ორი „კოაბიტი“ მართავს ქვეყანას

მანანა ნოზაძე
2013-08-08 17:19:00
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი აცხადებს, რომ „ოცნებისა“ და ნაციონალების ამ ცხრათვიანი თანამშრომლობის მანძილზე ერთ გუნდად ჩამოყალიბებული ახალი კოაბიტაციური ხელისუფლება მივიღეთ და ძველისა და ახლის გამოყოფა უკვე შეუძლებელია.
For.ge მიხეილ ჯიბუტს ესაუბრა.
ეკონომიკური სტაგნაცია აშკარაა. ექსპერტები უკვე ასახელებენ ცალკეულ მინისტრებს, რომლებმაც ახალ პოლიტიკაში არ გაამართლეს და პოსტი უნდა დატოვონ. თქვენი აზრით, რომელი სამინისტრო მუშაობს ყველაზე ცუდად?


- კანონმდებლობით რაც ევალებათ, იმას არ ასრულებენ. ნებისმიერი სამინისტროს დებულებას თუ ავიღებთ, იქ განსაზღვრულია, რა უნდა გააკეთონ და არცერთი მათი პუნქტი, რომლითაც უნდა გაატარონ ამ პოლიტიკის რეალიზება, დაცული არ არის. არცერთ სამინისტროს არ აქვს შემუშავებული ის პოლიტიკა, რასაც ავალებს მას დებულება. მეორე მხრივ, არ არის კომუნიკაცია სამინისტროსა და ხალხს შორის. არცერთი სამინისტრო არ აბარებს ანგარიშს მოსახლეობას და ფაქტის შემდეგ იგებენ ადამიანები ცალკეულ ფაქტს.
რაღაცნაირად, ეკონომიკური ზრდა არ არის საკმარისი. რამდენი უნდა იყოს აგვისტოში ამ ზრდის მაჩვენებელი? ან სექტემბერში? თუ არ შესრულდება ეს მაჩვენებელი, მაშინ რა უნდა მოხდეს? ამაზე პასუხები უნდა ჰქონდეს ეკონომიკის სამინისტროს, ეს მათ ევალებათ. დავუშვათ, დავხანით მიწები, ხომ უნდა იყოს შედეგი? თუ არ იქნა ის შედეგი, რა უნდა მოხდეს? თუკი არ არის კონკურენცია, მაშინ როგორი უნდა იყოს პოლიტიკა?
იმას გულისხმობთ, რომ უნდა არსებობდეს მოქმედების „ა“, „ბე“ და „გე“ ვარიანტები?
- „ა“ ვარიანტი არის კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც ისედაც ევალებათ სამინისტროებს. თუმცა დღევანდელ ვითარებაში ნებისმიერი სამინისტროს დებულებას რომ აიღებთ, არცერთი დებულება არ სრულდება და არსად არ ჩანს, ამ სამინისტროების ინიციატივები, თუ როგორ ხორციელდება მათ შორის კოორდინაცია. ამავე დროს, ძალიან ძვირადღირებული ხელისუფლება გვყავს. ამიტომაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხალხი არსებობს ხელისუფლებისთვის და არა ხელისუფლება – ხალხისათვის. ჩვენთან ხალხისთვის სამსახურად არ განიხილავს ხელისუფლება თავის თავს. რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრების სისუსტეს, ეს, ალბათ, იმის გამოა, რომ ყველა თვლის თავის თავს ვალში ივანიშვილთან და არა – ხალხთან. ამიტომ, ანგარიშს აბარებს ივანიშვილს და არა ხალხს.
თავის დროზე ივანიშვილი აანონსებდა, რომ ერთ- ერთი მინისტრი არ აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს და, სავარაუდოდ, მას შეცვლიდნენ. იმ პერიოდში ბევრი მინისტრი ელოდებოდა უარყოფით გამოწვევას, თუმცა მხოლოდ ერთ მინისტრზე გადატყდა ჯოხი. საინტერესოა, მინისტრების ხშირი ცვალებადობა წაადგება საქმეს?
- ჩემთვის ნაციონალები და „ოცნება“ თავისი ქცევის გამო და კოაბიტაციის გამო არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ერთმანეთთან ოპოზიციური ძალა. სინამდვილეში, ეს არის ორი კოაბიტი, რომლებიც მართავენ ქვეყანას. ამ ეტაპზე, მათ შორის არავითარი შიდა განსხვავებები არ არსებობს, ეს არის ერთი ხელისუფლების ორი ჯგუფი. მათ შორის, ოპოზიციონრობა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია. გაიხსენეთ ისეთი გახმაურებული საქმე, როგორიცაა 17 მაისი, ლგბტ-ეების შესახებ, ეს არის ერთიანი, მონოლითური აზროვნების მთავრობა, ანუ კოაბიტების მთავრობა.
თუმცა ხელისუფლებაში როცა მოდიოდა „ოცნება“, ასე ნამდვილად არ იყო და ისინი ნამდვილად ანტაგონისტურად იყვნენ ერთმანეთთან განწყობილნი. უბრალოდ, „ოცნება“დამორჩილდა დასავლეთისგან ნაკარნახევ კოაბიტაციას და ამან ბევრი რამ შეცვალა.
- ამიტომაც არსებობს კანონი, ყველა უნდა მორჩილებდეს ამ კანონს. თუ არ მორჩილებენ კანონს, ეს დასჯადია და, თუ ეს არ სრულდება, ხელისუფლება არაეფექტური გამოდის. ეს ის შემთხვევაა, როცა ხელისუფლება არ შეესაბამება იმ ხალხს, რომელიც ითხოვს, რომ იყოს კანონიერება ქვეყანაში. ქართველ ხალხს არ შეესაბამება ის ხელისუფლება, რომელიც ვიღაცის მოთხოვნით კოაბიტირებს. მე მეგონა, რომ ეს ამ ორი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება იყო და, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ ეს ვიღაცამ დაუკვეთა, მაშინ საერთოდ ცუდად ყოფილა საქმე. ეს ყოფილა არა მარტო ცუდი მთავრობა, არამედ – არაქართული და არა ჩვენი მთავრობა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ამ ეტაპზე მინისტრების ხშირ- ხშირ ცვლასთან დაკავშირებით, მინისტრების ცვლაზე არ არის საუბარი და ყველაფერი გაწერილია კანონში, თუ რამდენი მინისტრის შეცვლა შეიძლება. პერსონიფიცირებასაც აზრი არ აქვს, რადგან მთლიანობაში, ხელისუფლება მუშაობს ცუდად. შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება არ მუშაობს, რადგან არცერთი გადაწყვეტილება, არცერთი მიმართულებით- არც საკანონმდებლო გაუმჯობესება, არც რაიმე ინიციატივა, ან მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ან ხარისხის ამაღლება და საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიციების გაძლიერება არ მომხდარა. სოციალურ- ეკონომიკური მიმართულებით არ გაუმჯობესებულა არაფერი და არ არის ამის ნიშნები.
ყველაზე საუკეთესო მიღწევა არის იქ, სადაც შენარჩუნებულია ის პოზიცია, რაც ჰქონდათ ნაციონალებს მიღწევებში. ხელისუფლება არის არაეფექტური და ძალიან ძვირი, უფრო ძვირი, ვიდრე ნაციონალური ხელისუფლება.
პრემიებს გულისხმობთ?
- პრემიები არის ერთი ნაწილი. რაც პრემიებთან დაკავშირებით გახმაურდა, თუ ეს უკანონობაა, მაშინ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს იყო ცუდი კანონის ბრალი. თუმცა გავიდა ცხრა თვე და შეცვალეს ის ცუდი კანონი? – არ შეუცვლიათ. ამ ყველაფერს დეტალებზე (პრემიებზე, ხელფასებზე) ვერ დავიყვან, მთავარი ისააა, რომ, თუ უკანონობა არ მოსწონთ, მაშინ უნდა შეცვალონ კანონი. და, თუ არ ცვლიან ამ კანონს, მაშინ თვითონაც ისეთივენი არიან, როგორც ნაციონალები. უბრალოდ, ძვირადღირებულ ხელისუფლებაში ვიგულისხმე მთლიან საბიუჯეტო ხარჯებში ხელისუფლების წილი. მაგალითად, აქამდე პარლამენტი თუ ჯდებოდ 30 მილიონი, ახლა, 2013 წლის ბიუჯეტით, ჯდება 54 მილიონი. ასე რომ გავყვეთ სამინისტროების მიხედვით, მთლიან ხარჯებში ხელისუფლების ხარჯი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.
მინისტრების ასეთი მუშაობის გამოსწორების თვალსაზრისით, რა ხელეწიფება პრემიერ- მინისტრს?
- პრემიერ- მინისტრი არ მართავს მარტო ხელისუფლებას, მართავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სასამართლო ხელისუფლება. სწორედ ეს პირველი პირები არიან ამ ყველაფერზე ერთობლივად პასუხისმგებელნი და არა – ცალ-ცალკე.
ახალ ხელისუფლებას ასეთი არგუმენტიც აქვს, რომ ნაციონალებისგან დანგრეული ეკონომიკის ფონზე ბევრს ვერაფერს გააკეთებდნენ და ვითარების გამოსასწორებლად დრო არის საჭირო.
- ასეთი მიღებული პრაქტიკა არსებობს. ასი დღის განმავლობაში შენ უნდა გაარკვიო, თუ რა მემკვიდრეობა მიიღე და რა უნდა გადაწყვიტო. მსოფლიო სტანდარტით, ასი დღე ამისთვის საკმარისია. თუ ამას ვერ არკვევენ ას დღეში, ე.ი. არ ჰყოფნით მეტი კომპეტენცია.
ფაქტია, სააკაშვილი უცხოეთში საქართველოს ანტირეკლამას ეწევა. მართალია, ამბობს, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას რეკომენდაციებს გაუწევს და დაეხმარება, მაგრამ სინამდვილეში, სახელს უტეხს ახალ ხელისუფლებას. რამდენად აისახება ეს ინვესტიციებზე, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის ხელდასმით საქართველოში ანტიხელისუფლება მოვიდა?
- რა თქმა უნდა, ეს აისახება ინვესტიციებზე, მაგრამ სააკაშვილი არის ხელისუფლების მხოლოდ ერთი ნაწილი. თუ ხელისუფლების მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს ასეა და სააკაშვილი დამანგრეველია და მაინც მას კოაბიტაციით პასუხობს, მაშინ ორივე პასუხისმგებელია ამ კოაბიტაციის გამო. რა თქმა უნდა, ხელისუფლების უმოქმდობა მოქმედებს ინვესტიციებზე, რადგან მათ შექმნეს მოლოდინი და გაურკვევლობა, გაურკვევლობას კი ინვესტორი ვერ იტანს.
ახალი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მუშაობაში არაფერი არ არის მოსაწონი და გეგმაზომიერი? ჩვენ ვნახეთ ივანიშვილის ვიზიტი ისრაელში და ინვესტორებისადმი მისი მოწოდება, რომ საქართველოში ჩაედოთ თანხები.
- სამწუხაროდ, მე არ შემიძლია დავადასტურო რაიმე მოსაწონი ფაქტი, გარდა განცხადებებისა. კონკრეტული ქმედება არ ჩანს, რადგან ეს არის კოაბიტების მმართველობა და, მეტიც, ტერმინ „ახალ ხელისუფლებას“ მე არც ვიტყოდი, რადგან ესენი არიან ახალი კოაბიტური ხელისუფლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. რაიმე გამოყოფილი ხელისუფლება ჯერ არ არსებობს, ძველის და ახლის გაყოფა უკვე შეუძლებელია და მათი ცხრათვიანი თანამშრომლობა უკვე ერთ გუნდად ჩამოყალიბდა, მით უმეტეს, ისეთ დარგებში, როგორიცაა ეკონომიკის სფერო. ეკონომიკაში ხომ ავტომობილს ან წარმოების სხვა საშუალებებს არ ეტყობა, ვის მიერ არის ნაწარმოები? პომიდორი ნაწარმოებია „ოცნების“ ხალხის მიერ თუ ნაციონალებისგან, ხომ არ ეტყობა?

პრეზიდენტმა პრემიერს ქართულ ეკონომიკაში საკუთარი თანხების ჩადებისკენ მოუწოდა.
