ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი დისიდენტი, “სახალხო პარტიის” მთავარი კომიტეტის წევრი მარიამ (მარიკა ) ბაღდავაძე. 80 იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლიდერი მარიკა ბაღდავაძე დისდენტურ მოძრაობაში ახალგაზრდა,17 წლის ასაკში ჩაერთო. რთულ გზას - დაპატიმრებებს, რეპრესიებს ისე გაუძლო არ დაუწუწუნია, პირიქით,სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების, რეჟიმთან ბრძოლის, შეუპოვრობის და გაუტეხლობის მაგალითს აძლევდა სხვებს.
მარიკა ბაღდავაძე იყო ორგანიზატორი გახმაურებული აქციების, რომელმაც გადატეხა რეჟიმი, თუმცა თავად, იმის მიუხედავად, რომ მუდამ პერიპეტიების ცენტრში იყო, არ უყვარდა ავანსცენაზე ყოფნა. მან უარი თქვა თანამდებობზე და პოლიტიკურ კარიერაზე დამოუკიდებელ საქართველოშიც და დარჩა როგორც ადამიანის უფლებების დამცველი. შეუფასებელია მარიკა ბაღდავაძის როლი ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნებასა და განვითარებაში.
ემოციურია მისი, როგორც ქალის პირადი ცხოვრების და სიყვარულის ისტორიაც - ეს არის ისტორია ოთხი ვაჟის დედის და მოსიყვარულე მეუღლის.. ოთხი ათეული წლის წინ დადებული ფიცის და ადამიანის, რომელიც მის გვერდით იყო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ყველაზე მძიმე და რთულ წლებში და წუთებში..
მამუკა გიორგაძე ( “სახალხო პარტიის” დამფუძნებელი)
მარიკა ბაღდავაძის ცხოვრება და მის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც ისტორია ადამიანისა, რომელმაც ჩვენი თაობის დისიდენტებს შორის ყველაზე მეტი დარტყმა მიიღო. უშიშროების იზოლატორში დისიდენტებს ფიზიკურად არავინ აწამებდა, ჩვენ მხოლოდ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ვიყავით, თუ ვინმეს მეტად “დამუშავება” ხდებოდა საჭირო, ის გადაყავდათ ორთაჭალის ციხეში. მარიკა ბაღდავაძე იყო მათ შორის, ვინც ყველაზე ხშირად ხვდებოდა ორთაჭალის ციხეში და ძალიან ბევრი წვალება გამოიარა. მარიკას ორგანიზაციული ნიჭი და კონტაქტები განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა, სწორედ ამიტომაც, ხშირად იყო უშიშროების სამსახურების “სამიზნე”. მე, როგორც მისი მეგობარი და თანამებრძოლი ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მან არა მარტო გაუძლო ამ ყველაფერს, ერთი საყვედური არ დასცდენია არასდროს. ერთხელ არ დაუწუწუნია, პირიქით, ლოგინად ჩავარდნილიც კი ჩვენ გვაძლევდა იმედს და გვამხნევებდა.
- როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?
- სტუდენტობის პერიოდში, ვისაც ოდნავ მაინც აღელვებდა ქვეყნის ბედი, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, ზოგს ვიცნობდით შორიდან, ზოგს უფრო ახლოს. ჩვენ ვესწრებოდით აკაკი ბაქრაძის ლექციებს, სხვადასხვა შეხვედრებს, დისკუსიებს. ასე გადავიკვეთეთ მე და მარიკა. ჩვენ ვეძებდით სიმართლეს, ჩვენს საკეთებელ საქმეს, ამ ძებნამ მიგვიყვანა ერთმანეთამდე სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც თავს იყრიდა ყველა დისიდენტი. ნელ-ნელა დავმეგობრდით, საერთო საქმეებმა, აქციებმა, დაჭერებმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს, რაც მერე ნათელმირონობაში გადაიზარდა. მე ვარ მარიკას და მისი მეუღლის ავთოს მეჯვარე და ბავშვის ნათლია. მარიკა ადამიანების და საქმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ის იყო ძალიან პრინციპული და ობიექტური საქმეში, მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. ისეთ მაღალ სტანდარტს გვიწესებდა გარშემომყოფებს, თამასას დაბლა ვერ დაწევდი, მის ტემპს უნდა აყოლოდი, რაც არც ისე მარტივი იყო. მარიკა ქმნიდა ისეთ სამუშაო განწყობას, რომ ჩვენ მეტად მოტივირებულები ვყოფილიყავით, ბიჭებს ხანდახან მოგვინდებოდა ხოლმე გვერდით გახედვა,ლუდის, ღვინისკენ გაგვექეოდა ხელი, მარიკას მუდმივი ფორმაში ყოფნა, მორალურად რთულ მდგომარეობაში გვაყენებდა(იცინის) ის იყო ძლიერი პიროვნება, საინტერესო ადამიანი. საოცარი იყო მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. მარიკა ჩნდებოდა პირველი მათ გვერდით, ვისაც კი პრობლემა ჰქონდა, ის გვერდით ედგა ყველას ნებისმიერ გასაჭირში. მან უფრო მეტი გაუკეთა ყველას, ვისაც მე ვიცნობ, ვიდრე დანარჩენებმა მარიკას, შესაბამისად ისე მოხდა, რომ ჩვენ მეგობრებს, ყველას, მისი ადამიანური “ვალი” დაგვრჩა.
- ასეთი ლიდერული თვისებების მიუხედავად, დისიდენტურ მოძრაობასთან დაახლოვებული წრის გარდა, თითქმის სულ კადრს მიღმა რჩებოდა ფართო საზოგადოებისთვის. რა იყო ამისი მიზეზი?
-მაშინ, როდესაც მარიკას დაორგანიზებულ და მოწყობილ მიტინგებზე და მანიფესტაციებზე, სხვები სიტყვით გამოდიოდნენ და ერთმანეთს ეცილებოდნენ ორატორობაში, მარიკა გვერდით რჩებოდა. 1988 წლის ცნობილი ნოემბრის შიმშილობის აქცია, რომელმაც გადატეხა ვითარება, ჩვენი – ჩემი და მარიკას ორგანიზებული იყო. მარიკა ჩართული იყო ყველა დეტალის მოგვარებაში. იმ ხალხმა, ვისაც უნდა სცნობოდა მარიკა, ყველამ იცოდა მისი წვლილი, მათ შორის პოლიციამ და უშიშროებამ. მარიკა უფრო საქმის ადამიანი იყო, ვიდრე გამოსვლებით ცნობილი. ამას გარდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ გარკვეული ადამიანების სახელები და გვარები მიჩქმალული ყოფილიყო. იმ პერიოდში, თუ აუცილებლობა არ იყო, ფოტოებსაც კი არ ვიღებდით, რომ ზედმეტი კვალი არ დაგვეტოვებინა.კონსპირაცია მოითხოვდა ასეთ სიფრთხილეს. შემდეგ, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში საჯარო პოლიტიკა გააქტიურდა, მარიკამ თავის თავზე აიღო უდიდესი ფუნქცია. ის იყო ადამიანის უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველი, უდიდესი როლი ითამაშა ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნებაში და განვითარებაში. სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში, ისეთი დამსახურების ადამიანებსაც კი, როგორიც იყო მარიკა, თუ ისინი სახელისუფლებო თუ ახალგამოჩეკილი პარტიის ლაქიები არ იყვნენ, არ მიეცათ რეალიზაციის საშუალება. სახალხო დამცველის აპარატში, სადაც მარიკა 2004 წლამდე მუშაობდა, სტუქტურული ცვლილებები მოხდა, რომ მარიკა არ მიეშვათ იქამდე, სადამდეც უნდა მისულიყო. მარიკას სახლიდან გაჰქონდა ნივთები და პატიმრებთან მიჰქონდა, ისე აღელვებდა მათი ბედი. ქალი, რომელიც უნდა ყოფილიყო მარო მაყაშვილის “მემკვიდრე” დამოუკიდებელ საქართველოში და იყო კიდეც, უსამართლოდ გაანთავისუფლეს სამსახურიდან სააკაშვილის რეჟიმის დროს და სამსახურიდან გამოუშვა სოზარ სუბარმა, რომელიც არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მარიკამ ეს ძალიან მძიმედ გადაიტანა, გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მარიკა ამას არ იმსახურებდა. ის 15 წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი, არც ერთ 26 მაისს არ გახსენებია ის არც ერთ ხელისუფლებას. ხომ შეიძლებოდა ერთი თაიგული მიეტანათ, დაეფასებინათ და მიელოცათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქალისთვის, რომელმაც ამ დღისთვის ბევრი რამ გააკეთა, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის რისკის ფასად.
- მარიკა ქალ დისიდენტებს შორის იყო იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც როგორც ქალმაც შეძლო ჰქონოდა პირადი ცხოვრება – ჰყოლოდა ოჯახი, მეუღლე, ოთხი შვილი.
-მისი მეუღლის, ავთო ანთიძის შესახებ ერთს გეტყვით, რაც არის პასუხი ყველაფერზე – 15 წლის განმავლობაში მოუარო ლოგინად ჩაწოლილ მეუღლეს, ეს მხოლოდ დიდი ადამიანობის, სიყვარულის, თანადგომის დამსახურებაა, რომლის წყაროც იყო თავად მარიკა. იმის მიუხედავად, რომ მარიკა გარეთ იყო ლიდერი და ძალიან აქტიური ადამიანი, სახლში ხდებოდა ჩვეულებრივი მეუღლე და დედა. ოჯახურ გარემოში არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩვენი მეგობრების მეუღლეებს, რომელთაც ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდათ - არც აქციებს აწყობდნენ და არც პროკლამაციებს ავრცელებდნენ. მარიკასთვის ბედნიერება იყო ზრუნვა ქმარზე და შვილებზე. მაშინ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში იყო მარგარეტ ტეტჩერი, რომელსაც ეკუთვნოდა ფრაზა: ქალისთვის ოჯახი ცენტრია და არა საზღვარი, ასე იყო მარიკა. იმდენად დიდი შესაძლებლობები ჰქონდა, რომ სახელმწიფო საქმეებსაც აგვარებდა და ერთი წამით არ დავიწყებია, რომ ოჯახი იყო ცენტრი: აღზარდა ოთხი ჩინებული ვაჟკაცი და ღირსეული მეუღლეობა გაუწია ქმარს. იმ ასაკში, როდესაც მარიკამ დისიდენტური მოძრაობა დაიწყო, ყველა ახალგაზრდა გოგონას აქვს კეკლუცობის, თავის მოწონების პერიოდები, და როცა 18 წლის გოგო იძულებული ხარ ოსტატურად დამალო წინა ღამეს პროკლამაციების ბეჭდვისგან დასვრილი ხელები, რომ უშიშროებაში არ “დაიწვა”, ეს ხომ ბევრ რამეზე მეტყველებს, თუმცა მარიკამ შეძლო და როგორც ქალიც, თავისი არაჩვეულებრივი ოჯახით, ძალიან ბედნიერი იყო.
ნანა კაკაბაძე: (მარიკა ბაღდავაძის მეგობარი)
მარიკა გამაცნო დეიდამისმა ქალბატონმა ზეინაბმა, რომელსაც ხშირად ვხვდებოდი უნივერსიტეტში, აკაკი ბაქრაძის ლექციებზე. ჩვენი შეხვედრა ზეინაბ დეიდას სურვილი იყო. მარიკა მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მარიკა თამრიკო ჩხეიძეს გავაცანი, ჩვენთან ერთად იყო მარინა კოშკაძე. ჩვენ ოთხი ვიყავით დისიდენტების ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფი პოსტ საბჭოთა სივრცეში. იმის მიუხედავად, რომ მარიკა ჩვენში ყველაზე პატარა იყო ასაკით, თავისი ერთგული ხასიათით სრულ ნდობას იმსახურებდა, ნდობა ჩვენს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. დისიდენტური მოძრაობა იმდენად რთული იყო ბევრი ვერ უძლებდა იმ წნეხებს რაც არსებობდა, მეც, თამრიკოსაც ბევრი გულისტკენა და იმედგაცრუება გვქონდა ნანახი თანამოაზრებისგან. მარიკა იმ დროს გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ ვიყავით მარტონი, მე მაშინვე ვიგრძენი, რომ ის იყო საიმედო ადამიანი.ჩვენ, განსხვავებული ხასიათების მიუხედავად, ერთმანეთს ვავსებდით. თამრიკო იყო ფლაგმანი, თუმცა ფუნქციები ყველას ერთნაირად გვქონდა გადანაწილებული. მარიკას სახლში, ზეინაბ დეიდასთან ვმალავდით ყველაფერს, თუ კი რამ გვქონდა დასამალი, იქ მივიტანეთ საბეჭდი მანქანა, რადგან ეს სახლი იყო ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჩვენთვის. ამ სახლთან იყო დაკავშირებული ბევრი ჩვენი თავგადასავალი. მარიკას შიმშილობა, როდესაც მამამისი დააპატიმრეს ბრალდებით, თუმცა რეალურად ის დაკავებული იყო, რომ მარიკაზე მოეხდინათ ზეწოლა.
-რა თვისებებით იყო გამორჩეული მარიკა ბაღდავაძე?
- მარიკა იყო ძალიან პრინციპული. ჩვენ ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ და ერთი წამით არ მინახავს მარიკა სუსტი და გატეხილი. ჩვენ ვაგროვებდით პეტიციებს იმ ანტიქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ჰქონდა ხელისუფლებას აფხაზეთთან მიმართებით. ამ საკითხების განსახილველად გადაწყდა, რომ უნივერსიტეტში მოსულიყო ედუარდ შევარდნაძე, რაც იყო ჩვენი ვიწრო ჯგუფის აქტიურობის შედეგი. როდესაც ჩვენ უნივერსიტეტში მივედით, დარბაზთან, რომელიც კომკავშირელებით იყო სავსე, მისასვლელი გადაკეტილი დაგვხვდა, რომ ჩვენ ვისაც გვქონდა პროტესტი, დარბაზში არ მოვხვედრილიყავით. ჩვენ მაინც შევძელით დარბაზში მოხვედრა, მარიკამ საოცარი სიტყვით მიმართა ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც იძულებული გახდა ჩაეშალა ეს შეხვედრა. მარიკამ მკვახედ, პირდაპირ უთხრა თავისი სათქმელი ედუარდ შევარდნაძეს, რომ მას არ სურდა მოესმინა სიმართლე, რაც იყო ჩვენი პროტესტის საფუძველი.
მე და მარიკა ერთად ბევრჯერ დაგვაკავეს. პირველი ნასამართლეობის დროს პატიმრობას მხოლოდ იმიტომ გადავრჩით, რომ მარიკა არ იყო სრულწლოვანი, მეორად თითქმის ორი წელი გავატარეთ საპატიმროში. ერთ დღეს დაგვაკავეს და ერთ დღეს გაგვანთავისუფლეს. როდესაც ბრეჟნევი ჩამოდიოდა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის ზარ-ზეიმით აღსანიშნავად, ჩვენ დაგვაკავეს პროკლამაციებით და პლაკატებით. მოგვიტაცეს და წაგვიყვანეს რამდენიმე დღე თელავში. ჩვენ არც ვიცოდით სად მივყავდით, გვეგონა, ციხეში გადავყავდით. ჩაგვიყვანეს თელავში, ჩვენ გამო უცხოელი ტურისტებისგან დაცალეს სასტუმრო “კახეთი” და სამივე იქ მოგვათავსეს უშიშროების ტანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ.
- როგორც ვიცი, თქვენს ერთ-ერთ დაპატიმრებას დაემთხვა “თვითფრინავის ბიჭების” ისტორია და მარიკა ბაღდავაძის საკანში მოხვდა თინა ფეტვიაშვილი, როგორ იხსენებდა მარიკა ამ დღეებს?
- მარიკასთვის და ჩვენთვისაც ეს ძალიან მძიმე ისტორია იყო. მაშინ ჩვენ სამივე ორთაჭალის ციხეში, მესამე სართულზე ქალთა კორპუსში ვიყავით, მაგრამ როგორც კი გაგვასამართლეს და მოგვისაჯეს სასჯელი, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევვებს, მაშინვე ცალკ-ცალკე გადაგვიყვანეს უშიშროების იზოლატორში. ჩვენი ორთაჭალის ციხეში ყოფნის პერიოდს დაემთხვა “თვითმფრინავის ბიჭების” დაკავება. მათ შორის ბევრი ჩვენი მეგობარი იყო, ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა სოსო წერეთელთან. ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით, როგორც შემდეგ ჩვენი საერთო მეგობრებისგან გავიგე, ის ძალიან ღელავდა ჩვენი დაკავების გამო და ძალიან მალე მოხდა კიდეც ეს ამბავი. მათ თავისი პროტესტი თვითმფრინავის გატაცებაში გამოხატეს. როდესაც ბიჭები ციხეში მოიყვანეს, ციხის მთავარმა ექიმმა, რომელმაც იცოდა, რომ სოსოსთან ახლოს ვიყავი, გამანდო, რომ ბიჭები უნდა შემოეყვანათ. ვთხოვე, იქნებ სოსო მაინც მაჩვენოთ -მეთქი. იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა პერიოდი იყო, ციხის თანამშრომლებს ჰქონდათ გარკვეული სოლიდარობა და სიმპატია როგორც ჩვენ მიმართ, ასევე იმ საქმის მიმართ, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ციხის მთავარმა ექიმმა გამიყვანა კორიდორში, რამდენიმე წამით დავინახე როგორ ამოჰყავდათ დაჭრილი სოსო, ბინტით ჰქონდა გადახვეული ყელი, სულ სისხლიანი იყო. ამან ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა, ექიმმა პირზე ხელი მიმაფარა და ისე შემიყვანა სამედიცინო ოთახში, რომ ჩემი არაადამიანური ტირილი არავის გაეგონა. მოგვიანებით, მარიკასგან შევიტყვეთ, როგორ შეიყვანეს მასთან საკანში თინიკო ფეტვიაშვილი, რომელიც ორსულად იყო. ეს ისტორია წასაკითხადააც რთულია და მოსასმენადაც, მარიკა გვიყვებოდა, როგორ გაეღვიძა გვიან ღამით და დაინახა თინიკო, რომელიც სულ სისხლიანი იყო. მას აბორტი ნარკოზის ქვეშ გაუკეთეს. როდესაც ასეთი ტრაგედიის თვითმხილველი ხდები საპატიმროში, უმძიმესი და დამთრგუნველი ემოციები გიჩნდება. მარიკა იმ ღამეს ვერ ივიწყებდა. მოგვიანებით, თვითონაც მძიმედ გადაიტანა, როდესაც მილიციასთან დაპირისპირების გამო მოეშალა მუცელი. იმ დროს მას უკვე ჰყავდა ორი შვილი, ჰქონდა კარგი ოჯახი. ყველას, ვინც ვიყავით ჩართული დისიდენტურ მოძრაობაში, ქვეცნობიერადაც და რეალურ ცხოვრებაშიც, თითქოს უარი გვქონდა ნათქვამი პირად ცხოვრებაზე. ეს თემა დახურული გვქონდა. როდესაც წირავ საკუთარ თავს ეს სხვაა, მაგრამ როდესაც გაქვს ოჯახი, რისკის ქვეშ დააყენო ოჯახი, შვილი, ეს ძალიან რთულია. მარიკას ისტორია განსხვავებული აღმოჩნდა. როდესაც შევიტყვეთ, რომ მარიკა ავთოს მიყვებოდა ცოლად, ყველა გაოგნებულები დავრჩით. ავთო არ იყო ჩვენი ახლო გარემოცვის წევრი, მაგრამ ის ჩართული იყო იმ დროს მიმდინარე ამბებში, მარიკა დარწმუნებული იყო, რომ მეუღლე მას ხელს არ შეუშლიდა საქმიანობაში, რაც მართლაც ასე მოხდა. ავთოს სახით ჩვენ დიდი ძალა შემოგვემატა.მე ვარ მათი მეჯვარე და პირველი შვილის ნათლია. ავთომ ისეთი ერთგული მეუღლეობა გაუწია მარიკას, როგორც ოჯახში, ასევე საქმეში, ასეთ მეორე ისტორიას ვერ გაიგებთ. მე ბედნიერი ვარ, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.
თამარ ჩხეიძე ( ყოფილი დისიდენტი)
მარიკა 17-18 წლის ასაკში გავიცანი. ის ჩვენს ჯგუფში ასაკით ყველაზე პატარა იყო.შეურიგებელი და კატეგორიული, პრინციპული იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ის საქმიანობა, რომელსაც ვეწეოდით იპყრობდა კგბ-ს დიდ ძალისხმევას, შესაბამისად, დაგვდევდნენ, გვაკავებდნენ. ეს რთული იყო, თუმცა ზოგჯერ ამას კომიკური ხასიათიც კი ჰქონდა. ახალგაზრდები ვიყავით, მარიკას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ვემალებოდით ხოლმე მეთვალყურეებს, სახალისო ხრიკებს ვუწყობდით. როგორც მეგობრები, ერთად კარგად ვგრძნობდით თავს. მარიკა ძალიან აქტიური ადამიანი იყო. ნანა კაკაბაძე თავისი მოხერხებული და კომუნიკაბელური ხასიათით შოულობდა ხოლმე საჭირო ტიპოგრაფიულ საღებავს და სპეციალურ ქაღალდს, მე და მარიკა ვამრავლებდით პროკლამაციებს კუსტარულად ჩვენ მიერ შემუშავებული წესით.
-რა იყო ყველაზე რთული ქალისთვის, რომელიც დისისდენტურ მოძრაობაში იყო ჩართული?
-მაშინ ამ საქმიანობაში ცოტა ადამიანი ბედავდა ჩართვას, ვერ ვიტყვი, რომ ქალს და მამაკაცს შორის გარჩევა იყო. დისკრიმინაცია არ მიგრძვნია, თუმცა ქალებისთვის იყო პრობლემები, მით უფრო თავიდან, რადგან ამისი გადატანა იყო ერთგვარი შოკი ჩვენი ოჯახებისთვის. სხვა მხრივ პრობლმები არ გვქონდა. ჩვენ მიმართ ფიზიკური ძალადობა არ იყო, ეს იყო დიდი ფსქიოლოგიური სტრესი, დაპატიმრება, “კაპეზე” საშინელი პირობებით. ისე მოხდა, რომ იმ ბიჭებისგან განსხვავებით, რომლებიც იყვენენ ჩვენთან ერთად, ზურაბ ცინცაძე, ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია, ჩვენ გადავურჩით გადასახალებას რუსეთში, ხელმოწერები შეაგროვეს საზოგადოებაში, რომ არ გავეშვით შორეულ გადასახლებაში, თუმცაღა ჩვენი წაყვანაც უკვე გადაწყვეტილი იყო.
- როგორი იყო მარიკა ბაღდავაძის როლი დისიდენტური მოძრაობის გაძლიერებაში?
- მან დიდი როლი შეასრულა იმ წლებში გამართულ ყველა აქციაში. ადამიანის უფლებები, ეროვნული დამოუკიდებლობა, ძეგლების დაცვა, ეკოლოგიური პრობლემები – მარიკა იყო ამ პროცესების განუყრელი ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. ჩემი აზრით, ის ძალიან თავმდაბალი ადამიანიც იყო. დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენ უკვე აღარ გვქონდა მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, ყველა სხვადასხვა მიმართულებით წავედით, თუმცა საერთო წარსულის გამო, რომელიც იყო ძალიან ძლიერი, ჩვენ მეგობრებად დავრჩით. მარიკა აქტიურად მუშაობდა ადამიანის უფლებების მხრივ, მონაწილეობდა სხვადასხვა გამოსვლებში, მაგალითად, დავით გარეჯის დაცვისთვის გამართულ მიტინგში. სანამ ფიზიკურად შეეძლო პროცესებს არ ჩამოშორებია.სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში დაავადდა საკმაოდ იშვიათი დაავადებით, ალბათ, იმ მძიმე წლების გამოც დაემართა, რაც მან გაიარა ახალგაზრდობაში.
ავთო ანთიძე (მარიკა ბაღდავაძის მეუღლე, ეროვნული მოძრაობის მონაწილე)
მე და მარიკამ ერთმანეთი გავიცანით 1978 წელს, დედა ენის დაცვის ცნობილი აქციის დღეებში. მაშინ ორივე სკოლის მოსწავლეები ვიყავით, მე მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, მარიკა - 53-ე სკოლაში. ერთმანეთს დავუახლოვდით კაკო ბაქრაძის ლექციებზე, რომლებსაც ეროვნულ მოძრაობაში ჩართული უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ერთმანეთს ვხვდებოდით წლები, დაჭერიდან დაჭერამდე, როგორც თანამებრძოლები და თანამოაზრეები. ერთხანს, თითქმის ერთ წელზე მეტი მარიკა, ნანა კაკაბაძე და თამრიკო ჩხეიძე სოფელ უდაბნოში გადაასახლეს.
იქ არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ბაზა იყო, იმ ბაზაზე ცხოვრობდნენ იძულებით, თან მუშაობდნენ, ოფიციალურად მეცნიერ თანამშრომლებად ითვლებოდნენ. თბილისში ჩამოსვლის უფლება აკრძალული ჰქონდათ. მეგობრები ჩავდიოდით ხოლმე მოსანახულებლად. იმ დროს უდაბნოს კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო ლევან თედიაშვილი, ცნობილი სპორტსმენი, მოჭიდავე. უდაბნო საგარეჯოს რაიკომს ეკუთვნოდა, რაიკომის მდივანი იყო მედიკო მეზვრიშვილი,რომელმაც გოგონები ლევანს ჩააბარა მოსავლელად და დაავალა, ამ გოგოებს პატივი ეციო. ლევანმა, როგორც ჭეშმარიტმა კახელმა და კარგმა მოქეიფემ, პატივისცემა, პირველ რიგში კარგი სუფრით გადაწყვიტა. ამ ამბავს ჩვენც შევესაწარით. ლევანი კახური ხელგაშლილობით და კარგი პურმარილით მივიდა გოგოებთან, მარიკამ და თამრიკომ ერთი ამბავი დააწიეს. ნანას გარდა არც ერთი ხორცს არ ეკარებოდნენ, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა, კაცმა ჩათვალა, გოჭებით გავუმასპინძლდებიო და ამის გამო სერიოზულ კონფლიქტში მოხვდა. მე, მამუკა გიორგაძემ და გია ჭანტურიამ რომ დავინახეთ, როგორი ” მომარაგება” ჰქონდათ გოგონებს, მოვუხშირეთ სიარულს უდაბნოში და ლევანის გაშლილ სუფრასთან ჩვენც მოვილხენდით ხოლმე (იცინის)
უდაბნოში მათი ცხოვრება არ იყო იოლი. ერთხელ კგბ-მ გოგონებისთვის ნემსების გაკეთება გადაწყვიტა. აუხსნეს, რომ ეს იყო სპეციალური და აუცილებელი აცრები. ამაზე დიდი ამბავი ატყდა. მარიკას, ნანას და თამრიკოს უარის შემდეგ კგბ-მ ძალით წაიყვანეს საავადმყოფოში. ბოლო მომენტში, არ ვიცი როგორ, რეზო ჩხეიძეს დაუკავშირდნენ, ატეხა რეზომ ამბავი, საქმეში მედიკო მეზვრიშვილიც ჩაერთო, ეს რას ნიშნავსო და ასე გადარჩნენ გოგონები გაურკვეველ აცრებს. იმ პერიოდში ეს ამბავი ძალიან გახმაურდა. მე ხშირად ჩავდიოდი უდაბნოში, მერე ნელ ნელა მივხვდით მეც და მარიკაც, რომ მხოლოდ მეგობართან არ ჩავდიოდი და ერთმანეთის მიმართ ორივეს სხვა ემოციები გვქონდა.
- დისიდენტი გოგონას ცოლად მოყვანა იოლი გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო იმ დროში, ერთია, როდესაც მეგობარს მიყვები “ბრძოლის ველზე” და მეტად სახიფათო და საპასუხისმგებლო. როდესაც მეგობარი შენი მეუღლეა.
- ამაზე ღრმად არასდროს მიფიქრია. ჩვენ ვცხოვრობდით იმ ცხოვრებით და მიზნით, რაც გვქონდა დასახული, სხვისი აზრი არ გვაინტერესებდა. რა თქმა უნდა იყო ბევრი სირთულე, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდით. მაშინ, როდესაც ერთმანეთს ცხოვრება დავუკავშირეთ არც ერთმა არ ვიცოდით, საბჭოთა კავშირი ასე მალე თუ დაიშლებოდა, ამიტომაც ჩვენ უფრო ხანგრძლივი ბრძოლისთვის ვიყავით მზად. ეს განსაზღვრული გვქონდა. ჩვენ 1986 წელს დავქორწინდით. პატარა ქორწილი გვქონდა, ახლო მეგობრების წრეში. უშიშროება, სახლში ვერ მოგვადგებოდა, მაგრამ გარეთ, რა თქმა უნდა დაგვყვებოდნენ. ჩვენ 1988 წლამდე გვდევნიდნენ. უმაღლესშიც კი ძლივს ჩავაბარე, საბუთებს არ იღებდენენ. თავდაპირველად გამრიცხეს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტიდან, სადაც იმის გამო ჩავაბარე, რომ ჯარში არ წავსულიყავი. დაჭერების გამო ინსტიტუტიდან გამრიცხეს. ექიმობა მინდოდა და გადავწყვიტე სამედიცინოზე შემეტანა საბუთები.
ნაძალადევში ვცხოვრობდი,სახლთან კგბ ზედამხედველობდა, მეზობლების სახლების გავლით ჩუმად გავიპარე და ისე შევიტანე საბუთები, გამოცდებზეც ასე ჩუმად დავდიოდი. მარიკამაც ასე ხრიკებით შეძლო ჩაბარება ფილოლოგიურზე, თუმცა მერე ისტორიის ფაკულეტეტი დაამთავრა.
- შვილების დაბადებამ, ოჯახმა არ შეცვალა მარიკას ჩართულობა მძიმე და რთულ საქმეში?
- არა, აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. მარიკა სახლში იყო დედა, მეუღლე. საოცარი კულინარი იყო. არ ვიცი, სად და როდის მოასწრო სწავლა, ისეთ საჭმელს გააკეთებდა, ვერ ვიჯერებდი ხოლმე რომ სამზარეულოში პრაქტიკა არ ჰქონდა. ყოველ ხარებას ჩვენთან იშლებოდა სუფრა მეგობრებისთვის, სპეციალურად ვყიდულობდით ძვირადღირებულ თევზს, რადგან იმ დღეს თევზით ხსნილი იყო, მარიკა ხუმრობდა ხოლმე, სარეცხის ქვაბით ვაკეთებ ასატრინის ბუღლამასო.
-მის გამო ალბათ ბევრ რთულ სიტუაციაში მოხვედრილხართ, არასდროს გითქვავთ ცოლისთვის, ეს სახიფათოა, უნდა შეჩერდე?!
-მარიკა მესამე ბავშვზე იყო ორსულად, როცა ერთ-ერთი მიტინგის დროს მილიციასთან შეტაკებისას მუცელი მოეშლა. ეს იყო საშინელი დღე ჩვენს ცხოვრებაში. 9 აპრილის მიტინგების დროს ორსულად იყო, ტელევიზიასთან ვიყავით შეკრებილი. ვთხოვე, იმ აქციაზე არ მოსულიყო. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მას ხმამღლა ვუთხარი, წადი სახლში, გაერიდე აქაურობას-მეთქი. მეზობელ გოგოსთან ერთად იყო, ის მარიკას სახლში წამყვანი იყო? ლუიზა შაკიაშვილმა გადაიყვანა მოპირდაპირე მხარეს, თურმე გზის გადაღმა იყო გაჩერებული და იქიდან აკვირდებოდა პროცესებს.
ისეთი ხასიათი ჰქონდა, ღირსების საკითხებში კომპრომისზე არ წავიდოდა, უკან არ დაიხევდა, ბრძოლაში შეუვალი იყო. პირად მაგალითს აძლევდა ყველას. პერიპეტიებში, წინა რიგებში მორაგბეები იყვნენ ხოლმე ჩვენთან ერთად. ერთხელ ჩემი მეგობარი რაგბისტი გიზო მონიავა მიყვებოდა, ერთ-ერთ მიტინგზე, იმდენი მილიციელი წამოვიდა, შეგვეშინდა და უკან დახევა გადავწყვიტეთ, უცებ მარიკამ დაიძახა, ფეხი არ მოიცვალოთო, ისეთი შემართული იყო, უკან რა დაგვახევინებდა, კორდონი გავარღვიეთო.
მარიკას შეეძლო ჰქონოდა თანამდებობა ნებისმიერ მთავრობაში, მაგრამ ამისი სურვილი არასდროს ჰქონია. ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც თავს უხერხულად თვლიდა მარიკას გამო, რადგან მისი ნათესავების მეგობარი იყო, შემორიგების მიზნით, მარიკას რამდენჯერმე შემოუთვალა რომ გარკვეულ პოზიციებზე ემუშავა, ეტყობა, სიტუაციის გამოსწორება უნდოდა, მაგრამ მარიკას არაფრის გაგონება არ სურდა. შემდეგ მუშაობა დაიწყო დათო სალარიძესთან, ომბუდსმენის აპარატში. ადამიანის უფლებები მისი სტიქია იყო, ხმალამაღებული იბრძოდა ადამიანების დასაცავად. მერე დაიწყო მისი ავადმყოფობის წლები. ყველაფერი ვცადეთ მისი მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ არაფერმა უშველა.
-ბოლო 15 წელი გვერდიდან არ მოცილებულხართ მეუღლეს, რომელიც მძიმე დაავადებით იყო ავად.
- რადგან მე პროფესიით ექიმი ვარ, უფრო გამიადვილდა მარიკას მოვლა. გავხდი ექსპერტი იმ დაავადებაში, რაც ჰქონდა მარიკას. ბოლო 15 წელი მარიკა პარალიზებული იყო, როგორც ექიმმა იოლად ავითვისე სანიტრის, ექთნის, თავისთავად ექიმის საქმე და ყველა საჭიროება, რაც ამ დაავადების დროს არის აუცილებელი პაციენტებისთვის. ჩვენ ოთხი არაჩვეულებრივი ბიჭი გვყავს. ამითი ძალიან ბედნიერი ვარ. მარიკა ხუმრობდა ხოლმე, ხუთი გურულის მოთვინიერებისთვის მეკუთვნის მედალი, მეც არ ვრჩებოდი “ვალში”, ვაკელი მეგონე და ვანელი აღმოჩნდი მეთქი, ასე ვიყავით – ხუმრობით ვარკვევდით ვაკელობის და ვანელობის საზღვარს (იცინის)
ჩვენ ოთხი ათეული წელი გავატარეთ ერთად. მე და მარიკა ვასრულებდით მიცემულ ფიცს. სულ ვეუბნები ხოლმე ახალდაქორწინებულ ახალგაზრდებს. როდესაც აძლევთ აღმატებულ ფიცს ღმერთს, უფალს საკურთხეველთან, ყველაზე წმინდა ადგილთან, ეს ფიცი აუცილებლად უნდა შეასრულოთ. ეს ფიცი შემთხვევითი არასდროს არაა, და თუ დადებ, უნდა დაიცვა – ესაა ქორწინების საიდუმლო, გვერდით ყოფნა განსაცდელსა და ლხინში, ბედნიერებაში თუ უბედურებაში. ცოლი და ქმარი უნდა იყვნენ ერთმანეთის გვერდით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
მე და მარიკა ვცდილობდით ამ პრინციპით გვეცხოვრა და არ დაგვერღვია ფიცი, დადებული ოთხი ათეული წლის წინ.