2016 წლის 30 მაისს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირებული წერილი დაპირებულ დროზე გვიან გამოაქვეყნა, მე და ჩემი ორი მეგობარი, მეგობრის მამის პანაშვიდზე შევხვდით ერთმანეთს. ტექსტი ყველას გვქონდა წაკითხული. პანაშვიდის შემდეგ ცოტა ხნით ჩამოვჯექით და ამბები მივიკითხ-მოვიკითხეთ. ბუნებრივია, ჯერი ივანიშვილის წერილზეც მიდგა. საინტერესო ეს ყველაფერი იმდენადაა, რამდენადაც ჩვენს შორის ერთი სააკაშვილის და მისი გუნდის მომხრეა, მეორე - ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“მხარდამჭერი, ხოლო, მე ვთვლი, რომ ნაცებიც და ქოცებიც ერთი „ვაი“ და მეორე „უი“-ა საქართველოსთვის.
აზრის გამოთქმა ივანიშვილის მომხრემ დაიწყო. ძირითადი დასკვნა ის იყო, რომ წერილი გაუგებრადაა დაწერილი, თუმცა გასაგებია, რომ 2030 წლისთვის, ბიძინა ივანიშვილი გვპირდება, ყველაფერი კარგად იქნებაო (ეს თვითკრიტიკით იყო ნათქვამი)!
მთავარი, რაც ამ წერილიდან ჩანს: ივანიშვილი ვერავის და ვერაფერს ვერ ხედავს, არავის და არაფრის არ ესმის, გარდა სააკაშვილისა და „ნაციონალური“ მოძრაობისა. გზავნილი ამ წერილიდან ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოცნება უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისა და მოკლე დროში „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, განადგურებაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის პოზიცია იქეთკენ იყო მიმართული, რომ „ნაცებს“ ჰქონდათ დიდი შეცდომები, უპატიებელიც, მაგრამ რაღაც ხომ გააკეთეს და „ოცნებას“ კი – არაფერი არ გაუკეთებია. ამას ადასტურებს წერილში ჩამოთვლილი გაკეთებული საქმეების მეჩხერი ნუსხაც.
ჩემი პოზიცია, რადგანაც გარკვეულ პრინციპს ეფუძნება, ამ წერილმა ვერ შეცვალა. მეგობრებს დავპირდი, რომ საკუთარ მოსაზრებას მყარი არგუმენტებით, წერილობით გამოვაქვეყნებდი.
მაშ ასე:
უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილს მადლობა, რომ თავისი აზრები ქაღალდზე გადაიტანა და გვაქვს საშუალება ვიცოდეთ, რას ფიქრობს ამ ეტაპზე, საქართველოში ხშირად ხელისუფლებაზე მეტი ძალაუფლების მქონე პიროვნება!
თავიდანვე თვალშისაცემია წერილის არასისტემურობა და მიზნის ბუნდოვანება.
ავტორი ერთ ადგილას ამბობს, რომ „მოკლედ შევაჯამებ და შევაფასებ გასულ ოთხწელიწადნახევარს – რა გზა გამოვიარეთ, სად ვართ და საით მივდივართ“, მეორე ადგილას კი მკითხველს ეუბნება: „მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო, ვინაიდან, 2011 წელს სწორედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას დღემდე ვგრძნობ“.
ოთხწელიწადნახევრიან (7 ოქტომბერი, 2011წ.- 16 მაისი, 2016წ.) პერიოდში განვითარებული მოვლენები – 2012 წლის არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრობისა და გადადგომის, „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთიანობისა და მისი დაშლის შემდგომ – ერთიანადაა განხილული. აქედან გამომდინარე, ხშირად გაუგებარია ობიექტი, როდესაც საუბარია იმაზე, თუ ვინ რა გზა გამოიარა, ვინ სად არის და ვინ საით მიდის. ეს ეხება ავტორს, „ქართულ ოცნებას“, საქართველოს მოსახლეობას, თუ საქართველოს სახელმწიფოს. არც ისაა გარკვეული, თუ რა „პასუხისმგებლობას გრძნობს“ ბიძინა ივანიშვილი ხალხის წინაშე. აქ პასუხისმგებლობა თითქოს ზნეობრივი კუთხითაა მოცემული.
სინამდვილეში ივანიშვილისთვის პასუხისმგებლობის საკითხი სხვადასხვანაირად დგას საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრად ყოფნისა და გადადგომის შემდეგ. პირველ და მესამე შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა შეიძლება ზნეობის სფეროდან იყოს, ხოლო, მეორე შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. მაშინ, როცა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მისი პასუხისმგებლობა კანონმდებლობით იყო განსაზღვრული. ისევე როგორც „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა პარლამენტში, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის ინსტიტუტების პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კანონმდებლობით.
ამიტომ, უნდა განვასხვაოთ პასუხისმგებლობის ორი ტიპი:
პირველი ტიპი - ესაა, ივანიშვილის პასუხისმგებლობა, როგორც მისი პირადი წარმოდგენა ამის შესახებ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ. ესაა მისი ურთიერთობა ქართულ საზოგადოებასთან და ამ ურთიერთობის შედეგად მოპოვებული ავტორიტეტი. ამ პერიოდისთვის ე.წ. დაპირება და მისი შესრულება წარმოადგენს ერთი პირისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხს.
მეორე ტიპი - ესაა, ივანიშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრის (25 ოქტომბერი 2012 წ. – 20 ნოემბერი 2013 წ.) პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების შესრულების თვალსაზრისით. აქ მისი საქმიანობის შეფასება ხდება არა „რა დამპირდი-რა შეასრულეს“ უღლის მიხედვით, არამედ, რა ევალებოდა როგორც მთავრობისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელს კანონმდებლობით და როგორ შეასრულა ის!
უმთავრეს საზოგადო ინტერესს სწორედ ამ პერიოდის საქმიანობაზე ანგარიში წარმოადგენს, რაც სამწუხაროდ გამოკვეთილად წერილში მოცემული არ არის. ივანიშვილი-მოქალაქის, ივანიშვილი-პარტიის ლიდერის წინასაარჩევნო დაპირებები, მათი „შესრულება-არშესრულების“ კომპლექსი „ნაცების“ პროპაგანდამ შეუქმნა „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში წინასაარჩევნო დაპირების შესრულების ერთი ეტაპი მთავრდება იქ, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დაპირება მოხვდება მთავრობის პროგრამასი და მიიღებს ნორმატიულ სახეს!
„ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები შევიდა 2012 წლის 19 ნოემბრის სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის”, რომლის საფუძველზეც პარლამენტმა დაამტკიცა ივანიშვილი პრემიერ- მინისტრად.ნამდვილი ანგარიში იქნებოდა ამ პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიში, რომლისთვისაც ივანიშვილის მთავრობას ქართველი ხალხი ფულს უხდიდა.
http://gov.ge/files/68_35092_403443_programa.pdf
ამ პროგრამის მიხედვით, ასობით ვალდებულება აიღო ივანიშვილის მთავრობამ, რომლებიც დღემდე არ შესრულებულა.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დავასახელებ ზოგიერთ შეუსრულებელ ვალდებულებას.
ესაა ივანიშვილის მთავრობის აღებული ვალდებულება, რომ ის -„მნიშვნელოვნად შეცვლის საკანონმდებლო ბაზას“ - სააკაშვილის მმართველობის საკანონმდებლო სისტემა პრინციპულად არ შეცვლილა!
-„განსაზღვრავს ქვეყნის უახლოესი, საშუალო- და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკას“ - უმოქმედო დოკუმენტად დევს სტრატეგია „საქართველო 2020“. წერილში მის შესახებ ხსენებაც არაა!
იხ., საქართველოს მთავრობის დადგენილება №400 2014 წლის 17 ივნისი „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2373855
-„მთავრობა დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს“- დაძლევის პერსპექტივა შორეულია!
-„იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე“-ივანიშვილის მთავრობამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს საყდრისს!
-„შესწავლილი იქნება საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევის შედეგად შექმნილი ვითარება და დაისახება მისი გამოსწორების გზები“ – ე.წ.“სამართლიანობის აღდგენის სისტემაში“ ეს საკითხიც მოუგვარებალია!
-„ყოველ თვითმმართველ ერთეულში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, რომელსაც ექნება მოქალაქისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ფუნქციები“ – არ არის შესრულებული!
-„პირველ ეტაპზე განისაზღვრება ყოველი დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის) იურიდიული სტატუსი“ – სოფლის ცნება საერთოდ გაქრა კანონმდებლობიდან. სამართლებრივად სოფელი საქართველოში არ არსებობს!
-„თვითმმართველ თემებში შემავალ სოფლებს ეყოლებათ არა დანიშნული, არამედ მათ მიერ არჩეული მამასახლისი“ – არ განხორციელებულა!
-„საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზაში გამოქვითვების სისტემის დანერგვა“ – არ მომხდარა!
-„შემცირდება მოსახლეობის მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ“- არ განხორციელებულა!
-„უმოკლეს ვადებში განხორციელდება ტარიფების ხელახალი და სამართლიანი გადაანგარიშება, ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით“ – განხორციელდა რევერსულად!
-„ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა“ – არ ჩამოყალიბებულა!
-„საარსებო მინიმუმს გაუტოლდება სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსია“ – არ შესრულდა!
-„შეიქმნება „სოფლის მეურნეობის განვითარების“ 1-მილიარდიანი ფონდი“ – არ შექმნილა და არ არსებობს!
-„დარეგულირდება მიწათსარგებლობის საკითხები“ – ყველა ძირითადი საკითხი მოუწესრიგებელია. არ არსებობს „მიწის კოდექსი“!
-„შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი“ – არ შექმნილა!
-„ყოველწლიურად დაადგენს საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავ მინიმუმს, რომელიც არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები“ – შეიქმნა არაკომპეტენტური სქემა ამ მიმართულებით, რომელმაც ორი წელი იმუშავა და შემდეგ დაიხურა. ბიუჯეტიდან უშედეგოდ დაიხარჯა 600 მილიონ ლარამდე!
-„გაათავისუფლებს მეწარმეებს „ვალდებულებისგან“, დააფინანსონ ხელისუფლების ღონისძიებები და გაწიონ ხელისუფლების მიერ იძულებით თავსმოხვეული „ქველმოქმედება“ – მთავრობის კანცელარიის ეგიდით არსებობს ასეთი სქემები!
-„ხელი შეეწყობა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდას და უზრუნველყოფილი იქნება დოლარიზაციის მასშტაბების შემცირება“ - მოხდა ლარის კატასტროფული გაუფასურება და დოლარიზაციის ზრდა!
-„შემუშავდება და ამოქმედდება კანონი სახელმწიფო ენის შესახებ“ - კანონი მხოლოდ 2015 წელს იქნა მიღებული, თუმცა მთავრობა ჯიუტად არ ასრულებს მას!
ვიმეორებ, ასეთი მრავალი ათეული ვალდებულებაა შეუსრულებელი. ამას თუ დავუმატებთ კანონით გათვალისწინებული საკითხების შეუსრულებლობას, ეს ნათლად წარმოაჩენს ივანიშვილის მთავრობის დაბალ ხარისხს.
ივანიშვილის პრემიერობა ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის, თუ არ ჩავთვლით გურგენიძისა და მგალობლიშვილის პრემიერ-მინისტრობას!
უმთავრესი შეცდომა (რომელიც, როგორც ამბობენ, დანაშაულზე მეტია!) ივანიშვილის მთავრობისა მდგომარეობდა ქვეყნისადმი კოჰაბიტაციური სისტემის თავსმოხვევაში. ეს არ იყო არც წინასაარჩევნო და არც სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული. კოჰაბიტაცია-ქართველი ხალხის ნების გარეშე განხორციელდა და თუ არა ანგარიში ამის შესახებ, ახსნა-განმარტება მაინც უნდა მიეღო ქართველ ხალხს. წერილში ამის შესახებ არაფერი არ წერია.
წერილში თვალშისაცემია ის, რომ უმთავრესად ბიძინა ივანიშვილიპირველ პირში საუბრობს და თავისი თავის პოზიციონირებას ისე ახდენს, რომ ზოგჯერ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ის საქვეყნო მოვლენების მარტოდ-მარტო განმხორციელებლად წარმოდგება. თვალშისაცემია ისიც, რომ წერილით ავტორი განიხილავს სააკაშვილს, როგორც უმთავრეს ალტერნატიულ ძალას, როგორც ბოროტი წარსულის შემოქმედსა და სამომავლო დიდი საფრთხის შემქმნელს. ეს ახალი არაა.
ივანიშვილმა სააკაშვილთან ოპოზიციაში ყოფნის დროს მოახდინა მისი ფეტიშიზაცია „შუა გაკრეფის“ კონცეფციით. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან რეალურად განახორციელა ეს პრინციპი და„ნაციონალებთან“ კოჰაბიტაციის დროს პრაქტიკულად მოახდინა ეს გაკრეფა.
თუმცა, ქართული კოალიციის დაშლის შემდეგ ასეთი გაყოფა დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ ივანიშვილი წერილში ანვითარებს „პოლიტიკური მრავალფეროვნების კონცეფციას“,თუმცა, ჯერჯერობით თავის ალერნატივად მაინც მხოლოდსააკაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.
„ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის კამათი: თუ რომელია უკეთესი, შეიძლება შეადარო კამათს - ორ სხვადასხვა ჭურჭელში მოთავსებული ამჟავებული, საკვებად გამოუსადეგარ მდგომარეობაში გადასული საცივიდან, რომელი უფრო გაფუჭებულია. ამის დადგენა აუცილებელია, მაგრამ არ უჩვენებს საქართველოს ხალხს მომავლის გზას!
ჩემი აზრით, საქართველოს მმართველობას, არც „ნაცები“ და არც „ქოცები“ ამ ეტაპზე არ იმსახურებენ.
ივანიშვილმა კარგად დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა იქნას არჩეული „ნაცები“.
ამავე წერილით კარგად გამოჩნდა, რატომ არ უნდა ვენდოთ მას და „ქართულ ოცნებას“.
ივანიშვილს არ უნდა ვენდოთ რეალობის არადექვატური ახსნის გამო. მე მას ვერ ვკადრებ, რომ ის შეგნებულად არ ამბობს სიმართლეს. წერილის მიხედვით, ფაქტია, რომ ის ვერ ხედავს ვერც ერთ შეცდომას, ვერც ერთ ნაკლს მისი და „ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობაში. ეს, ჩემი აზრით, ქართველი ხალხის გონებრივი შესაძლებლობების გამოწვევაა. ამასთან, ის ცდილობს წარმატების ილუსტრაციას ფუტუროლოგიითა და საეჭვო მონაცემებით.
მაგალითად, როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ „სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000-ს საერთაშორისო დოლარს (მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს“, იქვე არ უმატებს, რომ ეს მაჩვენებელი „ოცნებისთვის“ იმ ისტორიასთანაა კავშირში, თუ როგორ „დაკარგა“ „ოცნებამ“ მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა 761 ათასით (16,9%).მოსახლეობის შემცირება მშპ-ს უცვლელობის პიარობებშიც იწვევს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს სიდიდის ზრდას.
ყველა მაჩვენებელი, სადაც შემასმენელი მოსახლეობის რაოდენობაა, მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების გამო-გაიზრდება, ხოლო, სადაც მრიცხველშია მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების გამო – შემცირდება. რამდენით გაიზარდა მოსახლეობის ერთ სულზე სახელმწიფო ვალის წილი? რამდენით შემცირდა სამუშაო ძალის პოტენციალი? და ა.შ.
ხოლო, თუ მომავალზე ვისაუბრებთ, რატომ გამოტოვა ივანიშვილმა „საქართველო 2020“ სტრატეგიის დოკუმენტი, რატომ არ იმსჯელა შესასრულებლად დადგენილი ინდიკატორების შესახებ?
ზოგადად, პოლიტიკის წესია, რომ წარსული საქმეებისთვის მადლობას გეუბნებიან, ხოლო მიმდინარე მომენტში სულ უნდა ამტკიცო, რომ კონკურენტუნარიანი და სანდო ხარ!
მე პირადად, ბიძინა ივანიშვილს, გამომდინარე მისი საქმიანობიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე, სახელმწიფოს მართვის ვერც ერთ სერიოზულ პულტს ვერ ვანდობდი!
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობასბიძინა ივანიშვილის ფორმალური მონაწილეობის გარეშე, ეს არის ქვეყნისთვის უძრაობის პერიოდი (კაპიტალისტური უძრაობა კომუნისტურზე უარყოფითი მოვლენაა).
აქ ვერ დავაცალკევებთ კოალიციის წევრებს და ცალ-ცალკე ვერ წარმოვადგენთ მათ დამსახურებას. ერთიანად „ქართული ოცნების“ხელისუფლების სახალხო სახელია „უნიათო ხელისუფლება“.
ესაა მფლანგველი ხელისუფლება, რომელმაც გაფლანგა მისთვის მიცემული დრო და ფული- ხელფასები და პრემიები, Check In Georgia-ს მილიონები, პარლამენტისა და პრეზიდენტის ორ-ორი შენობის შენახვა, სახელმწიფო უწყებების ნაქირავებ შენობებში განთავსება, ბიუჯეტის სხვა ხარჯები და ა.შ.
ესაა ხელისუფლება, რომელმაც მოკლა საყდრისი!
ესაა ხელისუფლება, რომელმაც გაანადგურა ფასიანი ქაღალდების ბაზარი!
ესაა ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ინსტინქტებით და არა პროგრამით. არ იცის, სად იყოს საბანკო ზედამხედველობა, როგორ მოეწყოს ბუღალტერია…
ესაა ხელისუფლება, რომელმაც იმ ტერიტორიებზეც კი, რომელსაც აკონტროლებს, ვერ მოაგვარა მეზობლებთან საზღვრის საკითხები!..
ესაა ხელისუფლება, რომელმაც ვერ გადაწყვიტა ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა მიწის საკითხი, სოფლის სტატუსი,რეგიონული განვითარება!
ესაა ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის შიგნით გაანაწყენა სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველა -ანტიდისკრიმინაციული კანონით, სითი-პარკის ცინიკური მოქმედებით, „გაზპრომთან“ ჩურჩულით, დედა ენის კანონის აუმოქმედებლობით!..
ესაა ხელისუფლება, რომელმაც სცადა ქვეყნის ფედერალიზაცია!..
ესაა ხელისუფლება, რომელიც ამკვიდრებს „სამხრეთ ოსეთის“ ცნებას!..
აღარ გავაგრძელებ.
თუმცა, ერთს ვიტყვი:
ესაა ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაადგინა საარჩევნო სია!
დღეს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნება თითქმის გაუტოლდა ამომრჩეველთა რიცხვს, ხოლო, ზოგიერთ დასახლებაში გადააჭარბა კიდეც მას!!!
„ქართული ოცნებაც“ რომ არ გამოდგება ქვეყნის მმართველად, ფაქტია!!!
ამრიგად, ივანიშვილის წერილის უდიდესი დამსახურებაა, რომ მისი წაკითხვით და ცოტა ანალიზით ვაკეთებთ დასკვნას: საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია, რომ ქვეყნის მმართველობა არ აღმოჩნდეს არც „ნაცების“ და არც „ქოცების“ ხელში, რადგანაც ქართველ ხალხს, დარწმუნებული ვარ, არც გუშინდელი ცხოვრების განმეორება სურს და არც ის, რომ მომავალი ჰქონდეს ისეთი, როგორიც აწმყო აქვს!!!
როგორ მოხერხდება ეს?
ამის შესახებ სხვა დროს, სხვა სტატიაში ვისაუბრებ.
მიხეილ ჯიბუტი,
„ქართული პლატფორმა“