პოლიტიკოსმა მამუკა გიორგაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე ისაუბრა და პრეზიდენტის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადრება.
გიორგაძემ რამდენიმე მიზეზი ჩამოაყალიბა, თუ რატომ არ აქვს მარგველაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა.
„ანტისაპრეზიდენტო კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა თვითონ პრეზიდენტი, მისი სტატუსი, მდგომარეობა და პიროვნებაა. როდესაც თანამდებობაზე სხვისი ხათრით ხარ არჩეული, ბუნებრივია, მოსახლეობას შენს მიმართ სიმპათიები ვერ იქნება, მით უმეტეს, როდესაც წინასწარ აცხადებ, რომ პლასტელინი ხარ და სადაც მიგაგდებენ, იქ იქნები, მოსახლეობა, რა თქმა უნდა, მხარს ვერ დაგიჭერს. როდესაც იცი, რომ ვეტოების გამოყენებას პრაგმატული შედეგი არ მოჰყვება, ასევე, როგორც პრეზიდენტი, ვერ მოახერხებ, ყველას პრეზიდენტი გახდე, ბუნებრივია, მოსახლეობა გვერდში არ დაგიდგება. მაგალითად, როდესაც აფხაზეთის ან სხვა მნიშვნელოვან თემებზე იყო საუბარი, მარგველაშვილი მხოლოდ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს იწვევდა, ვისთანაც კავშირები ჰქონდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საზოგადოება მის წინააღმდეგაა განწყობილი, მანვე შექმნა პრეზიდენტობის კარიკატურა და დღეს ეს ძალიან მძიმედ გვიჯდება. პრეზიდენტი არის ის, ვინც უნდა იყოს დამბალანსებელი და არბიტრი, ინტერესების პირდაპირი დამცველი, მარგველაშვილმა საკუთარი თავი გააბიაბრუა და დღეს დაჩაგრულის პოზიციიდან სურს პოლიტიკაში ჩართვა, ეს კი ძალიან ცუდი და სამწუხაროა”, - აცხადებს გიორგაძე.
ავტორი სალომე უერთაშვილი