მამუკა გიორგაძე: „ოთხი დეპუტატის ცალკე გასვლა „ოცნების“ ვირეშმაკობა“.
„ევროკავშირის 12რეკომენდაციის შესრულება არც ხელისუფლებას უნდა და არცდაწინაურებულ ოპოზიციას“
„არც 1 918, არც 1 990 წლებში საქართველო დამოუკიდებლობისთვის მზად არ აღმოჩნდა,
ახლა მაინც უნდა ვიყოთ მზად“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში და მის გარშემო მიმდინარე პროცესებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხოპარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ ადრე თქვით, რომ ახლა გადაწმყვეტი პერიოდია და საქართველომ თავისი შანსი ხელისიდან არ უნდა გაუშვას. რა ხდება ახლა? რამდენად ვიყენებთ იმ შანსს, რომელიც
მსოფლიოში მიმდინარე ძვრების გამო გაჩნდა?
_ რკინიგზელების ენას გამოვიყენებ. რკინიგზელთა ენით რომ ვთქვა, მაშინ, როცა სხვაეშელონები მიჰქრიან, ჩვენ დეპოში ვართ. დააკვირდით, რა სისულეელბს განვიხილავთ – რა თქვა ერთმა პოლიტიკოსმა მეორეზე, გამოეყო თუ არა „ქართულ ოცნებას“ ოთხი დეპუტატი.
ამ დროს მთელი მსოფლიო მსჯელობს მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ასპექტზე.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ახლანდელი მდგომარეობა, რუსეთს
ეწურება ყველანაირი რესურსი -სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური…
როგორც გითხარით, დეპოში ვართ და უაზრო დღის წესრიგით ვცხოვრობთ. უფრო მეტიც,
გამარჯვებულს ( დასავლეთი გამარჯვებულია) ვუპირისპირდებით. ეს გარკვვეულად
მაგონებს 100 წლის წინანადელ მოვლენებს. საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება (რომელიც ახლანდელს ჯობდა) ვერ გამოვიდა სოციალიზმის ჩარჩოებიდან, ვერ გააცნობიერა რუსეთის ნამდვილი სახე. დეპოში ყოფნა ახლანდელი ხელისუფლების ბრალიცაა, და იმ
ოპოზიციის ბრალიც, რომელიც წინა პლანზეა წამოწეული.
_ ისინი სცოდავენ იმაშიც, რომ ევროკომისიის მიერ ჩამოწერილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობისათვის ერთად ვერ დამსხდარან?
_ რასაკვირველია, ამასაც ვგულისხმობ, როცა ორივეს ბრალზე ვლაპარაკობ. ეს ოპოზიცია თავისი დღის წესრიგით ცხოვრობს. ის არ ემთხვევა საზოგადოების მსწრაფებებსა და ამოცანებს. ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს ხალხი არ მიჰყვება. ამ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ ხალხის ორგანიზება. საზოგადოებაც არ არის აქტიური. ბოლო დროს ჩვენ იმდენი ფაქტი მოვისმინეთ და ვნახეთ (თუნდაც, მოსმენების შესახებ), რომ წესით, აღშფოთებული საზოგადოება უნდა რუსთაველზე უნდა დამდგარიყო.
_ საზოგადოების პასიურობას „ქართული ოცნების“ მარჯვე პროპარანდაც ხომ არ უწყობს ხელს? რამდენი თვეა, ხალხს ჩარჩიჩინებენ, რომ გარკვეული ძალები გეგმავენ რევოლუციას, რომ ამავე ძალებს უნდათ საქრთველოს ომში ჩათრევა. იქნებ, ადამიანების ნაწილი დაშინდა
კიდეც?
_ მარჯვე პროპაგანდა, კომუნუსტებს რომ ჰქონდათ, ისეთი უნდა. ეროვნულ ძალებს როგორ აღარ ებრძოდნენ! იმ დროს, როცა ეროვნული ძალების მიმართ ნდობამ მაქსიმუმს მიაღწია, (80-იან წლებში), ვერანაირი კომუნისტური პროპაგანდა ვეღარ ჭრიდა. მაშინ
კომუნისტების ხერხები ვერ მუშაობდა.
_ „ქართული ოცნების“ ხერხები მუშაობს იმიტომ, რომ ოპოზიციას ავტორიტეტი არა აქვს?
_ ცხადია. ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს ხალხის ნდობა არა აქვთ.
გადავხედოთ, ვინ არიან ამ პოლიტიკურ სპექტრში. ეს არიან პირები, რომლებსაც თავისით არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ. ისინი ვიღაცამ ჩაწერა საარჩევნო სიაში, მათ ვიღაცამ აშოვნინა დიდი ფული. საბოლოოდ, მათ კბენა დაუწყეს პატრონებს. მათი
პატრონები იყვნენ და არიან შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი.
_ ბოლოდროინდელ მაგალითებსაც ხომ არ დაასახელებთ?
_ მაგალითად შემიძლია მოვიყვანო დავით უსუფაშვილი, ასევე მისი ყოფილი რესპუბლიკური პარტია. არიან პარტიები, რომლებიც პარლამენტში ყოველთვის სხვის
ხარჯზე, კოალიციურად მოდიოდნენ. რესპუბლიკური პარტია ამის დადასტურებაა.
უსუფაშვილის ახლანდელი პარტია „ლელოც“ ამ წრიდანაა და სასათბურე პირობებშია გამოზრდილი. ამ პარტიის ლიდერებმა ფული შევარდნაძის წყალობით იშოვნეს. არსებობს სათბურში გამოზრდილების ერთი წრე, რომლის წარმომადგენლები გადადიან პარტიიდან
პარტიაში, ხანდახან მიდიან არასამთავრობო სექტორში. აქედან შეიძლება ისევ პარტიაში ამოყონ თავი. ეს ყველაფერი არ ხდება ხელისუფლებების გარეშე. „ქართული ოცნების“ წევრები რომ კრიტიკას არ აკლებენ სახალხო დამცველს, დაავიწყდათ, რომ ის მათი
დამტკიცებულია? სახალხო დამცველი ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა. ასე აწყობთ და იმიტომ
იქცევიან. მაშინ ასე იყო საჭირო და ასე მოიქცნენ.
_ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოს აქტიური პოლიტიკური სპექტრი ერთი ცენტრიდან იმართება, მათი პროდასავლელობა კი თვალთმაქცობაა. ახლა რა შეიცვალა? ნაწილი ღიად ანტიდასავლელი გახდა.
_ არსებითად არაფერი შეცვლილა. საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 პუნქტი, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ამ 12 რეკომენდაციის შესრულება არც ხელისუფლებას უნდა და არც ამ დაწინაურებულ ოპოზიციას. რეკომენდაციები რომ შესრულდეს, მათი მონოპოლია დამთავრდება და ნორმალური არჩევნებიდ შედეგად მათ არავინ აირჩევს. იმისთვის, რომ თავისი გაიტანონ, საჭიროა მეტი
დრაივი, მეტი დრამატიზმი და მეტი პოლარიზაცია. ჰოდა, ამას ვაკვირდებით. ამ პარტიების, ამ პოლიტიკოსების მიზანი და სლოგანია „მე ვიყო კარგად“. დანარჩენი არ აღელვებთ. მათ შორის, სულ არ აწუხებთ საგარეო კურსი. უფრო სწორად, ისინი არ ისწრაფვიან იმისკენ,
რომ საქართველო გახდეს რეალურად დამოუკიდებელი, განვითარებული და იყოს დასავლეთის ოჯახში.
_ რუსეთზე დამოკიდებულება მაინც თუ შემცირდა?
_ რუსეთის რესურსები, როგორც გითხარით, ილევა. ეს ჩვენთვის დიდი შანსია. ჩვენ მომავალს მზად უნდა შევხვდეთ. უნდა ვიყოთ პოლიტიკურად, სამართლებრივად
მომზადებულები. უნდა განვავითაროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ინსტუტუტები. არც 1 918, არც 1 990 იან წლებში საქართველო დამოუკიდებლობისთვის მზად არ აღმოჩნდა, ახლა მაინც უნდა ვიყოთ მზად. თვალთმაქცი. საკუთარ თავზე
მოფიქრალი პოლიტიკოსები უნდა ჩამოსცილდნენ პოლიტიკას. მათ ადგილზე უნდა მოვიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. საზოგადოებამაც უნდა იფიქროს მათ განვითარებაზე.
_ „ქართული ოცნებიდან“ გამოსული ოთხი დეპუტატის თემა ახსენეთ. საინტერესო იყო არა იმდენად მათი პარტიიდან გამოსვლა, არამედ, ღიად ანტიდასავური რიტორიკა, რასაც არ ეწინააღმდეგება მმართველი პარტია..
_ ეს არის „ოცნების“ ვირეშმაკობა. ესინჯება ნიადაგი ღია ანტიდასავლური პროცესების დაწყებას. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთთან მიდის გარიგება. შეიძლება, იყოს ასეთი სახის გარიგება- მეოთხედაც რომ ვიყო ხელისუფლებაში, ამაში დამეხმარე, სამაგიეროდ, დასავლეთს დავუპირისპირდებიო. 100 წლის წინანადელი საქართველო ისევ უნდა ვახსენო. სოციალ-დემოკრატები არ უჯერებდნენ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას. სანამ
რუსეთი არ შემოიჭრა, სხვა წარმოდგენა ჰქონდათ. სოციალ-დემოკრატები ცდებოდნენ,
მაგრამ ისინი პატიოსნები მაინც იყვნენ. ახლანდელები კორუფციაში არიან ჩაფლული და ქვეყანა არ აინტერესებთ. საერთოდ, სახიფათო მდგომარეობაა. მილოშევიჩიც მახსენდება. მილოშევიჩი არ ასრულებდა დასავლეთის თხოვნებსა და რეკომენდაციებს. შედეგად
სახელმწიფო დაეშალა. თვითონ როგორ დაამთავრა, ყველამ იცის. უკვე ყირგიზეთიც კი უბედავს რუსეთს ბევრ რამეს. სხვა სახელმწიფოებზე აღარაფერს ვამბობ. დროა,
საქართველოც გამოფხიზლდეს. პირველ რიგში, საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და უარი უთხრას პოლიტიკურ მონოპოლისტებს.