თამარ ნინიძე “ახალი თაობა” 08.12.2014
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
_ უკრაინის ხელისუფლების საკადრო საკითხებზე და ნაცმოძრაობის ლიდერების დანიშვნებზე გკითხავთ. თქვენი აზრით რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
_ ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს იმით, რომ შიდა კლანურ ბრძოლებში გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჩათვალეს, მათი შიდა ბრძოლებისთვის უფრო მისაღებია არა გაცვეთილი ადამიანების დანიშვნები პოსტებზე.
_ ხომ არ გაართულებს ეს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობას?
_ იმდენად წვრილმანებია, რომ არ უნდა იმოქმედოს, მეორე საკითხია უკრაინას ეს რაში გამოადგება, უკრაინის წარუმატებლობა ნამდვილად არ იქნება სასიხარულო არც ქართველი ხალხისთვის, არც ქართული სახელმწიფოსთვის, არადა, ამ ადამიანებით რას უნდა მიაღწიონ, ჩემთვის ეჭვქვეშ დგება, მაგრამ ამან არ უნდა იმოქმედოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე, უფრო ფართო, უფრო ღრმა სტრატეგიული კავშირებია და პიროვნებების მომენტებზე არ უნდა იქნეს გამახვილებული ყურადღება.
_ საზოგადოებას არჩევანის წინაშე აყენებენ _ ადამიანის უფლებების დაცვა თუ სახელმწიფოს უსაფთხოება, ამაზე ვისმენთ მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორია ასე საკითხის დასმა?
_ თავის დროზე იდგა ვითომდა დილემა _ დემოკრატია თუ დამოუკიდებლობა. Aრადა, მაშინ ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია ეს ორი პოზიცია წარმატებული იყოს ქვეყანაში. დამოუკიდებლობა იმიტომ გვინდა, რომ დემოკრატია დავამყაროთ ქვეყანაში, ხოლო დემოკრატია კი არის საშუალება იმისთვის, რომ დამოუკიდებლობით მიღებული შედეგებით ქვეყანა გავხადოთ უფრო თავისუფალი და წარმატებული. ზუსტად ასევე მოსმენები გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში დავიცვათ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები და ადამიანის უფლებები აუცილებელია იმიტომ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება დავიცვათ. როცა ადამიანის უფლებები დაცული არ არის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. მაშინ იქნება ტირანული სახელმწიფო, ხოლო სადაც არ არის დაცული უსაფრთხოება, შეუძლებელია, ადამიანის ულებები იყოს დაცული. ეს არის ხელოვნურად შემოგდებული დილემები. ვითომ გადავნაწილდეთ ჩვენი გემოვნების მიხედვით უჭკუო ბატების ნაწილი ერთ მხარეს და სხვები _ მეორე მხარეს. ორივე მხარე გვატყუებს. იბრძვიან ძალუაფლებისთვის, ასრულებენ გარე ძალების დავალებებს. ანგრევენ ქართულ სახელმწიფოს. მოვთხოვოთ ხელისუფლებას რომ გახდეს უკეთესი. არანაირი დილემა არ არსებობს_ არის ერთიანი პოზიცია და კეთილი ვინებოთ, რომ დავიცვათ ის ერთობლივად.
_ ჩვენ ვნახეთ ღარიბაშვილმა როგორ მიჯირყვნა მთელი საპარლამენტო უმრავლესობა, გაიტანა ამ კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელსაც თავად უჭერდა მხარს. როცა პრეზიდენტის ვეტო დაიძლია, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, საპარლამენტო უმცირესობა, მათი ხმები მობილიზებული უნდა ყოფილიყო რომ ეს პროექტი ამ სახით არ გასულიყო. სად წავიდა მათი ხმები?
_ ეს პარლამენტი მიჯირყვნილი დაიბადა. შამწუხაროა, რომ რომ საქართველოს პარლამენტში არ არის ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი მაინც, რომელსაც შეუძლია თქვას, ქართველმა ხალხმა ჩემი წარსულის და ჩემი ქმედებების გამო ამირჩიაო. საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს. ეს მკვდრადშობილი ორგანო მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს. ხანდახან გამოთქვამს პროტესტს, როცა ამათი პირადი კუჭი უფრო მეტ საკვებს მოითხოვს. პოლიტიკურად დამოუკიდებელი ჯგუფები არ არსებობს. ეს ადამიანები აეკიდებიან ერთ რომელიმე ლოკომოტივს, სანამ ეს ლოკომოტივი არის მათი კეთილდღეობის გარანტი, არიან მშიერმუცელა უნიფხო მონები, როგორც ეს ერთ ცნობილ ქართულ ნაწარმოებშია, შემდგომ როცა გაზულუქდებიან და გაძღებიან უფრო მეტს ითხოვენ, და როცა ეს ლოკომოტივი არ არის მათი კეთილდღეობის გარანტი, იწყებენ პროტესტის გამოთქმას. ამ კანონპროექტმა ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ხანდახან ეს მიჯირყვნილი ხალხი პროტესტს რომ გამოთქვამს ღარიბაშვილმა კიდეც უნდა წამოარტყას თავში. ეს ხალხი იმსახურებს ამას.
_ ბიძინა ივანიშვილის საინტერესო შეფასებები მოვისმინეთ, მან თქვა, სამეგრელოში არჩევნები ალასანიას ფაქტორის გამო წავაგეთო, მაგრამ ალასანია მაინც დანიშნა თავდაცვის მინისტრად. ეს რას ნიშნავს?
_ თქვენ ხომ ხვდებით, რომ აქ ჯანსაღი პოლიტიკა არ მიდის. თუ ეს იცოდა, რატომ დანიშნა?! ეს ხალხი არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნების ხალხი, ისინი მუშაობენ ყოველდღიური პირადი ამოცანების შესრულებაზე. დასჭირდება ალასანია? _ იქნება ნომერ პირველი პოლიტიკოსი, არ დასჭირდება? _ პანღური და გამოაგდე! როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი თავისუფალი დემოკრატი და რესპუბლიკელი მოხვდებოდა პარლამენტში? სანამ პარლამენტში მოხვდებიან თავდახრილი არიან, სხვადასხვა პოზაში არიან ლოიალურები, ბედნიერები. ალასანიას ჯგუფი ბედნიერებას ვერ მალავდა ივანიშვილის გვერდით დგომით. არ ვართ არც ივანიშვილის არც ალასანიას მტრები, ცუდს არაფერს ვუსურვებთ მათ, მაგრამ მათაც გაითვალისწინონ რომ ნუ უსურვებენ ცუდს ქართველ ხალხს. როცა მთელი მსოფლიო საუბრობს რეგიონის გადანაწილებაზე, თურქულ-რუსული ურთიერთობები ასეთ სიმაღლეზე ავიდა, ლამის ლენინის და ათა თურქის ხელშეკრულება გაიხსენეს ერდოღანმა სა პუტინმა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია და რუსეთი კი ნატოს მოწინააღმდეგე. აგერ ჩვენთან ახლოს, ისლამური სახელმწიფოს ხალიფატის შექმნის თემებია, ასეთი გადანაწილების პროცესის წინაშე ვდგავართ და რაზე ვსაუბრობთ, ვინ მოისმენს? ალასანიამ წააგო თუ არა არჩევნები? ეს არის დეგენერატიზაცია ჩვენი პოლიკური ცხოვრებისა. მეორეს მხრივ, მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, მოდით, საქართველო გადაინაწილეთ. პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაზე საქართველოზე არაფერს იტყოდნენ? ეს ორი ლიდერი რაზე შეთანხმდებოდნენ? არ წამოიწევდა სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს თემები? ამ დროს იმაზე ვსაუბრობთ რა უთხრა ივანიშვილმა ალასანიას შეხვედრაზე.
_ ივანიშვილმა თქვა, რომ მე კულუარებიდან არავის ვმართავო და მარგველაშვილის სიტყვები უარყო, რომელმაც თქვა, ქვეყანა კულუარებიდან იმართებაო, ივანიშვილმა თქვა, მე ამის არანაირი ბერკეტი არ მაქვსო. ივანიშვილის ეს ნათქვამი სარწმუნოა?
_ მარგველაშვილის არსებობა არის კულუარებიდან მართვის დროს მიღებული გადაწყვეტილება. ახლა ვინმემ არ მითხრას, რომ შეიკრიბა `ქართული ოცნების~ პოლიტსაბჭო, იმსჯელეს, განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი და გამოარჩიეს საუკეთესო კანდიდატი ამ პოსტზე. ივანიშვილის განცხადებები ამის ნათელი დადასტურებაა. კულურული გადაწყვეტილებები როცა მოსწონდა მარგველაშვილს პლასტელინი ვარო, ამბობდა, როცა გამოვიდა რაღაცა და მიიღო რაღაცის ფორმა, გაუჩნდა სურვილი, რომ რაღაცას წარმოადგენს და აღარ მოსწონს ეს კულუარული მართვა. საქართველოს ჰყავს პარლამენტი, რომელიც ქართველ ხალხს არ აურჩევია. პრეზიდენტი და მთავრობა _ რომელიც ქართველ ხალხს არ აურჩევია. დეპუტატებს მოსწონდათ, რომ პარლამენტში გუდურასავით შეიტანეს და დადეს. Aახლა, როცა მითითებებს აძლევენ, აღარ მოსწონთ. თუ მარგველაშვილს აქვს პრეტენზიები, ეყოს კაცობა და გადადგეს. ვეტო დაძლიეს პოლიტიკიდან წასული დავითაშვილის ხმით. ეს არის პოლიტიკური კორუფცია, მეტი არაფერი. ექსტრემალურ ვითარებაში როცა სჭირდებათ, იყენებენ მის ხმას. საზოგადოებამ ამას ყურადღება არ მიაქცია. ადამიანები რომლებიც ოთხი დღით ადრე აცხადებდნენ, იქნება ეს მიროტაძე თუ ჩაფიძე, არც ერთ შემთხვევაში ამ კანონს მხარს არ დაუჭერენ, როცა მიჯირყვნა დაიწყო, დაუჭირეს მხარი. ხომ შეიძლება ასორმოცდაათკაციან პარლამენტში ერთი მაინც აღმოჩნდეს ღირსეული, ან პრეზიდენტი აღმოჩნდეს ღირსეული და თქვას, რომ კულუარებიდან იმართება ქვეყანა და პროტესტის ნიშნად გადიდგნნნ. პირადი კეთილდღეობის გამო, მზად არიან დაამხონ ეს ქვეყანა.
_ ივანიშვილმა თქვა, რომ ეკონომიკა მყარია ლარის კურსი კი მერყეობს, მაგრამ დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში და ამის გამო აჟიოტაჟის შექმნა მხოლოდ ჟურნალისტებს გსურთო. Mესმის, რომ ეკონომიკური ექსპერტი არ ბრძანდებით, მაგრამ მაინც რა იქნება თქვენი კომენტარი ამაზე?
_ არანაირი ექსპერტობა ამას არ სჭირდება, თუ მყარია ეკონომიკა, მაშინ საზოგადოება კარგად უნდა ცხოვრობდეს. ხდება, როცა კურსი გაიქცევა და ინფლაცია იმატებს, მაგრამ ეს ხალხის ცხოვრების დონეზე არ მოქმედებს. აქ უბედურება ისაა, რომ არამდგრადია ეკონომიკა. დენთის კასრზე ვსხედვართ და ნებისმიერი პატარა ფითილი საკმარისია, რომ აგვაფეთქოს. ამიტომ განიცდის ამას საქართველოში საზოგადოება. როცა 60%-ზე მეტი მოსახლეობისა სიღარიბის ზღვარზეა, ერთი ლარით პროდუქტის გაძვირება დამანგრეველად მოქმედებს მასზე. მოგვცენ საშუალება, რომ ჩემი შრომით ოჯახი შევინახო.
_ მთავრობის ეკონომიკური ბლოკი უნდა გადადგეს?
_ ეს რომ გადადგეს, უკეთესი მოვა? როდესაც პარლამენტი და პრეზიდენტია მიჯირყვნილი, მიუჯირყვნავი მთავრობა მოვა? თუ დამოუკიდებელი პროფესიონალები მოვლენ, მაშინ ცვლილებებს აზრი აქვს. ხადური იქნება თუ ვინმე მისნაირი, რა მნიშვნელობა აქვს. ხადურის წინააღმდეგ კი არ გამოვდივარ. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ არასწორი სისტემისა. ამ სისტემის შეცვლა უნდა მოვითხოვოთ. თუ მტკიცედ მოვითხოვთ ამას, მაშინ ცვლილებებს აზრი ექნება. პასუხისმგებლიანი პოლიტიკურად სრულიად დამოუკიდებელი პიროვნებები უნდა მოვიდნენ, ცვლილებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი. კონკურენტული გარემო უნდა შეიქმნას და ამას ივანიშვილმა უნდა გაუწიოს ანგარიში. ივანიშვილს ღმერთმა მისცა შანსი, რომ ოქროს ასოებით შევიდეს საქართველოს ისტორიაში, უნდა გააცნობიეროს მის წინაშე მდგომი ამოცანა და სახელმწიფოს მისცეს განვითარების სწორი მიმართულება. ხოლო საზოგადოებამ თავის თავში მოძებნოს ძალა, რომ მოსთხოვოს ხელისუფლებას, სწორ გზაზე გაიყვანოს ქვეყანა.