დავამარცხოთ ეშმაკი ჩვენს გულში და სააკაშვილის ადგილი აღარ იქნება საქართველოში – 2009

giorgadze-1

“საერთო გაზეთი” #47 2009წ     -   ნატო ივანიაძე 
‘ინტერვიუ “სახალხო პარტიის” თავმჯდომარესთან ბატონ მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა ქვეყანა განიცდის უმძიმესს კრიზისს და მოსახლეობა ღრმა დეპრესიაშია, როგორ და რითი ავხსნათ ეს?
_ ეს ყოველივე არის იმ ბრძოლის შედეგი, რასაც მოწინააღმდეგე ეწევა საქართველოს წინააღმდეგ. იმისთვის, რომ საქართველოში არ შედგეს ქართული, ეროვნული, ძლიერი სახელმწიფო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს პროცესი არის ერთიანი უწყვეტი ჯაჭვი. ბრძოლა არ დამთავრებულა 91 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. მას მოჰყვა მცირე პაუზის შემდეგ ახალი აგრესია. ასე იყო ოსმალების დროს, მონგოლების დროს, ირანის დროს. მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს დაპყრობისთვის.
_ სხვა მიზეზებთან ერთად ხომ არ არის ეს იმ ოპოზიციური პარტიების ბრალი, რომლებიც ფაქტობრივად, ყოველგვარი ბოლო იმედი გადაუწურეს საპროტესტოდ გამოსულ ხალხს?
_ეს არის ყველას ბრალი. უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური სპექტრის. მათ შორის, თავისთავს რომ ოპოზიციას უწოდებს. მათ ვერ მოიაზრეს რა ბრძოლასთან გვაქვს საქმე. ამ ადამიანებს დამოუკიდებლად საქართველოსთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს ხალხი იყვნენ წარმოჩინებული როგორც ხელისუფლების გაყოფის შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური ჯგუფები. ისინი მუდმივად ეკიდებოდნენ რომელიღაც ლოკომოტივს, ამიტომ მათი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გააჩნიათ. დამოუკიდებელი სუბიექტები არ არიან. ისინი ცდილობენ ზოგადი თამაშით იბრძოლონ ხელისუფლების მოპოვებისთვის და არა საქართველოსთვის. როდესაც დგება დილემა, რეალური ბროლა თუ საკუთარი თავი, ყველას საკუთარი თავი მოსწონს და ამიტომ თავგანწირვის ელემენტი დაბალია. უმეტესი მათგანი ამ ხელისუფლების იდეური ნაწილია. სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. არანაირი განსხვავება მათ შორის არ არის, გარდა იმისა, რომ ერთი სკამზე ზის და მეორეს მოუწია სკამიდან წამოსვლა. აქ რომ იყოს იდეოლოგიური ბრძოლა, მაშინ ეს ხალხი მიიღებდა გადაწყვეტილებას. შენი იდეისთვის, სამშობლოსთვის თავს გაწირავ. სამშობლო შენზე დიდია. ამიტომაც იყო, რომ 1989 წლის აპრილის დღეებში, როდესაც გამოჩნდა სამხედრო ტექნიკა, ჯოხებით დასდევდნენ ქართველი ბიჭები. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა უფრო მაღალი კატეგორია იყო, ვიდრე იმ ადამიანის პირადი სიცოცხლე. ძალა ერთობაში არ არის. ეს სააკაშვილის ლოზუნგია. ძალა არის ჭეშმარიტებაში, სიმართლეში, ღმერთში, რწმენაში. რა გვაქვს საერთო ეშმაკთან, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ არ იბრძვის, რომელიც დღესვე მზად არის დაჯდეს სააკაშვილთან მოლაპარაკებაზე. სხვადასხვა მიზეზებით ამართლებენ თავიანთ უმსგავსობას, ხოლო ჯანსაღი ნაწილი აღიქვამს ამას არაადეკვატურად.
_ რას იტყვით ნათელაშვილის იდეაზე, რომ გაეროს ეგიდით ჩატარდეს არჩევნები საქართველოში.
_ 20 წელიწადია ამ იდეაზე არის საუბარი, არის ეს ჩატარებული აფრიკის ქვეყნებში და ა.შ. თუ აფრიკის ქვეყანა ვართ, ჩაგვიტარონ არცევნები, აბა სხვა გზა აღარ არის. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ეს ხელისუფლებამ უნდა შესთავაზოს გაეროს. ამ ინიციატივას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა დროს ინიციატივებია, რა დროს იმის მტკიცებაა, ვინ უფრო რეიტინგული პარტიაა. თუ ხართ ასეთი პარტია, გამოდი, ძმაო, მოუგე სააკაშვილს და დაგიდგები გვერდით. თუ მიგაჩნია, რომ ჩემზე ძლიერი ხარ, ტელევიზიიდან კი ნუ მეპრანჭები რომ ხალხისგან მოთხოვნილებადები ხართ, რეიტინგულები ხართ. საქმე გააკეთე.
მერამდენეჯერ ატყუებენ საზოგადოებას და ნუ მეკეკლუცებიან ტელევიზიიდან. ტელევიზიაში უშვებენ იმათ, რომლებიც ხელისუფლებას სურს, რომ გაუშვან. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე კონტროლირებადია.
_ გარდა ამ უბედურებისა რაც უკვე მოხდა, კიდევ რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს?
_ მუდმივი საფრთხეებია. ვითარების გაუარესება აძლევს შესაძლებლობას მოწინააღმდეგეს, რომ კიდევ ახალი საფრთხეები შეგვიქმნას. რაც უფრო მეტად მართული ხდება საქართველოს ხელისუფლება, მით უფრო მეტად ექმნება მოწინააღმდეგეს, ამ შემთხვევაში რუსეთს, იმის საშუალება, რომ პირობები წამოაყენოს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვუქმნით მას იმ პლაცდარმს, რომელიც ახალი შემოტევისთვის ჭირდება. 10_15 წლის წინ ქართული საზოგადოება იყო იმ დონეზე, რომ არ აპატიებდა არავის, თუნდაც დღეს რაც დატრიალდა აფხაზეთში, ან ცხინვალის რეგიონში.
შეტევა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არ არის პლაცდარმის მომზადება იმისთვის, რომ გაიხლიჩოს ერთიანი ქართული ცნობიერება? მათ ჩათვალეს, რომ ქართული საზოგადოება არ არის იმისთვის მოწოდებული, რომ პასუხი გასცეს ხელისუფლების უსირცხვილო და დანაშაულებრივ ქმედებას. ეს საფრთხეები ყოველდღიურად მატულობს. სამხედრო ენით რომ ვთქვათ, პრაქტიკულად ამჟამად რაც მიმდინარეობს ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ქმედებები, ეს არტილერიული მომზადებაა. ხვალ აქ შეტევა განხორციელდება, ეს საფრთხე რეალურად დადგება საქართველოს წინაშე. ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ რეალურად მივდივართ ფედერალური სახელმწიფოსკენ.
ერთიან ქართულ ცნობიერებას ანგრევენ და შლიან და ეს ყოველდღიურად ხდება. ჩვენ ვერ გავხდით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი შვილები და მისი პარტნიორი, შვილობა ვერ გავუწიეთ დედა ეკლესიას. პატრიარქს არ ჭირდება დაცვა, დაცვა ჩვენ გვჭირდება. დედა ეკლესია არასდროს არ იტყვის შვილებო, დამიცავითო. პირიქით, თვითონ შეეცდება, რომ მომხდურს მკერდი მიუშვიროს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, თუ შვილები ვართ, დედამდე არ უნდა მივუშვათ მოძალადე.
_ ბატონო მამუკა, რა უნდა ვიღონოთ, რა გამოსავალი არსებობს შექმნილი ვითარებიდან?
_ პირველი, ყველა ბრძოლოს საფუძველთა საფუძველი გახლავთ ბრძოლის იდეის გამოკვეთა და გამიჯვნა ფსევდო ეროვნული ძალებისაგან. უნდა გამოიკვეთოს ის, რის გამოც ჩვენ არა თუ ბრძოლა, თავგანწირვაც გაგვიიოლდება. ის ჯგუფები ადამიანებისა, რომელთა გვერდით ბრძოლა არ შეიძლება, რომლებიც ხელს უშლიან ბრძოლას უნდა გაიმიჯნონ. არ უნდა მიეცეს ტირანს, მისი სურვილის რეალიზების საშუალება. ჩვენი ბრძოლის რესურსი კი არის: თავდადება, იდეა, ორგანიზებულობა.
ეროვნულ _ ქრისტიანული იდეოლოგია ერთის მხრივ, მეორე მხრივ ექსტრემისტული ფსევდო _ ლიბერალური ბოლშევიკური იდეოლოგია _ ეს ორი იდეოლოგია ებრძვის ერთმანეთს. დოსტოევსკის აქვს უნიკალური ფრაზა: “ეშმაკი ებრძვის ღმერთს, ბრძოლის ადგილი ადამიანის გულია”, ჩვენს გულში უნდა დავამარცხოთ ეშმაკი და შემდეგ სააკაშვილის ადგილი აღარ იქნება საქართველოში.

     ნატო ივანიაძე 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress