ვინ იყენებდა გამსახურდიას გადმოსვენებას ეკლესიის წინააღმდეგ? -2007

giorgadze-1

ნათია ხურცილავა  “ახალი თაობა” 30.03.2007
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, რა ემოციას იწვევს თქვენში საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადმოსვენება, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესიას?
_ ისე, როგორც ქართველ ადამიანს, ბუნებრივი ემოცია გამაჩნია, სამშობლოს დაუბრუნდა კიდევ ერთი ქართველი. ამ ყველაფერს, ცხადია, ტკივილიც, განცდებიც ახლავს. ბუნებრივია, ყველა ქართველის განსასვენებელი ქართული მიწაა. მისასალმებელია, რომ ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით ეს აღსრულდა. რაც შეეხება სუბიექტურ, ადამიანურ მომენტს, ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებდა ეროვნული მოძრაობიდან. ჩემი ეს ადამიანური, ერთად ბრძოლის ემოციები ცოცხლდება. ასევე ცოცხლდება ის ტკივილიანი დღეები, რომელიც ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს გატარებული. გარკვეულწილად, ხელახლა ხდება გაანალიზება და გახსენდება მთელი საქართველოსთვის ძალიან ტკივილიანი დღეები. ამ ყველაფერს ემატება და არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ასეთი არაორგანიზებულობა, გაურკვევლობა. უპატივცემულობაც კი არის ზვიად გამსახურდიას მიმართ, რასაც ზოგიერთი მისი ახლობელი იჩენს. ზოგიერთ განცხადებას სპეკულაციაც შემიძლია ვუწოდო.

_ რომელ განცხადებებს გულისხმობთ?
_ თუნდაც ის განცხადებები, რომელიც დასაფლავების ადგილთან დაკავშირებით ვრცელდება. ამ განცხადებებს ზვიად გამსახურდიას მეუღლე აკეთებს, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. არაჯანსაღ შთაბეჭდილებას ტოვებს ასეთი განცხადებები. ჩემთვის ზვიად გამსახურდიას ცხედრის გადმოსვენება აღიქმებოდა, როგორც საშუალება იმ ტკივილების გაანალიზების, რომელიც 1991-92 წლებში ქართველებმა ერთმანეთს მივაყენეთ. მეგონა, რომ ამ ყველაფერს გარკვეული სინანული, მიტევება, ერთმანეთისთვის ბოდიშის მოხდა მოჰყვებოდა. მეგონა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტის გადმოსვენება გაერთიანების საშუალება უფრო იქნებოდა, ვიდრე ხელახალი დაპირისპირების, წინააღმდეგობის, გახლეჩის. რაღაცნაირად ზვიად გამსახურდიას პრივატიზების მცდელობაა, როდესაც ვამბობთ, რომ ის იყო დიდი პიროვნება, მაშინ ერთად უნდა მოხდეს თემების, საკითხების მოფიქრება და გადაწყვეტა. თუ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოჯახის კუთვნილებაა, მაშინ მისი მასშტაბი მცირდება ამ შემთხვევაში.
_ არ მოხდა ის, რასაც ელოდებოდით?
_ არა, ეს არ ჩანს. გარკვეული ნაწილი ცდილობს, გადმოსვენება გამოიყენოს ეკლესიის საწინააღმდეგოდ. ხელისუფლება კი ცდილობს ჭრილობებზე გაამახვილოს ყურადღება, გამოიყენოს იმისთვის, რომ თქვას: ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვა, ის მოღალატეა. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ გადმოსვენების ფაქტი ყველამ სათავისოდ გამოიყენოს. ეს კი ამცირებს ზვიად გამსახურდიას. უპირველეს ყოვლისა, ის ხალხი, ვინც ვალდებულია მისი სახელი დაიცვას, ამ ყველაფერს ხელს უწყობს. არ ხდება საზოგადოების გაერთიანება. პირიქით, კვლავ დაპირისპირებისკენ, აგრესიული ქმედებებისკენ, აგრესიული განცხადებებისკენ მიჰყავთ საქმე. ყველა ოჯახს აშოროს ღმერთმა ტრაგედია, მაგრამ როდესაც ოჯახში ტრაგედია ხდება, პირიქით, ოჯახი იკვრება, ერთიანდება. ტრაგედია ხელს უწყობს დაპირისპირებული მხარეების ერთად ჭირისუფლობას. სამწუხაროდ, ეს არ ჩანს.
_ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? რატომ არ ხდება თუნდაც ის დიდი გაერთიანება, რომლის მოლოდინიც, მზაობაც კი იყო თითქოს?
_ ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ იცვლება, მაგალითად, დასაფლავების ადგილი. ასევე ნახევარ საათში ერთხელ იცვლება დასაფლავების დრო, გადმოსვენების ადგილი. ასევე ჩემთვის გაუგებარია ექსპერტიზაზე უარის თქმა. გამსახურდიას მომხრეთა ნაწილი აცხადებს, რომ ის ცოცხალია, გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თავი მოიკლა; ასევე ნაწილი თვლის, რომ მოკლეს. ერთხელ და სამუდამოდ ინდა გაირკვეს სიმართლე, ამას გამსახურდია იმსახურებს. მცდელობა იმისა, რომ არ ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ეჭვებს. ეს ხელს უშლის ერთიანი აზრის ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში ოჯახზე უფრო მეტად ხელისუფლებას ვადანაშაულებ. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევის დროს ოჯახს ცხედარი არ გაატანეს. სახელმწიფომ სანამ ექსპერტიზა არ ჩაატარა, ცხედარი არ გაატანა მშობლებს. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, ხელისუფლება ხელებს იწვდის და აცხადებს: ოჯახს არ უნდა! ეს კი ათასგვარი მითქმა-მოთქმის საშუალებას ტოვებს. ეს ჩემთვის მიუღებელია. ამ შემთხვევაში ვრწმუნდები, რომ ხელისუფლებას არ უნდა ქართველების გაერთიანება. ხელისუფლებას არ უნდა იმიტომ, რომ გაერთიანება ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ ღირებულებებზე უნდა მოხდეს. ხელისუფლება არ არის მზად, რომ გამოაცხადოს თუ რა ღირებულებებზე შეიძლება ჩვენი გაერთიანება. ჩვენი გაერთიანება კი არ არის შესაძლებელი იმაზე, რასაც ხელისუფლება ქადაგებს. ეს კი არის ფსევდოლიბერალიზმი, ფსევდოდემოკრატია. ფსევდოფასეულობაზე ქართველი ერი ვერ გაერთიანდება. ჩვენ გავერთიანდებით ეროვნულ, მართლმადიდებლურ ღირებულებებზე, ხელისუფლებას კი ასეთ ღირებულებებზე ერის გაერთიანება არ აწყობს. ამიტომ ტოვებს ასეთი სპეკულაციის და მითქმა-მოთქმის საშუალებას.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress