ქართული ოცნების ხელისუფლებამ მორიგი შემაშფოთებელი და სახელმწიფო ინტერესებისთვის საშიში ნაბიჯი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. როგორც ცნობილია, აქამდე ქართული მხარე გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ახალი ხელშეკრულებით საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას მიიღებს; ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.
რუსეთთან ურთიერთობების თემის სენსიტიურობის მიუხედავად, ხელისუფლებამ “გაზპრომთან” საზოგადოების ზურგსუკან მოლაპარაკებების პრაქტიკა აირჩია: არ ხმაურდება არათუ მოლაპარაკებების შესახებ ცნობები, არამედ ისიც, თუ რაში მდგომარობს შეთანხმება და ფასიც კი. ამავდროულად, საერთაშორისო ვაჭრობის ბოლო ათწლეულის პრაქტიკიდან კარგად არის ცნობილი, რომ რუსულ გაზს გააჩნია არა კომერციული, არამედ, ძირითადად, პოლიტიკური და მხოლოდ პოლიტიკური ფასი. ეჭვგარეშეა, ოცნების მთავრობის მიერ სიმართლის დაფარვა დაკავშირებულია შეთანხმების პოლიტიკური ფასის გამჟღავნების შიშთან, სხვა სიტყვებით, იმ ფაქტთან, რომ ხსენებული შეთანხმება სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
თავად ის ფაქტი, რომ რუსული მხარე დიდი ხანია მოითხოვდა გადახდის ასეთ სისტემაზე გადასვლას, თავისთავად ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს ქართული ინტერესი არ ყოფილა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ მორიგი მოლაპარაკებების შემდეგ ნატურით ანგარიშსწორების შენარჩუნება საქართველოს ენერგეტიკის მესვეურთა მიერ ფასდებოდა, როგორც პოზიტიური მიღწევა. ამდენად, ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის ევროკავშირის მოთხოვნებსა თუ არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსვლის წადილით არგუმენტირება, არაფერია, თუ არა საზოგადოების უპატივცემულობა და საკუთარი უსუსურობის შენიღბვის კიდევ უფრო უსუსური მცდელობა.ამავდროულად, უნდა ავღვნიშნოთ, რომ საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების დროს აპელირება ვითომცდა საერთაშორისო სტანდარტებზე, დამატებითი მსჯელობის საგანია.
ხელისუფლების მაღალჩინოსნის განცხადებები, რომ საქართველოს წინაშე არჩევანი ძალიან შეზღუდული იყო, თავისთავად მიანიშნებენ იმაზე, რომ მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა ან კიდევ უფრო უარესი, გარკვეული ვალდებულებებით არის დატვირთული რუსეთისა და მისი სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომის“ წინაშე. ამ ზეწოლისა თუ ვალდებულების ახსნა ადრე არსებული ხელშეკრულების ვადით ამოწურვით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ძნელია მოიფიქრო უფრო მეტად აბსურდული არგუმენტი, ვიდრე, თითქოსდა ორ სუბიექტს, ამ შემთხვევაში, რუსეთის „გაზპრომსა“ და მის სომხეთის შვილობილ კომპანიას შორის სავაჭრო ურთიერთობებში, მესამე, სატრანზიტო მხარეს არჩევანი შეზღუდული იყოს. პირიქით, პირობებს გაზსადენის მფლობელი მხარე უნდა სარგებლობდეს უპირატესობით.
კიდევ უფრო შორს მიდის ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კალაძე, რომლის განცხადება უტიფრობის აპოთეოზს წარმოადგენს: თითქოსდა ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის ალტერნატივა ქურდობა იყოს. როგორც ჩანს, მინისტრი კალაძე ძალზე მწყრალად არის ტრადიციულ ზნეობასთან, ვინაიდან მოპარვისგან თავის შეკავების მიზეზად სასამართლოს შიშს ასახელებს. თუ არ იქნებოდა სასამართლო, უნდა მოგვეპარა?
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენს შეშფოთებას იწვევს არა მარტო რუსულ კომპანიასთან ანგარიშსწორების ფორმა, რაც ნორმალურ ქვეყანასთან ურთიერთობის შემთხვევაში ძირითადად კომერციული საკითხია, არამედ რუსული მხრიდან წამოსული შანტაჟის, დაშინებისა და ვალდებულებებით დატვირთვის ის ტენდენცია, რომლიც აშკარად იგრძნობა ქართველი ჩინოსნების გამოსვლებში და რომლის ახსნაც მათ არ ძალუძთ (ბანალურ მსუნაგობაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ).
ასევე, გასათვალისწინებია, მსგავს საკითხებში რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება, როცა რუსეთი საქართველოსთვის გადასახდელ თანხებს ჩამოწერდა ვითომცდა რუსეთის წინაშე გაურკვეველ ან კორუფციულ ვითარებაში „წარმოშობილი“ საქართველოს ვალის სანაცვლოდ.
სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველომ საერთოდ ვერ მიიღოს ეს თანხა.
სამწუხაროდ, არ გვაქვს პასუხი კითხვებზე:
_ ტრანზიტით მიღებული ფული ეყოფა თუ არა გატარებული 10%-ით მისაღები გაზის მოცულობის ყიდვას?
_ გაზის ტრანზიტის მონეტარული ვარიანტი იმოქმედებს თუ არა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაანგარიშებაზე? (რომლის რთულ სქემაში 10%-იანი ნატურით მიღებული ბუნებრივი აირიც მონაწილეობდა).
სახალხო პარტია დაბეჯითებით მოუწოდებს ქართული ოცნების ხელისუფლებას შეწყვიტოს საქართველოს ხალხის აბუჩად აგდება და მოუყვეს მთელი სიმართლე საზოგადოებას. დაარწმუნოს, რომ თვითონ გაზსადენის, რკინიგზისა თუ საქართველოს სხვა სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის საფრთხე არ არსებობს. მხოლოდ მთელი ერის თანადგომა მისცემს მას შანსს თავი დააღწიოს რუსეთის მხრიდან დამამცირებელ შანტაჟს, რომელიც სულ უფრო ღრმად შეიწოვს მათ ღალატის დამღუპველ ჭაობში. და, თუკი მათ ამის ძალა არ გააჩნიათ, გზა დაუთმონ პასუხისმგებლობიან პატრიოტულ ძალებს, არ დაუკარგონ მომავალ თაობებს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების იმედი.
მამუკა გიორგაძე
სახალხო პარტია 12.01.2017