როგორ ეცილება პირველობას მოსკოვის საპატრიარქო მსოფლიო საპატრიარქოს და რატომ გაუჩნდა ამ უკანასკნელს პრეტენზია აფხაზეთის ეპარქიაზე

SONY DSC

 “თბილისელები” – წერილი მამუკა გიორგაძესთან მოამზადა ნინო ხაჩიძემ 

იმ ფაქტს, რომ აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება, თვით რუსეთის ეკლესიაც კი აღიარებს, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ აფხაზეთის  თვითგამოცხადებულ ეპარქიას მხარი დაუჭიროს: იქ თავისი სასულიერო პირებიც მიავლინოს და სხვა მხრივაც აქტიურად ჩაერიოს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სასულიერო პროცესებში. ერთი ისაა, რომ, როგორც მოგახსენეთ, აფხაზეთის ეპარქიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად აღიარებს. მაგრამ იმ მიზეზით, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სასულიერო კუთხით, ვაკუუმია შექმნილი და იმიტომაც, რომ თავად აფხაზ სასულიერო პირებს შორისაც განხეთქილებაა, დადგა აფხაზეთის ეპარქიის მსოფლიო პატრიარქისადმი დაქვემდებარების საკითხი. თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ..

–თუ ყოფილა ასეთი შემთხვევები წარსულში, რომ მსოფლიო პატრიარქს ამ სახით გადაეწყვიტა სასულიერო კონფლიქტი?

–რა თქმა უნდა, თუ გადავხედავთ მსოფლიო ისტორიას, მათ შორის, მართლმადიდებელი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიას, მსგავსი შემთხვევები მომხდარა და ხდება. იმიტომ რომ ეს რეალური ცხოვრებაა და ისევე, როგორც პოლიტიკაში, ბიზნესსა თუ ყოველდღიურობაში, ყველას აქვს სურვილი, გაიფართოოს თავისი გავლენის არეალი. ქართველი საზოგადოება ხშირად არასწორად აღიქვამს რელიგიურ ცხოვრებას: უნდა გავმიჯნოთ აღმსარებლობა და რელიგიური ორგანიზაციების ინტერესები. ბუნებრივია, მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის აღმსარებლობის თემა საერთოა და ჩვენ ერთმანეთთან ამის გამო ვმეგობრობთ, მაგრამ სულ სხვაა რელიგიური ორგანიზაციის სტატუსი,  გავლენა, ფუნქცია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ უნდა აღვიქვათ დიდი უბედურებად და მოულოდნელობად.

–ის, რომ ვინმეს ჰქონდეს ინტერესი აფხაზეთის ეპარქიის დაქვემდებარებისადმი?

–რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ეს ხდება პოლიტიკაში. მაგალითად, თურქეთის სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რადგან 300 წლის განმავლობაში საქართველოს გარკვეული რეგიონები იყო მისი გავლენის ქვეშ. ეს დიდი ტრაგედია არ არის, რადგან შეიძლება, მეგობრად იწოდებოდე და გავლენის ინეტერესები გქონდეს. ისევე, როგორც ჩვენ, საკუთარ ინტერსებს პატივს რომ ვცემდეთ, მეგობარი თურქეთისადმი უნდა შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავიღოთ ხელი იმაზე, რომ საქართველოს აკრავს უხილავი კულტურული საზღვარი; ის ტერიტორიები, რომელთა ველური მდგომარეობიდან ფეოდალურ ცივილიზაციამდე მოყვანაში მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ერს აქვს ღვაწლი გაწეული. ქართველმა ერმა შექმნა ამ ტერიტორიაზე მსოფლიო ცივილიზაციის, ქართული კულტურის შედევრები. ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი მათზე, ოღონდ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პრეტენზია განვაცხადოთ იმ ტერიტორიაზე. ოღონდ მეგობარმაც უნდა იცოდეს, რომ ეს ჩემი ერის მიერ შექმნილი სიმდიდრეებია და კეთილი უნდა ინებოს მანაც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც, რომ ხელმისაწვდომობა გვქონდეს. შესაბამისად, იმავე მეგობარ თურქეთთან უნდა დაისვას საკითხი, თუ საქართველოში აფინანსებ მეჩეთების განვითარებას და ასე შემდეგ, მე მაქვს უფლება, ხელი შემიწყო გავატარო ჩემი ინტერესი და, თუ გახსოვთ, ჩვენმა უწმიდესობამ დასვა ეს საკითხი.

–დიახ, მიმართა თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

–იმიტომ რომ სახელმწიფო არ ვარგა. შესაბამისად, გარკვეულწილად შეიქმნა ჩიხი აფხაზეთის ეპარქიასთან მიმართებაში.

–ჩვენ ვურევივართ მსოფლიო პატრიარქის ამ საკითხში ჩართვის ინიციატორებს შორის?

–არა, ეს არის მსოფლიო პატრიარქის ინიციატივა. მას აქვს მსგავსი ინიციატივები სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, უკრაინაშიც დგას ეს თემა, სხვა რეგიონებშიც.

–მკითხველს შევახსენოთ, რომ უკრაინის ეკლესია შედის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში და იქ რამდენიმე მართლმადიდებლური მიმართულებაა.

–უკრაინის ეკლესია ემორჩილება მოსკოვის საპატრიარქოს, შემდეგ მას გამოეყო რამდენიმე დამოუკიდებელი ჯგუფი. ისინი ცდილობენ რუსეთი ეკლესიისგან გათავისუფლებას და მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერის მოპოვებას. ამიტომ ეს ჩვეულებრივი პროცესია. პანიკაში არ უნდა ჩავცვივდეთ, უბრალოდ უნდა ვეცადოთ ჩვენი ინტერესების დაცვას.

– სამართლებრივად როგორ ხდება ასეთი საკითხების გადაწყვეტა?

–როდესაც საქართველოს ეკლესიამ ეპარქიები გახსნა თურქეთის ტერიტორიაზე: ჩვენ გვაქვს ლაზიკის ეპარქია, ტაო-კლარჯეთის ეპარქია, მსოფლიო პატრიარქმა ვერ მოძებნა ვერანაირი საბაბი და მოტივი, რომ უარი ეთქვა. რა თქმა უნდა, სიხარულით არ შეხვედრია ამას, რადგან თავის თავს ბიზანტიის მემკვიდრედ მიიჩნევს, მაგრამ პროტესტიც არ გამოუხატავს.

–მას რომ დაესწრო იქ ეპარქიების გახსნა?

–საქმე ის არის, რომ არც მსოფლიო პატრიარქისთვისაა შესაძლებელი მოქმედი ეკლესიების გახსნა, იქ მრევლიც არ არის და არც სამოქმედო არეალია, მაგრამ, თავისთავად, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენმა პატრიარქმა მართებულად გადადგა ნაბიჯები და დღეს ჩაუყარა საფუძველი იმას, რომ ხვალ ამ ტერიტორიაზე, თურქეთის სახელმწიფოში,  შესაძლებელი გახდეს ქართველი მრევლის არსებობა. აი, ეს უკვე ქართული სახელმწიფოს ამოცანაა. ქართული სახელმწიფო უნდა დაუდგეს გვერდში ეკლესიას. რადგან, იქ მრევლი შეიძლება, არ არსებობდეს, მაგრამ მრევლი არ სჭირდება მონასტრის არსებობას. ამიტომ მშვიდად უნდა შევხვდეთ ამ ყოველივეს. მსოფლიო პატრიარქმა ისარგებლა იმით, რომ, ერთი მხრივ, რუსეთმა თავისი უგუნური პოლიტიკით, რუსეთის ეკლესიაზე ვსაუბრობ, არ მისცა შესაძლებლობა ქართულ ეკლესიას, რომ მღვდელმსახურება ეწარმოებინა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოსთვის წართმეულ ეკლესია-მონასტრებში რუსეთმაც ვერ შეძლო ოდნავ მაინც სერიოზული ეკლესიის ჩამოყალიბება და იქაც მოხდა განხეთქილება. აფხაზეთის მღვდელმსახურების გარკვეული ნაწილი გადავიდა მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარების ქვეშ. ანალოგიური პრობლემაა ცხინვალის რეგიონშიც, იმიტომ რომ უსამართლობაზე ვერ ააშენებ ჯანსაღ რელიგიურ ცხოვრებას. რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოჩნდა მღვდელმსახურების ჯგუფი, რომელიც აღიარებს მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციას, ამით მიეცა საშუალება მსოფლიო პატრიარქს, რომ განეცხადებინა თავისი პრეტენზიები იმ კუთხით, რომ დარეგულირებაში მიეღო მონაწილეობა.
თავისთავად, საკითხის ასეთი კუთხით დასმა და პოლიტიკური ენაზა თუ ვიტყვით, საკითხის ინტერნაციონალიზაცია, არ არის ჩვენთვის მომგებიანი, მაგრამ ის შეიძლება გამოვიყენოთ საჩვენოდ, რომ უფრო მაღალი ტრიბუნიდან დავსვათ ის საკითხები, რომლებიც გვაღელვებს და აქ უმთავრესია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეკლესიის წარსული: არც ერთ ეპოქაში, არც ერთ დროს აფხაზეთის ტერიტორია და, მით უმეტეს, აფხაზეთის ეკლესია სამართლებრივად და რელიგიურად არ ყოფილა ჩამოცილებული საქართველოს.
მეორე მხრივ, ჩვენ მივეჩვიეთ მერკანტილურ გადაწყვეტილებებს და გვავიწყდება, რომ გამარჯვება ჩვენზე არ არის დამოკიდებული და რომ უფალთან ჭრის წრფელი გული, თავდადება, სურვილი იმისა, რომ ჭეშმარიტებასთან იყო მუდამ.თუ ამ სიმაღლიდან  შევხედავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ საქართველოში აფხაზეთის ეპარქია ყოველვის იქნება საქართველოს იურისდიქციაში.

–სანამ ამ სიმაღლეებს მივაღწევთ, თუმცა არ მიყვარს ამ ტიპის კითხვის დასმა, მაგრამ იძულებული ვარ: მსოფლიო საპატრიარქოზე რუსული ეკლესიის გავლენა როგორია?

–კონკურენტები არიან. მათ შორის კონკურენციაა პირველობაში: სტატუსის, განვლილი გზის, ისტორიის მხრივ.

–რუსეთის მხრიდან მესამე რომის ამბიცია შემოდის?

–აი, სწორედ ეს რუსული ამბიცია შემოდის და, შესაბამისად, რუსეთის საპატრიარქოსაც აქვს სურვილი, გამოვიდეს ლიდერად მართლმადიდებელ სამყაროში. ისტორიული რეალობა ასეთია: პირველი ოთხი მართლმადიდებელი ეკლესია, როგორებიცაა: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის ეკლესიები, არ არის განთავსებული ქრისტიანულ სახელმწიფოებში და შეღზუდული შესაძლებლობები გააჩნიათ იმ ქვეყნებში, სადაც ამჟამად არიან. ამდენად, რაკი რუსეთის ეკლესიას ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს, მატერიალურად ყველაზე ძლიერი ეკლესიაა და მესამე რომის თეორიაც აქვს მოშველიებული, თითქოს ეს აძლევს უფლებას, რომ ლიდერად მოგვევლინოს მართლმადიდებელ სამყაროში. ამ ლიდერობის კატეგორიული წინააღმდეგია კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში არც რუსული ეკლეისის პრიმატი უნდა ვაღიროთ და არც კონსტანტინოპოლის, მათ ერთმანეთთან გაარკვიონ საქმე, ჩვენ გვეკუთვნის აფხაზეთის ეპარქია. ალბათ, საქართველოში პოლიტიკური ძალებიც და საზოგადოებაც, როგორც ხდება ხოლმე, გაიყოფა: პრორუსული ძალები იტყვიან, რატომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ისევ რუსეთთან დავარეგულიროთ ურთიერთობა, თორემ კონსტანტინოპოლი წაგვართმევს აფხაზეთის ეპარქიასო; მეორე ნაწილი განაცხადებს, რომ, ოღონდ რუსეთს არ ჰქონდეს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან უფრო ცივილიზებული ურთიერობის დამყარებაა შესაძალებელიო. ისე წავიდა ჩვენი ცხოვრება, ქრისტიანული თვალსაზრისით, რომ ხშირად მოვქცეულვართ უფრო მრავალრიცხოვანი ერების, ბერძნებისა და რუსების, ინტერესთა სფეროში და ხშირად დაგვიცავს ჩვენი თავი და ახლაც უნდა დავიცვათ. ჩვენი უდიდესი მოღვაწის ფორმულა, რაც ქრისტიანობა მიგვაღებიეს, არცა მარცხნივ და არცა მარჯვნივ არ გადაგვიხვევია ამ გზიდან, უნდა გავაგრძელოთ ბოლომდე და ამ საქმეში უფალი ყოველთვის ჩვენთან იქნება.
არც კონსტანტინოპოლის პატრიარქს უნდოდა თავის დროზე ჩვენი ავტოკეფალიის აღიარება თავის დროზე და რომ არა ჩვენი დიდი წინაპრები და მამები, მე ახლა გიორგი მთაწმინდელის ციტატა მოვიშველიე, მათი არგუმენტაცია, არც აღიარებდნენ. არც რუსეთს სურდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და დიდი გულისტკივილით მისტირის იმ დროს, როდესაც გავლენა გავლენაჰქონდა საქართველოს ეკლესიაზე.

–მაგრამ, როგორც ვიცი, არ გვითვლიან რუსეთის იმპერიის დაპყრობამდე პერიოდს და მხოლოდ საუკუნოვან ეკლესიად გვაღიარებენ?

–ყველას თავისი სურვილები აქვს თავისი არგუმენტების მიღმა. ეს ჩვეულებრივი პროცესია და არანიარი კავშირი არ აქვს ერთმორწმუნეობასთან. ხშირად ეშლებათ, როედსაც ფიქრობენ, რომ ერთმორწმუნეს უნდა მივენდო ბოლომდეო. ეს არასწორია, იმიტომაც ვთქვი, რომ ერთია აღმსარებლობა და მეორე – ინტერესები. სახლში მისვენია სერაფიმ საროველის ხატი, ვლოცულობ მასზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ აღვნიშნო რუსეთის სახელმწიფოს, როგორც სუბიექტის, უარყოფითი ზემოქმედება საქართველოზე. იმპერიული სახელმწიფოების ეკლესიებიც გამოირჩევიან იმპერიული ზრახვებით და ამის შესახებ თვითონ სერაფიმ საროველი აღნიშნავდა. არის მისი მოწაფეების გადმოცემა, როდესაც სერაფიმ საროველი პირდაპირ მოითხოვდა რუსეთის იმპერიისგან, დაანაბეთ თავი საქართველოს ეკლესიას, ღვთისმშობელი მფარველობს მას და დაილეწება ყველა, ვინც ღვთისმშობლის წილხვედრ ტერიტორიაზე ცუდი ზრახვებით შევაო.

–რუსეთის ეკლესიას რუსეთის სამხრეთი საზღვრები ივერიის ღვთისმშობლისთვის ჰქონია შევედრებული. რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურია!

–ამიტომ ერთმორწმუნეობა არის მხოლოდ ერთად ლოცვის ბედნიერება და ეს ერთი თემაა, მაგრამ რელიგიური დაწესებულების უფლებები, მათი როლი და ფუნქცია სახელმწიფოში, სხვა თემაა, თუმცა ჩვენთან ისინი შეგნებულადაა გაერთიანებული.

–თუ სწორად გავიგე, აფხაზებმა მიმართეს მსოფლიო პატრიარქს და ისიც დათანხმდა?

–შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა თვითონ აფხაზეთში, იმიტომ რომ ყველა ეკლესია ვალდებულია, გაითვალისწინოს კურთხევის წესი და არც ერთ ეკლესიას არ აქვს უფლება, სხვა ეკლესიის მღვდელმსახური აკურთხოს. ამოტომ დღეს აფხაზეთში დარჩნენ მხოლოდ ის მღვდელმსახურები, რომლებიც თავის დროზე აკურთხა საქართველოს საპატრიარქომ. დრო გადის, ახალი სასულიერო პირები ვერ ემატება, იმიტომ რომ მათ არ აქვთ კურთხევა და რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან დემარაში იქნება მათი კურთხევა.

–ოღონდ რუსეთის ეკლესია აფხაზეთში აგზავნის თავის სასულიერო პირებს.

–დროებით აგზავნის, მაგრამ მუდმივად ვერ დატოვებს, იმიტომ რომ ეს უკვე აშკარა კონფლიქტი იქნება საქართველოს ეკლესიასთან, რასაც ერიდება მოსკოვის საპატრიარქო. ამასობაში აფხაზეთში ჩამოვიდა უკვე კონსტანტინოპოლში განათლებამიღებული ახალი თაობა სასულიერო პირებისა, რომლებიც დაუპირისპირდნენ პრორურუსლად განწყობილ ძველ თაობას. ამის გამო გაიხლიჩა აფხაზეთის თვითგამოცხადებული ეპარქია და ახალ ათონში ფიზიკურ დაპირისპიერბამდეც კი მივიდა საქმე. ამიტომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აიღო ინიციატივა და ამ დღეებში სტამბოლში გაიმართა ამ თემისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელსაც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამდენად, ჩვენ უფრო მეტი გააქტიურება გვმართებს. საქართველოს ეკლესია ყველაფერს აკეთებს, მან გადადგა ყველა ნაბიჯი, რაც მის კომპეტენციაშია. თუნდაც იმ მღვდელთან მიმართებაში, რომელსაც გადასვლა უნდოდა რუსეთის ეპარქიაში. რუსეთის პატრიარქმა წერილი მოსწერა საქართველოს პატრიარქს, სურვილი აქვს, გადმოვიდეს ჩვეთან და მიეცით ლოცვა-კურთხევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივიღებთო. პატრიარქმა ძალიან დიპლომატიურად გასცა პასუხი: ჩამოვიდეს თბილისში, განცხადება შემოიტანოს სინოდზე და ლოცვა-კურთხევას მივცემთო. ბუნებრივია, ის თბილისში ჩამომსვლელი არ არის და არც სინოდის წინაშე წარდგება. ამ მცირე დეტალით დაწყებული და დამთავრებული იმით, რომ დღეს აფხაზეთის ეპარქიის მმართველი არის მისი უწმიდესობა ილია მეორე. დანარჩენი საკითხები სახელმწიფოს გადასაწყვეტია.
ნინო ხაჩიძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress