წარსული წლის უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში მრავალი და მნიშვნელოვანი ფაქტები წამოიჭრა საერთაშორისო პოლიტიკის სარბიელზე.
რუსებმა უჩვეულო ცხოველმყოფელობა და უტაქტო აქტივობა გამოიჩინეს, როგორც ახლად განთავისუფლებულ აზიის ერთა (ინდუსები, ბირმანელები, პაკისტანელები, კაშმირელები, ავღანები) ისე იმ ქვეყანათა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქვეყნებს დამოუკიდებლობა მიანიჭეს. ამგვარივე უტაქტობის პერსპექტივების წინაშე დგანან აფრიკისა და აზიის ტერიტორიაზე მობინადრე ქვეყნებიც: ეგვიპტე, ისრაელი, სირია, ლიბანი, ეთიოპია და სამხრეთ აფრიკის ჯერ კიდევ მანდატების ქვეშ მყოფი ერებიც და მათი მანდატორებიც.
ამ ხალხთა ბუნებრივი სიმდიდრის ცივილიზაციის საჭიროებისათვის არ გამოყენება ნამდვილ სიღატაკის წინ დააყენებს არა მარტო მანდატორებს, არამედ მთელს თავისუფალ დასავლეთს.
აფრიკაში 900 მილიონი მცხოვრებია. მსოფლიო თვალჯავაირის 98%, ოქროს 55%, ტყვია-სპილენძის 22%, მსოფლიო ურანიუმის უდიდესი პროპორცია აქ არის მოთავსებული.
ამერიკელებმა მხოლოდ მაშინ დაიწყეს ასეთი საფრთხის წინაშე საზოგადოებრივი აზრის თვალის ახელვა, როდესაც რუსებმა აქტიურად ააფათურეს ხელები აღნიშნულ რაიონებში.
საგანგებო პერიოდული ორგანოს გამოცემის მიზნით, როგორც საფრანგეთის პრესა გადმოგვცემს, ამერიკის მთავრობამ ერთგვარი მობილიზაცია მოახდინა სამი დარგის სპეციალისტთა: პოლიტიკაში – სტიფენსონი, მწერლობაში – ჰემინგვეი და ეკონომიკაში – ჯონ გუნტერი.
ამით ის ფიქრობს თავის ხალხს და მთელს თავისუფალ კაცობრიობას გააგნებინოს და შეაგნებინოს ფასი აფრიკის კონტინენტისა მომავალი თაობებისათვის. ამავე დროს საბჭოთა რუსეთი ემისრებს უკვე ოფიციალურადაც აგზავნის აღნიშნულ რაიონებში და ჰპირდება მათ ეკონომიურ, ფინანსიურ და სამხედრო დახმარებასაც. ვინაიდან ცნობილია, რომ ასეთი დახმარება უკომპესაციოდ არ დარჩება, უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთის არაოფიციალური აგენტები უკვე კაი ხანია რაც იქ მუშაობენ.
ამიტომ შეცდომა იქნება არ აღინიშნოს ტიტოს მოგზაურობა ჯერ ინდოეთში და შემდეგ აბისინიასა და ეგვიპტეში. უნდა ვიფიქროთ, რომ ბანდუნგის კონფერენციაზე დამსწრე ტიტომ მცირე როლი არ ითამაშა ბულგანინი ხრუშჩევისათვის კვალის გაყვანაში შორეულ აღმოსავლეთში სამოგზაუროთ და ასეთივე უნდა იყოს მისი როლი რუსების მოსალოდნელ მოგზაურობისთვის ეთიოპიასა და ეგვიპტეში.
ოსმალეთი და საბერძნეთი ერთმანეთს ვერ მიესევოდნენ, ტიტო რომ საბჭოებს არ შერიგებოდა და ამით ბალკანეთის პაქტი არ ჩაეშალა. აქ გამოჩნდა დახელოვნებული და გამოცდილი ინგლისის დიპლომატიის პირველი დიდი მარცხი, რაც ბაღდადის პაქტმა არა თუ არ დაფარა, პირიქით უფრო თვალსაჩინო გაჰხადა. მას უნდა სცოდნოდა, რომ რუსების
მიერ დაყრილ სილაზე (ტიტოს იუგოსლავია) შეუძლებელი იყო მკვიდრი და საფუძვლიანი შენობის აგება.
ამნაირად ატლანტიკის პაქტის შესუსტებაც მოსალოდნელია და ინგლის საფრანგეთ-გერმანია-იტალია-ისპანეთ-ბენელუქსის ჯერ ურთიერთ შორის მჭიდრო და გულწრფელი შეთანხმების და შემდეგ ამერიკასთან კავშირისაც, ურომლისოდ რუსეთი უნდა გაბატონდეს მთელს ქვეყანაზე.
ამის შეგნება კი უდავოთ მოითხოვს, რომ პრიორიტეტი არა ვაჭრულ მომენტებს მიენიჭოს აღნიშნულ ქვეყნების ურთიერთობაში, არამედ უზრუნველყოფის (ე.ი. პოლიტიკურს და სტრატეგიულს) პრინციპებს.
მართალია, ჟენევის ზაფხული სუსხიანმა ზამთარმა შესცვალა, მაგრამ ამან მარაზმისა და დემორალიზაციის ნაცვლად ისეთი თავდაცვისა და სასიცოცხლო ინსტინქტი უნდა გააღვიძოს თავისუფლებაში მყოფ ქვეყნებში, რომ ვაჭრული პრიმატი ლექსიკონიდანაც კი ამოიშალოს იმ ველური შემოსევის მოსაგერიებლად, რომელსაც საბჭოთა რუსეთი ამზადებს. ამ მოსაზრებით მეტი არ იქნებოდა იმ ძალების გამოყენება აზიისა და აფრიკის ხალხების თვალის ასახელად, რომელთაც გადახვეწილებაში ყოფნა ამჯობინეს რუსეთის ციხეს და ბევრის თქმაც შეუძლიანთ როგორც ინდოელთა და არაბთა გონზე მოსაყვანათ, ისე სხვა ხალხთა გამოსაფხიზლებლად და ცრუ ილუზიების გასაქრობად.
ემიგრაციაში მყოფი ყოველი პატრიოტი: პოლონელი, ჩეხო-სლოვაკი, ბულგარელი, ჰუნგრელი, რუმინელი, ლიტველი, ლატვიელი, ესტონელი, უკრაინელი, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, მთიელი, თურქმენი და სხვა ურიცხვი შვილები რუსთაგან ჩაგრული ერების დაუფასებელ ადამიანურ და ინტელექტუალურ-მორალურ საპროპაგანდო ცოცხალ მასალას წარმოადგენს, თუ ამისთვის სათანადო პირობები შეიქმნება.