რუსები ყოველთვის შეურაცხყოფას გვაყენებენ – ჩვენ რა გვრჩება, მივიდეთ და გავლახოთ „ღამის მგლები“?!

giorgadze-1

რუს ბაიკერებს საქართველო „უყვართ“, მაგრამ არ აპროტესტებენ, რომ მათი საყვარელი ქვეყანა ოკუპირებულია მათივე ფავორიტი პუტინის მიერ. ამ უცნაური სიყვარულის გამოსახატად ტურისტების ტყავში გადაცმული და საქართველოში ამ გზით შემოპარული „ღამის მგლები“ ვაკის პარკშიც მივიდნენ, უცნობი ჯარისკაცის საფლავიც ყვავილებით შეამკეს, ატირებულ ვეტერანებსაც უთანაგრძეს და ქართული საზოგადოების აგრესიაც იწვნიეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის თქმით, ტურები არიან, თუ ღამის მგლები, მათ მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება არ გვეკადრება და ყველაფერს ღირსეულად უნდა შევხვდეთ. ასეთი ოპტიმიზმის მიუხედავად, გია ვოლსკი „ღამის მგლების“ ქმედებებს პროვოკაციულად აფასებს, რადგან „მგლებს“ იმთავითვე ინფორმაცია გააჩნდათ, რომ მათი მოქმედებები დაძაბულობასა და დაპირისპირებას გამოიწვევდა და მაინც არ შეეპუენენ მასპინძელი ქვეყნის განწყობის დამძიმებას.

სამაგიეროდ, რუს ბაიკერებს მიაჩნიათ, რომ მათ არ დაუმძიმებიათ განწყობა ქართველი ვეტერანებისთვის. პირიქით, „ღამის მგლების“ ერთ-ერთი წევრი, ლეონიდ მურაშკინი ირწმუნება, რომ ის მივიდა ომის ვეტერანთან, რომელიც ტიროდა, რადგან ამ ადამიანებს ყურადღება არ ჰყოფნით, ვეტერანები ხედავენ, რომ მათ არ აფასებენ იმის გამო, რაც მათ გააკეთეს.

პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ხალხი ბაიკერებსა და მათ ლენტებს დასდევს, ამ დროს კი საზღვრები ოკუპირებულია და სჯობს, ამ საკითხზე ვიფიქროთ.

„სხვა ქვეყნის წევრებს რატომ არ დასდევენ, რომლებიც საროსკიპოებს ხსნიან და ქართველ გოგოებს შეურაცხყოფას აყენებენ?!“ – ინტერესდება მეჭიაური.

შს სამინისტროს ცნობით, „ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. ოფიციალური მონაცემებით, მაისის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა „ღამის მგლების“ ჯგუფის 100-ზე მეტ წევრს, რამდენიმე ბაიკერი კი საქართველოში ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე ტურისტულ ჯგუფთან ერთად შემოვიდა.

ყოფილი დისიდენტი, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როდესაც შენი ქვეყნის ოკუპაციას და საქართველოში გახსნილ თურქულ საროსკიპოებს ერთ სიბრტყეზე განიხილავ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, როგორმე გაანეიტრალო ოკუპაციის პრობლემა. და ეს მაშინ, როცა ოკუპაცია ნიშნავს გარედან უხეში ძალის შემოსვლის გზით შენი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას.

მამუკა გიორგაძის თქმით, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ თურქეთისა და რუსეთის მიზანი დაახლოებით ერთია, მაგრამ დღევანდელი რეალობა მეორეა.

„საქართველოს მიზანი რატომ არ არის ტაო-კლარჯეთთან ჩვენი კულტურული თუ ისტორიული მეგობრობის აღდგენა?! რატომ არ მოუვიდათ თავში ქართველ დეპუტატებს ტაო-კლარჯეთთან ურთიერთობა ჩვენი მიზანიც გაეხადათ?! როდესაც ირანი გეუბნება, რომ საბაჟოზე რატომ აჩერებ ჩემს ჰიჯაბიან ქალებს, რატომ არ გაახსენდათ, რომ ირანში მცხოვრებ ქართველებს არ აქვთ ეროვნული უმცირესობის სტატუსი, ან იგივე რატომ არ ხდება თურქეთში? პრობლემა აქ სხვა რამეშია, რატომღაც ცდილობენ, რუსული ოკუპაცია გაუთანაბრონ სხვა ქვეყნის არათანაზომიერ ქმედებებს და გაამართლონ ეს ოკუპაცია. თავისთავად, ცალკე აღებული არც გეორგიევსკის ლენტია უბედურება და არც რუსი ბაიკერების შემოსვლა, მაგრამ კონტექსტია მთავარი. თორემ საქართველო ოკუპირებული რომ არ იყოს, ეს პრობლემა არ იარსებებდა. ასევე, ქართველებისთვის სულ ერთი იქნებოდა, სად წავიდოდა იური ლუჟკოვი. ახლა კი, ზუსტად იმ დროს, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აქვს შეხვედრა თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტთან და აშშ-ის პრეზიდენტთან, ამ ადამიანის საქართველოში შემოსვლა ქართული სახელმწიფოს დემონსტრაციული შეურაცხყოფაა და პერსონალური შეურაცხყოფაა საქართველოს ხელისუფლების-ივანიშვილის, მარგველაშვილის, კვირიკაშვილის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში რუსები ჩამოდიან და ჭკუას გვარიგებენ, აფხაზეთის გარეშე უფრო ბედნიერნი იქნებითო. ამ შეურაცხყოფას კი ხედავს მთელი მსოფლიო“, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.

მისივე განმარტებით, თუნდაც არ მოგვწონდეს საბჭოთა დროშა, რომელიც მელიტონ ქანთარიამ აიტანა, სიმბოლურად ის მაინც მეორე მსოფლიო ომში ქართველი კაცის დამსახურების გამოხატულებად რჩება. ასევე, ფეხზე ვდგებით ჰიმნის ფონზეც, რადგან პატივს ვცემთ სამშობლოს. სწორედ ამ სიმბოლოებით გამოიხატება პატივისცემა ქვეყნის მიმართ. დღეს კი გეორგიევსკის ლენტი და ბაიკერების თუ ლუჟკოვის ჩამოსვლა რუსეთის მხრიდან იმის სიმბოლოა, რომ თქვენ კი იძახით, ოკუპირებულნი ვართო, მაგრამ ჩვენ რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ.

მამუკა გიორგაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ისევე, როგორც არ შეიძლება, მშვიდად შევხვდეთ, როცა აბაშიძე-კარასინის შეხვედრისას რუსები ათი მეტრით გადმოსწევნენ საოკუპაციო ზოლს, ან ვიღაცას გაიტაცებენ.

„ყოველთვის შეურაცხყოფას გვაყენებენ. რა მრჩება მე, მივიდე და გავლახო „ღამის მგლები“? გავლახოთ ლუჟკოვი და მთელი მსოფლიოს თვალში წარვდგეთ ველურ ადამიანებად? ხომ ვიცით, ეს როგორ პროვოკაციასაც გამოიწვევს?! ამიტომ ხელისუფლებამ არ უნდა მოიხსნას პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა არ უნდა გადააბაროს ქართველ ხალხს. იმ ხალხს, რომელსაც არ აძლევს საშუალებას, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა შეურაცხმყოფელს“.

„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარეს ნოდარ ნათაძეს რუსი ბაიკერების ჩამოსვლა თეთრი ძაფით ნაკერ დემაგოგიურ შტრიხად მიაჩნია. მისი აზრით, ასეთი მარტივი ხრიკებით რუსები ვერ შეძლებენ, საქართველოში ვინმე მოატყუონ. მათ ხომ საქართველო განა მარტო ტვინით, არამედ ორგანულადაც სძულთ. ამიტომ არ უნდა შემოგვეშვა ეს ადამიანები მანამ, სანამ ისინი არ დაიწყებდნენ საქართველოდან ოკუპანტების ასალაგმად მოძრაობას.

„გეორგიევსკის ბაფთა ერთ-ერთი დამამცირებელი რუსული სიმბოლოა. დღეს გვამცირებს ეს ქვეყანა და როგორ შეიძლება მასთან კოლეგიალობისა და ერთობის გამოჩენა? რომელ ურთიერთობის ნორმალიზაციაზეა საუბარი? ეს ხომ უთავმოყვარეობა, პათოლოგიაა? დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ სხვაგან არ მოხდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი მოკლებულია ეროვნულ თავმოყვარეობას. სხვათა შორის, სააკაშვილი მარტო რუსების კი არა, თურქების აგენტიც იყო. პერსპექტივაში, რუსები და თურქები გადაბმული მოკავშირეები არიან. მათი სტრატეგიული ამოცანაა, შავ ზღვაზე არ შემოუშვან დასავლეთი და არ გაატარონ შუა აზიისკენ. ჩვენმა ხალხმა არც ის იცის, რომ 1921 წელს მე-11 არმიის შემოტევა როცა განხორციელდა აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ასევე, თურქული არმიის შემოტევაც დაიწყო სამხრეთიდან ზუსტად ერთსა და იმავე დროს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. გერმანული წარმოშობის რუს გენერალ ანატოლი გეკერს შესაბამისი დოკუმენტიც აქვს ამის შესახებ შედგენილი, რომ ჩვენ (ანუ რუსებს) და თურქებს ერთად გვაქვს ამდენი და ამდენი ხმალი (ანუ ცხენოსანი) და ამდენი ხიშტი (ანუ ქვეითი). თუმცა იურიდიული ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენი მიმართება რუსეთთან სულ სხვა არის, ვიდრე თურქეთთან. ტაო-კლარჯეთის მითვისების მიუხედავად, თურქები ოკუპანტებად არ ითვლებიან“, – აღნიშნა ნოდარ ნათაძემ For.ge-სთან საუბარში.

მანანა ნოზაძე

2017-05-11

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress