წინასაარჩევნოდ ჩვენ გაგვხადეს ბულვარული სპექტაკლის მონაწილენი

giorgadze-1

„ტრაგიკულია, როცა წინასაარჩევნოდ ჩვენ არ ვმსჯელობთ  სერიოზულ პოლიტიკურ თემებზე“

მარიამ მჭედლიშვილი  ’ახალი თაობა’ 9.04.2016

რა ცვლილებებია იმით, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიები ცალ-ცალკე იღებენ მონაწილეობას არჩევნებში? ამაზე სხვადასხვა აზრი გამოითქმის. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამით ფაქტობრივად არაფერი იცვლება

მამუკა გიორგაძე:

_  პარტიები, რომლებიც 2012 წელს ერთიანი ბლოკის სახით შევიდნენ პარლამენტში, ახლა ცალ-ცალკე იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.  ამით, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება. ხდება მათი განფენა ისე, რომ თითოეულმა მათგანმა დაიკავოს მეტი ადგილი მედიასივრცესა და საზოგადოებაში. ამას თან ერთვის ახალი სპექტაკლები.

_ სპექტაკლებში ამ პარტიების ერთმანეთთან კინკლაობას გულისხმობთ?

_ დიახ. მაგალითად, პარტია „ქართული ოცნება“ იტყვის, მე ასეთი კარგი ვარ, მაგრამ სხვები მუშაობაში ხელს მიშლიდნენო. ამ კონტექსტში ისაუბრებენ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტზე, ჩანაწერის დაკანონების აუცილებლობაზე ქალისა და მამაკაცის ერთობის შესახებ. გაიხსენებენ, რომ რესპუბლიკელები ამ ჩანაწერის გაკეთებას კონსტიტუციაში მხარს არ უჭერენ. „ოცნება“ ხალხს დაპირდება, რომ დამოუკიდებლად  უფრო კარგ საქმეებს გააკეთებს. თავისი თავის ქებას შეუდგება რესპუბლიკური პარტიაც, რომელიც იტყვის, რომ პროგრესული და დასავლურია და ასე, დამოუკიდებლად უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. წინასაარჩევნოდ ჩვენ, ნებსით თუ უნებლიეთ, ვმონაწილეობთ ამ მდარე სპექტაკლში. ტრაგიკულია, რომ ამაზე ვკარგავთ დროს და არ ვმსჯელობთ სერიოზულ პოლიტიკურ თემემსა და ქვეყნის განვითარებაზე.

_ პრობლემების განხილვა არ მიმდინარეობს?

_ რასაკვირველია, არ მიმდინარეობს. ჩვენ უნდა ვმსჯელობდეთ საქართველოს ადგილზე გლობალურ სისტემაში, ღირებულებით სისტემაზე, ჩვენს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, იმაზე, რომ ევროპულ ოჯახში თანასწორუფლებიან წევრად წარვსდგეთ და არა-მაჩანჩალა ბოგანოდ. ამის მაგივრად ხელისუფლების ხელშეწყობით სისულელეებით ვართ დაკავებული.

_ რეიტინგების თავლსაზრისითაც არაფერი შეიცვლება?

_ იმის გამო, რომ კოალიციის პარტიები ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, ბევრი არაფერი იცვლება რეიტინგების თვალსაზრისითაც. „ოცნებაში“ კარგად იცოდნენ, რომ ახლა 2012 წელი აღარაა და საჭირო გახდა სხვა მიდგომები. მით უმეტეს, რომ გაძლიერდა პროტესტი რესპუბლიკური პარტიის მიმართ.  რესპუბლიკელების ჩამოშორებით პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგი ცოტათი მოიმატებს. საბოლოო ჯამში, სურათი იგივე რჩება-ნაც-ქოცური კოაბიტაციური პარლამენტი შეცვლილი ფორმატით და ძველი შინაარსით. რომელი პარტიაც დასჭირდებათ, დაიტოვებენ, რომელიც არა-ჩამოიშორებენ.

_ „ოცნების“ გარდა, კოალიციის სხვა პარტიებს როგორი შანსები აქვთ?

_ არავის არაფრის გარანტია არ გააჩნია. ამ პარტიებს შანსი არა აქვთ, რომ დამოუკიდებლად მოხვდნენ პარლამენტში. მათი მომავალი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე. ვისაც ის დაეხმარება, ის წარმატებას მიაღწევს.

_ არჩევნების დღეს იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება ქორწინების განმარტების თემაზე..

_ ტრაგედიაა, როცა ხელისუფლებას ხალხთან მისასვლელად მხოლოდ ქორწინების თემა აქვს. ამ საკითხს „ქართული ოცნება“ კარგად გამოიყენებს წინასაარჩევნოდ. ამ განმარტების შეტანას კონსტიტუციაში გვპირდებოდნენ. ახლა რეფერენდუმზე გააქვთ. ბიძინა ივანიშვილს რომ მოენდომებინა, ამას მიაღწევდა კიდეც.

_ ანუ, არსებულ სიტუაციაშიც კი შეატანინებდა პარლამენტს ჩანაწერს კონსტუტუციაში?

_ დიახ, რომ მოენდომებინა, მუშტი რომ დაებრახუნებინა, როგორც ეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინ გააკეთა, ახლაც ექნებოდა შედეგი. მაშინდელივით შეეძლო ფულიც დაერიგებინა დეპუტატებისათვის. ეს გახდა სარეფერენდუმო საკითხი. მე მაინც ვფიქრობ, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდება.

_ რატომ?

_ იმიტომ რომ, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება სხვა საკითხებზეც მოაწყოს რეფერენდუმები. რეფერენდუმების ჩატარებას მივესალმებოდი, მაგრამ, არა მგონია, ეს ხელისუფლების ინტერესში შედიოდეს. ქორწინების თემა კარგა ხანს იტრიალებს და „ოცნება“ ამით შეეცდება ქულების მიღებას. ბოლო დროს თოქ-შოუების მთავარი თემებია ქორწინების განმარტება და პიკანტური კადრები. რაც უნდა მოერიდოს საზოგადოება ფარულ ჩანაწერებს, ბევრს თვალი მაინც გაურბის. მერე მიდის გარჩევა, რომელი თანამდებობის პირი ქალია ინტიმურ სცენებში და რომელი ცნობილი კაცი.

_ კომპრომატების ომი გაგრძელდება?

_ რა თქმა უნდა. ამით უნდა დააკავონ ადამიანების გული, თვალები, ყურები. ხალხს პრობლემები დაავიწყდება. არჩევნების წინ აუცილებელია ემოციური ფონის ზრდა.

_ ინტერპარტიული ჯგუფის პარტიები, თუ საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასთან ვერ მორიგდნენ, აპირებენ საპროტესტო აქციებს..

_ ამ ჯგუფიდან ორიოდე სუბიექტს პატივს ვცემ. დანარჩენები არიან ნაციონალური მოძრაობის ნარჩენები. ეს სატელიტები ნაცმოძრაობის გარეშე არაფერს გააკეთებენ. არა მგონია, რომ ახლა ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხზე ქუჩის აქციებს გეგმავდეს. ასე რომ, უახლოეს ხანში ეს პროტესტი ვერ შედგება. ეს პარტიები ქუჩაში გამოჩნდებიან მაშინ, როცა ნაცმოძრაობა დააპირებს აქციების მოწყობას.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress