ქართველი ისრაელები მხოლოდ სარწმუნოებით განსხვავდებიან დანარჩენ ქართველებისაგან, როგორც მაგალითად, ქართველი მაჰმადიანები, ქართველი კათოლიკენი, ქართველი გრიგორიანები და სხვ.
ჩამომავლობით, ენით, ისტორიით, ზნით და ჩვეულებით ისინი არიან ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ღვიძლი ძმები და შვილები. ქართველობა ყოველთვის ასე ფიქრობდა.
მაშ რა უფლება უნდა ჰქონდესთ მათ დღეს და რა უფლება ექნებათ მომავალ საქართველოს ავტონომიაში? იგივე უფლება, როგორიც აქვთ და ექნებათ დანარჩენ ქართველებს.
თავისუფლება მოძრავისა და უძრავი მამულების _ სხვათა შორის მიწების _ შეძენისა, ხელშეუხებლობა ბინადრობისა, თანასწორი წარმომადგენლობა თვითმმართველობისა, ადმინისტრაციული გამგებლობისა და კანონმდებლობაში, თანასწორი უფლება აღზრდისა და განათლების საქმეში და სხვ. _ აი ეს ძირითადი უფლებანი.
უნდა ავღნიშნოთ კიდევ ერთი უფლება: ხელშეუხებლობა სარწმუნოებისა, რომელიც იშობება სინდისის თავისუფლებისაგან. ისრაელებს აქვთ და ექნებათ უფლება შეაწერონ თავის თავს გადასახადი თავისი სალოცავებისა და სამღვდელოებისა და თავისი სჯულისა და სარწმუნოებრივი ენის მასწავლებელთა შესანახავად.
ძმებო ისრაელნო! მოგვეცით ხელი და შევკრათ ისეთი კავშირი და ერთობა, როგორიც შეეფერება თავისუფლების ახალ დროს.
ვასილ წერეთელი