ჩრდილოეთის როლი საქართველოს საგარეო მდგომარეობაში უწინ და დღეს

220px-დავით_ვაჩნაძე._ალექსანდრე_როინაშვილი

დ. ვაჩნაძე. სამშობლო #17-18 10 1935 პარიზი

`უძველესი დროიდგან მოყოლებული საქართველოს იმიერ კავკასიაში მცხოვრებ ერებთან ჰქონდა დამოკიდებულება და ხშირად კავშირიც, არა ერთხელ იბერიის მეფეს თავის მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად ისინი გამოუყვანია და მათთვის მიუსევია. ასე მოიქცა, მაგალითად, ფარსმანი (395-404 წ. ქრ. შ. შ.), რომელსაც ე.წ. `თეთრი ჰუნნები~ (ამ სახელით იმ დროს იყვნენ ცნობილნი ჩრდილო კავ-ლნი) გამოუყვანია და ბიზანტიელებისათვის მიუსევია. ამავე ჰუნნების მეშველ ტომის დახმარებაზე ვახტანგ გურგასალსაც (446-449 წ.) დაუმყარებია იმედი, როდესაც სომხებთან ერთად სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაუწყვია. სპარსელებმა ხანგრძლივი გამოცდილებით იცოდნენ, რომ ქართველებს მთიელებითა ჰქონდათ ზურგი მაგარი; გამოიყვანდნენ პირიქითელ ხაზარებსა და ჰუნნებს და მიუსევდნენ სპარსეთს~. (ივ. ჯავახიშვილი: `ქართველ ერის ისტორია~ წ. I. გვ. 217-251, 1928 წ.).
`14 აგვისტოს 1121 წ. სოფ. დიდგორთან მოხდა საშინელი ბრძოლა, დასაც დავით აღმაშენებელის მთელი სამეფოს ძალები და მათი მოკავშირე ოს-ჩერქეზ-შირვანელთ მეომარნი და მეფის საკუთარი მუდმივი ჯარი წინა აზიის საუკეთესო მხედრობის, არაბ-სპარსელ-თურქებისას შეეჯახა~ (ზ. ავალიშვილი: `ჯვაროსანთა დროიდან~ გარშემო ერთი ომისა, გვ. 48-49).
ცნობილია, რომ დავით აღმასენებლის დროიდგან (1089-1125 წ.) დაარსებულ ქართულ მუდმივ ჯარის საგრძნობ ნაწილს შეადგენდა ე.წ. როქის სპა (როქა _ ჯამაგირი ბერძნულად), რომელშიაც შედიოდნენ ყიფჩაღნი, ალანები (ოვსნი) და სხვანი. ყივჩაღთა ყოფნა საქართველოს ლაშქარში შენიშნულია შემდეგ ხანებშიაც, გიორგი III და თამარის მეფობაში. მაგალითად 1203 წელს იგინი იყვნენ შამქორის ომში სადაც თამარ მეფის ლაშქარმა დაამარცხა სპარსელები (მ. ჯანაშვილი: `აღწერა ქართულ საეკლესიო მუზეუმის ხელთნაწერებისა~ (რუსულად) წ. III, გ. 91, საბუთი # 864, ტფილისი 1908 წ.; თათარყან დადეშკელიანი: `მოკლე მიმოხილვა საქართველოს მხედრობისა 1089-1222 წლამდე~; ჟურ. `ივერია~ 1885 წ., # 10).
ასეთ და სხვა გვარ მრავალ უტყუარ და ურყევ საბუთებითა მტკიცდება, რომ ძველი და საშუალო საუკუნოების საქართველოსათვის პირიქით (იმიერ კავკასიური) ანუ ჩრდილოეთის მესაზღვრე მხარეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
ახალ საუკუნოების ეპოქაში ჩრდილოეთის გავლენა ხომ უფრო და უფრო ძლიერდება. შორეულ ხნიდან აღმოსავლეთ ევროპის ველებზე აზიიდან შემოსულ თურქ-მონღოლთა ურდოების მიერ სხვა და სხვა დროს დაარსებულ და დაქცეულ სახელმწიფოების*) [(* თითქმის ათასი წლის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ ველების სივრცეზე, მდ. ვოლგიდან მდ. დნესტრამდე, დანავარდობდნენ აზიიდან შემოსული თურქ-მონღოლთა ურდოები. 375 წ. ქ. დ. შ. ამ ადგილებში შემოიჭრნენ ავარები, მათ მოჰყვნენ ჰუნნები, ჰუნნები შესცვალეს უნგრებმა, უნგრები _ ხაზარებმა. ხაზართა იმპერია დაანგრიეს პეჩენეგებმა და პოლოველებმა და ბოლოს მე-13 საუკუნეში ამ მხარეებში აღმოცენდა ყიფჩაღთა (თათრების) სახელმწიფო. ყიფჩაღთა წინამორბედი ურდოები ზოგი დასავლეთ ევროპაში შეიჭრა და გაითქვიფა (ჰუნნები, უნგრები), ზოგი მთლად გაჰქრა (ავარები, პეცენეგ-პოლოველები). მათ შექმნილ სახელმწიფოთა შორის ყველაზე უფრო ცნობილი და ძლიერი აღმოჩნდა ხაზართა საკახანო (მე-7_მე-9 საუკ.) და ყივჩაღთა საყაენო ანუ `ოქროს ურდო~ (1240-1400 წწ.); ჩრდილო კავკასიის ხალხები შედიოდნენ აღნიშნულ სახელმწიფოთა გავლენისა და ბატონობის საზღვრებში (პროფ. ს.გ. პლატონოვი: `კურს რუსკოი ისტორიი~, წიგ. I, ს.გ. ბიკადოროვ: `ისტორია კაზაჩესტვა~, წიგ. I-ლი, პრაგა, 1930 წ.)] მაგიერ მე-15 საუკუნიდან საბოლოოდ ეწყობა და იზრდება ახალი სლავიანთა სახელმწიფო. მე-18 საუკუნის დასაწყისში პირიქითელი ხალხები ჩრდილოეთიდან მოწოლილ მათ მძლავრ ტალღებში გაეხვევიან.
* * *
თუ დავით აღმაშენებლის და თამარის დიდ საქართველოს დრომდე და მათ დროსაც ჩრდილოეთის მხარე ხშირად დამხმარე ძალად ევლინება, მე-13 საუკუნიდან იგი სამტრო მოვლენად გადაექცევა. თითქმის ორასი წელიწადი (1405 წლამდე) საქართველო და მთელი კავკასია, გარშემორტყმული მონღოლთა რკინის რკალით, მათ უხეში გაუმაძღარი ურდოების სათარეშოთა ხდება. ნამეტნავად დააზიანა კავკასია ისლამის მებაირაღტრე მრისხანე თემურლენგის შემოსევამ (1380, 1399, 1404 წწ.). თუ მისი წინამორბედი მონღოლები წარმართნი იყვნენ და თავიანთი სარწმუნოების გავრცელება ფიქრადაც არ მოსვლიათ, ეხლა თემურლენგის მონღოლები ხმლითა და იძულებით ცდილობენ დამორჩილებულ ერთა შორის ისლამის გავრცელებას. წინანდელ ხოცვა-ჟლეტას და აოხრებას ეხლა სარწმუნოებრივი მძულვარება და დევნილობაც თან დაერთო (ივ. ჯავახიშვილი).
საერთოდ, მე-15 საუკუნის დამდეგს თემურლენგის თავდასხმებმა დიდი ცვლიებანი შეიტანა პირიქითელ კავკასიელ ხალხთა ცხოვრებაში. თავის უკანასკნელ შემოსევისას (1404 წ.), თემური აოხრებს საქართველოს და ამიერ კავკასიას, მერე გაარღვევს დარუბანდის კარს, საბოლოოდ დაამარცხებს თერგის ნაპირზე ყივჩაღთა დიდ ყაენს თახთამიშს, მიანგრ-მონგრევს მთელ მის სამფლობელოს რიაზანამდე, მობრუნდება ქვევით ჩრდილო კავკასიისაკენ, მოსრესავს ჩერქეზ-ყაბარდო-ალანების (ოვსების) მხარეებს და გადავა აზიაში, სადაც მოკვდება (1405 წ.). მის მიერ დანგრეული ყიფჩაღთა სახელმწიფო დაიშლება სამ ნაწილად: ყაზანის, ასტარხანის (ნოღაელების) და ყირიმის თათართა სამეფოებად. განადგურებულნი, განახევრებულნი პირიქითელი ხალხები სცლიან ჩრდილო კავკასიის ველ-მინდვრებს და კავკასიის მთის კალთებს ეფარებიან, მათ მოსაზღვრედ ხდება, მონღოლთა ბატონობისაგან განთავისუფლებული მოსკოვის სამეფოს სახით გაერთიანებული რუსთა სამთავროები.
ამავე დროს კავკასიის სამხრეთით ჩნდება ორი ახალი ძალა: ფეხზე დგება მონღოლთაგან წაქცეული სპარსეთი. მის მეზობლად განახლდება თემურლენგისაგან დამარცხებული, მაგრამ მისი ნამდვილი მემკვიდრე და ტრადიციების გამგრძელებელი თურქ-ოსმანლისების სახელმწიფო.
1453 წელს ოსმალებმა აიღეს კონსტანტინოპოლი, მიითვისეს ბიზანტიის იმპერიის სახრავი და სახელიცა (იმპერია), გამაგრდნენ ბოსფორისა და შავი ზღვის სამხრეთ ნაპირებზე და გაეშურნენ ჩრდილოეთისაკენ, _ აღმოსავლეთ ევროპაში მობინადრე თურქ-მონღოლთა ნაშთების ჩასაბარებლად. 1475 წ. აიღეს კაფა (თეოდოსია) და წ. აზოვი; მოიწყეს ვასალურ ყირიმში მაგარი საბინადრო და მაშველი ხელი გაუწოდეს ასტრახან-ყაზანის ერთმორწმუნე და მონათესავე თათართა ქვეყნებს.
ამ ბრძოლებში ოსმალებს წინ მიუძღოდა თემურლენგის ძველი, მებრძოლ ისლამის დროშა. ოსმალეთის იმპერიამ თამამად დაუპირისპირა მაჰმადს მოკაკვული მახვილი _ ქრისტიანულ ერების ჯვაროსნულ ხმალს, თუმცა ამ რთულ ბრძოლებში ხშირად ზოგი საქრისტიანო ან სამაჰმადიანო ქვეყანა ემხრობოდა მოწინააღმდეგე რჯულისას. ამ ხანად აღმოსავლეთ ევროპის ველებიდან მოყოლებული ვიდრე მცირე აზიამდე ერთმანეთს დაეჯახა ორი ძველი მოქიშპე სარწმუნოება: ქრისტიანობა და მაჰმადიანობა. ერებიც თითქმის ამ ორ მთავარ ხაზზე გაიმიჯნენ. ერთის მხრივ ქრისტიანნი: სლავიანები, ყაზახები, ჩერქეზ-ყაბარდოელები*) [* მრავალი ისტორიული საბუთი ამტკიცებს, რომ უძველეს დროიდგან ყაზახები, უმთავრესად `დონის ყაზახები~ (ჩერქეზ-ყაბარდო-სლავიან და მონღოლთა ნარევნი) იყვნენ და დარჩნენ თავისებურ ეთნიურ-პოლიტიკურ ერთეულად, საკუთარ განსაზღვრულ ტერიტორიით, ზნე-ჩვეულებით, წესწყობილებით. ძველ მონღოლურ სახელმწიფოებში შედიოდნენ გარკვეულ ყაზახურ კლანად. ასევე შევიდნენ რუსეთის იმპერიის ფარგლებში. რევოლიუციის დროს დაეყრდნენ თავის ძველ ატამანურ `დონის კონსტიტუციას~ (პროფ. სვატიკოვ: `დონ I როსია~, ს.გ. ბიკადოროვ _ `ისტორია კაზაჩესტვა~ წიგ. I-ლი).
ჩერქეზ-ყაბარდოელებში ქრისტიანობამ ფეხი მოიკიდა მე-4 საუკუნიდან ბიზანტია საქართველოს გზით. მე-13 საუკუნეში ვენეციელების და გენუელების შემწეობით ამათში გავრცელდა კათოლიკობაც, მხოლოდ მთავარი ადგილი ეჭირა ბერძნულ სარწმუნოებას. მე-16 საუკუნემდე ამ ხალხში მაჰმადიანობის ხსენებაც არ ყოფილა. 1600 წლიდან ოსმალ-ყირიმელების გავლენითა და ძალით ჩერქეზ-ყაბარდოს მოწინავე წოდება მაჰმადიანდება, მდაბიო ხალხი კი რჩება ქრისტიანობის რიტუალში. ჩრდილო კავკასიელებში, კერძოთ ჩერქეზებში, ისლამმა გაიმარჯვა საბოლოოდ მე-18 საუკუნის ბოლოს. ამას ხელს უწყობდა რუსეთის უმგვანი ნაციონალური პოლიტიკაც. მიუხედავად ამისა წარსულ საუკუნეში ხალხში კიდევ მაგრად იყო გამჯდარი ქრისტიანული ადათ-წესები (ნ. დანილევსკი: `ოჩერკი ისტორიი კავკაზკიხ პლემიონ~ 1846 წ.)], ოსები, ქართველები და სომხები; მეორეს მხრივ მაჰმადიანნი: ყაზანისა, ასტრახანისა, ყირიმის თათრები, დაღესტნელთა თემები (უძველესი მაჰმადიანები), სპარსელები, რომელნიც სარწმუნოებრივ ბრძოლაში მაჰმადიანების ჯაჭვში იყვნენ ჩაბმულნი, და თურქები.
დარდანელის სრუტის ჩაკეტვით, ოსმალეთმა გადაუჭრა საქართველო-კავკასიას ორივე სავაჭრო გზა, რომელიც უწინ გენუელების საშუალებით მას აკავშირებდა ევროპის ქვეყნებთან და ეკონომიურადაც ხელს უწყობდა: ჩრდილოეთით ჩაეკეტა გზა მომავალი შავი ზღვის ნაპირებიდან სარაია-თურქესტან-ჩინეთისაკენ და მეორე _ ფოთი-სპარსეთ-ინდოეთისაკენ.
ჩრდილოეთიდან ზურგ გატეხილი საქართველო, მისი მიწა-წყალი და მოსახლეობა, ისედაც აოხრებულ-გავერანებული, დაქუცმაცებული მონღოლთა წინა ბატონობით, ეხლა ისევ ორ მოქიშპე ძლიერ მაჰმადიან ქვეყნის, სპარსეთ-ოსმალეთის, გასაჯიჯგნი საგნადა ხდება. მარტო 1510 წლიდან 1553 წლამდე საქართველომ გადაიტანა ოსმალეთ-სპარსეთის რვა მძვინვარე შემოსევა. 1553 წ. ოსმალეთის გავლენით საქართველო ორ ზონად გაიყო: დასავლეთი ნაწილი მიიკუთვნა ოსმალეთმა, აღმოსავლეთი კი სპარსეთმა (ს. კაკაბაძე: `ახალი საუკუნოების ეპოქა~, ტფილისი, 1920 წ.), და თანდათან, ისარგებლა რა სპარსეთის შფოთით, ოსმალეთი დაეპატრონა მთელ კავკასიას (ოტომანთა ისტორია ჟონკიერისა, გვ. 219).
მაგრამ ძლევა მოსილ ოსმალეთის იმპეიის შავი ზღვის ჩრდილოეთით ნაპირებზე გამაგრებას და მის ჩრდილოეთის გეგმებს უკვე დახვდა იოანე მე-IV მრისხანეს გაერთიანებული მაგარი მოსკოვის სამეფო. მე-16 საუკუნიდან ეს ორი ძლიერი სახელმწიფო გადაეკიდა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. იოანე მრისხანემ დაასწრო ოსმალეთის ზრახვებს და 1552 წ. დაიპყრო ყაზანის სამეფო და 1553-57 წლებში ყაზახთა მაშველი ჯარების შემწეობით ასტრახანის სამეფოც. ამის საპასუხოდ ოსმალებმა 1569 წელს მოაწყეს დიდი ლაშქარი ასტრახანის გასანთავისუფლებლად და იქიდან ყაზანელებისათვის მისაშველებლად; მაგრამ ამ დიდი გეგმის შესრულებისათვის ოსმალებს არ ჰქონდათ მოწყობილი სათანადო ორგანიზაცია, არც საღსარი და ეს დიდი ლაშქრობა დიდი კატასტროფით დამთავრდა. მოსკოვის საზღვრები ახლა შეიჭრნენ ჩრდილო-კავკასიის ველების წიაღში. საქართველოს ჩრდილოეთიდან ეხლა ძლიერი რუსული ფაქტორი მოევლინა.
* * *
აი, ამ მოკლედ მოთხრობილ ისტორიულ ამბავთა ასპექტში მე-16 _ 17-ე საუკუნის საქართველოს და კავკასიის ქრისტიანულ ერებს მოახლოვებული ერთმორწმუნე რუსთა სამეფოს სახით, ჩრდილოეთი კვლავ ევლინება ერთად ერთ მაშველად საგულვებელ ძალად, სამხრეთიდან მოწოლილ მაჰმადიანურ სტიქიის დამღუპველ ძალმომრეობისაგან, უმთავრესად ოსმალთა სახით. და საქართველოს აღეძრა იმედი მოსკოველებთან კავშირის გაწყობისა.
აქ არის საჭირო ისტორიულ სინამდვილის აღდგენა, თუ ვინ გადადგა კავკასიელთა შორის პირველი ნაბიჯი მოსკოვის მფარველობის სათხოვნელად? დღემდის გავრცელებული აზრი, ვითომდა ამის პირველობა საქართველოს ეკუთვნის, არ არის სწორი. იგი მიეკუთვნება ქართველების ჩრდილო მეზობლებს, მის ხშირ მოკავშირეებს ჩერქეზ-ყაბარდოელ ხალხს, რომელიც მაშინდელ დროს რიცხვითა, ძალითა თუ გავლენით იმიერ კავკასიაში არ ჩამოუვარდებოდა ამიერ კავკასიაში მთავარ მობანაკე ქართველ ერს.
ისტორიული საბუთები მოწმობენ, რომ როდესაც ოსმალებმა ყირიმის სახანო თავის ვასალურ ქვეყნად გაიხადეს და შესდგეს ფეხი ჩრდილო კავკასიის შავი ზღვის ნაპირზე, ყირიმის ხანი მეჰმედ გირეი სულთანის ბრძანებით შეუდგა ყუბანის ჩერქეზების და ყაბარდოელების დაპყრობას და ძალით გამაჰმადიანებას. ყაბარდო-ჩერქეზები იძულებულნი ხდებიან მიმართონ მოსკოვის მეფე იოანე მე-IV მფარველობის სათხოვნელად. 1555 წელს იოანე მე-IV მიიღო თავის მფარველობის ქვეშ ყაბარდოელები და რამოდენიმე წლის შემდეგ შეირთო ყაბარდოელ თავადის ქალიც. 1559 წ. მან გაუგზავნა ჩერქეზებს თურქ-ყირიმელ თათრების წინააღმდეგ თავისი მაშველი ჯარი თ-დ ვიშნევეცკის სარდლობით. `ყაბარდოს მაგალითს მიბაძა საქართველომაც, კახეთის მეფე ალექსანდრე მე-II-ს სახით~ (პროფ. პ.ნ. კოვალევსკი: `ისტორია კავკაზა~, ტ. II, გვ. 15. 1915 წ.*) [*საქართველოს ჰქონდა მისვლა-მოსვლა რუს მთავრებთან ჯერ კიდევ თამარის მეფობის დროიდან. მე-15 საუკუნეშიც კახეთის მეფე ალექსანდრე I და მისი შვილი ლევანი ანახლებენ დაახლოვებას მოსკოვის ბატონებთან მიღებულ მეზობლურ წესების საშუალებითა _ საჩუქრების გაგზავნითა, მილოცვებითა და სხვა].
კახეთის მეფე ალექსანდრე მე-II (1574 _ 1605 წწ.) ძალზე შეწუხებული ოსმალეთ-სპარსეთის ძალადობით (ორივეს ხარკს აძლევდა), რომელსაც თან დაემატა კახეთზე ზურგიდან ლეკების**) [**იმ ხანად დაღესტანი ეჭირათ ოსმალებს. Hისტ. დე ლ,Eმპირე Oტტომან, პარ ლა ჟონქუიერე; პ. 217 _ 219] თავდასხმები, 1586 წ. გაგზავნა მოსკოვში თავისი რწმუნებულები _ ჩერქეზი ხურშიდი მღვდელი იოაკიმე და ბერი კირილე; ალექსანდრეს კაცნი სთხოვდნენ მოსკოვის მეფეს თევდორეს დახმარებას და მფარველობის აღმოჩენას კახეთის მტრების ასალაგმავად. შემდეგ წელს კახეთში ჩამოვიდა მოსკოვის მეფის საგანგებო რწმუნებული ბირკინი. 28 ენკენისთვეს 1587 წელს მან თან წაიყვანა კახეთის მეფის პირველი ელჩი თ-დი ყაფლან ვაჩნაძე. ამ უკანასკნელმა საჩუქრებთან ერთად მოსკოვის მეფეს მიართვა, მოსკოვის მთავრობის მოთხოვნით შედგენილი, კახთბატონის ალექსანდრე მე-II ხელმოწერილი `ქვეშევრდომობის აქტი~. ამ აქტის ძალით ძალით ალექსანდრე ვალდებული გახდა მოსკოვის მეფისათვის ეძლია ხარკი თავის ქვეყნის `საუმჯობესო ნაწარმოებიდან~ და მოსკოვის მეფემ კი ივალა ალექსანდრესი და მისი სამფლობელოს ყველა მტრებისაგან დაფარვა (მ. ბროსსე: `პერეპისკა გრუზინსკიხ ცარეი ს როსიისკიმი გოსუდარამი~, გ. I-IV, 1861 წ.). რუსეთ-საქართველოს დაწყებულ `საკავშირო~ ხანას თავიდანვე ცუდიპირი გამოუჩნდა. მოსკოვის მეფემ ვერ შესძლო დაფარვა ვერც კახეთისა და ვერც ალექსანდრესი. სპარსეთის ახალმა მეუფემ შაჰხ აბაზმა I (1587_1628), რომ გაიგო კახეთის დაკავშირება მოსკოვთან, 12 მარტს 1605 წელს თავის ყულის ჯარს (გვარდიას), მოსკოვის ელჩის ტატისჩევის თვალწინ, ვერაგულად მოაკვლევინა ალექსანდრე და მისი შვილი გიორგი (იქვე: გვ. 14_17)*) [*რუსეთთან მოლაპარაკება და კავშირი საიდუმლოდ ხდებოდა სპარსელთაგან, რადგან ჯერ კიდევ 1602 წელს ალექსანდრე ეხმარებოდა ჯარით შახაბაზს _ ოსმალების წინააღმდეგ.].
ალექსანდრე II-ის შვილი შვილმა თეიმურაზ I-მა ამავე კავშირის განაღდების ცდებისათვის გამოიწვია იმავე მრისხანე შახაბასის საშინელი შემოსევები (კახეთზე _ 1614_1616 წ; და ქართლ-კახეთზე ერთად 1623_1624 წ.), განადგურება კახეთისა და მისი ოჯახის დაღუპვა. 1658 წელს მოსკოვში წავიდა და ახდილად განუცხადა მოსკოვის მთავრობას `რომ იმ ხნიდან, რაც მისმა ქვეყანამ მიიღო მოსკოვის მფარველობა, შახაბასმა დაუნგრია მას სამეფო და დაუღუპა ოჯახი (დედა ქეთევანი ორი ვაჟით); ითხოვდა სამხედრო დახმარებას, მაგრამ მიიღო კვლავ მოსკოვის უარი და ზალიან უკმაყოფილო 1659 წ. დაბრუნდა სამშობლოში. ბოლოს გაათავა თავისი სიცოცხლე სპარსეთის ტყვეობაში, ასტარაბადს 1663 წელს (იქვე გ. 33**). [**საერთოდ მაჰმადიანთა და კერძოდ შაჰაბასის მძვინვარება საქართველოზე _ გამოწვეული იყო სწორედ რუსეთის საფრთხის გამო, რადგან შაჰაბაზს ამ დროს დიდ ოსმალეთტან და პორტუგალიასთანა ჰქონდა ბრძოლა, რისათვის ინგლისელებსაც კი დაუკავშირდა სამხრეთში და ჩრდილოეთით კი პატარა საქართველო უკვე დიდ რუსეთს ეპატიჟებოდა. (Hისტ. დე ლა ღუსსიე პარ Aლ. ღამბაუდ: 1918)].
1692 წელს იმერეთის მეფე არჩილი და მისი ძმა ქართლის მეფე გიორგი სწერდნენ მოსკოვში: რომ მათ ორივეს საწინააღმდეგოდ რუსეთის მომხრეობისათვის ოსმალ-სპარსთა ჯარები შეკავშირებულან _ `ჩვენ ვთხოვდით მოსკოვის დიდ მეფეებს სამხედრო დახმარების აღმოჩენას, მაგრამ არავითარი შველა არ მივიღეთ~. (იქვე გვ. 132). განმარტოვებულნი იმერეთის და ქართლის მეფეები ოსმალ-სპარსელების მიერ გადაყენებულ იქმნენ ტახტიდან. მეფე არჩილი ოჯახობით სამუდამოდ გადაიხვეწა რუსეთში; მეფე გიორგი კი ჩაბარდა სპარსეთის შახს და დაიღუპა სპარსეთში. თავის გავლენის დასამკვიდრებლად ამ ხნიდან სპარსელებმა შემოიღეს წესად ქართლ-კახეთში უკვე მხოლოდ გამაჰმადიანებულ ბაგრატიონების დამტკიცება ტახტზე.
ბოლოს, როგორც იყო, მე-18 საუკუნის დასაწყისში რუსეთი დაიძრა კავკასიის გზით, კასპის ზღვის პირით, სპარსეთისაკენ. 3 აგვისტოს 1722 წ. პეტრე დიდმა, თერგის ნაპირზე მოსულმა ჯარით, მისწერა ქართლის მეფეს ვახტანგს მე-VI: მივდივარ თარქისაკენ, იქიდან წავალ დარუბანდსა და ბაქოსაკენ. ჩემის აზრით, თქვენის ჯარით უნდა შემიერთდეთ დარუბანდ-ბაქოს შუა~-ო (იქვე გვ. 145). ვახტანგ მეფე 40.000 ლაშქრით დაბანაკდა განჯაში და ელოდებოდა, თანახმად პირობისა, პეტრე დიდის შემოთვლას ბრძოლის გასაწყებად, მაგრამ ამაოდ. პეტრემ ანაზდეულად შესწყვიტა ლაშქრობა და დაბრუნდა პეტერბურგში; ვახტანგის სამეფო გაბრაზებულ ოსმალ_სპარს_ლეკების ურდოების მსხვერპლად შეიქმნა. 1724 წ. ლეკების დახმარებით ოსმალებმა დაიჭირეს და გაანადგურეს ტფილისი*) [* რადგან პეტრე დიდმა ვახტანგისაგან საიდუმლოდ, ფრანგების შუამავლობით, მორიგეობით გაათავა საქმე ოსმალეთთან, სპარსეთის ხარჯზედ. (Hისტ. ღუსსე, A. ღამბაუდ]. მეფე ვახტანგმა კი 2000 საუკეთესო მოწინავე ქართველობით დასტოვა სამშობლო და შეიხიზნა რუსეთში; უთავოდ და უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა ახლა მთლად თურქ_ლეკების სათარეშო ასპარეზად გადაიქცა.
1795 წელს ერეკლე მე-II-ს ელჩი პეტერბურგში თ-დი გარსევან ჭავჭავაძე რუსეთის მთავრობის სახელზე მიმართულ ნოტაში კატეგორიულად უყენებს სამხედრო დახმარების საკითხს: `ეხლანდელი სპარსეთის ბატონი აღა-მაჰმად-ხანი აპირობს საქართველოზე თავდასხმას და მე, ჩემი მოვალეობის თანახმად, უმორჩილესადა გთხოვთ მაცნობოთ: ინებებს თუ არა რუსეთის უმაღლესი მთავრობა, 1783 წ. ტრაქტატიდან გამომდინარე ვალდებულებათა ძალით, მოგვაწოდოს ჩვენ სამხედრო დარაზმულობა? (პროფ. ა. ცაგარელი: `გრამოტები~, ტ. II., საბუთი # 247). როგორც ცნობილია, აღა-მაჰმად-ხანმა აიღო ტფილისი 11 ენკენისთვეს 1795 წ., რუსული რაზმი კი ჩამოვიდა ტფილისში მხოლოდ დეკემბერში 1995 წ., როდესაც საქართველოს დედა ქალაქი მთლად იყო დანგრეული, მთელი სიმდიდრენი გატაცებული და 30.000 ქართველი ტყვედ წასხმული.
ხუთი წლის შემდეგ, 11 საუკუნოვანი ბაგრატიონთა სამეფო შემოსულ ძლიერ რუსულ ჯარით გაუქმებულ იქმნა, თვით ბაგრატიონები სამშობლოდან განდევნილნი და საქართველო შეერთებული რუსეთტან, როგორც დაპყრობილი ქვეყანა. ასეთი ბედი ეწვია ქართველ მეფეებს და მათ სამეფოს, რუსეთტან დაკავშირებით და მისი დახმარების ძებნით.
ამ ხნის განმავლობაში მას შეეწირა თითქმის ყველა დასახელებულ მეფის ტახტი, ზოგისა სიცოცხლე (კახეთის მეფე_ალექსანდრე მე-II, ქართლისა_გიორგი მე-XI), ზოგმა მტრის ტყვეობაში დაათავა დღენი (თეიმურაზ I-ლი), ზოგი სამშობლოდან განიდევნა (არჩილ მეფე და ვახტანგ VI). ამას თან დაერთო საქრისტიანო სამფლობელოს მრავალჯერ აოხრება, ჟლეტა-განადგურება, გადასახლება; თბილისის აღება ორჯელ და დანგრევა (1724 წელს თურქებისაგან და 1795 წელს სპარსეთის შახის აღა-მაჰმად-ხანის მიერ). ამისავე წყალობით ქრისტიანთა სამეფოს ტახტზე, ძალით გამაჰმადიანებულ ბაგრატიონების აყვანა სისტემად გადაიქცა. და ამან სხვა მოტანილ დიდ უბედურობასთან ერთად ზნეობრივადაც დააქვეითა და დასცა ქართველი ხალხის ცხოვრება. ამ გაღებულ უდიდეს მსხვერპლის სანაცვლოდ რუსეთთან დაახლოვება-კავშირისათვის ქართველ მეფეებმა მიიღეს მათი ტახტის და ქვეყნის პოლიტიკური გაუქმება და საქართველოში რუსეთის იმპერიის გაბატონება.
მიუხედავად მუდმივი ზარალისა, ქართველ მეფეებს მაინც სწამდათ, რომ საბოლოოდ ქრისტიანული რუსეთი შეუსრულებდა საწადელს. ხელმძღვანელობდნენ იმ უბრალო ანგარიშით, რომ მცირე აზიისაკენ მიმავალი რუსეთის ინტერესები მოითხოვდა წინა აზიის შესავალ კარებში ჰყოლოდა ერთგული მოკავშირე, გამთელებულ და გამაგრებულ საქრისტიანო საქართველოს სამეფოს სახით და მასთან ერთად მთელი კავკასიისაც.
მაგრამ ჩვენი წინაპრები სწორედ ამაში შესცდნენ; მოსკოვის სამეფო და მერე მისი შემცვლელი პეტერბურგის იმპერია, შექმნილ ხელსაყრელ ისტორიულ პირობათა წყალობით, ისე არა ბუნებრივად და სწრაფად იზრდებოდა, რომ თავბრუდასხმული,_მუდმივად დიდ მადიანი რუსობა სხვა არაფერზე ღა ფიქრობდა, გარდა იმპერიის საზღვრების გაბერვისა, ახალი სახრავის ადვილ გაჩენისა და სახელის მოხვეჭისა. მოკლებული სახელმწიფოებრივ ინტერესების ნამდვილ და ღრმა შეგნებას, რუსეთის იმპერიის მეთაურობა შედიოდა ახალ შემოერთებულ ქვეყნებში ყველგან ერთი პრიმიტიული იარაღით ხელში. ერთში შალაშინი ეჭირა, მეორეში კი ნაჯახი, სადაც შალაშინი არ სჭრიდა იქ ურჩებს ნაჯახით ასწორებდა. ამით აიხსნება, რომ ასე უგუნურად სამიათასწლოვან კულტურულ ქართველ ერის სხეულზე რუსულ შალაშინით გაიარა და თავის პირველი მოკავშირეები კი _ უძველესი ნიჭიერი და მამაცი ხალხი ყაბარდო-ჩერქეზები ნაჯახით აჩეხა: მრავალი ამოხოცა, ზოგი ზღვაში გადაყარა და დიდი ნაწილი კი ოსმალეთში გადარეკა.
* * *
ყველაფერი ეს მწარე ისტორ. სინამდვილეა. მართალია რუსულ უგუნურობას შეეწირა საქ. სამეფოს უძველესი ტახტი და ქართველების ეროვ. თავისუფლება, ორი საუკუნის მანძილზე აუარებელი მსხვერპლით, მაგრამ ქართული ღრმა, ბრძნული შეგნება დაადასტურებს, რომ მისი გამოჩენილი წინაპრები საბოლოო მთავარ ანგარიშში მაინც არ შემცდარან.
მათ გამოიყენეს ძლიერი ჩრდილოეთის ფაქტორი თავის ქვეყნის მახლობელი თუ არა მის შორეულ მომავლისათვის მაინცა: მოაშორეს კაი ხნით ქართველ ხალხზე მოწოლილი გამსრესი გელაზი ოსმალეთ_სპარსეთის ძალადობისა და ჩრდილოეთის საშუალებით ამ ქვეყნების განთქმული სამხედრო ძლიერება არარაობად აქციეს.
მიუხედავად რუსულ ასიმილატორულ, საზარად ბრიყვ და მსუსხავ პოლიტიკისა მე-19 საუკუნის მანძილზე ქართველობას მიეცა დრო თავისი უმთავრესი სამი იარის განკურნებისა: საგრძნობლად დაკლებულ მოსახლეობის ბევრად გაზრდისა, დაყოფილ დაქუცმაცებულ ქართველ ერის ორგანიულად გამთელებისა და ოსმალეთის მიერ წართმეულ ერთი მესამედი ქართული მიწა-წყლის, ძველ ტაოსკარიდან მოყოლებული, უკან დაბრუნებისა.
მე-20 საუკუნის კარს იგი მოადგა ფიზიკურად მომაგრებული, მთლიანი და თავის ძველ ისტორიულ საზღვრებს მიბჯენილი.
* * *
ახლა დავაკვირდეთ ჩვენი საუკუნის საქართველოს და მის გარშემო აღმოცენებულთ ახალ დიად მოვლენებს. ავწონ-დავსწონოთ და შევაფასოთ თანამედროვე ჩრდილოეთის ანუ რუსული ფაქტორის როლი, სიძლიერე და მნიშვნელობა თანამედროვე საქართველოს საგარეო მდგომარეობაში?
ამისათვის აუცილებელია გავიხსენოთ მე-20 საუკუნის სათავიდან მომდინარე მთავარი ისტორიული ამბები, ჩავყვეთ მათ ქრონოლოგიურად.
1904 წელს შორეულ წყნარ ოკეანეს ნაპირზე გაჭრილ ბუმბერაზ რუსეთს თავს დაესხა პატარა ქვეყანა _ იაპონია; ერთი წლის განმავლობაში იაპონელები ზღვაზე და ხმელეთზე საშინლად ამარცხებდნენ რუსებს და აიძულებდნენ ზავის მოთხოვნას. ომში დამარცხებამ გამოიწვია რუსეთში 1905 წლის რევოლიუცია. შუბითა და მახვილით გაზრდილ უზარმაზარ რუსეთის სხეულზე სახიფათო ბზარები აღმოაჩნდა. რუსულ ბუნტარულ რევოლიუციურ მოძრაობას დაერთო დაპყრობილ არა რუსთა ერების ამოძრავებაც. ფინლანდიის, ბალტიკის, პოლონეთის, უკრაინის და კავკასიის მხარეები უკიდურეს რევოლიუციონურ პარტიების სარბიელად შეიქმნენ. ნიკოლოზ მე-II ჯარმა დიდის გაჭირვებით გარეგნულად აღადგინა იმპერიის სიმშვიდე; რევოლიუციური ჯანყი მიყუჩებულ მოძრაობის სიღრმეში მოექცა.. ასე გაგრძელდა მსოფლიო ომამდე. ყველა გრძნობდა დიდ ომის მოახლოვებას და იმასაც, რომ ახალ ომს ნიკოლოზის იმპერია ვეღარ გაუძლებს და დაიშლება. ამ ნიადაგზე არა რუს ერების ქვეყნებში ომამდის ჩნდებიან სხვა და სხვა ფარული ნაციონალური ჯგუფები და ორგანიზაციები. ყველა ამათი ყურადღება ალღოთი მიქცეულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაკენ, სადაც საკმაოდ დაგროვილია ომის ასაფეთქებელი მიზეზები. საქართველოს გულის ყურიც დასავლეთისკენაა მიპყრობილი. ყველა ქართველი პატრიოტი დარწმუნებულია, რომ ომის შემთხვევაში საქართველო უსათუოდ მოხვდება დასავლეთ ევროპიდან გადმოსროლილ ძლიერ ტალღაში. ეს გამართლდა კიდეც: 1914 წელს იფეთქა დიდმა ომმა და მალე მთელ მსოფლიოს მოედო: რუსეთის ჯარმა ვერ გაუძლო გერმანულ რკინის ლეგიონების სამი წლის დარტყმებს; შეინძრა და 1917 წელს იწყო ნგრევა და ყველა ფრონტებიდან უეცრივი უკან დახევა: შეჭრილი მცირე აზიის შუა გულამდე (სომხეთის ქ.ვანამდე) რუსის ჯარმა მიუტოვა გახარებულ თურქებს საბოლოო გასაჯიჯგნად თავისი მოკავშირე საბრალო სომხის ხალხი და რამდენიმე კვირაში დასცალა ამიერ-კავკასიის გამაგრებული საზღვრები: ძველი ნავალი გზებითა და ძველის გეგმებით (იხ. ჯემალ ფაშის მემუარები) თურქების ჯარი ვეხიბ-ფაშის სარდლობით შემოიჭრა დაუფარავ საქართველოს და ამიერკავკასიის მიწა-წყალზე *).
___________
*) ანაზდეული მიტოვება საქართველო-ამიერკავკასიისა რუსის ჯარის მიერ ძველი ქრონიკული ამბავია:
1722 წელს პეტრე დიდის რუსის ლაშქარმა უეცრივ მიატოვა თავისი მოკავშირის ვახტანგ VI მცირე ქართული ჯარი და მისი ქვეყანა თურქებს გადაულოცა: 1724 წელს 24 ივნისს რუსეთ-ოსმალეთის შორის დადებულ შეთანხმების ძალით ოსმალეთს დაეთმო: საქართველო, შემახია, შირვანი, თავრიზის მხარენი; რუსეთი კი იტოვებდა კასპიის ზღვის სპარსეთის კუთვნილ ნაპირებს_გილანის, მაზანდარანის, ასტრაბადს, ბაქოს და დერბენტის სახანოებს (ა. ცაგარელი: მე-18 საუკუნის სიგელები ტ. 2 გვ. 2 1902 წ.)
1770 წ. ასინძის ბრძოლაში რუსების მაშველი ჯარი გენერალ ტოტლებენის სარდლობით სტოვებს მეფე ერეკლეს მცირე ქართულ ძალით მარტოს, მრავალრიცხოვან თურქთა ჯარის წინაშე (იქვე ტ. I, გვ. 14).
თანახმად რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ტრაქტატისა 1783 წ. დეკემბერში პოლკ. ბურნაშევის უფროსობით საქართველოში შემოდის რუსული დამხმარე რაზმი სამი ბათალიონის შემადგენლობისა: 19 აგვისტოს 1787 წელს თავადი პოტიომკინი მოულოდნელად უბრძანებს ბურნაშევს გამოიყვანოს საქართველოდან რუსული ბათალიონები; ეს ბრძანება ბურნაშევს მოუვიდა 13 ენკენისთვეს, როდესაც მეფე ერეკლესთან ერთად ემზადებოდა განჯის ციხის იერიშით აღებისათვის; განჯელები ნებდებოდნენ, და მიუხედავად მეფე ერეკლეს ხვეწნისა, ბურნაშოვმა ახსნა ალყა და გასწია რუსეთისკენ. `რატომ მიგყავთ ბათალიონები და გვაგდებთ დიდ უბედურობაში, გაგვაგებინეთ~ სწერდა შეწუხებული მეფე პოლკ. ბურნაშევს. (ბუტიკოვი. ტ. II, გვ.: 99, 179, 194, 197).
1796 წ. ოქტომბერს, ეკატერინემ გაგზავნა სპარსეთისაკენ სალაშქროდ გრაფი ვალერიან ზუბოვი დიდის ჯარით: ზუბოვი ჩავიდა მდ. არაქსამდე, მოიმხრო საბრძოლველად ყველა ქრისტიანნი_სომხები, აისორები და სხ. მაგრამ 6 ნოემბერს 1796 წელს გარდაიცვალა დედოფალი ეკატერინე და პავლე I-მა უბრძანა ზუბოვს დაუყოვნებლივ დაბრუნება ჯარით რუსეთში. თავზარდაცემული მრავალი სომხობა გაეკიდა უკან მიმავალ რუსის ჯარს და გადაიხვეწა სამუდამოდ სტავროპოლის გუბერნიაში. (დუბროვინი, ტ. III, გვ. 147_148).
ჩვენს დროში ასეთივე ამბავი მზადდებოდა 1915 წელს დიდ ომის ხანაში. როგორც გადმოგვცემს ღენერალი ე.ვ. მასლოვსკი თავის წიგნში _ `მიროვაია ვოინა ნა კავკაზსკომ ფრონტე 1914_1917 წწ.~, გვ. 421, ჯერ კიდევ დიდ ომამდე რუსეთის რუსეთის გენერალურ შტაბის რუსეთის თავდაცვის სტრატეგიული გეგმის თანახმად, გადაწყვეტილი ჰქონდა: მტრის ძალთა უპირატესობის და საზღვრების დაცვის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიტოვება ამიერ-კავკასიისა და გამაგრება კავკასიის უღელტეხილზე და თურქების წინსვლის აქ და… ბაქოსკენ შეჩერება.
1915 წ. ზამთარში ენვერ-ფაშის შემოტევამ სარიყამიშის გზით მართლაცდა გამოამჟღავნა რუსების ეს ფარული განზრახვა: ტფილისში დაიწყო რუსულ დაწესებულების ევაკუაცია; ნაწილი გადაიხვეწა როსტოვში. მხოლოდ შემთხვევით ბედმა (სუსხმა ყინვიანმა ზამთარმა, რომელმაც რამოდენიმე ათასი თურქი გაყინა) არგუნა გამარჯვება რუსის ჯარს. ენვერი დამარცხდა და რუსის ჯარის უკან დახევაც შეჩერდა.
_____________
საქართველო იხსნა რუსეთზე გამარჯვებულმა გერმანიამ. მან შეაჩერა თურქების წინსვლა და დაიფარა მისი საზღვრები; თუმცა ქართველობა ამ დიდი ისტორიულ მომენტისთვის ჯერ არ იყო სათანადოთ მზათ, მას კიდევ აკლდა ეროვნულ-ორგანიზაციული სიმტკიცე და გახვეული იყო ასწლოვან რუსულ გავლენის ბურუსში, მაგრამ ხალხი მიხვდა რომ მისი ჩრდილოელი ბატონის საქმე წამხდარია; დაინახა რომ დახეულ ჩრდილოეთის ზვირთს თან სდევს მხსნელი დასავლეთის ტალღა და მის ადგილს იჭერს; ევროპის ძალთა დახმარებით თავისუფლდება პოლონეთი, ფინლანდია, მათ ემატება ბალტიის ქვეყნები, უკრაინა.
26 მაისს 1918 წელს გერმანულ ფარს ამოფარებული ქართველი ერი აცხადებს თავის ქვეყნის დამოუკიდებლობას: ამავე წლის ბოლოს დამარცხებულ გერმანიას_ამიერ კავკასიაში სცვლის გამარჯვებული ინგლისელთა ჯარი.
ოსმალეთის იმპერიაც იმსხვრევა: მას ჩამოსცილდა მრავალი მნიშვნელოვანი მხარე_მესოპოტამია, არაბეთი, სირია და სხვა, სადაც მტკიცდება გავლენა და ბატონობა უძლიერეს დასავლეთის ქვეყნებისა_ინგლის-საფრანგეთისა. იტალიც იჭერს მთელ რიგ მნიშვნელოვან კუნძულებს მცირე აზიის ნაპირებთან.
ხუთი საუკუნის განმავლობაში ჩაკეტილი დარდანელის სრუტე გაიხსნა: შავი ზღვაც თავისუფალ ზღვად გადაიქცა. საქრთველოს მოშორდა თავიდან ძველი გამანადგურებელი თურქული საფრთხე და კვლავ გაეხსნა თავისუფალი გზები დასავლეთ კულტურულ ქვეყნებისაკენ: ქართველები ენტუზიზმით შეუდგენენ ხელ შემწყობ პირობებში თავის ძველ კერის აღდგენა-გამაგრების საქმეს. მათ ესაჭიროებოდათ მხოლოდ ათიოდე წელიწადი, რომ გაეწმინდათ ქვეყნის არე-მარე და ჰაერი სულთამხუთავ ტლანქ რუსეთის ბატონობის ნაშთებისაგან _ იდეურსა და საქმიანობის სფეროში. მაგრამ ეს მათ არ დასცალდათ.
* * *
1917 წელს, შემოდგომას, რუსეთში გაბატონდა ახალი რევოლიუციური ძალა-უფლება: რუს ბოლშევიკურ (კომუნისტურ) პარტიისა.
3 მარტს 1918 წელს უძლური მოსკოვის ბოლშევიკური მთავრობა ქ. ბრესტლიტოვსკში საზავო მოლაპარაკების დროს სდებს ხელშეკრულებას თურქებთანაც, რომლის ძალით მათ ეთმობათ საქართველო-სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილები: ყარსით, არდაგნით, მთელი ჭოროხის ხეობითდა ბათომით. ოსმალეთი კვლავ იჭერს ამიერ კავკასიაში მის მთავარ სამხრეთ სიმაგრეებს და ბოთომის ხელში ჩაგდებით ფეხს იკიდებს კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე (ნაწილობრივად სრულდება რუსეთის გენერალური შტაბის 1915 წლის ზრახვა).
ამავე დროს ბოლშევიკური დიპლომატია თავის საგარეო მიზნების მისაღწევად უკავშირდება მუსტაფა ქემალის მეთაურობით დაწყებულ სამხედრო რევოლიციურ მოქმ,ედებას და მოძრაობას თურქეთში. ეხმარება მას უხვად ფულითა და იარაღითა. ქემალი იმარჯვებს და ხდება ბატონ-პატრონი ახალ თურქეთისა: ძველი მტრები _ რუსეთი და ოსმალეთი _ ეხლა მეგობრდებიან: საკმაოდ მომაგრებულს მოსკოვის კრემლში, დაკავშირებულს ქემალის თურქეთთან, ბოლშევიკურ მთავრობას ეძლევა იმედი ამიერ კავკასიის გამდგარ ერთა და მათ სიმდიდრეთა დამორჩილება და დაპატრონება. კავკასიიდან ინგლისის ჯარის ევაკუაცია 1920 წ. ხელს უწყობს მის ფარულ განზრახვებს.
1920-21 წ. გაზაფხულამდე მოსკოვის წითელი ჯარები თანდათანობით და ბრძოლით იპყრობენ აზერბაიჯანს, სომხეთს და ბოლოს საქართველოსაც, მიუხედავად ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობის მათ მიერ ერთი წლის წინად ცნობისა (7 მაისს 1920 წ.).
ამიერ კავკასიის ახალი მეპატრონენი მაშინათვე მიიმართებიან თავის მოკავშირეებისაკენ _ თურქებთან და 21 ოქტომბერს 1921 წელს, ყარსში, `ამიერ კავკასიის რესპუბლიკების~ სახელით განსაკუთრებულ ხელშეკრულებაში უდასტურებენ საქართველო-სომხეთის ერთი მესამედი კავკასიურ ტერიტორიისა (გარდა ბათომისა) თურქეთის რესპუბლიკის საკუთრებად გადასვლას.
ამიერიდან საქართველო და მთელი კავკასია რუსეთ-თურქეთის პოლიტიკურ კავშირის რკალში მოექცა.
* * *
თუ მე-19 საუკუნეში რუსეთის ფაქტორი საქართველოს თავისდაუნებურად დამხმარე ძალად გამოადგა, ეხლა იგი საწინააღმდეგო როლში გამოჩნდა. შეიძლება დარწმუნებით აღიარებულ იქმნას, რომ ბოლშევიკურ მოსკოვის ძალა-უფლების განმტკიცების ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში თბილისში და კავკასიაში მოსკოვ-ანგორის კავშირი ედო საფუძვლად*).
__________
*) რუსის გამოჩენილი სამხედრო მეცნიერი პროფ. გენერალი გოლოვინი ჯერ კიდევ 1924 წ., თავის წიგნში `მოსაზრებანი მომავალ რუსეთის სამხედრო ძალის მოწყობაზედ~ (გვ. 79-81), უკარნახებდა ახალ რუსეთს: მთავარი ბრძოლის ფრონტი რუსეთისათვის _ დასავლეთია. რუსეთის სამხედრო ძალთა სტრატეგიული ანგარიში უნდა ეყრდნობოდეს დასავლეთთან ბრძოლის პირობებს. რაც შეეხება სამხრეთის ფრონტს (კავკასია-თურქისტანს), რუსეთის დიპლომატიას შეუძლიან ამ ფრონტზე ბრძოლის ლოკალიზაცია. ამ მხრიდან, მხოლოდ ოსმალეთისაგანაა მოსალოდნელი ომი. მაგრამ ახლა უნდა იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი დიპლომატია აღარ გაიმეორებს ძველ შეცდომებს (დიდი ომისა) და ოსმალეთის მოკავშირედ დარჩება. მით უფრო რომ დარდანელის სრუტეს დაპატრონებას თვით რუსეთი დიდ ხანს ვერ შესძლებს და ეს შეიძლება მოხერხდეს მხოლოდ მოკავშირე და სუსტი ოსმალეთის საშუალებით.
_____________
ამიტომ არც არავის გაჰკვირვებია, ამ რამოდენიმე წლის წინად გავრცელებული ხმები (მერმე საბუთებით დამტკიცებული), რომ ომის შემთხვევაში თუ იაპონია თავს დაესხმებოდა რუსეთს, ამ უკანასკნელს, თურქებთან მორიგებით, გაჰყავდა თავისი კავკასიური ჯარი და ამიერ კავკასიის დაცვას ანებებდა თავის მოკავშირე თურქებს. მხოლოდ ამ მიმართულებით მოსკოვი უფრო შორსაა წასული; ამ ხანადს იგი სცდილობს განახლებულ სპარსეთის თურქებთან დაკავშირებით, კავკას. ერებს ყოველ მხრიდან მუხრუჭი მოავლოს და ამისათვის მოსკოვი მზად არის გააბათილოს თურქმანჩაის **) [** თურქმანჩაის ხელშეკრულების (1828 წ. 10 თებ.) ძალით რუსეთმა ჩამოართვა სპარსეთს ერევნის და ნახჭევანის სახანოები (ს. კაკაბაძე `ახალი საუკუნოების ეპოქა~, 1920 წ. თბილისი). ხელშეკრულებაც სპარსეთტან ე.ი. ომის შემთხვევაში, ბაქოს ნავთის წყაროების შენარჩუნებისათვის, მოსკოვი თანახმაა ამიერ კავკასიის ერები ფაქტიურად კვლავ თურქ-სპარსელებს გადაულოცოს. ამ ჟამად ეხლანდელი რუსეთის მიერ შექმნილ საკავშირო პოლიტიკურ კომბინაციებში საქართველო-სომხეთის სრული გამოჭყლეტა მოელის, რადგან მოსკოველთა პოლიტიკის კარნახით ორივე მხარე (ჩრდილოეთი და სამხრეთი) უსიტყვოდ მორგებული არის ერთს მთავარ, საერთო და საბოლოო ამოცანაში: არ დაუშვან საქართველო_კავკასიის ერების ფეხზე წამოდგომა და თავისუფალ კავკასიის შექმნა. მით უფრო, რომ გაჭირვების ჟამს მოსკოვი მეტად ხელსაყრელ პირობებს უდგენს თავის სამხრეთ მეზობლებს: ამიერკავკასიის უხვ მიწა-წყლის და მისი სიმდიდრეთა ერთმანეთში გაყოფას.
* * *
რუსულ პოლიტიკის მზაკვრული ბუნების ხასიათი თავისი შედეგებით საქართველოს სამი საუკ. მანძილზე კარგად აქვს გამოცდილი, ამიტომ ასეთი აბრუნდი დღესაც მისგან მოსალოდნელია. მით უფრო, რომ მისი შინაური და საგარეო საქმენი ამ ჩვენს დროს მეტად გართულებული აქვს.
უკვე კაი ხანია ქვეყნიერებას დაუმტკიცდა, რომ ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში საბჭოთა მთავრობას თავის იმპერიაში ჩაბმულ ერების ცხოვრება შედარებით ძველ დროსთან, არამც თუ გააუმჯობესა, არამედ ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ სხვა არა იყოს რა საბჭოთა მოქალაქეების დიდ უმრავლესობას, პურის ქვეყანაში, აქამდის შავი ლუკმა პურიც კი ენატრება.
გამოირკვა ცხადლივ ისიც, რომ არა რუს ერებში, მოსკოვისადმი გამჯდარ საშინელ სიძულვილთან ერთად, ეროვნულ თავისუფლებისადმი მისწრაფების სულისკვეთება უფრო გაღრმავდა, გაკაჟდა და მხოლოდ შესაფერისს წუთს მოელიან, რომ მისი უღელი თავიდან აიწყვიტონ და შორს გადაისროლონ.
ასეთ შინაგან მდგომარეობაში მყოფ საბჭოთა სახელმწიფოს საკმაოა გარედან ვინმე დაეტაკოს, რომ მისი რუსული ბოლშევიკური შენობა მაშინადვე დაიფუშოს.
ვინც ყურადღებით თვალს ადევნებს ჩვენი დროის მსოფლიო მოძრაობას, იგი უსათუოდ შეამჩნევს, რომ სწორედ მოსკოვის სამფლობელოს ემუქრება ქვეყნიერობის ამოძრავებული სტიქიონები.
დასავლეთიდან მის მთავარ საბინადროს _ აღმოსავლეთ ევროპის ველებს, უმიზნებს მძლავრი ტალღა ევროპისა. შორეულ აღმოსავლეთიდან კი მოგორავს ზვინი მრავალ მილიონიან ყვითელ კანიანთა ადამიანებისა.
ამ ორ სტიქიონთა შორის მანძილით და მიზნის მიხედვით უფრო მოახლოვებული და სახიფათო მოსკოვის საბატონოსათვის ევროპიელთა მოძრაობაა. უნდა ვიფიქროთ, რომ აღმოსავლეთის ტალღა ჩვენს ხანაში ურალამდეც ვერ მოაღწევს, მაგრამ დასავლეთისა კი მოსკოვს კარსაა მომდგარი. აქედან კაი ხანია მზადდება მთავარი და მაგარი საბედისწერო დაკვრა. საბუთიც აქვთ.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპის ვიწრო სივრცეზე დასახლებულ ხალხებს, ამ ერთი საუკუნის სიგრძეზე, ასი მილიონი მცხოვრები მოემატა. განსაკუთრებით გერმანია-იტალიის ქვეყნებში. ამასთანავე ვარგისი მიწების ნაწილიც გამოიფიტა, ნაწილი დაქუცმაცდა მომრავლებული მცხოვრებთა შორის.
წინად ევროპის ემიგრაციას სხვა ქვეყნებში კარი ღია ჰქონდა, ეხლა იგი ყველგან დაეკეტა (ამერიკის, აფრიკის და სხვა კონტინენტებზე), მათს ბუნებრივ და მძლავრ ექსპანსიას, ამოძრავებულს მიწისა და პურის მოთხოვნილებით, დარჩა ერთად-ერთი მახლობელი და მხსნელი გზის მიმართულება: რუსეთის უშველებელ მდიდარ ველ-მინდვრებისაკენ, სადაც დღეს, მოსკოველ მთავრობის უნიჭობისა და რეგვენობის წყალობით 140 მილიონი მცხოვრები გაჭირვებასა და შიმშილობას განიცდის, როდესაც მის სამფლობელოს _ 1/6 ნაწილი დედა-მიწის ზურგის _ შეუძლიან ყელამდის გამოკვებოს ნახევარი მილიარდი სული და ეხლანდელი ევროპა შეუდგა მრავალ რიცხოვან, ძირმაგარ რკინის (მოტორიან) ლეგიონების მოწყობას აღმოსავლეთ ევროპაში შესასევად. ამ სტიქიონის ავანგარდში 70 მილიონიანი გაჭირვებული გერმანია სდგას. მისი შემჩერებელი არსადა სჩანს, რადგან დამშეულ მილიტარისტულ გერმანიის ამ მდგომარეობაში ყოფნა ყველა მის მოსაზღვრე ევროპიელ მეზობელს აშინებს. ბოლოს ყველა დაულოცავს გზას აღმოსავლეთისაკენ და ალბათ მათ ტალღას სხვა გაჭირვებული ევროპელნიც აჰყვებიან.
გაუძლებს თუ არა ბოლშევიკური რუსეთი ევროპიელ მილიონიან არმიებს, განწყობილთ ერთი ბუნებრივი მისწრაფებით, შეკრულთ მაგარი დისციპლინით და მდიდარ საომარ ტეხნიკურ საშუალებით? პასუხი ზედმეტია, წითელ მოსკოვმა ყველაზე უკეთ იცის თავის ავლა დიდება. იცის რომ ომის დაწყების პირველ მარცხის შემდეგ თავდაპირველად იგი ჩამოვარდება და ტერორითა , შიშითა და შიმშილით შეკრული მისი საბჭოთა იმპერია დაირღვევა.
ძველ რუსულ ჩვეულებისამებრ, დღესაც, მოსკოვი მიატოვებს თავის მოკავშირე ქართველ კომუნისტებს და მათ კომუნისტურ `ზაკ ფედერაციის~ მხარეს მხოლოდ უკანასკნელად, მობილიზაციის წესით, რამოდენიმე წლის მოსახლეობას მოჰკრეფს საქართველოში და წაასხამს რუსეთში. ამ წესით უიარაღო, უპურო და უფულო ქვეყანას თავის მოკავშირე, ფეხზე დამდგარ, გაღონიერებულ, სამხრეთის ქვეყნებს მიუდგებს. და თუ ამ უკანასკნელებს გარედან უკან დამწევი ძალა არ აღმოაჩნდა, ეჭვს გარეშეა, ამიერ კავკასიის ერები და კერძოთ საქართველო, მათ ბატონობის უღლის ქვეშ თავს ამოჰყოფენ და კვლავ დაუბრუნდებით მე-16 საუკუნის ცხოვრების სათავეს.
* * *
ამ რიგად ჩვენი დროის, ამ გარკვეულ პირობებში, რუსების საქართველოში მეორედ შემოსევამ, ისტორიული ბედით მონაგები დიდი ომის შედეგები, ქართველ ხალხს წაუხდინა. წაუხდინა შიგნით, წაუხდინა გარედან. და თვითონაც წამხდარი დღეს-ხვალ ძალაუნებურად, მიატოვებს კავკასიას.
ხედავენ და გრძნობენ ამას დღევანდელი საბჭოთა საქართველოს ხელისუფლანი მოსკოფილი ქართველები?
პროლეტარულ `სასახლეების~, დეკორატიულ ბაღების და სხვა ამგვარ `აღმშენებლობით~ გატაცებულები, ალბათ ვერც ხედავენ, ვერცა გრძნობენ თუ რა ხდება და მზადდება მსოფლიოში და კერძოთ საქართველო-კავკასიის გარშემო. ვერ გრძნობენ, რა მიწის ძვრა იწყობა, რომელიც თავშივე მოსკოვს დაემუქრება.
დიდი და მძიმე პასუხისმგებლობა იკისრა ქართველმა კომუნისტურმა წრემ, წამხდარი რუსეთის საქართველოში მეორედ შემოსვლისათვის ხელის შეწყობით და კეთილშობილ პატარა ქართ. ერის აღრეულ, დამშეულ, მუდამ უზომოდ მადიან და ბნელ რუსულ მუჟიკთა უძირო მორევში (იხ. რუსული ისტორია) ჩაყუდებით.
ნუ თუ ამ ჩვენს გარდამავალ დიდ ისტორიულ ხანაში მოსკოვოფილი ქართველები საბოლოოდ მაინც თვალს არ გაახელენ და არ დაინახავენ იმ სინამდვილეს, რომ შიგნით დაშრეტილი რუსის სტიქიონი იკუმშება და დიდი ომის დაწყებიდან ყველა განაპირა მხარეებიდან უკან და უკან იწევს ძველ მოსკოვის სამეფოს ფარგლებისაკენ; და რომ ამ დახევის დროს, გარედ უძლური, დღევანდელი მოსკოვი, საარიერგარდო დაცვის ბრძოლაში, თავის იმპერიაში შემავალ არა რუს განაპირა ქვეყნების მიწა-წყალს და ქონებას, ისტორიული ჩვეულების მიხედვით, მოწოლილ მეზობელ სახელმწიფოებს უთმობს (შორეული აღმოსავლეთი, რიგის და ყარსის ტრაქტატები, ისმეთ ფაშასთან საიდუმლო ხელშეკრულება და სხვა).
მოსკოვის ქვევრში ჩამწყვდეულნი, სოციალისტურ საქართველოს მართველნი ქართველი კომუნისტები თუ ამას არ ხედავენ მათ სამაგიეროდ, ჩვენ, ევროპის სინათლეზე გამოსულნი და მყოფნი, თვალნათლივ ცხედავთ თუ რა ხდება და რა მოხდება იქნებ უახლოეს მომავალში:
ჩრდილოეთი მიდის *) [* იხ. გენერალ გოლოვინის წიგნი: `საით მიდის ველიკობრიტანია?~, თავი მეოთხე. 1935. გამომცემლობა `მირ~. რიგა.]. დასავლეთი მიდის. მისი წინამორბედი ზვირთები ამ ოციოდე წლის წინად გადმოვარდა. ეხლა გროვდება და მოგორავს მეორე ტალღა: მაღალი, ფართე და მაგარი.
თუ საქართველოს, დაყრდნობილს, მთელს კავკასიის სივრცეზე, კავკასიელ მეზობლებთან მტკიცე დაკავშირებით, ამ დროისათვის ექნება საკმაო იარაღი, პური და ორგანიზაცია, იგი გადაურჩება ამ სტიქიონთა შეჯახების გარდამავალ ხანას, თუ არა და, ადვილი შესაძლებელია, იგი უძლური, ძველებურად, ახლად მოღონიერებულ სამხრეთ მეზობელთა ჯამში დაუმსახურებელ ლუკმად ჩავარდეს.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress