ჩემთვის ამაზრზენი და მიუღებელია ინტრიგების ფონზე ქვეყნის მართვა

giorgadze-1
შორენა კოწოწაშვილი  13.06.2004 ახალი თაობა
   რაც დრო გადის, ახალი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები დღითიდღე მატულობს.  გასაკვირი არც არის, რადგან ყველა ყველას კმაყოფილი ვერ იქნება. ჩვენი რესპოდენტი ტრადიციებს არ ღალატობს და როგორც წინა მთავრობებს, დღევანდელ მთავრობასაც ოპოზიციაში უდგას. მიზეზები კი, რის გამოც ხელისუფლების არ სჯერა, უხვად აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მათი პარტიის მიმართ დაინტერესება და შემოთავაზებაც კი ყოფილა პარლამენტში მახვედრაზე, ბატონმა მამუკამ როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ქვეყანას ვერ უღალატა და უარი განაცხადა მათ წინადადებაზე. ისე, კაცმა რომ თქვას, საქართველოს მუშტიკრივის მოყვარე პარლამენტმა მისი სახით სერიოზული დამრტყმელი დაკარგა და თუ გავითვალისწინებთ მის შეხედულებას პარლამენტისადმი, ძალიან ბევრი გადაურჩა მუშტს. როგორი შეხედულება აქვს სახალხო პარტიის ლიდერს დღევანდელი მთავრობის მიმართ, რატომ აღარ ჩანს აქტიურად პოლიტიკურ სარბიელზე, რა გეგმები აქვთ მას და მის მეგობრებს სამომავლოდ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მამუკა გიორგაძეს.
 
    _ ბატონო მამუკა, ბოლო პერიოდში პოლიტიკურ არენაზე ნაკლებად ჩანხართ, რა არის ამის მიზეზი?
    _ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. Pპირველი ის გახლავთ, რომ საქართველოში არაფერი შეცვლილა პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით. გამომდინარე აქედან, პოლიტიკურ ცხოვრებას განსაზღვრავს ერთი ადამიანი და მასთან დამოკიდებულებაში მყოფი პიროვნებები, მეორე აქედან გამომდინარე, გახლავთ ის გარემოება, რომ დღეს გაცილებით უფრო მონოპოლიზებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ვიდრე ეს იყო მანამდე. ამ ხელისუფლებამ თვითონ იცის, რომ ის არ არის კონკურენტუნარიანი.
   _ რაში გამოიხატება არაკონკურენტუნარიანობა?
   _ გამოიხატება იმაში, რომ ამ ხალხს პოლიტიკაში თავისით არაფრისთვის არ მიუღწევიათ. ისინი სხვისი ხელის შემყურედ და სხვის ხელზე მოსამსახურედ მოვიდნენ და შესაბამისად, იგივე გზის და კურსის გამგრძელებლები არიან, რა გზაზეც შევარდნაძე იდგა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არიან არაკონკურენტუნარიანები. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც დღეს ხდება აჭარაში და თბილისში. არც ხალხი ჰყავთ, არც მომზადებული კადრები, არც ისეთი ძლიერი პიროვნებები, რომელთაც შეუძლიათ საქმის გაკეთება და რაც მთავარია, რომც ჰყავდეთ ასეთი პიროვნებები, თვითონ შიგნით არის არაჯანსაღი დამოკიდებულება. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ საღი აზრი პრესისა და ტელევიზიის საშუალებით რაც შეიძლება მინიმალურად იყოს წარმოდგენილი. ხელისუფლება ცდილობს, ის პიროვნებები, რომლებიც შევარდნაძის ბრძოლის სათავეებთან იდგნენ, არ გამოჩნდნენ, რადგან მათი ნებისმიერი გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ თვითონ ეს ხალხი არ არის ისეთი ჯანსაღი და პატიოსანი პოლიტიკაში, როგორც თავს გვაჩვენებს. ხშირად წამოსცდება ხოლმე ჩვენს პრეზიდენტს, რომ ნაძირალაა ის, ვინც შევარდნაძის კარზე მსახურობდაო და ავიწყდება, რომ თვითონ პირველებმა აიდგეს მის კარზე ფეხი. მათ აქვთ სურვილი დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ეს იყო აუცილებელი და მის გარეშე არ შეიძლებოდა. ამ დროს როდესაც გამოჩნდები შენ, რომელიც მის გარეშეც არსებობდი და აღწევდი სერიოზულ წარმატებებს და ქმედებებს, ბუნებრივია, ეს უკვე ცოცხალი კომპრომატია. ამიტომაც იყვნენ თავის დროზე გია ჭანტურია და მერაბ კოსტავა მიუღებლები ხელისუფლებისთვის, რადგან ისინი ამტკიცებდნენ, რომ   შეიძლება იცხოვრო საბჭოთა კავშირში, იყო კაცი, გიყვარდეს ქვეყანა და არა მარტო გიყვარდეს, დაიცვა კიდეც მისი ინტერესები. დღესაც იგივე სიტუაციაა. ის ხალხი, ვინც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა, არამარტო მე, არამედ თამრიკო ჩხეიძე, მარიკა ბაღდავაძე და ა.შ. 26 მაისს რომ მერაბ კოსტავა და გია ჭანტურია არ გაგახსენდება და არ გაგახსენდება ის ხალხი, ვინც ეს დღე მოიპოვა და ერთი თბილი სიტყვითაც არ გამოხატავ ამას, იმიტომ, შენ საქართველოს დამოუკიდებლობასთან არანაირი შეხება არ გქონია და პირიქით ხელს უშლიდი, რაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ დღეს რამე გვჭირს, გვჭირს იმიტომ, რომ ეს ხალხი იყო შევარდნაძის გვერდით, რომ არა ესენი, შევარდნაძე აქამდე კარგა ხნით ადრე იქნებოდა წასული. ეს არის ის ობიექტური მიზეზები, რის გამოც ჩვენ ნაკლებად ვჩანვართ პოლიტიკაში და ამას ემატება ის გარემოებაც, რომ დღევანდელ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური რესურსი და ესეც, როგორც შევარდნაძის დროს, თავიდან ბოლომდე მონოპოლიზებულია. იმდენდ დიდი შავი ფული გამოვიდა ბაზარზე, რომ უკვე შეუძლებელია ელემენტარული საარსებო საშუალებების გარეშე რაღაცის გაკეთება. სწორედ ეს გარემოებები ქმნის იმას, რომ სამწუხაროდ, ჯანსაღი ეროვნული ძალები ისე ვერ ჩანან, როგორც ამას ისინი იმსახურებენ და როგორც ეს ქვეყანას სჭირდება.
  ¬¬_ თქვენი საუბრით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეულწილად ხელიც კი გაქვთ ჩაქნეული პოლიტიკურ საქმიანობაზე.
  _ არა, ხელი მე მაშინაც არ ჩამიქნევია, როდესაც კომუნისტების პერიოდში პატარა გოგი-ბიჭებმა ჩვენი საქმიანობა დავიწყეთ. ხელი რომ ჩაიქნიო, გამოდის, რომ ხელს შენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, მის თვითმყოფადობაზე და თავისუფლებაზე იქნევ. ამიტომ ჩვენ ხელს არასოდეს ჩავიქნევთ. ამაზე უარეს პირობებშიც გაგვიკეთებია საქმე და დღესაც გავაკეთებთ. დღევანდელ სამწუხარო ვითარებაში გარკვეული პერიოდია საჭირო, რომ საზოგადოებამ ყველაფერი დაინახოს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ბრმები, ვგრძნობთ სასიკეთო ნაბიჯებსაც და თუ ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ მივესალმებით. ჩვენი თვითმიზანი ვინმეს წინააღმდეგ ბძოლა კი არ არის…
  _ აჭარის მოვლენებს როგორ შეაფასებდით?
  _ აჭარის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა ამ ხელისუფლების მიდგომა, რომ მას ურჩევნია გაურიგდეს რუსეთს და მისგან გარკვეული ვალდებულებები აიღოს, ვიდრე საკუთარი ხალხის წინაშე. ერთი და იგივე სურათია როგორც აჭარაში, ასევე თბილისში. პრაქტიკულად დღეს ხელისუფლების სათავეში, აჭარაშიც და თბილისშიც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, შევარდნაძის წარმომადგენლები არიან, ბათუმში ამაზე პრეტენზიას აცხადებენ ისევ აბაშიძის წარმომადგენლები……
   თუ ამბობ, რომ შენ 100% მხარდაჭერა გქონდა აჭარაში მასახლეობისა, მაშინ საარჩევნო კომისიის წევრები თბილისიდან, გურიიდან და იმერეთიდან არ უნდა წაიყვანო, მაგრამ რადგანაც შენ ადამიანური რესურსი არ გაქვს, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს შენს ფარისევლურ დამოკიდებულებას და რომ ყველაფერი ეს მიმდინარეობს პიარკამპანიისთვის. “დავიბრუნოთ აჭარა”, რა სჭირს აჭარას დასაბრუნებელი, ჩვენი არ იყო ისედაც? “გავუშვათ აბაშიძე!” ეს სწორი ლოზუნგია. მაგრამ აქ რა ხდება, ყურადღება სხვა დატვირთვებზეა გადატანილი და არა რეალურ პოლიტიკურ ბრძოლაზე. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც ხუთშაბათს მოხდა აჭარაში, რომ აბაშიძის წასვლას არ შესწირვია ადამიანი და ამ ხელისუფლების მოსვლას კი შეეწირა უკვე ერთი ადამიანი. ის, რაც ხდება აჭარაში, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, რომ ამ ხელისუფლებას საერთოდ არ აწყობს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალა, არ აწყობს პოლიტიკური პიროვნება, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია. ასე რომ, პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა. მაგრამ როგორ  შეიძლება არ მივესალმო ხუთჯვრიან დროშას. ჟერ კიდევ მაშინ 1997-98 წლებში კომისიამ შესთავაზა შევარდნაძეს და მან მოიწონა ეს დროშა, ჩვენ მაშინვე აღვნიშნეთ მოწონება ამ დროშისადმი. ძირითად პოლიტიკურ საკითხებში არის ბავშვური გადანაცვლებები. Aამას შევარდნაძეც აკეთებდა, უბრალოდ, ახლა ტემპი გაიზარდა, შევარდნაძე ასაკში იყო შესული და ნელა ლაპარაკობდა, ეს კი სხლავს. ამ ხელისუფლების პრინციპები და პროგრამები პრაქტიკულად არავინ იცის.
  _ საუბარში იღნიშნეთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს იცავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოროსმა გარკვეული წვლილი შეიტანა რევოლუციაში, მაშინ თქვენი მოსაზრება არაადექვატურია.
.
  _ ივანოვის ჩამოსვლა ორჯერ კრიტიკულ სიტუაციაში ეს ფაქტიურად რუსეთის დადგომაა ამ ხელისუფლების გვერდით. გავიხსენოთ 1999 წლის საარჩევნო კამპანია, როდესაც რუსეთმა დააფინანსა ჟვანია-სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა, თუნდაც ეკონომიკის მინისტრის დანიშვნა, კახა ბენდუქიძე არ არის იმ კალიბრის ფიგურა, რომ ეს გადაწყვეტილება თავისი ნებით მიეღო. თავისთავად ცხადია, ეს არის პირდაპირი მესიჯი, როგორ მიაბამ საქართველოს ქონებას და სტრატეგიულ მიმართულებას რუსეთს, იმდენად იქნება ეკონომიკური საკითხები აქეთა მხარეს მოგვარებული. რაც შეეხება სოროსს, ამ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა ადამიანების ინტერესები ემთხვეოდეს ერთმანეთს მთელ რიგ საკითხებში. მაგრამ მთავარი არის ის, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ არის თვისობრივად, შინაგანად დაინტერესებული ქართული სახელმწიფოს აშენებით. ჩემთვის ეს არის მთავარი. დღეს ამას ნათლავენ ლიბერალური ლოზუნგებით. მთავარი ის კი არ არის, რა გენეტიკა გაქვს, აქ მათავარია რა მსოფლმხედველობის ხარ. ბევრი ქართველი ნაძირალაც გვინახავს და ბევრ არაქართველსაც გადაუდია თავი საქართველოსთვის. მაგალითად, ჩვენი პარტიის ერთერთი დამაარსებელი ებრაელი კაცია. მთავარი ისაა, რომ ეს ხალხი ფსიქოლოგიურად, მორალურად არ არის ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანთა უმრავლესობა არ არის ქართული ორიენტაციის. მათი ცხოვრების წესი, მათი წარსული, დღევანდელობა არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აქ აშენდება ქართული სახელმწიფო. იგივე კახა ბენდუქიძე(მე მას არ ვიცნობ, თუმცა მისი მამა მათემატიკას მასწავლიდა და ძალიან კარგი კაცი იყო), რომ გამოდის ლოზუნგით _ მაქსიმალური ლიბერალიზმი, დღეს შეიძლება ყოველივე ამან ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნას.
  _ ბატონო მამუკა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჟვანია-სააკაშვილის გუნდებს შორის შიდა დაპირისპირება შეიმჩნევა, როგორ აფასებთ ამ სიტუაციას?
  _ არ არსებობს გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ თვისობრივად ერთნაირნი არიან, გარეგნულად მაინც განსხვავდებიან. აქ არის პირველი ფიგურა პრეზიდენტი, მაგრამ შიგნით დომხალია. ასე იყო კომუნისტების დროს, შევარდნაძის დროს და ახლაც. არსებობს საერთოდ რამე კოლექტიური ორგანო? ჩემთვის ამაზრზენი და მიუღებელია ინტრიგების ფონზე ქვეყნის მართვა, ასე ქვეყანა არ აშენდება. როდესაც ერთ მინისტრს ანაცვლებენ მეორით, იმიტომ რომ პირველი მინისტრის დანიშნული ხალხი ძალიან არ “აგულავდეს” და ძალაუფლება არ მოიკრიბოს, შენ ხელს კი არ უწყობ ქვეყნის აშენებას, პირიქით – უშლი. თბილისის მერს მხოლოდ დამგველის ფუნქცია აქვს, თუმცა რაღა დაგიმალოთ და ამ მისიას თავი ძალიან კარგად “გაართვა”, მაგრამ როგორ შეიძლება ქალაქის მერს ფუნქცია არ ჰქონდეს?..
   თითქოს უნდა მიხაროდეს, რომ მათ შორის დაპირისპირებაა, მაგრამ ეს არ არის კარგი, რადგან ესენი ერთმანეთის ჯიბრს ქვეყანას გადააყოლებენ. თუ სააკაშვილი არ იზრუნებს იმაზე, რომ საკუთარი პოლიტიკური გუნდი შექმნას, ისიც ისევე მარტო აღმოჩნდება, როგორც შევარდნაძე.
  _ რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
  _ ჩვენ პოლიტიკაში იმიტომ არ მოვსულვართ, რომ თავიდანვე გვქონდა აკვიატებული ბრძოლა ხელისუფლებისთვის. ჩვენმა რწმენამ და პრინციპებმა ნელნელა ჩაგვაბა ეროვნულ მოძრაობაში და ერის ინტერესების დაცვაში და ვაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებას. 1999 წელს აბაშიძე ყველანაირ შესაძლებლობას გვთავაზობდა, რომ ჩვენ მისი ბლოკით გარანტირებული ვყოფილიყავით ხელისუფლებაში, იგივე შევარდნაძესთან, მაგრამ ჩვენ არ ვიკადრეთ ეს ნაბიჯები და დღეს ვინც არიან ხელისუფლებაში,Eარიან არა იმიტომ რომ, ჩვენზე მაგრები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ იკადრეს ის, რაც ჩვენ არ ვიკადრეთ. ჩვენ არ ვთამაშობთ, ჩვენთვის ეს ცხოვრების ნაწილია.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress