საქართველოს სახალხო პარტია გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, სახეზეა ფაქიზ რელიგიურ გრძნობებზე თამაშის მცდელობა და ქვეყნის ცივილიზებული სამყაროს წინაშე შეუმდგარ და არასტაბილურ სახელმწიფოდ წარმოჩენისა, რომელთანაც პარტნიორობა შეუძლებელია.
ამისი ნათელი დადასტურებაა, როგორც ეკლესიის დანგრევა ფერიის მთაზე, საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე ჯვრების დემონტაჟი(ხაშური, ქობულეთი), აგრესიული სექტების ხელშეწყობა(იეღოველები), ქართული ცნობიერებისა და ყოფა-ცხოვრების წესისათვის მიუღებელი იდეოლოგიის დამკვიდრების სტიმულირება(თავისუფლების ინსტიტუტი), წმ. გიორგის ხსენების დღის პოლიციის დღედ გამოცხადება, ასევე ი. ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან მომხდარი ინცინდენტი, როდესაც სტუდენტთა დიდი ჯგუფის კანონიერ და სამართლიან მოთხოვნას (უნივერსიტეტის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგიის პროპაგანდისტის “თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისად გადაქცევის, სალოცავი კუთხის გამოყოფისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების შესახებ) უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაუპირისპირა სტუდენტთა მეორე ჯგუფი. ამასთანავე, ფართოდ გაუღო კარი მდარე ხარისხისა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხმყოფელი “ლიტერატურის” წარმოჩინებას.
ყველაფერი კი დააგვირგვინა ტელე-კომპანია “კავკასიამ”, რომელმაც წარმატებით აიტაცა I არხიდან ანტიმართლმადიდებლურ და ანტიეკლესიური ქმედებების ესტაფეტა და მოახდინა ხელჩართული ჩხუბის პროვოცირება. შემთხვევითი არაა, რომ აღნიშნული შეტაკება სწორედ “კავკასიაში” მოხდა, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფ სტრუქტურას, რომლის დანიშნულებაცაა არა თავისუფალი და ობიექტური აზრის გავრცელება, არამედ ამ აზრით მანიპულირება.
გადაცემა “ბარიერის” წამყვანის ნინო ჯანგირაშვილის პროვოკაციული საქციელი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ხელისუფების შეკვეთასთან. ამ მოსაზრებას ამყარებს მომხდარ ფაქტზე თავისუფალი აზრისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების “სამაგალითო დამცველის” პრეზიდენტ სააკაშვილისა და კანონიერებისა და სამართლიანობის “მეტრების” შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრ ადეიშვილის “ოპერატიული” რეაგირება.(ძალიან ნიშანდობრივი კადრი იყო როდესაც ჯანგირაშვილი პირდაპირ ეთერში მიუთითებდა პატრულს ვინ დაეკავებინა და ვინ არა).
მიზანი ნათელია _ ქვეყანაში, ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია; საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირების ორგანიზება; ერთიანი ეროვნული ცნობიერების მოშლა; მარგინალური ფსევდოლიბერალური ღირებულებების დასავლურ ღირებულებებად წარმოჩინების გზით ქართულ ღირებულებებთან სრულიად თავსებადი დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია. (ქრისტიანული ცხოვრების წესი, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები და ვალდებულებები, პასუხისმგებლობა, არჩევანის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, რეალური თვითმმართველობა, ყველა სფეროში ანტიმონოპოლიური გარემოს უზრუნველყოფა, კანონის წინაშე თანასწორობა და სხვა); ეროვნული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური ფასეულებების მქონე ადამიანების აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოცილება.
საქართველოს სახალხო პარტია მოუწოდებს სრულიად საქართველოს მოსახლეობას:
_ დავირაზმოთ, რათა არ დავუშვათ საქართველოს ანტიქართულ, ანტიმართლმადიდებლურ და დესპოტურ სახელმწიფოდ გადაქცევა, რისკენაც მიისწრაფის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება.
_ დავირაზმოთ, რათა არ დავუშვათ თავისუფალი სიტყვის, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფალი გამოხატვის, რელიგიური სიწმინდეების, ეროვნული და პიროვნული ღირსების დამცველი სრულიად უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება.
_ დავირაზმოთ ქართული სახელმწიფოებრიობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დასაცავად.
სახალხო პარტია
8.05.2010