- სააკაშვილის მხრიდან ეს არის დაბალი დონის ბავშვური ნათქვამი. მანაც ჩადოს თავისი ხელფასი და ჰონორარები ქართულ ეკონომიკაში, ეს ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ბატონი ბიძინას მიერ ჩადებული ფული. პრეზიდენტმა პირადი მაგალითით აჩვენოს, თუ რამდენი ფულო ჩადო ეკონომიკაში ამ ცხრა წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოუწოდოს სხვას.
ნაციონალების დროს ქართველი ბიზნესმენები დამოკიდებულებას შეჩვეულნი იყვნენ. ბიძინა ივანიშვილი მოსვლისთანავე მათ თავისუფლებას დაჰპირდა, თუმცა ისინი მაინც თავს იკავებენ ახალი პროექტების განხორციელებისგან. რატომ არ ხერხდება ამ თავისუფლებით სარგებლობა და შეჩვეულ ჭირს რატომ ამჯობინებენ?
- მთელი უბედურება ისაა, რომ ამ კითხვაზე დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა ისაუბროს, რადგან ანალიტიკური მონაცემები მას აქვს. რამდენიმე შემთხვევის გარდა, საჯაროდ არც ბიზნესმენთა აღფრთოვანება მინახავს და არც წუხილი ამასთან დაკავშირებით.
ერთგან თქვენ აღნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაუბრუნდეს ხალხს, რა იგულისხმეთ ამ ნათქვამში?
- მისი წასვლის განცხადება მოლოდინის ახალ ეტაპს ქმნის. თუ პირველი ეტაპი იყო 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე, შემდეგ უკვე, მეორე ეტაპი ეკონომიკისთვის იყო კოაბიტების მართვა, ამის შემდეგ კიდევ წასვლის მოლოდინის შექმნა ქმნის უარყოფით ზეგავლენას და ზეწოლას ეკონომიკაზე.
ჩემი აზრით, სწორი იქნება, თუ ბატონი ბიძინა დაამთავრებს იმ ვადას და იმ პროგრამას შეასრულებს, რაც მას მოცემული აქვს, როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში. თუმცა, თუ ის აპირებს წასვლას, აჯობებს, კი არ წავიდეს სადმე, არამედ დაუბრუნდეს ხალხს, ანუ არჩევნებამდე გადადგეს და დაიკავოს ადგილი საზოგადოებრივ სექტორში, როგორც ერთმა კაცმა და საზოგადოების წარმომადგენელმა. საზოგადოებაც დაირაზმება მის ირგვლივ, ხალხს გაუჩნდება დიდი ძალა და ხელისუფლება გახდება ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე.

მან თქვა, როცა ქვეყანას დაალაგებდა, მხოლოდ ასეთ სიტუაციაში წავიდოდა, თუმცა ახლა დალაგებულის არაფერი ეტყობა ამ ქვეყანას.
- ასეთ შემთხვევაში, მისი ხათრით არ მისცემდნენ ვინმეს ხმას არჩევნებში. მის გარეშე ძალიან საეჭვოა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს რწმენა, რომ მისი კანდიდატები შეძლებენ ქვეყნის წინ წაწევას. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი ხალხს მოუხსნის ამ რწმენას და არჩევანი იქნება მხოლოდ ქართველ ხალხზე, მაშინ ქართველი ხალხი უკვე საზოგადოებრივი პოზიციიდან გადაწყვეტს ამ საკითხს და ეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც გათავისუფლებული იქნება ასეთი ზეწოლისგან. თუმცა, ვფიქრობ, პრემიერი პოსტზე უნდა დარჩეს.
თუ არ რჩება, მაშინ გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე უფრო იქნება სწორი. ასეთ შემთხვევაში, ის იქნება საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც ექნება უზარმაზარი ძალა და ზეგავლენა და დღევანდელ გარემოში შეიძლება შეიძინოს ეროვნული ლიდერის ფუნქცია. მის ირგვლივ ხალხის გაცილებით მეტი მხარდაჭერა და კონსოლიდაცია მოხდება, ვიდრე დღეს არის, და ის გათავისუფლდება მისი მინისტრების რეიტინგებისგან. დღეს მისი მინისტრები ჩამოკიდებულნი არიან მასზე და ბიძინა ივანიშვილს აქვს ის რეიტინგი, რაც აქვთ მის მინისტრებს. ასეთი შეგრძნება აქვთ ამ მინისტრებს, რომ ივანიშვილი არის დამცავი რგოლი მათთვის, ხოლო, თუ არ იქნება ასეთი დამცავი რგოლი, მინისტრები ხალხის წინაშე მარტო დარჩებიან.
რაც შეეხება ლიბერტარიანულ პოლიტიკას, ნაციონალების დროს გაუგებარი იყო, ვისთვის უნდოდათ ეს ქვეყანა. ფაქტი ისაა, რომ უცხოელების ბიზნესი ყვავის საქართველოში, ხოლო ადგილობრივი ბიზნესმენები წარმატებას ვერ აღწევენ, ეს რის გამო ხდება?
- სუბიექტური მიზეზის გამო, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ეროვნული, კომპეტენტური და კანონები უნდა იყოს მორგებული ქართველების ინტერესებზე, როგორც ეს ყველა ქვეყანაშია. მაგალითად, საფრანგეთის კანონები საფრანგეთის ინტერესებზეა მორგებული, ამერიკის კანონები – ამერიკის ინტერესებზე და იქ მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნების ხარ. შენ ხარ საფრანგეთის მოქალაქე და შენი ქცევა კანონით არის საფრანგეთისთვის სასარგებლო. ჩვენთან კანონები არ არის ასე ნორმალური და ხელისუფლება არ არის ეროვნული. კანონები არ არის საქართველოსთვის, არამედ – პირადი ან ჯგუფური ინტერესისთვის, რომლითაც სარგებლობს ყველა სხვა. საქართველოს მოქალაქის ქცევა, მიუხედავად მისი ეროვნულობისა, უნდა იყოს საქართველოს ინტერესის გამომხატველი. ჩვენთან კი კანონის ნაცვლად ყველაფერი დაყვანილია ვინმეს სურვილზე.
მაგალითად, აჭარაში და სხვაგანაც თურქული ბიზნესი უფრო იგრძნობა, ვიდრე ქართული, რასაც ქართულ სიზარმაზეს უკავშირებდნენ ნაციონალები…
- ეს არის აბსურდი და შეურაცხმყოფელი ქართველებისთვის, თითქოს, ქართველებს შრომა არ უყვართ. რამ გადაარჩინა საქართველო, როცა 10 წლის განმავლობაში 15-ჯერ მაინც დაგვსხმია მტერი თავს? დღესაც, ქართველმა არ მიიღო სიღარიბე და შიმშილმა საქართველოში იმ ფორმით არ მოიკიდა ფეხი, მიუხედავად ხელისუფლების მთლიანი 20- წლიანი ანტიეროვნული საქმიანობისა, რომელმაც ლოთი მამის მსგავსად, ვერ მართა ოჯახი. თუმცა, ასეთ ვითარებაში, ბავშვები მაინც კარგები გამოვიდნენ. ასეთ დღეშია დღეს ქართველი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ ის იხდის უზარმაზარ ფულს ამ მმართველობაში.
ნაციონალები ამაყობენ ლიბერალური პოლიტიკით. სინამდვილეში, ლიბერალურ პოლიტიკასთან მათ მოღვაწეობას ჰქონდა კავშირი?
- მათი ლიბერალური პოლიტიკა იყო ფასადი დასავლეთთან სალაპარაკოდ. ნაციონალები ლაპარაკობდნენ სწორად, მაგრამ მოქმედებდნენ არასწორად. როცა ტომარა ფქვილით არიგებ სოციალურ დახმარებას, ეს არ არის ლიბერალიზმი. როცა 200- მილიონიან ქონებას ყიდულობ ერთ ლარად, არც ეს არის ლიბერალიზმი. ეს არის ცრუ ლიბერალიზმი. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ საქართველოში დიდი ზიანი მიაყენა ლიბერალურ იდეას და განწყობას მოსახლეობაში. ჩვენი გამოსავალი არის ლიბერალიზმში და არა ულტრა-მემარჯვენეობაში, რადგან ულტრა-მემარჯვენეობის შემთხვევაში, თუ ძალიან მარჯვნივ წავალთ, სინამდვილეში, მარცხნივ აღმოვჩნდებით.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress