აფხაზებს გული და სიყვარული უნდა შევთავაზოთ
ეთერ ბალაძე - ახალი თაობა 16.02.2007
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ჟენევაში ქართულ-აფხაზური შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აფხაზეთთან უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი და ყველაფერი უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს?
_ დიალოგი აუცილებელია ყველასთან და არა მარტო აფხაზეთთან, არამედ საერთოდ, მით უმეტეს, აფხაზებთან დიალოგი მისასალმებელია და საჭიროა, მაგრამ მეორე საკითხია, თუ რაზე ვისაუბრებთ აფხაზებთან. ვინ საუბრობს აფხაზებთან, ამ ხელისუფლებას აქვს შეთანხმებული პოზიციები საქართველოს მოსახლეობასთან?
_ რატომ, ქართველ ხალხს ხომ სურს მოლაპარაკება აფხაზურ მხარესთან?
_ მოლაპარაკება გვსურს, მაგრამ რა თემაზე უნდა ველაპარაკოთ აფხაზებს? ჩვენ რა ვიცით, რაზეა საუბარი, დევნილების დაბრუნებაზე თუ კომერციულ ინტერესებზე?
_ ფიქრობთ, რომ ქართული მხარე ჯერ კიდევ არ არის მზად დიალოგისათვის?
_ თუ რა თემაზე უნდა ვესაუბროთ აფხაზებს, ამის შესახებ ქართველი ხალხი უნდა შეთანხმდეს. მერე უნდა ველაპარაკოთ აფხაზებს. ხელისუფლება რაზეც ჩმოყალიბებულია, ეს ჩვენში იწვევს ძალიან სერიოზულ შეშფოთებას, კერძოდ ის, რომ როგორც ის ეპყრობა თბილისში ქართველებს, არ არის ჩვენთვის მისაღები და როგორ გგონიათ, აფხაზებს როგორ უნდა ელაპარაკოთ? ვის ატყუებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ის აფხაზებს დაელაპარაკება, მაშინ, როდესაც ქართველებს არ ელაპარაკება, ვის ატყუებს საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ქართველებს ბულდოზერის ენით ელაპარაკება. აქედან გამომდინარე, ამ ხელისუფლებას არ ამოძრავებს დადებითი ტენდენციები ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ეჭვი გვეპარება, რომ ეს დიალოგი მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
_ ხომ შეიძლება დაიწყოს დიალოგი აფხაზ და ქართველ ხალხს შორის უშუალოდ?
_ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისაღებია, მაგრამ ხელისუფლების ბუნებას ძალიან კარგად ვიცნობ და მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება არ არის მოწოდებული ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამიტომ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ისე როგორც სხვა საქმეში, ამ საქმეშიც ის გაყიდის საქართველოს ინტერესებს, როგორც ყიდის სხვა ნებისმიერ შენობას.
_ ძალიან ძნელია აფხაზებთან ურთიერთობის საწყება სუფთა ფურცლიდან, როგორც აცხადებენ პოლიტოლოგები. თუკი გავიხსენებთ წარსულს, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება დიალოგის დაწყება.
_ საერთოდ, მართლაც ძალიან ძნელია დაიწყო ყველაფერი თავიდან, რადგან თითოეულ ჩვენგანს თავისი დადებითი და უარყოფითი ემოციები აქვს ამ მოვლენებთან დაკავშირებით. არ დარჩენილა სამეგობრო და საახლობლო, რომ არ დაეკარგოთ ადამიანები აფხაზეთის ომის დროს. ჩემი მეგობრები აფხაზეთში ჩაიხოცნენ, ჩემთვის ძალიან ძნელია სუფთა ფურცლიდან დაწყება. ამიტომ ასე მარტივი არ არის ეს თემა. როცა ვიღაცას შეუძლია შევიდეს და ჩემს სიწმინდეებს შეურაცხყოფა მიაყენოს, ბუნებრივია, მე ვერ დავიწყებ სუფთა ფურცლიდან.
_ როდესაც დევნილების დაბრუნებაზეა საუბარი, რამდენად რეალურია ეს?
_ შევარდნაძე 15 წლის განმავლობაში საუბრობდა დევნილების დაბრუნებაზე. ჩვენ დევნილების დაბრუნებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ვითარების დარეგულირებაზე და საერთოდ, ერთიანი სახელმწიფოებრივი ორგანიზმის აღდგენაზე. დევნილების დაბრუნება გახდა სასპეკულაციო თემა, ვისაც დაბრუნება უნდოდა, კიდევაც დაბრუნდა, თუმცა ეს რა დაბრუნებაა, როგორც დღეს გალში რომ ცხოვრობენ ქართველები, ამ მდგომარეობაში ვაბრუნებთ დანარჩენ ქართველებსაც? აქ უნდა იყოს საუბარი ერთიან დარეგულირებაზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვიაზრებთ ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრებას.
_ როგორ მოვიაზრებთ აფხაზურ მხარესთან ცხოვრებას, მივცემთ მათ ფართო ფედერაციას თუ სხვა სახით?
_ სწორედ ფედერაციის შეთავაზება აფხაზებისათვის არის დამღუპველი და მოღალატური საქციელი, ნებისმიერი ფედერაციული ერთეულის შექმნა საქარტთველოს ტერიტორიაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება დაშლილი. როგორ ვაპირებთ ჩვენ და აფხაზები ერთად ცხოვრებას, ვაპირებთ თუ არა და რა პარამეტრებში. როდესაც მსგავსი კონცეპტუალური საკითხები მოგვარდება, მერე უნდა ვილაპარაკოთ, თუ როგორ უნდა ავსახოთ ჩვენი მოლაპარაკება სხვადასხვა ფორმით.
_ რა შეიძლება შესთავაზოს ქართულმა მხარემ აფხაზებს?
_ უპირველეს ყოვლისა, აფხაზებს უნდა შევთავაზოთ გული და სიყვარული, ნდობის აღდგენის შემდეგ და იმის შემდეგ, თუ როგორ ვაპირებთ ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრებას. მერე უნდა ვიფიქროთ თვითმმართველობაზე. თბილისსა და ჩოხატაურში არ არის თვითმმართველობა და გუდაუთაში როგორ ვაპირებთ თვითმმართველობას. ამას ვინ დაიჯერებს? ხელისუფლებას უნდა, რომ მხოლოდ ლოზუნგებით ილაპარაკოს, ასე კი საქმე არ გაკეთდება.
_ დაუშვა თუ არა ხელისუფლებამ შეცდომა კოდორის ხეობაში სამხედრო ფორმირებების შეყვანით?
_ ამხელა ოპერაცია რისთვის ჩატარდა, იმისათვის, რომ კოდორიდან ემზარ კვიციანი გაეგდოთ, თუ უფრო მეტი განვითარება მისცემოდა ამ ხეობას; თუ იმიტომ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას უფრო მეტი უფლებები მისცემოდა. თუ კოდორში შედიხარ, მაშინ აფხაზეთის ხელისუფლებას უნდა უფლებებიც უნდა მისცე. ჩვენ კი აფხაზეთის ხელისუფლებას უფლება არ მივეცით და 15 წლის განმავლობაში არც ერთი სერიოზული მოლაპარაკების სუბიექტი არ გაგვიხდია და ჯარით შეხვალ თუ არა კოდორში, ეს პრინციპულ მნიშვნელობას არ იძენს. ძალიან რთულია ახლა ილაპარაკო იმაზე, იყო თუ არა შეცდომა.
_ აფხაზური მხარე არ ეთანხმება იმას, რომ რუსული სამშვიდობოები ჩანაცვლდეს გაეროს სამშვიდობო ძალებით. რა შეიცვლება, რუსული მხარე დარჩება იმ პოზიციაზე, რომელიც ჰქონდა აფხაზეთთან მიმართებაში?
_ `ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო~. თბილისში ვერ მოუგვარებია საქართველოს ხელისუფლებას საქმე და როგორ უნდა მოაგვაროს მოსკოვთან, სოხუმთან თუ ვაშინგტონთან.
_ ვაშინგტონთან ხომ აგვარებს საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობებს?
_ ვერაფერსაც ვერ აგვარებს და ეს არის სწორედ უბედურება და თუ თქვენ მოგვარებას იმას ეძახით, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, ეს არაფერს არ ნიშნავს. სწორედ ამაშია საქმე, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ სკამებზე ზრუნავს.
_ როგორ მოგვარდება ცხინვალის რეგიონის პრობლემა, იქაც, როგორც გალის რაიონში, მუდმივად ხდება თავდასხმები და პროვოკაციული გამოხტომები ქართველების მიმართ.
_ სამაჩაბლოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გაცილებით იკეთ იცხოვრებდნენ, მათ ხელისუფლება რომ არ უშლიდეს ხელს. გახსოვთ, ხან დემილიტარიზაცია დაიწყო ამ ხელისუფლებამ, ხან კი იარაღი ჩამოართვა მათ, ხან მოუმზადებელი პიარკამპანიები დაგეგმა და დარტყმის ქვეშ დააყენა მოსახლეობა.
კონკრეტულად თუ რა უნდა გავაკეთოთ დღეს და ხვალ, ასეთი გეგმა არ არსებობს. თუ ხელისუფლებას ტერიტორიების დაბრუნების რაიმე გეგმა აქვს და მალავს, საკითხავია, რატომ მალავს. ალბათ იმიტომ, რომ ეს არის ანტიქართული გეგმა და ამას ქართველი მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს. სანამ ქართველები არ შევთანხმდებით ერთმანეთთან და არ შემუშავდება კონფლიქტების მოგვარების ერთიანი გეგმა, მანამდე პრაქტიკულად შეუძლებელია საუბარი ამ პრობლემის მოგვარებაზე.
_ ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა იქნება ტერიტორიული მთლიანობის გარანტი.
_ ამაზე სერიოზულ ადამიანებს არანაირი განაცხადი არ გაუკეთებიათ, ამაზე არ საუბრობენ ნატოს ლიდერები, მხოლოდ ნაციონალების აქტივისტები საუბრობენ. პირიქით, იმაზე იყო საუბარი, რომ ცხინვალის და სოხუმის გარეშე ჩვენ შეიძლება მიგვიღონ ნატოში. ნატო არის პოლიტიკური ბლოკი და როგორც დასჭირდება, ისე იმოქმედებს, დასჭირდება ტერიტორიების გარეშე მიგვიღებს, ან საერთოდ არ მიგვიღებს. საუბარი ნატოში მიღებაზე სასაცილოა.
_ რას მიიღებს საქართველო ნატოსგან?
_ ამაზე ვინ საუბრობს? სამწუხაროდ, არავინ, დროა დავსხდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რას გვაძლევს ესა თუ ის პროექტი.