პაატა ზაქარეიშვილის მინისტრობა ქვეყნისთვის საშიშია

giorgadze-1

თამარ ნინიძე  “ახალი თაობა” 11.07.2014

ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

_ დაანონსებული იყო დებატები მერობის კანდიდატებს შორის. ეს დებატები ბოლოს და ბოლოს შედგა. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
_ რა პოლიტიკური ვითარებაც არის ქვეყანაში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დებატების დროს, ნაცმოძრაობას აქვს ინტერესი რომ გავიდეს მეორე ადგილზე, ქართულ ოცნებას აქვს არგუმენტად მხოლოდ ის, რომ ნაციონალბზე უკეთესია. არანაირი შემოქმედებითი მიდგომა, არანარი პოლიტიკური იდეები არ ჩანს. ქვეყანა სტაგნაციის პერიოდშია შესული.
_ შემოდგომაზე ვარაუდობენ, რომ ღარიბაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს განახორცილებს. ყველაზე სუსტი მინისტრი თქვენი აზრით ვინ არის?
_ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს განვითარების ორი გზა: ან უნდა დაუბრუნდეს ძველ მეთოდებს და ძალისმიერ მორჩილებაში ჰყავდეს ხალხი, ან მეტნაკლებად გახსნას საჯარო სივრცე, და თავისი კონკურენტუნარიანობა წარმოაჩინოს. ხელისუფლება რთული არჩევანის წინაშეა, ძველი უნდა და არ შეუძლია, სიახლის კი ეშინია და ვერ პოულობს თავის ადგილს ქართულ პოლიტიკაში, იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს ხალხი თავისით არ მოსულა, ისინი ივანიშვილმა მოიყვანა, დასვა და თვითონ წავიდა. ამ ხალხს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ივანიშვილმა ეკლექტური მთავრობა Aშექმნა, რომელიც ორიენტირებულია არა იმაზე რომ საქმე აკეთოს, არამედ იმაზე, რომ თავისი გავლენა განავითაროს, საკუთარი კეთილდღეობის დონე განავითაროს და არ შეეშალოს რაიმე ივანიშვილთან. ხალხთან და სახელმწიფოსთან თუ შეეშლება, ამას არა უშავს. ვხედავთ რომ არანაირი ინიციატივა არანაირი იდეეების გენერირება ჯანსაღი სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესი არ არის. მხოლოდ იმაზეა დავა, ვინ მოაწერს ხელს ამა თუ იმ ხელშეკრულებას, ვინ უფრო მაგარი “ტიპია” და ვინ უფრო გავლენიანია ქვეყანაში. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. რთული გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად მოუწევს მთვრობას, იმედს გამოვთქვამ და ქვეყნისთვის სასურველია, თუკი ჯანსაღი პროცესები განვითარდება ქვეყანაში. ისეთი მთავრობა არ გვყავს, რომ ქვეყანას ანვითარებდეს. რომელიმე მინისტრი რომ ვარსკვლავებს წყევტდეს, ასეთი პიროვნებები არ არიან წამორჩენილი, პოლიტიკურად ძალიან სუსტი ფიგურები არიან, მხოლოდ საკუთარი გავლენის სფეროებისთვის რომ იბრძვიან ეს გასაგებია. პოლიტიკაში სუსტად გამოიყურებიან. სახელმწიფოსთვის უკიდურესად სახიფათოა მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი მინისტრობა ქვეყნისთვის საშიშია. მისი ღია ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება. არიან სამინისტროები რომლებიც ცარიელი ადგილებია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუნდაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სამინისტრო არ გვყავს. თუ ღარიბაშვილს სურს რომ ქმედითი იყოს მისი პოლიტიკა, მან რაც შეიძლება სწრაფად თუ ამის უფლებას ივანიშვილი მისცემს, უნდა მიიღოს სერიოზული გადაყვეტილებები და ეს ქვეყანასაც გამოადგება თავადაც მოიპოვებს წარმატებას.
_ თქვენ ბრძანეთ, რომ ეკლექტური მთავრობა მოვიდაო, პარლამენტიც ჭრელია, იყო პერიოდი როცა პოლიტიკური სპექტრიც, საზოგადოებაც უკმაყოფილო იყო ერთპარტიული მინისტრთა კაბინეტით და პარლამენტით. ზღვარი სად შეიძლება გაივლოს?
_ ეს არის ერთი და იმავე არსის მატარებელი ორი ფორმა. მაშინ ნაცმოძრაობა ერქვა და ერთი ადამიანის ხუშტურზე იყო აგებული და არც ის იყო პოლიტიკური გუნდი. ადამიანები სწორედ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილებით ხვდებოდნენ მაღალ თანამდებობებზე, როცა სჭირდებოდათ აიყვანდნენ ნავზე, გუნდში ჩარიცხავდნენ, ხან თვითმფრინავში Aშემთხვევით გაცნობილი ადამიანები მიყავდათ მაღალ პოსტებზე, ხან ქუჩაში მოძებნილებს აგროვებდნენ. იგივე ფორმაა დღესაც. ეს ხალხი იმას კი არ ამბობს, ძლიერი და წარმატებული პარტიები აქვთ, და ამიტომ მოხვდნენ პარლამენტში და მთავრობაში, ან იმიტომ კი არიან დღეს დეპუტატები, რომ საზოგადოებას მათი ხილვა სურდა, არამედ იმის გამო მოხვდნენ რომ ივანიშვილმა გამოარჩია ისინი. რესპუბლიკური პარტიის ადგილზე ნებისმიერი შემთხვევითი პიროვნება რომ ყოფილიყო შეიძლება კიდევ უფრო მეტ ხმები მიეღო ივანიშვილს. გუნდი უნდა იყოს პოლიტიკური ერთობა, იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული გუნდი უნდა იყოს, კონცეპტუალურად უნდა იყოს ეს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებული. როცა იუსტიციის მინისტრი რაღაც კონკრეტულ ფაქტზე სიხარულით აკეთებს კომენტარს, ამავე ფაქტზე მწუხარებას შს მინისტრი არ უნდა გამოთქვამდეს. არ უნდა ჩანდეს რომ შიდა ბრძოლებია. მაშინაც და დღესაც ჩვენ გვყავს არა პოლიტიკური მთავრობა, არამედ ერთი ადამიანის მთავრობა, ჩვენი სურვილია რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ვიხილოთ პოლიტიკური მთავრობა.
_ ხელისუფლების რეიტინგი დაეცა მიუხედავად ამისა, არც ერთი თანამდებობის პირი არ გამოდის და არ საუბრობს ამის მიზეზებზე და არ გვესმის ღრმა ანალიზი და თვითკრიტიკა, ამ ხალხს ეს განცდა თვითკრიტიკისა არ გააჩნია. თქვენი აზრით რამ გამოიწვია ხელისუფლების რეიტინგის ასეთი ვარდნა?
_ თვითკრიტიკა ახასიათებთ დამოუკიდებელ ადამიანებს, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებებს და საკუთარ გადაწყვეტილებებს აფასებენ. საკმარისია რომელიმე თანამედროვე მინისტრი იყოს თვითკრიტიკული, რომ ავტომატურად მას თავის მართლება მოუწევს ივანიშვილთან და თუ მისდამი კეთილგანწყობა არ გამოავლინა, მოუწევს წასვლა სამინისტროდან. ამ ადამიანებმა, როგორც ჩანს, დაიჯერეს რომ არიან განუმეორებლები, შეუცვლელნი, რადგანაც ივანიშვილმა ამოარჩია მათზე უკეთესი არავინ არის. სააკაშვილის მინისტრების და დღევანდელი მინისტრების რიტორიკა ერთი და იგივეა. მაშინაც ყველა ამბობდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებშიო, სააკაშვილის დროს ყველა ამბობდა, რომ კანონის მიხედვით მოქმედებდა. რიტორიკა ერთი და იგივეა შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის. არაფერი იცვლება და ეს ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა `პერესტროიკის~ პირობებშია. საბჭოთა კავშირის დროს რომ დაიწყო ეს `პერესტროიკა~ მას ჰქონდა ორი მთავარი გამომხატველი ფორმა, პირველი საჯაროობა და მეორე რეფორმები, მაშინაც და ახლაც ერთი ვიწრო ჯგუფი მართავდა რეფორმებს, არ დამთავრებულა ჯერ საქართველოში საბჭოთა `პერესტროიკა~. საჯაროობაა მხოლოდ წარსულზე, მაგრამ არა დღევანდელობაზე საუბარი, არ მოდის დღევანდელობაზე სასაუბროდ არც ეს მთავრობა და არც სააკაშვილის ხელისუფლება. წარსულზე კი გენაცვალე ყველა მოდის სალაპარაკოდ. არ შეიძლება რეფორმები მხოლოდ ერთი ჯგუფის მიერ ხორციელდებოდეს. ეს არის საბჭოთა მიდგომა, რომ მხოლოდ ერთი პარტიაა წარმოდგენილი რეფორმების განხორციელებაში და ამაში საზოგადოება არ მონაწილეობს. ამ ერთმა ძალამ იცის მხოლოდ რა არის ხალხისთვის ბედნიერება და ხალხის გარეშე ამკვიდრებს ამ ბედნიერებას. ეს ბოლშევიზმია და საბჭოთა სისტემა. მინისტრების უმეტესობა საქართველოში ბოლშევიზმს ამჟღავნებენ. არიან შეუმცდარები და სწორი გადაწყვეტილების ავტორები. პარტია `ნაშ რულევოი~ გახსოვთ, ეს გამოთქმა ალბათ, დღეს ჩვენი მესაჭე ქართული ოცნებაა. სხვა არავინ არაფერს წარმოადგენს. არც ინტელექტი გააჩნია, არც პოლიტიკური ხედვები, არც ღირებულელებები, ეს არის ბოლშევიზმი. დროა დასრულდეს საქართველოში `პერესტროიკა~. ამ მიმართულებით დღევანდელი მთავრობა არ მიდის. რომ ჰქონდეს ამის სურვილი ივანიშვილს და ღარიბაშვილს, ამას მხოლოდ მივესალმებოდით.
_ ივანიშვილი თოქშოუს წამყვანად შეიძლება მოგვევლინოს საკუთარ ტელევიზიაში, როგორი იქნება თქვენი აზრით ამ გადაცემის ფორმატი და შინაარსი?
_ ვერ გეტყვით, საინტერესო იქნება თუ ივანიშვილი ჩაერთვება ღია საჯარო სივრცეში, კარგი იქნება თუ სადღაც ერთი სივრცე მაინც იქნება სადაც შესაძლებლობა გვექნება ღია კონცეპტუალური დისკუსიისთვის. ყველა ტელეარხზე მხოლოდ ნაცმოძრაობა და ქართული ოცნებაა, ამათმა გამოჩენამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები. საზოგადოების უმეტესობა ალბათ აღარ უყურებს ტელევიზიებს. იმდენად დამღლელია ერთი და იგივე, ერთი ამბობს შენ ცუდი ხარ, მეორე უმტკიცებს შენ მაინც გჯობივარო.
_ როცა ივანიშვილი გადავიდა სამოქალაქო სექტორში მან თქვა, რომ იქნებოდა კრიტიკული საკუთარი მთავრობისა და პარალამენტის მიმართ. მაგრამ მან ეს დაპირება ევრ შეასრულა, მხოლოდ ერთხელ გამოთქვა აზრი პრემიების თემის ირგვლივ ისიც არჩევნების დღეს.
_ ბევრი სხვა დაპირებაც არ შესრულდა ან ვერ შესრულდა. ბევრი საყვედური შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს სისტემა ვერ იტანს კრიტიკას. კრიტიკა და დაპირისპირება ამათთვის ერთი და იგივეა. ეს არ არის ჯანსაღი სისტემა, რომ ერთი ადამიანი მეორეს სიკეთეს უსურვებს თანაც აკრიტიკებს ჯანსაღად რომ უკეთ გააკეთოს საქმე. მსგავსი რამ მხოლოდ დამოკიდებელი ჯგუფებისთვის არის შესაძლებელი. რამდენჯერაც გაითვალისწინეს საქართველოს პატრიარქის აზრი, ეს გადმოადგა ქვეყანას, თუნდაც მიწის საკითხი ან თვითმმართველობის და რეგიონალიზმის საკითხი. გამოიყენე როცა ასეთი მასშტაბური პოტენციალია ქვეყანაში. არავინ გეცილება მინისტრობაში, მაგრამ გაითვალისწინე, რომ მიწაზე მორატორიუმი შედეგს არ მოიტანს და სხვა სახის რეგულაციებია საჭირო. ივანიშვილი ამ უკრიტიკო სისტემის ტყვეა, საბჭოთა სისტემის ტყვეა. მან რომ დაიწყოს საკუთარი მთავრობის კრიტიკა, ეს აღქმული იქნება როგორც ბრძოლა მათ წინააღმდეგ და ეს შეტაკებები უნდა დასრულდეს ვიღაცის ასპროცენტიანი გამარჯვებით, ამიტომ ერიდებიან ამ თემებზე საჯაროდ გამოსვლებს, სანამ პერსონალურად ყელში არ ამოუვა ამა თუ იმ დეპუტატის ან მინისტრის ქმედება.
_ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ღარიბაშვილმა მოაწერა, შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეობის ფუნქციაც ღარიბაშვილმა მარგველაშვილს ჩამოართვა, ახლა საუბარია იმაზე, რომ უელსის სამიტზე მარგველაშვილის ჩასვლა შესაძლებელია ხუმრობენ, რომ მაპი რომ მიეღო საქართველოს ღარიბაშვილი წავიდოდა, ეს დაპირისპირებები ქვეყანას არ აზარალებს?
_ ეს არ არის ფარული დაპირისპირება, ღია დაპირისპირებაა, არასერიოზულია, სამწუხაროა რომ მსოფლიო უყურებს პატარა ბიჭების კინკლაობას, სოლიდურობას კარგავენ ამით ჩვენი ქვეყნის ლიდერები. უფრო უარყოფითად ეს აისახება ღარიბაშვილის საქმიანობაში. მარგველაშვილი ვიცით რომ პლასტელინივით დასვეს, გემს მიხედონ გემს, ასე აჯობებს მათთვის, ესეც საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელი გადმონაშთია. ორ ლიდერს ვერ იტანს ეს სისტემა. სურთ თუ არა უნდა იბრძოლო ერთმანეთის წინააღმდეგ. ბოლშევიკური სისტემა მხოლოდ ერთ ლიდერზეა აგებული.
_ შევარდნაძე გარდაიცვალა, პარლამენტის დეპუტატი იყავით, ფრაქციის თავმჯდომარე და პარტიის ლიდერი ხართ, გქონდათ არა ერთი შეხება შევარდნაძის რეჟიმთან. მას წინააღმდეგობრივად ახასიათებენ. როგორ ფიქრობთ რა იყო მისი დადებითი და აურყოფითი მხარეები?
_ გააჩნია რას ჩავთვლით დადებით და უარყოფით მხარეებად. მიზანსწრაფული ადამიანი იყო, ძალაუფლებისკენ ლტოლვის არაადამიანური ჟინით იყო შეპყრობილი, ვიღაცისთვის დადებითი ნიშანია ვიღაცისთვის უარყოფითი. ადამიანურ ფაქტორებს არ შევეხები, ჩემი განსახილველი თემა ეს არ არის. ღმერთმა შეუნდოს ყველა ადამიანს. მაგრამ პოლიტიკურად შემიძლია ვთქვა რომ სამწუხაროა, საზოგადოებამ ვერ მოახერხა და შევარდნაძის სიცოცხლეში ვერ შეაფასა ის პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით. ობიქტურმა სასამართლომ ვერ გამოიტანა გადაწყვეტილება, შეფასებასთან დაკავშირებით. ქვეყანა ბოლო ათეული წლების განმავლობაში ასეთ მძიმე მდგომარეობაში მისი მოღვაწეობის გამოა. აღარ გვაქვს ობიექტური შეფასებების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვეღარ გაჟღერდება შევარდნაძის პირიდან. თუ ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ იარსება, შვვარდნაძის შეფასებაში ის ნამდვილად არ შეცდება და ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც დიდი ბოროტება მოუტანოს ქართულ სახელმწიფოს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress