- 19 მარტი 2014 12:55 NEWS.GE
სახალხო პარტია ყოფილი პრემიერის გუშინდელ გამოსვლას არასახელმწიფოებრივად აზროვნების კიდევ ერთ მაგალითად აფასებს. ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გაუცრუა.
„ის, რომ მას პრეზიდენტმა იმედები გაუცრუა, იმ ხალხის უპატივცემულობაა, რომელსაც არჩევნებამდე ჰპირდებოდა, რომ მისი კანდიდატურა საუკეთესოა.
პრეზიდენტის კრიტიკა თემებზე, რომელიც მართვას არ გულისხმობს და მხოლოდ თანაშემწის კადრზე, პრეზიდენტის სასახლის ათვისებასა და პრეზიდენტის ხასიათზეა მიმართული, არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა. აქვე ერთი დეტალიც, თურმე მარგველაშვილს მიუხედავად მისი თხოვნისა, ვეტო დაუდია რომელიღაც კანონზე. რა უფლება აქვს ყოფილ პრემიერს, ასე ერეოდეს პრეზიდენტის საქმეებში.
მარგველაშვილმა თქვენი იმედგაცრუება გამოიწვია, დეპუტატებმა არ გაგიმართლათ, თავდაცვის მინისტრთან ძალიან მალე გაგიჩნდათ უხერხული კითხვები, პროკურორებმა (კბილაშვილი, ფარცხალაძე, ნაცვლიშვილი) სერიოზული ჩრდილი მოგაყენათ, ,,პოლიტიკოსის ეტალონად მიჩნეულმა ზაქარეიშვილმა” აფხაზეთი უკვე ლამის ჩააბარა რუსეთს, სააკაშვილის მიერ შექმნილი ე.წ. ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია” და მისი ხელმძღვანელი სანაკოევი, არც მაშინ და არც დღეს არ აღმოჩნდა თქვენი ყურადღების არეალში, როცა მისი უწყება მრავალმილიონიან დაფინანსებაზე გყავთ და სხვა მრავალი – არადა თქვენს მთავარ ღირსებად ადამიანთა შეფასების განსაკუთრებული უნარი მიგაჩნდათ.
ადამიანი ცდება, იცვლის პოზიციას, მის გარშემო გარემოც იცვლება და ეს ბუნებრივია. მაგრამ, შეცდომებზე ყველამ უნდა ვისწავლოთ და მათ შორის, თქვენც.
ამიტომ მოგიწოდებთ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო, სერიოზულად დაფიქრდეთ და გამოიყენოთ თქვენი გავლენა მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე დემოკრატიული, გახსნილი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, რისი მიღწევაც დიდად არის დამოკიდებული თქვენს პოლიტიკურ ნებაზე. დაიწყეთ ქმედება ამ მიმართულებით, რათა ამ ნების გამოუხატველობა ამ მხრივ, შემდგომში კვლავ სანანებელი არ გახდეს თქვენთვის და საზიანო ქვეყნისთვის” – მიმართავს ბიძინა ივანიშვილს „სახალხო პარტია“.