება ნაციონალური მოძრაობის გაძლიერება?

_ ამაზე ბევრის თქმა შეიძლება. ავიღოთ საგარეო მიმართულება. აქ მთავარი როლი მიაკუთვნეს ნაციონალურ მოძრაობას. ,,ქართულმა ოცნებამ’’ ეს პარტია აქცია მთავარ პროდასავლურ ძალად. საგარეო საკითხებზე საუბარი, ფაქტობრივად, მისი უფლებაა. _

ნაციონალები ევროპის სტრუქტურებშიც აქტიურობენ.

საქმეც ეგაა ისინი ამ აქტიურობით ქვეყანას აზიანებენ. ამ დროს, ჩვენს პარტიას არ აძლევენ საშუალებას, იაქტიუროს და იურთიერთოს იმავე ევროპის სახალხო პარტიასთან, რომელთანაც ძველი კავშირები გვაქვს. ხალხმა არც კი იცის, რომ ევროპის სახალხო პარტიაში შემავალი ევროპული ძალები ეწინააღმდეგებიან ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს. ამ დროს მისი აქაური პარტნიორი ნაცმოძრაობის სახით ასეთი ქორწინებების მომხრეა. ნაციონალურ მოძრაობას სასათბურე პირობები აქვს სატელევიზიო მედიაში. ხელისუფლება, თითქოს აკრიტიკებს და ებრძვის ნაცმოძრაობის ტელევიზია რუსთავი 2-ს, მაგრამ საბოლოოდ, ესეც ნაცმოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს. საერთაშორისო თანამეგობრობას რჩება შთაბეჭდილება, რომ ზღუდავენ თავისუფალ მედიას. ამ დროს დაზარალებული რჩება არა ნაციონალური მოძრაობა, ვიზღუდებით სხვა პარტიები, ვინაიდან ხელისუფლება არ ქმნის თავისუფალ მედიასივრცეს ყველასთვის. აგრესიული პიარიც მიმართულია ნაცმოძრაობის გაძლიერებისკენ.

კერძოდ?

_საფრანგეთის სასამართლოს ვერ გადასცეს საკმარისი მისალები კეზერაშვილის წინააღმდეგ, საბერძნეთისას _ ახალაიას წინააღმდეგ. ამიტომ, ისინი გათავისუფლდნენ. ამ დროს ერთი ყურადსაღები ფაქტი მოხდა ისრაელში. იქ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ერთი პირის წინააღმდეგ, რომელსაც პოლიციაში პასუხსაგები პოსტი უნდა დაეკავებინა. მას ბრალად ედება, რომ წლების წინ საქართველოში ბიზნესის დასაწყებად კეზერაშვილს ქრთამი მისცა. მერაბიშვილისა და უგულავას წინააღმდეგაც მსუბუქი მუხლებია წაყენებული. ამიტომ, უცხოეთში რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი პოლიტიკური დევნილები არიან.  ამ ხალხს სატელევიზიო ეთერიც არ აკლია. ისე, თუ ეთერს დამითმობენ, მეც არ ვიტყვი უარს გარკვეული ხნით ციხეში ჩაჯდომაზე. ეს მოვლენები უარყოფითად მოქმედებს ხალხის განწყობებზე. ადამიანებს უკვე ეჭვი შეაქვთ დასავლურ ფასეულობებში, რომლებიც, სინამდვილეში, ჩვენი, ქართული ფასეულობებია და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობიდან მომდინარეობს.

დასავლური ღირებულებები რა შუაშია? 

ადამიანები ხედავენ, რომ პროდასავლურად ითვლებიან ისეთი მიუღებელი ძალები, როგორიც არიან ნაცმოძრაობა, რესპუბლიკური პარტია; ზოგიერთი დასავლური ინსტიტუტი მხარდაჭერას უცხადებს ნაცმოძრაობას; არ ისჯებიან დამნაშავეები; საქმიანობას აგრძელებენ სისტემური დანაშაულის მონაწილეები. ამის შემხედვარე საზოგადოებას გული უტყდება დასავლეთზე. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთისთვის დასავლეთი ასოცირდება ტირანიასთან, რომელიც სააკაშვილმა დაამყარა, ასევე ციხეებში გაუპატიურებებთან და სხვა უმსგავსობებთან. ,,ქართულმა ოცნებამ’’ ხელი შეუწყო ამ განწყობების გაღვივებას. ხდება დასავლური, ანუ ძველი ქართული ღირებულებების დევალვაცია. ჯანსაღი პოლიტიკური გარემო რომ იყოს, ეს არ მოხდებოდა.

ნაცმოძრაობაში მიმდინარე მოვლენები აისახება მის რეიტინგზე? 

ეს მოვლენები ამცირებს ამ პარტიის რეიტინგს. ამაში ხელისუფლების წვლილი არ არის. ,,ქართული ოცნების’’ ხელშეწყობით ნაცმოძრაობამ ბევრი რამის გაფუჭება უკვე მოახერხა, ნაციონალებმა ბევრს გადაუბრუნეს ტვინი. საუბედუროდ, 2016 წელს ჩვენ ისევ გვიხდება ლაპარაკი ნაცმოძრაობის რეიტინგზე. არადა, 2012 წლის შემოდგომიდან ეს პარტია აქტიურ პოლიტიკაში აღარ უნდა ყოფილიყო.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress