აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას არ დათანხმდება არც ერთი ეკლესია, თუ ჩვენი ხელისუფლება თვითონვე არ შეუშლის ხელს საქართველოს ეკლესიას ქართული ინტერესების დაცვაში.

germanuli_modeli_

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ აფხაზებსაც ფრთები შეასხა. ამ მიზნით აფხაზური დაპირისპირებული ბანაკები ახალი ათონის მონასტერში შეხვდნენ ერთმანეთს და ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის მისაღწევად ბრძოლა დაისახეს მიზნად.

საუბარია „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიაზე“, რომელსაც დოროთეი  დბარი ხელმძღვანელობს და „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიაზე“, ბესარიონ აპლიას მეთაურობით. მათ ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს, რამაც ავტოკეფალიის მისაღწევად უნდა იმუშაოს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზები ავტოკეფალიის, ან ავტონომიის მინიჭებას კონსტანტინოპოლისგან ადრეც ითხოვდნენ, მაგრამ მათ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

დღეს რა პერსპექტივა აქვს აფხაზების ჩანაფიქრს ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე?!

სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.Ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არც ერთ შემთხვევაში აფხაზების წინადადებას არ დათანხმდება, არ დათანხმდება არც ერთი ეკლესია, თუ ჩვენი ხელისუფლება თვითონვე არ შეუშლის ხელს საქართველოს ეკლესიას ქართული ინტერესების დაცვაში. ამიტომ ჩვენ ჯერ უნდა მივხედოთ თბილისს. თბილისი როცა იქნება ქართული სულისკვეთებისა და ცნობიერების ქალაქი, ამის შემდეგ მოგვარდება აფხაზეთში პრობლემები. მანამდე კი ასეთი მიდგომით რელიგიურ ინტერესებს ვერ დავიცავთ, ვერ დავიცავთ იმიტომ, რომ ჩვენს ეკლესიას თვითონვე ებრძვის ხელისუფლების ამა თუ იმ კლანის წარმომადგენელი.

„დროა, ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს და დაიკავოს ის პოზიცია, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს, ანუ გახდეს ეკლესიის პარტნიორი სამოქალაქო სივრცეში და ერთობლივად დაიცვან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები. საქართველოსთვის დამღუპველი პროცესი მიმდინარეობს თბილისში, რადგან ქართველი ხალხი, პოლიტიკური ჯგუფები ვერ ვახერხებთ ერთიანი ქართული პოზიციის შემუშავებას, ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, არის ქაოსი და ამ ქაოსის გამო ნოყიერი ნიადაგია ავანტიურისა და აგენტურისთვის. ამით სარგებლობს მოწინააღმდეგე. ამ ქაოსის პირობებში რუსეთის აგენტურას შესაძლებლობა ეძლევა აქტიურად იმოქმედოს. ამის გამოვლინებაა ის, რაც ხდება აფხაზეთში. თუკი თბილისში ქართული სახელმწიფოს მშენებელობას დავიწყებთ, მაშინ ავანტიურისტებს მოევლებათ, ხოლო, თუ ამას არ დავიწყებთ, მაშინ აგენტურასა და ავანტიურისტებს ვაძლევთ საშუალებას, ყოველდღიურად დაგვაშორონ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებს როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რელიგიურადაც“, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

18 მარტი, 2019

მანანა ნოზაძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress