კიდევ ერთხელ მიწის საკითხზე

gerbi

კიდევ ერთხელ მიწის საკითხზე

ღია წერილი

საქართველოს  პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს

ბატონებო, 

2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური მონაცემებით თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოიპოვა საქართველოს (კონტროლირებად ტერიტორიაზე)  ადგილობრივი თვითმმართველობის სრული ძალაუფლება. გილოცავთ ამ გამარჯვებას!

გამარჯვების ბუნებრივ დადებით ემოციური ფონზე, იმ იმედით, რომ ეს მდგომარეობა კეთილად აისახება შემდგომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, კიდევ ერთხელ მოგმართვთ ე.წ. მიწის გასხვისების მორატორიუმის  შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის 16 ივნისს იქნა მიღებული კანონი  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3707384), რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ  კანონის“ ამოქმედებამდე, შეჩერებულ იქნა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებას ანიჭებს უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

ეს იყო არა უბრალო კანონი, არამედ ეს იყო  საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს მთავარი კონსესუსის – მიწის ორგანული კანონით – „მიწის კოდექსით“ დარეგულირების შეთანხმება.

ამ შეთანხმების დარღვევით, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 20 სექტემბერს პირველი წაკითხვით მიიღო „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც შეზღუდვები არის ყველასთვის, გარდა ბანკებისა და მთავრობისათვის, ანუ  საზოგადოებას კანონმდებელმა შესთავაზა იმის გაგრძელება რაც იყო მორატორიუმამდე. ნიშანდობლივია, რომ საპარლამენტო განხილვის დროს ამ ჩამონათვალს დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

დღეისათვის, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები დამტკიცებულია, აღნიშნული კანონპროექტი აზრს კარგავს, რადგან ქართული მიწის გაყიდვა კვლავ სრულიად თავისუფალია!

კიდევ ერთხელ მივაქცევთ თქვენ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ მორატორიუმი,  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის“  ამოქმედებამდე ვადით იყო დადებული! (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3707384)  საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი უკვე ძალაშია, ე.ი. მორატორიუმის ვადა ამოწურულია!!!

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მიწის საკითხის დამარეგულირებელი ორგანული კანონის მიღებას ითვალისწინებს, მაგრამ რა ხდება ამ კანონის მიღებამდე? მანამდე ხომ კვლავ სრული სამართლებრივი განუკითხაობის ახალი პერიოდი დაიწყო? ამიტომ მოგიწოდებთ გაახანგრძლივოთ მარატორიუმის ვადა ორგანული კანონის – „მიწის კოდექსის“ – მიღებამდე!

ვშიშობთ, არ განმეორდეს 2013 წლის ისტორია, როდესაც წლის ბოლომდე მიწის გაყიდვის მორატორიუმს მიწის კანონმდებლობის შექმნა უნდა მოჰყოლოდა. სინამდვილეში მიწის კოდექსი არ შეიქმნა, ხელისუფლებამ დაარღვია მორატორიუმი დროებითი წესებით. შედეგად – დღემდე მიწის ყიდვა-გაყიდვა სრულად თავისუფალ ბაზარზეა მინდობილი მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთ ქვეყანაში – საქართველოში.

როდის იქნება მზად მიწის კოდექსი? როდის დასრულდება ქართული მიწით სპეკულაცია და მევახშეების საზრდოობა?

ხომ არ მოხდება ისე, რომ გაიყიდება ის დარჩენილი მიწაც, რაც ჯერ კიდევ შემორჩა და შემდეგ მივიღებთ მიწის კოდექსს უკვე ახალ – ქართველების ჩამნაცვლებელი მესაკუთრეების დასაცავად?

მოგიწოდებთ, საზოგადოებას აცნობოთ ხელისუფლების მკაფიო პოზიცია, თუ როდის აპირებთ მიწის კოდექსის მიღებასა და რა გზებით აპირებთ მიწის გაფლანგვისა და უმიწო ქართველების (სამშობლოში ხიზანთა) ჩამოყალიბების პროცესის შეჩერებას.

თქვენ ეს შეგიძლიათ, ეს თქვენ მოღვაწეობის სამომავლო შეფასებაში გადამწყვეტი მომენტის მნიშვნელობის საკითხია.

მოგიწოდებთ, გამოიყენოთ აღნიშნული შანსი, შექმენით წარმატების ისტორია,  წინააღმდეგ შემთხვევაში მიწაწართმეულ ქართველთა ხვედრის გამო სრული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ.

პატივისცემით,

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), დეკანოზი თევდორე (ამბროლაძე), გოგოლა მარგველაშვილი (აკადემიკოსი), თინათინ ჩხეიძე (პროფესორი), ეთერ ხარაიშვილი (პროფესორი), გიგა ბათიაშვილი (აკადემიკოსი), პაატა კოღუაშვილი (აკადემიკოსი), ჯემალ კაციტაძე (აკადემიკოსი), თემურ კანდელაკი (პროფესორი), პარმენ ლემონჯავა (პროფესორი), რეზო მანველიძე (პროფესორი), გივი თალაკვაძე (პროფესორი), ანზორ მესხიშვილი (პროფესორი), ვლადიმერ (ლადო) პაპავა (აკადემიკოსი), გიზო ურუშაძე (აკადემიკოსი), ავთანდილ სილაგაძე (აკადემიკოსი), ნოდარ ჭითანავა (აკადემიკოსი), გივი ბუცხრიკიძე (პროფესორი), რევაზ გოგოხია (პროფესორი), ბადრი რამიშვილი (პროფესორი), ჯუმბერ ფანჩულიძე (პროფესორი), ნაუმ ტურაბელიძე (პროფესორი), ნიკოლოზ ჩიხლაძე (პროფესორი), გურამ ყუფუნია (პროფესორი), ზაურ ჯინჯოლავა (პროფესორი), მიხეილ ჯიბუტი (პროფესორი).

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress