„სახალხო პარტია“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. NEWS.GE 03.03.2014
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცის მხრიდან უკრაინის სამხედრო ინტერვენციისკენ გადადგმული ნაბიჯები სერიოზულად ძაბავს რეგიონში ვითარებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას საფრთხის ქვეშ აყენებს, ასევე სერიოზული საფრთხე ემუქრება უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ჯანსაღ და დემოკრატიულ მდგრად განითარებას, რომელიც ემოციურ ფონზე, გადაწყვეტილებების მიღებისა და ქმედებების შესაძლებლობას ზრდის, რაც, თავის მხრივ საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაციას უწყობს ხელს და დროთა განმავლობაში ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებისა და თანამშრომლობის შეუძლებლობას გაამყარებს.
მათი თქმით, საქართველომ ეს პროცესი რამოდენიმეჯერ გაიარა და, დიდი ალბათობით, კიდევ არის მოსალოდნელი. თუ გვინდა ჩვენც გვყავდეს პარტნიორები მძიმე დღეებში, ჩვენც უნდა დავუდგეთ სხვას გვერდში, არა მარტო იმიტომ, რომ უკრაინელები ჩვენი მოძმე ხალხი და პოლიტიკური პარტნიორები არიან, ან თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზეთში ომის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ, არამედ იმიტომაც, რომ ზოგადად ქართული სახელმწიფოს ადგილი სიმართლისა და ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს მხარესაა აგრესიისა და ძალადობის წინააღმდეგ
„ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მტერმა და მოყვარემ უნდა იცოდეს სად მოვიაზრებთ ჩვენ ჩვენს თავს და რა ღირებულებები უდევს საფუძვლად ჩვენს გადაწყვეტილებებს. აქ არ კმარა მხოლოდ ზოგადი განცხადებები, აქ მკაფიო გამოკვეთილი პოზიცია და ქმედებაა საჭირო. პოზიცია, რომ საქართველოსთვის უკეთესია ზედმეტი აქტიურობის გამო ვინმე არ გავაღიზიანოთ არასერიოზული და საქართველოსთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.
საქართველოს მხრიდან მხოლოდ შიდაუკრაინულ პროცესების შეფასება, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და დასავლეთის მიმართ გააქტიურების მოწოდება, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, არ კმარა, ამას ისინი ჩვენი მოწოდებების გარეშეც გააკეთებენ.“-ნათქვამია განცხადებაში.
მათი განცხადებით, თუ აგვისტოში ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერისთვის საქართველოს ხელისუფლება, როგორც აცხადებს, მზად არის, მაშინ რა უშლის ხელს რომ დღეს უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადადგას და ამასთანავე, მოახდინოს საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდირება მოსალოდნელი საფრთხეების ნეიტრალიზებისა და ქვეყანაში მდგრადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, დემოკრატიისა და ერთიანობის განმტკიცებისთვის.