ივერია #14 მაისი და თებერვალი – პარიზი

ლოგო

ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივსა და რთულ ისტორიაში, შეუძლებელი თუ არა, ფრიად ძნელია ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობის თარიღების დადგენა როგორიც არის 1918 წლის მაისი და 1921 წლის 21 თებერვალი.

26 მაისს, საქართველო, რომელიც არც იურიდიულად, არც გეოგრაფიულად არ არსებობდა, არამედ უბრალოდ, რუსეთის იმპერიის გუბერნიების სახელს ატარებდა, ვით სასწაულებრივ მკვდრეთით ამდგარი, ყოველმხრივ ორგანიზებულ ერის სახით, მსოფლიოს წინაშე წარსდგა და თავისუფალ სახელმწიფოდ არსებობის სურვილი განაცხადა. ამ მოვლენას თან სდევდა მისთვის დამახასიათებელი თვისებები: ახლადფეხადგმულ სახელმწიფოს ტაატი, მაგრამ საერთო დიდი ენთუზიაზმი და ღრმა სურვილი ქვეყნის მოწყობა-მოვლისა.

თებერვალში, უსხო იდეოლოგიის მატარებელმა უცხო ხალხმა, მთელი ერის იმედის ლამპარი უხეშად ჩაგვიქრო და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი, ცხოვრების ყაიდა და წყობა თავს მოგვახვია.

ორმოცდაათმა წელმა განვლო მას აქეთ. ყველასათვის ცნობილია თუ ამ ხნის განმავლობაში, საქართველომ რა ჭირი გამოიარა: სისხლში ჩამხრჩველი აჯანყებები; ხალხის მასიური გადასახლება; წინააღმდეგობის უნარის მოსპობის მიზნით, ხალხის აქტიურ ელემენტის ამოწყვეტა; და ბოლოს, ომში, დიდი რუსეთის ინტერესებისათვის, ასიათასების გაწირვა.

დღეს რაშიგან ვართ? რა შედეგებს მიაღწია ხალხის ბედნიერების და თავისუფლების სახელით მოქმედმა იდეოლოგიამ? ნახევარსაუკუნოვან ჭაპანწყვეტისა და აურაცხელ მსხვერპლის გაღების შემდეგ რა მიიღო ხალხმა? მატერიალურად – სრულიად ელემენტარული მინიმუმი. შიმშილი არ არის, ხალხი ასე თუ ისე ჩაცმულ-დახურულია, ქოხმახებში აღარ ცხოვრობენ. ფართო მასისათვის ეს არის და ეს. სამაგიეროდ ახალი არისტოკრატია (მმართველი წრე, ტექნოკრატია, ხალტურისტები და შენიღბული ქურდები) აღვირახსნილ ფუფუნებაში ცხოვრობს.

რა დღეშია პიროვნული თავისუფლება? მთელი ქვეყანა სატუსაღოს ატმოსფეროში ცხოვრობს. უცხოეთში ჩამოსულ ტურისტებს თუ მივლინებაში მყოფ მეცნიერებს თუ ხელოვნების მუშაკებს, დარაჯად, ჩეკისტები დაჰყვებიან და თუ „ეტაპს“ ვინმე გამოაკლდა (ე.ი. კაცმა უბრალოდ სხვა ქვეყანაში ცხოვრება არჩია), ატყდება აურ-ზაური, სწორედ ყველა იმ დამახასიათებელი ნიშნებით, როგორც ციხეში ხდება როცა ტუსაღი გაიქცევა: სკანდალი, თავის მოჭრა, სირცხვილი „როგორ გაგვექცა“-ო. იქ მყოფთა რეაქციაც სწორედ იმგვარია, როგორიც – ციხეში მყოფი ტუსაღებისა: „ ეს რა გვიყო, ეხლა ჩვენ აღარსად გაგვიშვებენ, ჩვენს მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებენ“-ო და თვით რომ კარგად გამოჩნდნენ, „გაქცეულს“ მოღალატედ აცხადებენ.

სიტყვის თავისუფლებაც ასეთივეა. თუ ვინმე ისე „გასულელდა“, რომ იქ ადგილობრივ ხმა ამოიღო და რეჟიმის კრიტიკა წამოსცდა, ჯანმრთელ კაცს გიჟად გამოაცხადებენ და სულით დაავადებულთა სახლში ჩაჰკეტავენ.

ასეთ ქვეყანაში როგორი-ღა უნდა იყოს ეროვნული თავისუფლება? ქართული სახელმწიფო, მისი მთავრობა და მინისტრები, ყოველივე ეს, ჩვენში, შინაარს გამოცლილი სიტყვებია მხოლოდ.

საბჭოთა რუსეთის მაგვარი ცენტრალიზებული სახელმწიფო არასოდეს არსად არსებულა (ძველად ამისათვის არც ტექნიკურ-მატერიალური საშუალება და არც მეცნიერულად შესწავლილი მეთოდი არსებობდა); საქართველო ეკონომიურად და კულტურულადაც რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი მამოძრავებელი ბორბალია და სხვა არაფერი. ჩვენი ქვეყანა განიცდის მაქსიმალური სიძლიერით ნაწარმოებ ეკონომიურ კულტურულ და ეთნოგრაფიულ კოლონიზაციას (რუსთა რაოდენობა 50 ათასიდან 500 ათასამდე ავიდა).

ყოველივე ამის შემდეგ კაცი ან რეგვენი ან სინდისისაგან გარეცხილი უნდა იყოს, რომ ასეთი მდგომარეობა ნორმალურად მიიჩნიოს, ხოლო ვინც იქამდე მიდის, რომ ამას ბედნიერებას უწოდებს, მისთვის სახელიც ძნელი საპოვნელია.

არა! თებერვალი ქართული ზეიმის თარიღი არ არის. ქართველმა ხალხმა მას შავი თებერვალი დაარქვა.

ზეიმი 26 მაისი იყო და იგი კვლავ გაგვითენდება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress