ოცნებას მისი “თავმოყვარე და თავმომწონე უთავოები” დაღუპავს

ლოგო

2016 წლის 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე,  ქართული ოცნების “წარმატებულმა და გამორჩეულმა სახემ” – ზაქარია ქუცნაშვილმა – დააანონსა 2050 წლამდე საქართველოს ჰარმონიული განვითარების სტრატეგია, რომლის პრეზენტაცია 31 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება.

ამ პერსონამ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უამრავ სიბრიყვესთან ერთად, საკუთარი შეფასებებიც მოგვართვა კოალიციაში მიმდინარე პროცესებისა თუ საერთო პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ.

რესპუბლიკელთა მოუზომელი ამბიციების შეფასებისას კი მან მაგალითად მოიყვანა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები და განაცხადა: “მაშინ სახალხო პარტიამ იმდენად დიდი ქვოტა მოითხოვა ოპოზიციურ გაერთიანებაში, რომ საბოლოოდ ზერო მიიღოო”.

კოალიციისა და რესპუბლიკელთა დავის მოტივებზე ვერაფერს მოგახსენებთ (არც გვაინტერესებს  კოალიციის ქვეყნისთვის საზიანო ბინძური სამზარეულო), მაგრამ ვიწრო პოლიტიკური ხედვის მქონე შევარდნაძისტ, აღორძინებისტ და მაშინდელი უღიმღამო სოციალისტური პარტიის ნარჩენი ქამელეონი მხოლოდ იმით იკვებება დღესაც, რითაც 1999-ში, ანუ, რაც პატრონს ნადიმის შემდეგ რჩება სუფრაზე. ნასუფრალი კი, რაც არ უნდა ძვირფასი იყოს, მაინც ნასუფრალია.

თავი რომ დავანებოთ ფაქტის შეგნებულ დამახინჯებას, ანუ, მიზანმიმართულ ტყუილს  (1999-ში პირიქით იყო _ გაერთიანებაში სახალხო პარტიას შეუზღუდავ კვოტას სთავაზობდნენ), ბატონმა ქუცნაშვილმა თავისი თავიც ამხილა _ მისთვის უცხოა იდეოლოგია, მსოფლმხედველობა და ეროვნული საკითხებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა, მისთვის მთავარი მოტივი მხოლოდ სიაში კვოტაა.

ამიტომაც, ვერასოდეს მიხვდება, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ სახალხო პარტიის წევრები, როდესაც სადეპუტატო სკამების ფასად არ დათანხმდნენ ღირებულებების, ქვეყნისა და ერის ინტერესების უგულებელყოფას.

გაცილებით მარტივად მისაღები და შინაგანად მშობლიურია მისთვის და მისნაირებისთვის პრინციპი _ ემსახურე ბელადს (თუნდაც მან საყდრისის დანგრევის “სამეცნიერო” უზრუნველყოფა დაგავალოს), სამაგიეროდ მსუყედ იკვებო მისი ნასუფრალით.

ბუნებრივია, ამ კომიკური პერსონაზე არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა სახელმწიფო მართვის რანგში აყვანილი ამაზრზენი პრაქტიკა  _ პოლიტიკაში ხელის ბიჭების წახალისება, რომლებიც მონური მორჩილებით ემსახურებიან პატრონს (სანამ ის უზრუნველყოფს კეთილდღეობას), მაგრამ მძლავრობენ სხვაგან და, ყველაზე ამაზრზენი, მოძღვრავენ საზოგადოებას. ამ პრაქტიკის შედეგია რომ ქართული პოლიტიკა სავსეა უნიათო, უპრინციპო, ვაჭრუკანა, ცბიერი, ხარბი, უვიცი, “თავმოყვარე და თავმომწონე უთაოებით”.

სასურველი იქნება საზოგადოებამაც გადახედოს 1999 წლის არჩევნების პერიპეტიებს და აღმოაჩენს, რომ სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი შემდგომი პერიოდის ჩვენი ტრაგიკული მოვლენების განვითარებას.

2016_ში ნუღარ გავიმეორებთ ამ შეცდომებს!

პ.ს. აქვე გვინდა შევახსენოთ ქუცნაშვილს, მთელი ცხოვრება უნდა მადლობა გვიხადოს, სახალხო პარტიას რომ მიეღო მაშინ შეთავაზება მისი ადგილი  1999 წლის პარლამენტში შეიძლება არც ყოფილიყო.

სახალხო პარტია

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress