ს ი ტ ყ ვ ა წარმოთქმული ელ. პატარიძის მიერ მთავარსარდალ ღენ. კვინიტაძის საფლავთან. – ივერია #14 1971 პარიზი

კვინიტაძე

თანამემამულენო!

უცხო, მაგრამ ჩვენთვის მეორე სამშობლოდ ქცეულ, კურთხეულ საფრანგეთის მიწას ვაბარებთ ჩვენი ძველი თაობის ფრიად ღირსშესანიშნავსა და უკეთილშობილეს ადამიანს, რომელიც უმწიკვლოდ, უანგაროდ და მამულიშვილურის უღრმესი შეგნებით ემსახურა მის სამშობლოსა და ერს და ჭეშმარიტად დიდი ქართველის სახელი დაიმსახურა.

თავისუფალი საქართველოს ჯარების მთავარსარდალი, ღენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელსაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებამ, ერის საბედიწერო და უმძიმეს მომენტში დაავალა და მიანდო უმძიმესი საქმე, ქართველი ჯარის სარდლობა – დაგვიანებით, როცა დიდი რუსეთის ჯარის ნაწილები უკვე ღრმად იყო შემოჭრილი და დედა ქალაქს ემუქრებოდა.

ღენერალი კვინიტაძე, მის მიერ აღზრდილ იუნკრების მოწინავე პოზიციებზე მიშვებით, ეკვეთა კოჯორისა თუ სოღანლუღის ბრძოლის ველზე რუსის ჯარებს და საგრძნობლად უკან დაახევინა. მისმა სახელმა განაცოცხლა გამარჯვების იმედი ქართველი ხალხის გულში. ამის დასადასტურებლად, ნებას მივცემ თავს აქ მოვიყვანო გაზეთ „საქართველო“-ს 1921 წ. თებ. უკანასკნელ ნომრიდან რამოდენიმე ამონაწერი.

სრულიად საქართველოს ქათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს წერილიდან:

„ენდეთ ჩემს ჭაღარას, როგორც ვერავითარი ძალა ვერ მოგლეჯს კავკასიონს თავის ძირიდან, თუ არა მიწის ქვეშიდან ამოხეთქილი ძლიერება, ისე ვერავითარი ძალა ბოლშევიკებისა ვერას დააკლებს სახელოვან ქართველ ლაშქარს. ღმერთმა აკურთხოს ჯარების მთავარსარდალი ღენ. კვინიტაძე და ქართული ლაშქარი. დიდება და მარადისობა ქართველ ერს“.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მეთაური გიორგი გვაზავა: „საქართველოს გულიდან, თბილისს უკვე აღმოხდა ვაშა და გამარჯვების გრიალი ეფინება ქვეყნიერებას. „ვაშა საქართველოს“, ვაშა ქართველი ჯარის მთავარსარდალს ღენერალ კვინიტაძეს“.

გაზეთ „საქართველო“-ს იმავე ნომერშივე ერთ-ერთი რედაქტორი წერს:

„მისი სახელი ეკერა პირზე ყველას, მტრის ვერაგულ და თავხედ შემოტევის პირველსავე გაგებაზე… მისკენ ჰქროდა გონება ყოველი ქართველი პატრიოტისა, ვისაც სწამდა და სწამს ბრწყინვალე მომავალი სამშობლოსი მისი ძალა და უნარი მტერთან საბრძოლველად. მისი სახელოვანი შარავანდედით მოსილ პიროვნების გარშემო, შეიკრიბა სხივები ეროვნული ენტუზიაზმისა, ერის ცხოველმყოფელი იმედისა და გამარჯვებისათვის აუცილებელი ნებისყოფისა. მისმა მოწოდებამ სამოქმედო ასპარეზზე – იმედით აღავსო ქვეყნის გული, განამრთელა და განამტკიცა იმედი და რწმენა ქვეყნის ხსნისა და გამარჯვების. იგი კვლავ მეთაურობს უძლეველ მხედრობას, კვლავ მის მძლავრ მარჯვენას ჩაბარდა განწირვის ჯამს ბედი ქართლისა.

კურთხეულ იყვან მარჯვენა შენი გმირო ქართლისაო!

გზა გამარჯვებისა იყავ მუდმივი და განუწყვეტელი ხვედრი შენი და ძლევამოსილი შენის მხედრობისა! იხსენ ერი შენი განსაცდელისაგან“.

-დაგვიანებით, ომის ბოლო დღეებში მთავარსარდლად მიწვეული ღენერალი კვენეტაძე სასწაულ-მოქმედებას ვერ მოახდენდა: ერს განსაცდელისგან ვერ იხსნიდა. რადგან ჩვენი ქვეყანა, იმ დროს, ნაწილობრივ ნივთიერად, ხოლო უმთავრესად სულიერად და იდეურად ასეთი გამოცდისათვის მზად არ იყო. ძველი სახელმწიფოებრივი ტრადიცია ლიტერატურულ მოგონებაში-ღა ცოცხლობდა, ხოლო ახლად აღმდგარ სახელმწიფოს ფასი და რაობა მხოლოდ რჩეულ მოწინავე ფენას ესმოდა. ყოველივე ამის გამორკვევა მომავალ მიუდგომელ ისტორიკოსის საქმეა.

შენ კი ღირსეულო, თავდადებულო ღენერალო და დიდო ქართველო განისვენე ამ უცხო, მაგრამ შენს მეორე სამშობლოს საფლავში.

„ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან“.

შენი ხსოვნა, როგორც დიდი ქართველისა სამარადისოდ და სათაყვანებლად დარჩებაქართველი ერის გულში.

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress