ხელისუფლებამ ბრძოლის მეთოდი შემოგვთავაზა: თუ შეგიძლია, დამამხე!

“ახალი თაობა” 24. 03. 2007

ხელისუფლებამ ბრძოლის მეთოდი შემოგვთავაზა: თუ შეგიძლია, დამამხე!

შორენა კოწოწაშვილი

- ბატონო მამუკა, რა შეფასებას მისცემდით იმ საპროტესტო ტალღას, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ ზერეკიძის მიმართ გამოტანილ განაჩენმა გამოიწვია?

- დღეს სასამართლოს მიმართ საზოგადოების უნდობლობის ხარისხი ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოებას არა მარტო აქვს უფლება, არამედ ვალდებულიც არის, გამოხატოს თავისი პროტესტი ამ ვითარების მიმართ. ბუნებრივია, ასეთი არათანმიმდევრული შერჩევითი სამართალი სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას. ის, რაც დღეს ხდება, ძალიან ბუნებრივი და ლოგიკური მოვლენაა. არათუ ასეთი უსამართლობა, არამედ, მართლაც რომ სამართლიანად დასაჯონ ვინმე, ისიც კი სერიოზულ აღშფოთებას გამოიწვევს საზოგადოებაში, იმდენად მაღალია უნდობლობის ხარისხი სასამართლო ხელისუფლების მიმართ. სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არც არსებობს.

ქვეყანაში დღეს ერთი ხელისუფლებაა, უფრო სწორად ერთი კაცის ხელისუფლებაა დ აიმ ერთი კაცის და ქვეყნის მართვა მის გარშემო არსებული სხვადასხვა კლანის თუ რჯულის, გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის ადამიანების მხრიდან ხორციელდება, ვგულისხმობ როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო ხელისუფლებას. ამ ვითარების მიმართ პროტესტი თავისთავად, ძალიან ლოგიკურია. ფორმები შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ პროტესტი ბუნებრივია.

- თქვენი აზრით, საპროტესტო ტალღა დიდხანს გაგრძელდება?

- სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი აქცენტის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვითი მიმართულებით მაინცდამაინც გამართლებულად არ მიმაჩნია. აქცენტის გაკეთება მხოლოდ იმ თემებზე, რომელიც, მისი ორგანიზატორების აზრით, ამ ხელისუფლების პატრონებისთვის გულზე მოსახვედრი იქნება, გამართლებულად არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა არ გახლავთ. ჩვენი პრობლემა არის უმთავრესი: გვექნება თუ არა ქართული სახელმწიფო, ავაშენებთ თუ არა ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. აი, ეს მთავარი მომენტი დღეს უკანა პლანზეა გადაწეული და ამიტომაც მექმნება ასეთი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ძირითად საკითხებში – ანტიქართულ სახელმწიფოებრივ თემატიკაზე შეთანხმებულია და წინ წამოწეულია ეს დატალები ადამიანის უფლებების დაცვის და სასამართლოს კუთხით. ეს იმისთვის კეთდება, რომ პატრონებს ასიამოვნონ. პატრონები კი ის საერთაშორისო ორგანიზაციები არიან (მნიშვნელობა არ აქვს, პროდასავლური იქნება ეს ორგანიზაცია თუ პრორუსული), რომელთაც არ სურთ ქართული სახელმწიფოს შექმნა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ამ თამაშში მონაწილეობს და ხელისუფლებას მხოლოდ ამ სეგმენტში ებრძვის. ვიმეორებ, ამათ ყველას ერთი პატრონი ჰყავთ და ის პატრონი რა სეგმენტშიც უშვებს ბრძოლას, მხოლოდ მოედნის იმ ნაწილზე იბრძვიან და არა მთლიან მოედანზე, რასაც საქართველო და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობა ჰქვია.

- სასამართლო რეფორმაში საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ჩამოყალიბდა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემა?

- იმიტომ, რომ ეს თანხები დაიხარჯა არა რეფორმაში, არამედ ამა თუ იმ კლანის ხელისუფლებაში მოსაყვანად. სასამართლო ამ შემთხვევაში იყო პიარისთვის აუცილებელი ელემენტი. გახსოვთ, სააკაშვილის მთავარი კოზირი და მთავარი დამსახურება შევარდნაძის რეჟიმის დროს იყო სასამართლო რეფორმის განხორციელება.

- ანუ რეალურად სასამართლო სისტემის რეფორმა არ განხორციელდა?

- არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. ეს თანხები პრაქტიკულად იმაში დაიხარჯა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსულიყო. ხდებოდა არა სასამართლოს რეფორმა, არამედ მოსამართლეების პიროვნული, პერსონალური შემადგენლობის ცვლილება დღევანდელი რეჟიმის სასარგებლოდ და კონკრეტული ინდივიდების კეთილდღეობის ასამაღლებლად. Aარანაირი სასამართლო რეფორმა არც განხორციელებულა და არც მიმდინარეობს. უბრალოდ, სასამართლო გახდა ინსტრუმენტი ერთი ადამიანის და ერთი ხელისუფლების ხელში. შესაბამისად, მივიღეთ ისეთი სასამართლო, როგორიც გვაქვს. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვისმენთ, რომ ახლა იწყება სასამართლო რეფორმა. თქვენ გახსოვთ ე.წ. დასჯილი მოსამართლეები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის პირველი ტალღის წარმომადგენლები. შემდეგ ეს ტალღა გაისტუმრეს და მის ადგილას ახალი ტალღა მოვიდა, უფრო მეტად სინდის-ნამუსგარეცხილების. ალბათ კვლავ განხორციელდება მორიგი ტალღა და მოვა კიდევ უფრო უარესი მოსამართლეთა კორპუსი, რომელთაც ხელი არ აუტოკდებათ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი სასჯელი გამოუტანონ. პრაქტიკულად ეს მილიონები სწორედ ამაში იხარჯება. მინდა გითხრათ, რომ დამფინანსებელმა ორგანიზაციამ ძალიან კარგად იცოდა, ეს ფული რაში იხარჯებოდა.

- სასჯელების გამკაცრებაზე რა აზრის ხართ? შეამცირებს თუ არა ეს დანაშაულის რიცხვს?

- არ შეიძლება, ესა თუ ის მოვლენა ერთ განზომილებაში განვიხილოთ, მით უმეტეს, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც დანაშაულის შემცირებაა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას სურვილი არა აქვს დანაშაულს ებრძოლოს. ხელისუფლებას სურს ჩაკლას საზოგადოებრივი ცხოვრება და მიიღოს სულ უფრო მორჩილი და შეშინებული საზოგადოება. დანაშაულებზე სასჯელების გაზრდა ამას ემსახურება და დანაშაულის წინააღმდეგ არაა მიმართული. ამიტომ ამ საკითხის ერთ განზომილებაში განხილვა არანაირ შედეგს არ მოიტანს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: ხელისუფლებამ პრაქტიკულად შემოგვთავაზა პოლიტიკური ბრძოლის თავისებურუ მეთოდი: თუ შეგიძლია დამამხე! სანამ არ შეგიძლია რომ დამამხო, მე ყველაფერს გავაკეთებ რაც მინდა. აი, ეს არის ყოველდღიურად გაცხადებული და თანაც ღიად და ცალსახად. სასჯელების გამკაცრებაც ამ გეგმის ნაწილია.

- ასეთი აქციებით შესაძლებელია სააკაშვილის ხელისუფლების შესუსტება?

- ასეთი ერთჯერადი, არათანმიმდევრული ქმედებები არანაირ შედეგს არ მოიტანს. შედეგს, ბუნებრივია, არც ის მოიტანს, რაცა ხალხი ხედავს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია გამოდის და ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასეთ ოპოზიციასთან ხალხი ქუჩაში არ გავა. ოპოზიცია არათანმიმდევრულია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიცია შებორკილიც არის, იმიტომ, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთი და იმავე ცენტრიდან იკვებება, შეკვეთებს და დაფინანსებას ერთი ცენტრიდან იღებს. თუ ადრე “თავისუფლების ინსტიტუტი” იღებდა დაფინანსებას, ახლა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები იღებენ ამ დახმარებას და არაერთ აქციას უკეთებენ ორგანიზებას. პრაქტიკულად ეს არის ერთი და იმავე სულისკვეთების ადამიანების ბრძოლა, რეჟისორი ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ქმნის ვითომ ბრძოლის იმიტაციას. გალახვა და რამდენიმე დღით ციხეში ჯდომა არავის სიამოვნებს, მაგრამ ამაშიც ფულს უხდიან, ისე, როგორც თავის დროზე გიგა ბოკერია ძალით ალახვინებდა თავს მკალავიშვილის მომხრეებს. გახსოვთ კიდეც ეს სცენები. ამაში ბოკერია და “თავისუფლების ინსტიტუტი” საკმაოდ სოლიდურ გრანტებს იღებდნენ. დღეს რატომღაც იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ “თავისუფლების ინსტიტუტი” ხელისუფლებაშია, მის მაგივრად სხვა ინსტიტუტები არიან ოპოზიციაში და ისინი იღებენ ე.წ. დაზარალებულების გრანტებს, მთავარი კი გვერდზეა გადადებული. მთავარი არის ის, იქნება თუ არა ამ გეოგრაფიულ არეალში ის სახელმწიფო, რომელსაც საქართველო ჰქვია. ოღონდ ეროვნულ ღირებულებებზე არ იყოს საუბარი და დანარჩენისთვის ყველაფრისთვის ღიაა ყველა ტელევიზიის კარი. ამ ნაწილში ე.წ. ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ხელისუფლებასთან ერთად იზიარებს მთელ რიგ მოსაზრებებს.

- რადგან ტელევიზია ახსენეთ, ეროსი კიწმარიშვილის გამოჩენას მედიასივრცეში რას დაუკავშირებდით?

- ძალიან ძნელი სათქმელია. ორი რამ შეიძლება ვიფიქროთ: ან ხელისუფლებასთან გაარკვია ურთიერთობა და მასთან სათანამშრომლოდ ჩამოვიდა, ან, უბრალოდ, მისცეს უფლება და ისე ჩამოვიდა. სიმართლე გითხრათ, ამას რაიმე მნიშვნელოვან მოვლენად არ აღვიქვამ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress