ახალი თაობა 2010-11-13
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიდი გარიგება მზადდება: სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი უკვე დაიწყო
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე პოლიტიკურ ძალებს შორის ძალთა ბალანსის პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, პრაქტიკულად არ არის კლასიკური ტიპის პოლიტიკური ძალები; არ არის პარტიები, რომლებსაც ექნებათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური მრწამსი, იდეოლოგია, გამართული სტრუქტურები და ა.შ. შესაბამისად, ვიღებთ იმ სურათს, რაც არის. მდგრადი პოლიტიკური ცხოვრება დამოკიდებულია ძლიერ პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსზე. რადგან ბალანსი დარღვეულია და ერთ მხარეს არის უხეში ძალა, რომელიც იყენებს სახელისუფლო ბერკეტებს, ხოლო მეორე მხარეს პრაქტიკულად არ არის სტრუქტურირებული და იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალები, ვიღებთ ტირანულ და ავტორიტარულ სახელმწიფოს და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით.
- ჩვენ გვაქვს მწვავე დეფიციტი პოლიტიკური სუბიექტების არსებობისა. ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის ეს არის აუცილებელი. ამიტომ საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს პოლიტიკოსებისაგან, თუ შეგიძლიათ, შექმენით ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება საზოგადოების რაღაც ნაწილის, თუნდაც კონკრეტული ფენის ინტერესების გამომხატველი და არა, დავუშვათ, ცალკეული პიროვნებები, რომლებისთვისაც პოლიტიკური ცხოვრება ბიზნესი და კომერციაა, – აცხადებს “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე.
რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში, იქნება თუ არა შედეგიანი ხელისუფლებასთან დიალოგი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით და ეშინია თუ არა სააკაშვილს მოქმედი ოპოზიციური ძალების აქტიურობისა, ამ და სხვა საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან.
- ბატონო მამუკა, რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს იმ რვა პარტიის შრომა და მზაობა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან?
- თუ ამას შევხედავთ იმ კუთხით, რომ ეს პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ მაზოხიზმთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ მერამდენეჯერ უნდა დასხდნენ? ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც შევცვალოთ ეს პროცესი. რაც თავი მახსოვს, ბოლო 20 წელია, ყოველი არჩევნების წინ ეს პროცესი მიმდინარეობს. ამასთან, ყველა არჩევნების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს პროცესი გარიგებით მთავრდება. ასე მოხდა თუნდაც ერთი წლის წინ ენ-დი-აის ეგიდით მიმდინარე კონსულტაციების დროს. მერამდენედ უნდა შევიდეთ ამ წყალში და მერამდენედ უნდა აღმოჩნდეს, რომ ხელისუფლებამ მოგვატყუა? მერამდენედ უნდა გავუჩინოთ საზოგადოებას ცრუ მოლოდინი იმისა, რომ შეიძლება ამ ხელისუფლების გაკეთილშობილება. როდესაც ვაცხადებთ, რომ მე ვჯდები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე, ამის მთავარი საფუძველი არის ის, რომ ხელისუფლება შეიძლება გაკეთილშობილდეს. ერთი წლის წინ მეუბნებოდი, რომ ტირანია, რომ მასთან არ დაჯდები; რომ არ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში; ერთი წლის შემდეგ რა ნიშნები შეატყვე იმისა, რომ ხელისუფლება გაკეთილშობილებას ექვემდებარება? ეს ხომ უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იმით თავის გამართლებაა, რომ ეს ტაქტიკური სვლაა, ეს უკვე ბავშვობაა.
- ანუ ფიქრობთ, რომ ამ რვა პარტიის მცდელობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით უშედეგო იქნება?
- რა თქმა უნდა. არაფერი არ მოხდება. ამ რვა პარტიიდან უმეტესი მათგანი გაურიგდება ხელისუფლებას და ყველაფერი ამით დამთავრდება. ერთი-ორი პარტია აღმოჩნდება მოტყუებული.
- რაზე შეიძლება გარიგდნენ ეს პარტიები ხელისუფლებასთან?
- 2008 წელს როგორ შევიდა ეს ხალხი პარლამენტში? ასევე მოხდება გარიგება. 2008-ში უფრო მყვირალა ლოზუნგებით გამოდიოდნენ. პირსისხლიან ჯალათსა და სიკვდილის ბრიგადების ორგანიზატორს ეძახდნენ ამ ხელისუფლებას. დღეს კი ძალიან მშვიდად და წყნარად სხედან პარლამენტში და ზიანს აყენებენ ქართულ სახელმწიფოებრობას. ავიღოთ თუნდაც 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები, ხომ იგივე პროცესი იყო, ენ-დი-აის ოფისში მიმდინარეობდა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა. შესაბამისად, გარიგდნენ, ლამაზად საუბრობენ და დავალებასაც ასრულებენ პარლამენტსა და საკრებულოში შესული ოპოზიციური დროშით მოსული ადამიანები. სააკაშვილმა იცის, რომ ერთპარტიული დიქტატურა არ გამოვა და ამ ხალხს კარგად იყენებს.
- რვა პარტიას შორის არის ეროვნული ფორუმი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც მიიჩნევს, რომ ქვეყნის მომავალი სწორედ ბოლო ამ ორ თვეზეა დამოკიდებული.
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს პოზიცია ბოლომდე გაურკვეველია, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ მათ არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა და ახლა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელისუფლებასთან დიალოგი რას ემსახურება, ჩემთვის გაუგებარია. არ სჯობდა, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მიგვეღო აქტიური მონაწილეობა და საარჩევნო გარემოს შეცვლა კონსტიტუციის ეგიდით გაცილებით უფრო მარტივად გამოვიდოდა, ვიდრე, დავუშვათ, დღეს. ეროვნულმა ფორუმმა კარგად იცის, რომ ხელისუფლება იძულების გარეშე არაფერზე წამოვა. და თუ ეს იძულებაა განსახორციელებელი, მოდით, დროზე განვახორციელოთ. თუ ეროვნული ფორუმი გრძნობს, რომ ორგანიზაციულად ძლიერი პარტიაა და ხალხი გვერდში დაუდგება, მაშინ რეალურად უნდა გადადგან ნაბიჯები და ქართველი საზოგადოება მათ გვერდში დაუდგება. შესაბამისად, აიღოს ეროვნულმა ფორუმმა თავის თავზე პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ სიტყვები გვესმის. სამწუხარო იქნება, თუ მხოლოდ სიტყვებზე გავჩერდებით ისევე, როგორც წინა წლებში. ამიტომ, ვიმეორებ, თუ ფორუმელები თავის თავში ძალას ხედავენ, კეთილი ინებონ და აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა და ნებისმიერი ჯანსაღი ოპოზიციური ძალა დადგება იქ, სადაც საჭიროა. ჩვენ ამის შესახებ პირადადაც ბევრი გვისაუბრია და მზად ვართ თანადგომისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული ფორუმის ლიდერები კვლავ საკუთარ თავს დაუპირისპირდებიან, იმიტომ რომ იგივე მათი მხრიდან ბევრი იყო პრეტენზია სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ ცრუ მოლოდინის გაჩენასთან დაკავშირებით, ამიტომ ეროვნულ ფორუმს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებთ.
- საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით ბევრი ოპოზიციური ძალა გაერთიანდა. შეძლებენ ეს პარტიები, ბოლომდე ერთობლივი ნაბიჯები და ინტერესები განახორციელონ თუნდაც საარჩევნო კუთხით?
- ეს შეუძლებელია. ხელისუფლებას აწყობდა ეს პროცესი იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა, როგორმე გადაეგორებინა საკონსტიტუციო პროცესი. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საარჩევნო თემატიკა და სხვა თემატიკა კონსტიტუციის განხილვის ჩარჩოში არ მოხვედრილიყო და, შესაბამისად, რადგანაც ხელისუფლებამ ეს პროცესი გადააგორა, ეჭვი მეპარება, მისგან კონტროლირებულმა საპარლამენტო პარტიებმა რაიმე აქტიურობა განახორციელონ ამ მიმართულებით. ხელსაც არ გაანძრევენ ხელისუფლებაზე ზეწოლისა და ხელისუფლების იძულების თვალსაზრისით. ვისაც უნდა ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ ამ რვა პარტიიდან, მათ მაინც მოუწევთ გამიჯვნა ხელისუფლების იმ სატელიტი ჯგუფებისგან, რომლებიც ყველაფერს გაკეთებენ იმისათვის, რომ ასეთი ანტისახელისუფლებო მძლავრი ერთობა ჩაშალონ. ამიტომ ეს პროცესი დროის გაწელვაა, შეიძლება, ორთქლის გამოშვებაა და მეტი არაფერი, იმიტომ რომ, როცა ფაქტის წინაშე დადგებიან, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. აქ კიდევ ერთი მომენტია: ჩვენ ხომ პოლიტიკურ ლიდერებს ჰუმანიტარული დახმარებით არავინ გამოგვიგზავნის მარსიდან. რაცა ვართ, ესა ვართ. ჯანსაღმა ძალებმა მოვძებნოთ ერთმანეთი, დავდოთ ერთიანი სამოქმედო გეგმა. ამას დიდი დრო არ სჭირდება და შევუტიოთ ხელისუფლებას.
- ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, ასე ვთქვათ, სახალხო კრების ფორმატში? უკეთესი არ იქნება, წარმომადგენლობითი კრების პირობებში მოხდეს შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების დაგეგმვა?
- აქ რამდენიმე სამართლებრივი და პოლიტიკური მომენტია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ სახალხო კრებასთან დაკავშირებით, უნდა შევქმნათ ის სამართლებრივი გარემო, რომელშიც კრებას შეეძლება წარმატებული ფუნქციონირება. თუ ჩვენ იმას არ ვიტყვით, რომ ეს ხელისუფლება არის რუსული ადმინისტრაცია საქართველოში, რომ ის არის მართვადი გარეშე ძალებიდან, მაშინ არანაირი სამართლებრივი უფლება არ გვექნება, რომ ამ ხელისუფლების ნებისმიერი გზით ჩამოცილება გამართლებულ იქნეს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში. როცა ვამბობთ ფრაზას, რომ ჩვენ ნებისმიერი გზით უნდა ჩამოვაცილოთ ეს ხელისუფლება მმართველობას, ამის თქმის უფლება მხოლოდ მაშინ გვაქვს, თუ მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი კოლონიური თვითმმართველობაა საქართველოში. თუ ამას ვერ დავუმტკიცებთ, ბუნებრივია, საერთაშორისო საზოგადოება მხარს არ დაგვიჭერს. ამ მიმართულებით კი სახალხო კრებაში არაფერი კეთდება. მეორე საკითხი: თუ გვინდა, რომ სახალხო კრება იყოს მართლაც წარმომადგენლობითი ორგანო, მაშინ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს ყველა საზოგადოებრივ პოლიტიკური ძალა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე ვერ ხდება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სახალხო კრება გადაქცეულია ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის საზოგადოებრივი უზრუნველყოფის ორგანოდ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის ვერ იქნება იმ ფუნქციის მატარებელი, რომლის ქონის იმედსაც მასზე ამყარებენ.
- თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ სააკაშვილი უპრობლემოდ შეძლებს მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას. არადა, არაერთი პოლიტიკური ძალა იქადნება მის ვადამდე გაშვებას.
- დაქადნებული ბევრი მინახავს, მაგრამ ოდნავ რეალური ნაბიჯების გადამდგმელი ჯერ არ მინახავს. სააკაშვილი იცნობს ამ ხალხს. ამ ოპოზიციის უმეტესობა ხომ მისი გუნდიდან არიან წამოსული, უფრო სწორად, ყველა ესენი ხომ მოქალაქეთა კავშირის გუნდიდან არიან აფრენილი. სააკაშვილმა იცის, რომ ამ ოპოზიციის უმეტესობა სახელმწიფოსა და მართლმადიდებლობის გამო ელემენტარულად თავს არ შეიწუხებს. ეს ხალხი მთავრობაში იყო და, როცა ეკლესიას ანგრევდნენ და ფუჭდებოდა ქართული საქმე, მაშინ არ იწუხებდნენ თავს. ოპოზიციაში ყოფნის დროს რატომღა შეიწუხებენ?
- გამოდის, რომ პრეზიდენტი დარწმუნებულია, მოქმედი ოპოზიცია მას პრობლემებს ვერ შეუქმნის.
- ეს ხალხი მას პრობლემას ვერ შეუქმნის. ამის მთავარი დადასტურებაა ის, როგორ ეპყრობა ქართველ ხალხს. სააკაშვილს იმის შიში რომ ჰქონდეს, რომ ეს ოპოზიცია მას პრობლემას შეუქმნის, ამდენ სოციალურ უბედურებას ხომ არ შეამთხვევდა ქართველ საზოგადოებას. თუნდაც ამხელა კომუნალური გადასახადები, გაზრდილი ფასები და ამდენი დაჭერები. სააკაშვილი ამით თავის მოწინააღმდეგე ფენას თვითონვე ამრავლებს. ამას იმიტომ ბედავს, რომ დარწმუნებულია, ამ ხალხს არ ჩაუდგება სათავეში ისეთი ლიდერი, რომელიც რეალურად შეუტევს პრეზიდენტსა და მის გუნდს. ამიტომ არის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს პრობლემა არ შეუქმნა. ცოტა შიში ორი წლის წინ გაუჩნდა სააკაშვილს, თუმცა მან აგრესია ხალხზე გადაიტანა. არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს დისკომფორტი არ შექმნია. პრობლემები შეექმნათ რიგით მოქალაქეებს, რაშიც დანაშაული მიუძღვით იმ ლიდერებს, რომლებმაც სააკაშვილს ვერც ერთ პოზიციაში ერთი მილიმეტრითაც ვერ დაახევინეს უკან. იმიტომ არის, რომ სააკაშვილს ამ ოპოზიციის არ ეშინია. სააკაშვილმა იცის, რომ თუ მისი ჩანაცვლების პროცესი დაიწყო, ეს დაიწყება რუსეთიდან ისევე, როგორც სააკაშვილის მოსვლა მოხდა რუსეთიდან. ამიტომ არის, რომ რუსეთს ყველაფერს უსრულებს. შესაბამისად, მისი ყოფილი თანაგუნდელები და დღეს ოპოზიციაში მყოფი ლიდერები სააკაშვილს პრობლემას ვერ შეუქმნიან. სანამ სააკაშვილი რუსეთის ინტერესების შესაბამისად წარმატებით ანგრევს ქვეყანას, მანამდე არ დგება რუსეთში მისი შეცვლის საკითხი. პირიქით, ხდება მისი დახმარება. ბევრ შემთხვევაში ნოღაიდელის განცხადებებმა, ბურჯანაძის ვიზიტებმა, ვითომ რადიკალი პოლიტიკოსების მყვირალა განცხადებებმა და უნიათო ქმედებებმა გაამყარა სააკაშვილის ტახტი და უარეს დღეში ჩააგდო ქართველი საზოგადოება. ვითომ სააკაშვილის მოწინააღმდეგენი სინამდვილეში სააკაშვილს უქმნიან არსებობის საფუძველს. რომ არა ეს ოპოზიცია, სააკაშვილი ამდენ ხანს ვერ გაძლებდა. გამოაცალეთ ეს ოპოზიცია სააკაშვილს და სააკაშვილი მეორე დღესვე ხუხულასავით დაინგრევა. ეს ოპოზიცია მისთვის არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს მტრები დაარწმუნოს, თითქოს ის არის უფრო ძლიერი, ვიდრე ეს ოპოზიცია; რომ ის უფრო უკეთესად მოემსახურება უცხოეთს, ვიდრე ეს ოპოზიცია.
ავტორი: შორენა კოწოწაშვილი