NEWS>GE 01.03.2014
„სახალხო პარტია“ ID ბარათის ალტერნატიული პირადობის მოწმობების მოთხოვნას და ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ მსჯელობას ეხმაუება.
„წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნებაც” პირდებოდა საკუთარ ამომრჩეველს, რომ დააკმაყოფილებდა მათ ინტერესს ამ მიმართებით, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მაშინ საყოველთაო ID -იზაციას პრინციპულად მოითხოვდა “ნაციონალური მოძრაობა”. სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ”ქართულმა ოცნებამ” კატეგორიულად საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. კიდევ უფრო მეტი, ID ბარათის ალტერნატიული მოწმობის დაშვების ნაცვლად ხელისუფლებამ მისი უფასოდ დარიგება გაააქტიურა და ბოლშევიკური რიტორიკით, ხალხზე ზრუნვის საბაბით ვეტერანებისთვის, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა კატეგორიის მოსახლეობისთვის უფასოდ არიგებეს ID ბარათებს.
გადაცემაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარმოადგინა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც, ჩვენი აზრით არა მარტო სიცრუეთა მთელ კასკადს შეიცავდა, არამედ სახელმწიფოებრივად საშიშ ტენდენციას გამოხატავდა და რაც, საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
მთავარი მაინც, მინისტრის მიერ გადაცემაში მოყვანილი არგუმენტაციაა. მინისტრმა ID ბარათის გაცემის მოტივად ევროინტეგრაციისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის აუცილებელ პირობა გამოაცხდა. თითქოსდა ევროპა მკაცრად ითხოვს ჩვენგან ID ბარათის შემოღებას და თითქოსდა, ID ბარათის დამკვიდრება საჭიროა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებისთვის და ა.შ.
ეს ყოველივე დანაშაულებრივი სიცრუე და სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობაა, ევროპა არათუ ჩვენგან არ ითხოვს ID ბარათის დაშვებას, არამედ ევროპული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა უარი თქვა მასზე, როგორც მოსახლეობაზე ტოტალური კონტროლის საშუალებაზე, ხოლო ტერიტიორიული მთლიანობისა და საარჩევნო ბიომეტრიული სიის თემები ID ბარათთან მიმართებაში ეს საერთოდ იაფი სპეკულაციაა.
საკითხის მხოლოდ რელიგიური ასპექტით განხილვა, მიზნად ისახავს მთავარი თემიდან სხვა მიმართულებით ყურადღების გადატანის დემაგოგიური მცდელობა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი, თითიდან გამოწოვილი საბაბია.
ასევე აუცილებელია ხელისუფლებამ აუხსნას საზოგადოებას – რატომ არის, როგორც აცხადებს, მინისტრი, აგვისტომდე საშიში პერიოდი? კონკრეტულად თქვან ვისგან და რა საფრთხეებს ელიან ამ დროში? როგორ უნდა ავიცილოთ პრობლემები?
ხელისუფლება, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, რომ გაუკეთოს ორგანიზება სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ეკლესიის ჯანსაღ თანამშრომლობას, საკუთარ თავს აიგივებს სახელმწიფოსთან და ცდილობს სრული კონტროლი განახორციელოს მოქალაქეთა ცხოვრებაზე – ეს ბოლშევიზმის ძალიან საშიში სიმპტომებია!
სამწუხაროდ ხელისუფლება არ ითვალისწინებს ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილის და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თხოვნას და მათი ლეგიტიმური მოთხოვნის საწინააღმდეგო არგუმენტად ევროინტეგრაცის პროცესს (ჩვენი აზრით შეგნებულად!) ასახელებს, ეს კი საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალში საქართველოს ევროპული მომავლისადმი ხელოვნური სკეპტიციზმის გაღვივებას იწვევს, რაც ძალიან შემაშფოთებელი!“, – აცხადებენ პარტიაში.